საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
შესავალი
დეზინფორმაციის კონცეფცია გულისხმობს არასწორ, არაზუსტ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, რომელიც წარმოდგენილი და გავრცელებულია იმგვარად, რომ ზიანი მოუტანოს საზოგადოებას, ან გამავრცელებელს მოუტანოს პირადი სარგებელი.[1] დეზინფორმაცია და პროპაგანდა ბევრ სახელმწიფოში დემოკრატიული პროცესებისთვის საფრთხედ არის აღიარებული. დეზინფორმაციის აგრესიულმა გამოყენებამ, როგორიცაა მიკრო-ტარგეტირებული დეზინფორმაციის კამპანიები, deepfake ტექნოლოგიები, და ზეგავლენის მოხდენის ოპერაციები (influence operations), ეჭვქვეშ დააყენა ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი განვითარება, და აგრესიულად წამოსწია წინ ნარატივები, რომლებიც მიზნად ისახავს დემოკრატიული პროცესებისადმი, ინსტიტუტებისადმი და ინდივიდებისადმი ნდობის დაზიანებას. ზოგიერთ შემთხვევაში, დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი უბრალოდ ის არის, ადამიანები დააეჭვოს, იციან თუ არა ვინ ამბობს სიმართლეს კონკრეტულ საკითხზე, რაც პოსტ-სიმართლის პოლიტიკის მზარდ გავლენებს ეხმიანება.[2] სხვა შემთხვევებში მიზნად ისახავს, შეცვალოს ადამიანების მოსაზრებები და რწმენები. ამ სტრატეგიას იყენებენ გარე აქტორები საზოგადოების პოლარიზებისა და პოლიტიკური პროცესების მიმართ რწმენის დაკარვისთვის, ასევე, შიდა აქტორები - პოლიტიკური მოგებისთვის.
სოციალურ მედიაპლატფორმებზე დეზინფორმაციის გაზრდა ნეგატიურ გავლენას ახდენს პოლიტიკასა და საზოგადოებაზე ევროატლანტურ სივრცეში. შესაბამისად, სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს უწევთ, საფრთხეებზე საპასუხოდ შეიმუშაონშესაბამისი გამოსავლის გზები. კერძოდ, სახელმწიფოებმა შეიმუშავეს სხვადასხვა ქცევის წესი და სახელმძღვანელო პრინციპი, არასამთავრობო სექტორმა, დეზინფორმაციის დოკუმენტირებისა და რეაგირებისათვის, შექმნა ქსელები მსგავსი ფასეულობების ორგანიზაციებთან რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. კერძო სექტორში მომუშავე კომპანიებმა ასევე უპასუხეს ამ ნეგატიურ განვითარებებს და ამ საკითხებზე მუშაობა დაიწყეს მეინსტრიმულმა მედიაორგანიზაციებმაც. ისინი ასევე ცდილობენ განავითარონ შიდა შესაძლებლობები დეზინფორმაციის გამოსავლენად. სამოქალაქო საზოგადოებისა და არაკომერციული ორგანიზაციები მთავარ როლს ასრულებენ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ იდეალური გამოსავალი არავის უპოვნია, კოლექტიური ძალისხმევა ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელების და გავლენების შეზღუდვას.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველო საგრძნობლად დაზარალდა დეზინფორმაციის გაზრდით. მოსახლეობაში დეზინფორმაცია ემსახურებოდა საზოგადოების პოლარიზებას, და მიემართებოდა ეროვნულ უმცირესობათა ჯგუფებს და სხვადასხვა პერსონას მმართველი პარტიის გარეთ. პრობლემა იმდენად მასშტაბური გახდა, რომ ისეთმა მსხვილმა სოცმედია ორგანიზაციებმა, როგორიც არის მეტა-ს ფეისბუქი, ცალმხრივად მიიღეს ზომები დეზინფორმაციის გამავრცელებელი ანგარიშების მიერ განხორციელებული არაავთენტური აქტივობების წინააღმდეგ. საბოლოოდ, დეზინფორმაციის გამოწვევაზე საქართველოს პასუხმა შეიძლება გადაწყვიტოს არა მარტო მისი დემოკრატიული განვითარების ბედი, არამედ მისი მომავალიც ევროპის შიგნით თუ გარეთ.
ეს მცირე სტატია აღწერს საქართველოში დეზინფორმაციის სხვადასხვა გამოწვევას და საერთაშორისო დონეზე დეზინფორმაციის წინააღმდეგ გამოყენებული სხვადასხვა გამოსავლის შესაძლებლობებს.
[1] Colomina, C., Margalef, S., Youngs, R. (2021). The impact of disinformation on democratic processes and human rights in the world. The European Parliament, p. 5. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/gw9Dr5V6. განახლებულია: 25 მარტი. 2024.
[2] Dorosh, L., Astramowicz-Leyk, T. and Turchyn, Y. (2021). The impact of post-truth politics as a hybrid information influence on the status of international and national security: the attributes of interpretation and the search for counteraction mechanisms, p 5. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/Gw9C75ww. განახლებულია: 25 მარტი. 2024.
ინსტრუქცია