[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / თვალსაზრისი

ძალადობა და ფსიქიკური პრობლემები: არარსებული კავშირი?

ოლგა კალინა 

მედიასაშუალებებით გავრცელებულმა ვიდეომ, რომელიც 27 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს ასახავს, როცა გამვლელმა მცირეწლოვანი ბავშვი დანით დაჭრადა შეეცადა მეორე ბავშვის დაჭრას, საზოგადოებაში უმწვავესი რეაქცია გამოიწვია. ვიდეო კადრები ნამდვილად შოკისმომგვრელია და იწვევს შეკითხვას, რამდენად ვართ დაცულები, როცა, მაგალითად, ვსეირნობთ ქუჩებში, თუნდაც დღის სინათლეში. შიშის და შოკის რეაქცია - ეს ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ რადგან ადამიანები ვართ, არ უნდა დავრჩეთ ინსტინქტური თავდაცვის დონეზე და უნდა შევეცადოთ სწორად გავაანალიზოთ ის, რაც მოხდა. მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შანსი, რომ მივიღებთ შესაბამის ზომებს, როგორც რეაგირების პროცესში, ასევე, პრევენციისთვის.  

ღრმად ვწუხვარ იმაზე, რაც მოხდა და თანავუგრძნობ დაზარალებულ პატარას და მის ოჯახს. ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას და  როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგოიური  ტკივილის შემსუბუქებას. არავითარ შემთხვევაში არ ვამართლებ იმ ქალს, რომელმაც ეს ჩაიდინა. უბრალოდ ამ სიტუაციას მეორე მხარეც აქვს -  უამრავი პოტენციური მსხვერპლი, რომელიც ვერ გამოჩნდება ტელევიზიის ეკრანებზე  მათი არაპოპულარობის და სტიგმის გამო, ის ხალხი, ვისაც აქვს დასმული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დიაგნოზი, ასევე მათი ახლობლები, მშობლები და კიდევ უფრო დამალავენ საკუთარ პრობლემებს და კიდევ უფრო ნაკლები ალბათობით მიიღებენ დახმარებას. საზოგადოებრივი დაკვეთის ფონზე, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ასეთი პირების იზოლაცია და მკურნალობა, ყველა ეს ადამიანი (მათ შორის, მეც) აღმოჩნდება კიდევ უფრო გარიყული -  ჩაკეტილი ოჯახში ან ინსტიტუციებში. მაგრამ იქნება ეს  გამოსავალი და გამოიღებს კი სასურველ შედეგს? მოდით, ვიმსჯელოთ რაციონალურად.

საზოგადოებამ მანამდე დაიწყო ამ ადამიანის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბარი, ვიდრე მისი არსებობის ან არარსებობის საკითხი დადასტურდებოდა.  ყოველთვის როცა საქმე ეხება სასტიკ დანაშაულს, პირველადი ფსიქიკურ პრობლემებზე გადაბრალება არის ხოლმე. კაცობრიობას არ უნდა დაჯერება, რომ ძალადობა, მათ შორის, სასტიკი ძალადობა ყოველთვის არ უკავშირდება რაიმე სახის ავადმყოფობას. (ეკლესიის პოზიცია ამ შემთხვევაში უფრო ადეკვატურია: ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ და თითოეულ ჩვენგანში არსებობს პოტენციალი ბოროტი ქმედებების ჩადენის).

სტატისტიკის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებულია დაახლოებით 90 000[1] „ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების“ მქონე ადამიანი, მაგრამ მსოფლიოში ფსიქიკური პრობლემების გავრცელების მაჩვენებლების მიხედვით, ეს რიცხვი მნიშვნელოვნად მცირეა. ნაწილობრივ იმიტომ, რომ სტიგმის გამო ადამიანები არ მიმართავენ შესაბამის სერვისებს, და ნაწილობრივ იმიტომაც, რომ ცოდნის დონე მოსახლეობაში ფსიქიკური პრობლემების შესახებ არის ძალიან დაბალი. სამწუხაროდ, დახმარების მიღების შესაძლებლობებიც  დაბალია; ფარმაკოლოგიური ჩარევების გარდა სხვა საშუალებები თითქმის არ არსებობს. მაგრამ მხოლოდ ფარმაკოლოგიური დახმარება უმეტეს შემთხვევაში საკმარისი არ არის: ადამიანს სჭირდება რეაბილიტაცია, ინტეგრაცია თემში და მხარდამჭერი სერვისები - სწორად ის კომპონენტები, რაც არ იყო განვითარებული საბჭოთა კავშირის დროს და დღემდე არ გვაქვს გაცნობიერებული, როგორც აუცილებელობა.

ცხადია, რომ ყველა, ვინც არის რეგისტრირებული როგორც ფსიქიკური აშლილობის მქონე, არ არის მოძალადე. ინსტიტუციებში დაახლოებით 1500 ადამიანია ჩაკეტილი, დანარჩენი, ანუ მინიმუმ 88 000 ამ ტიპის დიაგნოზის მქონე ადამიანი კი გარეთ დადის და ჩვენ ამის შესახებ არ ვიცით. რატომ? პასუხი ცხადია: ძალიან მცირეა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც აქვთ ფსიქიკური პრობლემების დიაგნოზი და ჩადიან ძალადობრივ ქმედებებს. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა 10% ახასიათებთ ძალადობრივი ქცევა, მაგრამ უმრავლესობა ამ ქცევას ავლენს ჩაკეტილ პირობებში, სადაც ხშირად არიან არაადამინური მოპყრობის მსხვერპლნი და ბუნებრივია, გამოხატავენ პროტესტს. გარეთ გასული ადამიანები იგივე სიხშირით ჩადიან დანაშაულს, როგორც საზოგადოების სხვა წევრები, და მათზე მოდის მთლიანი ძალადობრივი აქტების 3-5%,[2] რაც შეესაბამება მათ რაოდენობას საზოგადოებაში.  აღსანიშნავია, რომ ძალადობა დაკავშირებულია უფრო ხშირად ნარკოტიკების და ალკოჰოლის მიღებასთან, ვიდრე ფსიქიკურ პრობლემასთან. უხეშად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველა ფსიქოსოციალური საჭიროების  მქონე ადამიანი იქნება ჩაკეტილი სადმე შორს, ძალადობის მაჩვენებელი 3-5%-ით შეიძლება შემცირდეს, და ამ საეჭვო „წარმატებისთვის“ მოგვიწევს ჩაკეტვა იმ ადამიანების, რომლებსაც არასოდეს ჩაუდენიათ ძალადობრივი ქმედება, რაც უსამართლობაა.  ზოგიერთი კვლევით ერთი გამვლელის მკვლელობის პრევენციის მიზნით სახელმწიფოს მოუწევს შიზოფრენიის დიაგნოზის მქონე 35 000 ადამიანის ჩაკეტვა[3]. არის თუ არა ეს ზომა პროპორციული და სამართლიანი?

გარდა ამისა, ნაკლებად საუბრობენ იმაზე, რომ  ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები უფრო ხშირად არიან ძალადობის მსხვერპლები, ვიდრე თავად მოძალადეები. დარღვეული რეალობის აღქმა (გამწვავების დროს), დაკარგული ლოგიკური მსჯელობა, მომატებული იმპულსიურობა,  გეგმების შედგენის და პრობლემების მოგვარების უნარის დაზიანება - ყველა ეს ფაქტორი იწვევს იმ რისკის მომატებას, რომ პირი დაზიანდება საკუთარი ქცევების გამო ან გახდება ძალადობის მსხვერპლი. ზოგიერთი მოძალადე იყენებს ამ დაუცველ მდგომარეობას და რადგან ამას არ აკეთებს საჯაროდ, კამერების წინ, და თუ არც მსხვერპლი მიმართავს პოლიციას, საზოგადოებისთვის ეს საკითხი უხილავი რჩება, ან თუ იგებს, ეს არ არის იმდენად შოკისმომგვრელი, როგორც მაგალითად უმწეო ბავშვის საჯაროდ დაჭრა. PHR-ს აქვს საკმაოდ მძიმე ანგარიში[4] ფსიქიკური პრობლემების მქონე ქალებზე, რომლებიც გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი. თუ გადახედავთ, ალბათ გასაგები იქნება, რომ ძალიან ბევრი ქალი და გოგონა საქართველოში, სავარაუდოდ, რეგულარული ძალადობის მსხვერპლია, მაგრამ უარს ამბობს პოლიციაში წასვლაზე, რომ არ დაკარგოს ის მინიმალური მხარდაჭერა, რაც გააჩნია და არ აღმოჩნდეს ფსიქიატრიულ ინსტიტუციებში. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ კი ბევრი ანგარიში აქვს გამოქვეყნებული სახალხო დამცველს, სადაც ძალიან კარგად არის ნაჩვენები, რომ მდგომარეობა ამ ინსტიტუციებში ხშირად ციხეზე უარესია და სრულიად უცნობია, თუ რატომ თვლიან საზოგადოებაში დღემდე, რომ ეს არის ფსიქიკური პრობლემების მკურნალობის მისაღები და მისასალმებელი ვარიანტი.

გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენცია კრძალავს შშმ პირთა დისკრიმინაციას. აღნიშნული კონვენციის თანახმად, შშმ პირი არ შეიძლება იყოს ჩაკეტილი სადმე მისი შეზღუდული შესაძლებლობების გამო, მათ შორის, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, მაგრამ ამასთან, არ არის მისაღები გათავისუფლება პასუხისგებისაგან იმის გამო, რომ ხარ შშმ პირი. შესაბამისად, თუ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირმა ჩაიდინა დანაშაული, უნდა აგოს პასუხი ამაზე, მაგრამ არა იძულებითი მკურნალობის მეთოდების გამოყენებით.

გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის 25-ე მუხლი ითვალისწინებს მკურნალობას მხოლოდ პირის ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე. მათ შორის, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, მკურნალობა, რა საკვირველია, უნდა იყოს შეთავაზებული, მაგრამ დასჯა, როგორც ასეთი, გამოიხატება თავისუფლების აღკვეთაში ან სხვა შესაბამის ზომებში, ისევე, როგორც სხვა იგივე დანაშაულის ჩამდენ პირთა შემთხვევაში. შშმ სტატუსი პირს დამატებით აძლევს უფლებას გონივრულ მისადაგებაზე, როგორც სასამართლო პროცესის, ასევე სასჯელის შერჩევის დროს, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. მიუხედავად მისი სირთულისა, მხოლოდ ამ ნაბიჯს შეუძლია, რეალურად გამოასწოროს დარღვეული ბალანსი და გამორიცხოს ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია ამ მიმართულებით. ძალადობრივი ქმედება და ფსიქოსოციალური საჭიროება უნდა იყოს გამიჯნული ერთმანეთისგან, და პირველ რიგში ეს გამიჯვნა უნდა მოხდეს ჩვენს ცნობიერებაში.

მასალა მომზადებულია პროექტის - „ქმედუნარიანობის ინსტიტუტის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) მიერ და მას ახორციელებენ ორგანიზაციები - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR), „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ (GASW) და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ (GIP – Tbilisi).ბლოგპოსტში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) შეხედულებებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“