[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

„ბათომი“ და EMC ბულვარში სასტუმროს მშენებლობაზე გაცემულ ნებართვას ასაჩივრებენ და  მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ  

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბათომის“ სახელით, ბათუმის ბულვარში 19 სართულიანი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობაზე გაცემულ ნებართვას ასაჩივრებს. ბათომი და EMC მიიჩნევენ, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა და შეუქცევად და არსებით ზიანს აყენებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს - ბათუმის ბულვარს.

ერთმნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ არსებული სივრცე უნდა გამოიყენებოდეს ძეგლის ღირებულების, ავთენტურობისა და რეკრეაციული რესურსის მაქსიმალური შენარჩუნებით. თავის მხრივ, სივრცის ათვისება/გამოყენებასთან დაკავშირებული პროცესი საჯარო დემოკრატიულ დისკუსიებს, სათანადო საექსპერტო დასკვნებსა და ამ რესურსის მდგრადი განვითარების პრინციპებს უნდა დაეფუძნოს, რაც ამ შემთხვევაში უგულებელყოფილი იყო.

„ამბასადორი ბათუმმა“ ბულვარის ცენტრში, საპროექტო ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ნებართვა 2018 წელს მოიპოვა, რაც 4 სართულიანი გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენების გულისხმობდა რომელიც ამ ტერიტორიაზე მდგარი (ყოფ. საზღვაო პოლიკლინიკის) შენობის ისტორიულ, მხატვრულ-არქიტექტურულ მახასიათებლებს უნდა მორგებოდა. 2019 წლის დასაწყისში კომპანიამ ამ ზღვისპირა ტერიტორიის ბულვარის საზღვრებიდან ამოღებაც კი სცადა, რისი მიზანიც იყო ძეგლის სტატუსის მოხსნა, რაზეც უარი მიიღო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოსგან. ამას გარდა, 2019 წლიდან „ამბასადორი“ ორჯერ დაჯარიმდა პროექტის დარღვევით მშენებლობისთვის, კერძოდ, მაღლივი შენობისთვის განკუთვნილი ხიმინჯოვანი საძირკვლების მოწყობისთვის, რაც იმთავითვე აჩვენებდა კომპანიის განზრახვას შენობის საძირკველი, სათანადო ნებართვის არქონის მიუხედავად მაღლივი შენობისთვის მოემზადებინა.

ამის შემდეგ, 2019 წლის ბოლოს, „ამბასადორი ბათუმმა“ სანებართვო პირობებში ცვლილების შეტანა და ოთხსართულიანი კონსტრუქციის 15 სართულამდე გაზრდა მოითხოვა. სააგენტომ ძეგლის ინტერესების და ბათუმელების საპროტესტო ტალღის გათვალისწინებით კომპანიას პროექტის შეცვლაზე უარი განუცხადა. თუმცა, სააგენტომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეცვალა და 2021 წლის 21 იანვარს კომპანიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე 19-სართულიანი (აქედან, 3 სართული განლაგდება მიწის ქვემოთ) სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის უფლება მისცა არსებულ ნებართვაში ცვლილების შეტანის გზით. პრობლემურია, რომ „ამბასადორის“ განცხადება განხილულ იქნა, როგორც არსებულ საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა, მაშინ როდესაც პროექტი არსებითად შეიცვალა და ის ახალ ნებართვას საჭიროებდა.

მივიჩნევთ რომ საბჭოსა (სააგენტოს დირექტორის სათათბირო ორგანო - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო) და სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოქმედი კანონმდებლობის, ძეგლის ინტერესების, ქალაქგანვითარების პრინციპებისა და საჯარო ინტერესების უგულებელყოფით იქნა მიღებული. კანონმდებლობის მოთხოვნების მიუხედავად, დადებითი გადაწყვეტილების გაცემისას არ იყო გამოკვლეული, შეფასებული და დასაბუთებული თუ რა გავლენას (ზიანი, სარგებელი) მოახდენს მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, აღმართვა ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაცია ძეგლზე.

მეტიც, პრობლემურია ის საკითხი, რომ საბჭოს და სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას არსებითად დაეყრდნენ 2020 წელს კომპანიის დაკვეთით შესრულებულ სახელოვნებათმცოდნეო კვლევას, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია არა იმ ძეგლზე, რომელზეც უნდა ჩატარდეს რეაბილიტაცია, არამედ ძეგლის მიმდებარე ურბანულ ქსოვილზე.

ხელოვნებათმცოდნეები კი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ, რომ ბულვარში 19 სართულიანი სასტუმროს აშენება ძეგლისთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანია. როგორც სსიპ „გიორგი ჩუბინიშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის“ სამეცნიერო საბჭო მიუთითებს „ის ფაქტი, რომ ამ ადგილზე 2016 წლამდე იდგა ბალნეოლოგიური პოლიკლინიკის ორსართულიანი შენობა, აღნიშნული მსხვილმასშტაბიანი, 16-სართულიანი საპროექტო მოცულობის აგების შესაძლებლობას არ იძლევა; უფრო მეტიც, მისი აშენება არათუ უშუალოდ ბულვარის ტერიტორიაზე, არამედ მის მომიჯნავედ, ძეგლის ფიზიკური, თუ ვიზუალური დაცვის არეალშიც არ არის მიზანშეწონილი“. აღნიშნულ პოზიციას სრულად იზიარებს ICOMOS /საქართველო, რომელიც ბულვარში ამ ტიპის მშენებლობას დაუშვებლად მიიჩნევს.

კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობის დარღვევის გარდა, ასევე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ სადავო აქტები ადმინისტრაციული და სამშენებლო კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით მიიღეს. საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხები მის წევრებს სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე ეცნობა. ამასთან, საბჭოს ზოგიერთ წევრს საპროექტო დოკუმენტაცია საერთოდ არ გადასცემია, რაც გამორიცხავდა საბჭოს წევრების მიერ საკითხის გაცნობის და მათი პოზიციების დასაბუთების შესაძლებლობას. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილება უხეშად არღვევს ქალაქგეგმარებით და სამშენებლო რეგულაციებს, რომელიც ერთი მხრივ, კრძალავს სასტუმროს დანიშნულების ობიექტის მშენებლობას სარეკრეაციო ზონაში და ასევე მოითხოვს განაშენიანების მაქსიმალურ კოეფიციენტის შეთანხმებას, რაც საპროექტო დოკუმენტაციაში წარდგენილი საერთოდ არ არის.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის მიზანია:

  • მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების ბათილობის გზით უზრუნველყოს ბათუმის ბულვარის დაცვა, არსებული სარეკრეაციო დანიშნულების სივრცის შენარჩუნება და მისი საჯარო გამოყენება, და კერძო ბიზნესს-ინტერესების მიერ საჯარო სიკეთეების მითვისებისა და ქალაქების სოციალური სივრცეების განადგურების პროცესის შეჩერება.
  • დავის განხილვის დასრულებამდე სამინისტროს მიერ სამშენებლო პროცესის დაუყოვნებლივი შეჩერების გადაწყვეტილების მიღება, რამდენადაც სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნება ბათუმის ბულვარის დაზიანების შეუქცევადი პროცესის შეჩერება, რაც მიუღწეველს გახდის ბათუმის ბულვარის დაცვის მიზანს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“