[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

დაუყოვნებლივ შეჩერდეს ბულვარში სასტუმროს მშენებლობა

საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სამოქალაქო მოძრაობები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ბათუმის ბულვარში 19-სართულიანი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვენ.

ბათუმის ბულვარში, რომელსაც საბაღე-საპარკე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, კომპანია “ამბასადორ ბათუმზე” 19-სართულიანი (3 მიწისქვეშა სართული) სასტუმროს მშენებლობის ნებართვა 21 იანვარს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობისა და ბულვარის მიმართ საჯარო ინტერესების უგულებელყოფით გასცა.

სააგენტომ ბულვარში 19-სართულიანი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობაზე ნებართვა ძეგლის რეაბილიტაციის სტატუსით გასცა, რაც, კანონმდებლობით, ძეგლის გაუმჯობესების სამუშაოებს გულისხმობს. კანონმდებლობის მოთხოვნების მიუხედავად, სასტუმროს კომპლექსის მშენებლობაზე ნებართვის გაცემისას არ იყო გამოკვლეული, შეფასებული და დასაბუთებული, თუ როგორ გააუმჯობესებს მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაცია ბულვარის ტერიტორიას, რომელსაც ძეგლის სტატუსი უპირველესად ბულვარის ავთენტურობისა და საჯარო სარეკრეაციო გამოყენების მაქსიმალური შენარჩუნების უზრუნველსაყოფად მიენიჭა.

კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობის გარდა სააგენტოს გადაწყვეტილება ბულვარში სასტუმროს კომპლექსის აშენებაზე უხეშად არღვევს ქალაქგანვითარების პრინციპებს, მოქმედ სამშენებლო რეგულაციებსა და ადმინისტრაციულ კანონმდებლობას, რომელიც ბულვარის ტერიტორიაზე მსგავსი მასშტაბისა და დანიშნულების შენობა-ნაგებობის აშენებას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტერესების მიღმაც დაუშვებელს ხდის.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარეობს მუშაობა ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე, რომლის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბათუმის ბულვარის, ისტორიული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნება, ძველი ბულვარის კონსერვაცია და მოწესრიგება წარმოადგენს, თუმცა პარალელურად ბულვარის ტერიტორიაში 19-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის დაშვებით, ეს პროცესი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მთლიანად ფორმალობად აქცია.

სასტუმრო ამბასადორის პროექტი, სამწუხაროდ არ წარმოადგენს იზოლირებულ უკანონო გადაწყვეტილებას, და ის ბათუმში წლების განმავლობაში გაბატონებული გაუაზრებელი და უკანონო ქალაქგანვითარების პროცესის ნაწილია, სადაც რივიერას, ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა თუ სხვა პროექტების აბსტრაქტული ფინანსური მოგების დასაბუთებით მიზანმიმართულად საზოგადოებრივ დანიშნულებას ართმევენ და ანადგურებენ ზღვის სანაპირო ზოლსა და ისტორიულ ურბანული ქსელს.

ბათუმის ბულვარში 19 სართულიანი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობაზე გაცემული ნებართვა საზოგადოება „ბათომის“ სახელით, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს (EMC) აქვს გასაჩივრებული. საჩივარს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განხილვას, რომლის მიმართაც მოთხოვნას მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების გაბათილების გარდა, ბულვარში მიმდინარე უკანონო პროცესის დაუყოვნებლივ აღკვეთა და მშენებლობის შეჩერება წარმოადგენს.

მიუხედავად საჩივრის წარდგენისა კომპანია კვლავ შეუჩერებლად აგრძელებს ბულვარში სასტუმროს კომპლექსის მშენებლობას, რაც აზრს უკარგავს საზოგადოებრივ ბრძოლას სამართლებრივი დავით აღკვეთოს ბულვარში სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილებით დაშვებული სასტუმროს მშენებლობა და ძეგლის განადგურების პროცესს კიდევ უფრო შეუქცევადს ხდის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ:

  • წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის არსებით განხილვამდე დაუყოვნებლივ შეაჩეროს ბულვარში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები.
  • გააუქმოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილება ბულვარში 19-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე და აღკვეთოს ძეგლზე მიმდინარე უკანონოდ დაკანონებული სამშენებლო პროცესები.
  • მოვითხოვთ მორატორიუმი გამოცხადდეს ბულვარის ტერიტორიაზე ნებისმიერ სამშენებლო განვითარებაზე ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე

ხელმომწერები:

  • საზოგადოება “ბათომი”
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • ICOMOS საქართველო
  • ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
  • ქალაქზე მზრუნველთა გაერთიანება – “ტფილისის ჰამქარი“
  • ღია საზოგადოების ფონდი - საქართველო (OSGF)
  • სამოქალაქო მოძრაობა - “დაიცავი ბათუმის ბულვარი”
  • სამოქალაქო მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობა“
  • მწვანე ალტერნატივა
  • სამოქალაქო მოძრაობა - “მწვანეები”
  • სამოქალაქო მოძრაობა - “დიღმის ჭალები”
  • “იარე ფეხით”
  • გურიის სამოქალაქო ცენტრი
  • სათემო განვითარების ცენტრი
  • თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  • დემოკრატიის ინსტიტუტი
  • მწვანე სექტორი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი (NCEE) ბათუმის ოფისი
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) ბათუმის ფილიალი
  • აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“