[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ლგბტი უფლებები / განცხადება

დონორობა და ჰომოსექსუალობა: საკონსტიტუციო სასამართლო ლგბტ პირთა უფლებებს განმარტავს

გიორგი დავითური 

2014 წლის 4 თებერვალს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება ორგანიზაცია “იდენტობას“ წევრების მიერ, 2012 წლის ივლისში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით. სადავო ნორმები ადგენდა სისხლის დონაციის უფლების სამუდამო აკრძალვას ჰომოსექსუალი პირებისთვის, რაც სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა თანასწორობისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში არათანაზომიერ ჩარევად. აღნიშნული გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა დაცვის კონტექსტში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული პირებისთვის დონორად ყოფნის უფლების მინიჭება. ქვემოთ მიმოხილულია ის ასპექტები, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ღირებულებას აჩვენებს.

  • § სადავო ნორმების გასჩივრების შემდგომ, ნორმატიული აქტიდან ამოღებულ იქნა სადავო ტერმინი „ჰომოსექსუალიზმი“, თუმცა სისხლის გაცემის უფლების შეზღუდვა დაუკავშირდა მამაკაცებს, რომელთაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ სხვა მამაკაცთან („მსმ“ ჯგუფი). საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს ნორმის იმ რედაქციაზე, რომელიც მიღებულ იქნა ამ ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ, მაგრამ სასამართლოს გააჩნია უფლებამოსილება, არაკონსტიტუციურად ცნოს უკვე ძალადაკარგული აქტიც, თუ მიიჩნევს, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დაცვისთვის.აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულ ნორმაზე მსჯელობის გაგრძელების საჭიროება დაინახა. სასამართლოს განმარტებით,სადავო ნორმის ახალი რედაქციაც მეტ-ნაკლებად იმეორებს სადავო შინაარსს, შესაბამისად წარმოების გაგრძელების საჭიროება, უფლების დარღვევის განგრძობად საფრთხეს დაუკავშირა.
  • § ნორმატიული აქტის ახალი რედაქციის შინაარსობრივმა კვეთამ გასაჩივრებულ ნორმატიულ ჩანაწერთან სასამართლოს შესაძლებლობა მისცა, ემსჯელა „მსმ“ პირებისთვის სისხლის დონაციის უფლების სამუდამო და იმპერატიული აკრძალვის თანაზომიერებასთან დაკავშირებით. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის შესახებ, რომ „მსმ“ პირებში არსებობს აივ ინფექციის გავრცელების მაღალი რისკი, თუმცა იმ პირობებში, როდესაც დონორისგან მიღებული სისხლი გადის სამედიცინო კონტროლს და გარკვეული ვადის (ე.წ ფანჯრის პერიოდის) ამოწურვის შემდეგ შესაძლებელია სისხლში ვირუსის იდენტიფიცირება, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია აღნიშნული ჯგუფისთვის სისხლის დონაციის უფლების სამუდამო და ბლანკეტური აკრძალვა.
  • § მიუხედავად ამგვარი პოზიციისა, მოქმედი საპროცესო საკანონმდებლო ჩარჩო საკონსტიტუციო სასამართლოს არ აძლევს უფლებამოსილებას, გააუქმოს შეცვლილი ნორმა. შესაბამისად, ამ დროისთვის, კვლავაც ძალაში რჩება აკრძალვა „მსმ“ ჯგუფთან მიმართებით. თუმცა, მსგავს შემთხვევებში, კანონმდებლობა ითვალისწინებს წარმოების გამარტივებულ პროცედურას, კერძოდ, ხელახალი გასაჩივრების შემთხვევაში არსებითი სასამართლო განხილვის გარეშე, განჩინებით ამგვარი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას.
  • § განსახილველ გადაწყვეტილებაში, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველად მოუწია მსჯელობა სექსუალური იდენტობის საკითხზე. სასამართლოს განმარტებით, „ჰომოსექსუალიზმი“ მოიაზრებს ყველა პირს, რომელიც ჰომოსექსუალად ახდენს თვითიდენტიფიკაციას მიუხედავად იმისა, გააჩნიათ თუ არა სქესობრივი პრაქტიკა, შესაბამისად იგი მიუთითებს არა სქესობრივ ქცევას, არამედ სექსუალურ იდენტობას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს დისკრიმინაციას ნებისმიერი საფუძვლით. უფრო მეტიც, სასამართლომ ლგბტ პირები მიაკუთვნა მოწყვლადი ჯგუფების კატეგორიას და აღნიშნა, რომ კანონმდებელი ვალდებულია განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს მსგავსი სენსიტიური სფეროების მოწესრიგებისას, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი უფლებების დარღვევის მაღალი საფრთხე. აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ დისკრიმინაციის შეფასების ყველაზე მაღალი სტანდარტი - მკაცრი შეფასების ტესტი გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური იდენტობა არ არის მოთავსებული კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილ დისკრიმინაციის ნიშნებს შორის, რაც მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენების არსებითი საფუძველია, დიფერენცირების ინტენსივობის გამო მოცემულ საქმეში სასამართლომ მაინც მკაცრი შეფასების ტესტს მიმართა. მართალია, მკაცრი ტესტის გამოყენება მოხდა უფლებაში ჩარევის ინტენსივობის საფუძველზე, მაგრამ სასამართლომ მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებით დაუშვა შესაძლებლობა იხელმძღვანელოს იმავე ტესტით მაშინაც კი, თუ დისკრიმინაცია არ ხდება მე-14 მუხლში ჩამოთვლილი კლასიკური ნიშნების საფუძვლეზე და არც ინტენსივობის მაღალი ხარისხით გამოარჩევა. პრობლემისადმი მაგვარი მიდგომა კიდევ ერთი სიახლეა საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში და ის უდავოდ დადებით შეფასებას იმსახურებს.
  • § მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ საქმეში სასამართლომ პირველად განმარტა პიროვნების თავისუფალი განვითარების არსი და მიიჩნია, რომ კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულია ადამიანის თავისუფალი ქმედების ყოველგავრი ფორმა, რაც ვერ თავსდება ძირითადი უფლების დამდგენ სხვა ნორმებში, მათ შორის, პირის სექსუალური თვითიდენტიფიკაციისა და სქესობრივი პრაქტიკის კონკრეტული ფორმის არჩევის უფლება. თავისუფალი განვითარების ამგვარი განმარტება სასამართლოს მიერ ხელს უწყობს ლგბტ უფლებების აღიარებასა და განმტკიცებას არსებულ ნორმატიულ წესრიგში. თუმცა, სასამართლო არ დაეთანხმა მოსარჩელე მხარეს, რომ პირისთვის სისხლის გაცემის უფლების ჩამორთმევა ზღუდავდა მე-16 მუხლის აღნიშნულ კომპონენტებს.

აღნიშნული გადწყვეტილებით, პირველად მოხდა ლგბტ პირების უფლებების დაცვის კონსტიტუციური გარანტიების განმარტება და გამოყენება, რაც ნათლად წარმოაჩენს საკონსტიტუციო სასამართლოს განხილული გადაწყვეტილების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. მიუხედავად აღნიშნულისა, გადაწყვეტილების სრული იმპლემენტაცია არ განხორციელებულა, ვინაიდან კვლავ ძალაშია დონორობის უფლების აბსოლუტური აკრძალვა „მსმ“ პირებთან მიმართებით, რაც გაუმართლებელ და დისკრიმინაციულ შეზღუდვას წარმოადგენს და მოსარჩელეებს გამარტივებული წარმოებით საკონსტიტუციო სასამართლოში დავის განახლების შესაძლებლობას აძლევს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“