[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უფლება საცხოვრებელზე / თვალსაზრისი

დღიურები მერვედან - II ნაწილი

25

პირველი ნაწილი

სამშაბათი, 15 ივლისი

დღეს, მე და ბექა მარტოხელა ქალის, ნათიას (მწყერაშვილი) საუბარს შევესწარით. ტელეფონში სასოწარკვეთილი ტიროდა, ახლობელს უხსნიდა, თუ რა გამოუვალ მდგომარეობაშია და ბოლოს თავის მოკვლაც კი ახსენა. აშკარაა, რომ ამ ადამიანებს მატერიალურთან ერთად, ფსიქოლოგიური დახმარებაც სჭირდებათ. სახელმწიფო ამ პრობლემაზეც უნდა ზრუნავდეს. თუმცა, ფსიქოლოგიურ დახმარებას ვინ ჩივის, სოციალური დახმარებაც მოუხსნეს ბევრ მათგანს იმის გამო, რომ ამ შენობაში შემოიჭრნენ.

ამჟამად, კორპუსის მაცხოვრებლების დიდი ნაწილი სოციალური დახმარების გარეშეა დარჩენილი. სახელმწიფოსგან იგნორირებული უსახლკაროები ძირითადად ერთმანეთის იმედზე არიან. უკვე ორი წელია ერთად ცხოვრობენ და ამ დროის განმავლობაში მოახერხეს კომუნისთვის დამახასიათებელი გარკვეული პრინციპების შემუშავება. ინაწილებენ ფუნქციებს, როცა ამას საქმე მოითხოვს, საჭიროების შემთხვევაში, ფიზიკური შრომით ან მატერიალურადაც ეხმარებიან ერთმანეთს. ეს დახმარება შეიძლება მიზერული იყოს, მაგრამ ხშირად გამოუვალ სიტუაციაში ინდივიდისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. საინტერესოა, რომ ქალები რომლებსაც უკვე ვესაუბრეთ, რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან ხასიათით, ტემპერამენტით, მენტალიტეტით. მიუხედავად ამისა, მათ აქვთ ერთი საერთო - ისინი გმირ დედებს უწოდებენ ერთმანეთს. მათ ყველაზე უკეთ ესმით ერთმანეთის წარსული გამოცდილების სიმძიმე და აფასებენ ამას. სწორედ ამიტომ ცდილობენ ის ყურადღების დეფიციტი, რასაც სახელმწიფოსგან და საზოგადოებისგან განიცდიან, შეძლებისდაგვარად, თავად შეუვსონ ერთმანეთს.18

საღამოს საინტერესო კადრი ვნახე, უკვე მეორედ თუ მესამედ - 10 წლის გოგონა კიბეებზე ზის მარტო და თავისთვის ხატავს. ამჯერად ევროკავშირის და საქართველოს დამეგობრებას ხატავდა, ევროკავშირი მარცხენა, საქართველო კი მარჯვენა ხელი იყო და ერთმანეთს ეჭიდებოდნენ. არ ვიცი 10 წლის ბავშვს რატომ მოუნდა ამის დახატვა. როდესაც ზრდასრული ქალები საკუთარ მძიმე წარსულსა ან დუხჭირ ბავშვობაზე მიყვებიან, ეს ბავშვები მიდგება თვალწინ, მეჩვენება, რომ ეს პატარა გოგონები, რომლებიც ამ კორპუსში ცხოვრობენ, რაღაცით უფროსი ქალების ბავშვობას აგრძელებენ, იმათ ოცნებებს, სურვილებს რომ გაერღვიათ მოჯადოებული ჩაკეტილი წრე, მაგრამ ვერ გაარღვიეს და ახლა, ეს ბავშვები აგრძელებენ ამ წრეზე ბრუნვას.

ძალიან მინდა რომ ამათმა შეძლონ ამ წრის გარღვევა. სამწუხარო იქნება, თუ ეს გოგონებიც უფროსების მსგავსად, „პატრონის“ მოლოდინზე დაამყარებენ საკუთარ მომავალს. მინდა, რომ განათლება იყოს მათი მხსნელი და არა „პატრონი.“ მაგრამ ელემენტარული სოციალური პირობების გარეშე, განათლება ხელმიუწვდომელი დარჩება მათთვის, დრომოჭმული პატრიარქალური ტრადიციები კი, კიდევ უფრო გაიხანგრძლივებს არსებობას.

ოთხშაბათი, 16 ივლისი

დღეს, საღამოს, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) „ფრონტლაინში“ უსახლკარობის პრობლემის შესახებ, საკუთარ კვლევას წარადგენს. დისკუსიას მთავრობის სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები და ჩვენი კორპუსის მაცხოვრებლებიც დაესწრებიან.

ასეთი ტიპის დისკუსიების შესახებ, ბიოლის ფონდში ან „ფრონტლაინში“ რომ იმართება ხოლმე, არაერთხელ მომისმენია და მეც ხშირად გამომითქვამს კრიტიკული მოსაზრება. ამ დისკუსიებს, როგორც წესი, უბრალო ხალხის, იმათი, ვისაც უშუალოდ ეხება კონკრეტული პრობლემა, ჩართულობა აკლია. დღეს მეგონა, რომ ეს ტრადიცია დაირღვეოდა, მით უმეტეს ჩვენი ობიექტის მაცხოვრებლები უშუალოდ იყვნენ მოწვეულნი, თუმცა რატომღაც არავინ ისურვა დასწრება. ამ ადამიანებმა ბევრი სირთულე და წინააღმდეგობა გადაიტანეს სწორედ მთავრობის წარმომადგენლებთან პირადი დაპირისპირების გამო, ბევრი მათგანი, როგორც თავად ამბობს, ამის გამო დარჩა სოციალური შემწეობის გარეშე. ალბათ დღესაც, მთავრობის წარმომადგენლებთან პირად დაპირისპირებას აარიდეს თავი.

ერთადერთი, ვინც შეხვედრაზე წამოსვლის სურვილი გამოთქვა იყო ია, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა ბრძოლისუნარიანობითა და აქტიურობით. მე და ბექა მასთან ერთად წავედით პრეზენტაციაზე.

27

დისკუსიის აკადემიური მსჯელობის ფორმატში, იას ემოციურმა რეპლიკამ დისონანსი შემოიტანა. ეს ბუნებრივიცაა. მას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი და ისევ განიცდის იმ პრობლემების სიმძიმეს, რაზეც დისკუსია მიმდინარეობდა. სამაგიეროდ ინდიფერენტული განწყობა ეტყობოდა მთავრობის წარმომადგენელს. არამარტო მისი მოხსენების შინაარსი, არამედ გამომეტყველება და სხეულის ენაც კი გამოხატავდა ამ ინდიფერენტულობას. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს იძულებით მუშაობს სამსახურში, რომელიც სოციალურად დაუცველებზე ზრუნვას ავალდებულებს.

მგონია, რომ მისი ეს განწყობა ზოგადად მთავრობის დამოკიდებულების კარგი ილუსტრირებაა. სახელმწიფომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც უსახლკაროებს მიტოვებულ ობიექტებში გადმომისამართება აეკრძალათ. არსებული კანონმდებლობის მიხედვით კი, სოციალური დახმარების მიღება შეუძლიათ მხოლოდ ოფიციალური საცხოვრებელი ადგილის მქონე პირებს. ამგვარად, სოციალურ დახმარებას მხოლოდ ის მცირე ნაწილი იღებს, ვინც მოასწრო და ზემოხსენებული დადგენილების მიღებამდე გადმომისამართდა ამ ობიექტებში.

გაუგებარია, რატომ იმსახურებს ერთი ნაწილი დახმარებას და მეორე არა, მაშინ, როცა ორივე ერთნაირად „შეჭრილია.“ გაუგებარია, ჯერ კიდევ რატომ არ აქვს შექმნილი სახელმწიფოს ბაზები, სადაც უსახლკაროთა მონაცემები იქნება აღრიცხული. ამ ყველაფრის ნაცვლად, მთავრობა უსახლკაროებს ობიექტიდან გამოძევებით ემუქრება. როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, შენობაში შიდსისა და იმუნოლოგიის ცენტრის განთავსებას გეგმავენ, რაშიც შეჭრილი უსახლკაროები უშლიან ხელს. თავისთავად კარგია, თუ ხელისუფლება მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნავს, მაგრამ ცუდია, თუ ამას საკუთარი მოქალაქეების კატეგორიზაცის ხარჯზე აკეთებს და ერთი სოციალური ჯგუფის მეორესთან დაპირისპირების პროვოცირებას ახდენს. მაშინ, როდესაც ორივე ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებით შეიძლება საკითხის მოგვარება. მითუმეტეს, უსახლკაროები ნებისმიერ ალტერნატიულ ფართზე თანახმა არიან, სადაც მისცემენ საშუალებას თავი შეაფარონ.

ხუთშაბათი, 17 ივლისი

დღეს მორიგი ინტერვიუ ჩავწერეთ ერთ-ერთ მობინადრესთან, ნათია გიგაურთან და იქ ყოფნის განმავლობაში, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით ყველაზე მძიმე ისტორია მოვისმინეთ. ეს ქალბატონი გვიყვებოდა, როგორ სასტიკად უსწორდებოდა მას ქმარი ფიზიკურად და როგორ დაკარგა ცალ თვალში მხედველობა, ერთი ასეთი შემთხვევის დროს. მოგვიანებით, მისი ქმარი დაიღუპა და ტყუპ შვილებს ახლა მარტო ზრდის.

როდესაც ფილმის გადაღებას ვიწყებდით, არ მეგონა, რომ ობიექტის მობინადრეები ასე ადვილად გაიხსნებოდნენ კამერის წინ, ასე გულახდილად მოყვებოდნენ საკუთარ ისტორიებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ამას ყველაზე ვერ ვიტყვი. მგონია, რომ მათი გახსნილობა ერთგვარი წინ გადადგმული ნაბიჯია საზოგადოებისკენ. ახლა ჯერი საზოგადოებაზეა, რამდენად მზადაა, რომ თავად გადადგას ნაბიჯი მათკენ, რამდენად გააჩნია ემპათიის უნარი. საერთო საზოგადოებრივი სოლიდარობის გარეშე, არც ხელისუფლებისგან გაჩნდება რეალური ძალისხმევა ამ სისტემური პრობლემის მოგვარებისთვის. თუ ეს ძალისხმევა არ გაჩნდა, ეს ადამიანები, იზოლირებულნი ჩვენი რეალობისგან, უხილავ განზომილებაში გააგრძელებენ ისევ არსებობას. ისინი კი დაიღალნენ იზოლაციისგან, სოციუმში სურთ დაბრუნება. სიმბოლურია, რომ ისინი ხშირად დადიან თბილისის ზღვაზე. ძალიან უყვართ ეს ადგილი და შესაძლოა ქვეცნობიერად ეს იმ საჯარო სივრცეში ინტეგრაციის საშუალებაა, რომელსაც ამდენი ხანია მოწყვეტილები არიან. ზღვა არ განასხვავებს ადამიანებს სოციალური სტატუსის მიხედვით, ის ძალიან დიდია და ყველას იტევს, არავინ არის იქ ზედმეტი.

პარასკევი, 18 ივლისი

დღეს ჩემი და ბექას ობიექტში ცხოვრების ბოლო დღეა. ძირითადი მასალები, რაც ფილმისთვის გვჭირდება მოვაგროვეთ, თუმცა შესაძლოა ცალკეული კადრების გადასაღებად ისევ დავბრუნდეთ.

საღამოს „ქალთა ფონდის“ ორგანიზებული გამოფენა იმართება „ევროპის სახლში.“ მასში ქალი მხატვრები იღებენ მონაწილეობას და შემოსული თანხა ჩვენს ობიექტში მცხოვრებ მარტოხელა დედებს უნდა მოხმარდეთ. „ქალთა ფონდს“ სურს, რომ თანხა რაიმე გრძელვადიანი სარგებელის მქონე პროექტში დახარჯოს აქაური ქალების დასახმარებლად. ისე, რომ პროექტის იდეა თავად ქალებისგან მოდიოდეს. იდეები მართლაც გაჩნდა, თუმცა რაზე ჩამოყალიბდებიან საბოლოოდ, მოგვიანებით გადაწყვეტენ.

ქველმოქმედება, რა თქმა უნდა, ვერ მოაგვარებს პრობლემას, რომელსაც სისტემური ხასიათი აქვს და რომელზეც სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს. მაგრამ ამგვარი აქციის პრეცენდენტი, ამ პრობლემაზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობა შეიძლება მნიშვნელოვანი ბიძგი აღმოჩნდეს ცვლილებებისკენ.

თავად მარტოხელა ქალებში განსხვავებული განწყობები და მოლოდინებია: ზოგი იმედიანად არის, სჯერა, რომ ძალისხმევა შედეგს გამოიღებს, ზოგი კი პესიმისტურად უყურებს ამ იდეას. ზოგიც დღევანდელი გამოფენის მოლოდინმა გაახალისა.

გამოფენამ ტრადიციისამებრ ჩაიარა, საკმაოდ ბევრი ხალხით და ჟურნალისტებით. იმ საღამოს დავემშვიდობე მომავალი ფილმის გმირებს. მათთან გატარებული 9 დღის შემდეგ, დღეს პირველად მიწევს დაბრუნება საკუთარ სახლში. ვგრძნობ რომ ეს 9 დღე ჩემს გონებაში ხანგრძლივი რეფლექსიის საგანი გახდება. 22

არ ვიცი, რა ელით მომავალში ამ ადამიანებს, შეძლებენ თუ არა თავი დააღწიონ ამ არაადამიანურ გარემოს. სიღარიბის, უსახლკარობის და ავადმყოფობის ჯაჭვი იმდენად მჭიდროდ ებმის ერთმანეთს, რომ მისგან განთავისუფლება პრაქტიკულად წარმოუდგენელი ჩანს დამოუკიდებელი ძალისხმევით. მეჩვენება, რომ დროდადრო კორპუსში დამთრგუნველი სიჩუმე ისადგურებს ხოლმე, თითქოს თვითონვე ავიწყდებათ საკუთარი არსებობა, აღარაფერს მოელიან და კაპიტულაციას უცხადებენ საკუთარ ბედს. შემდეგ ბავშვების ყვირილი აფხიზლებს სივრცეს.

ვინც ზედაპირულად შეხედავს მოცემულ მდგომარეობას, ეს სიღატაკე ცალკეული ინდივიდების წარუმატებლობის, ან უიღბლობის ნიშნად შეიძლება მოეჩვენოს, ან ჩათვალოს, რომ მათ არასათანადო ძალისხმევა გასწიეს საკუთარი ცხოვრების უზრუნველსაყოფად. სინამდვილეში ეს პრობლემა სისტემურია და ერთადერთი დამნაშავე ამ მძიმე ისტორიებში ჩვენი, საზოგადოების სოციალ-ეკონომიკური მოწყობის ლეგიტიმური ფორმაა, ფორმა, რომელიც ღირებულებათა სისტემის ცენტრში აყენებს მატერიალურ ფასეულობას, ფულად კაპიტალს და არა ადამიანს.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც მარტო დარჩენილი ინდივიდი უძლურია რომ რამე შეცვალოს დამოუკიდებლად, ის ხომ პირისპირ არის დარჩენილი ყოვლისშემძლე სისტემის წინააღმდეგ. ამიტომ, მხოლოდ საერთო ძალისხმევამ და სოლიდარობამ შეიძლება გამოიღოს შედეგი. სისტემის პრიორიტეტების რეალური ცვლილება ხანგრძლივ ბრძოლას მოითხოვს, მაგრამ ეს ბრძოლა საზოგადოების თითოეული წევრის და არა მხოლოდ უსახლკაროების რაციონალურ ინტერესებშია.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“