[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

ჩვენი გუნდი სახალხო დამცველს და მის აპარატს მადლობას უხდის

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მადლობას უხდის ნინო ლომჯარიას, საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში დამოუკიდებელი, გაბედული და საზოგადოებრივ საჭიროებებზე ორიენტირებული საქმიანობისათვის.

თანამდებობის დაკავების მომენტიდან, მწვავე პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში, სახალხო დამცველსა და მის აპარატს მკაფიო, მიუკერძოებელი და სამართლიანი პოზიციები ჰქონდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის პრაქტიკებთან და ფაქტებთან დაკავშირებით. ნინო ლომჯარიამ წარმოაჩინა სახალხო დამცველის, როგორც დამოუკიდებელი საზედამხედველო ინსტიტუტის მნიშვნელობა და მისი როლი სამოქალაქო საზოგადოებაში. იგი ყოველთვის გამოთქვამდა ღიაობას ეთანამშრომლა ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მოეცვა საზოგადოებრივ დღის წესრიგში მდგომი ბევრი მწვავე და სენსიტიური საკითხი, რაც არსებული პოლიტიკური პროცესების ფონზე, დიდ გამბედაობასთან იყო დაკავშირებული.

მანდატის მინიჭებისთანავე სახალხო დამცველი და მისი აპარატი აქტიურად მუშაობდა:

  • მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეებზე, მათ შორის ხორავას ქუჩის, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის და ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე;
  • პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანდაცვის სერვისების მონიტორინგის, არასათანადო მოპყრობის პრევენციისა და ციხეებში სუბკულტურის მზარდი გავლენების ინდეტიფიცირების მიმართულებით;
  • სასამართლო რეფორმებთან კავშირში გამოვლენილი დარღვევების და ჩავარდნების საკითხზე;
  • ნამახვანჰესის მშენებლობის ირგვლივ დაწყებული სოციალური მოძრაობის მხარდასაჭერად, როდესაც იგი უშუალოდ ჩავიდა რიონის ხეობაში ადგილზე სიტუაციის შესასწავლად და ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები წარავლინა პროექტის გარშემო წარმართულ მედიაციაში დამკვირვებლად;
  • ყოფილი თანამდებობის პირების პოლიტიზირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე და რთული პოლიტიკური კონტექსტის მიუხედავად ცდილობდა ამ საქმეებზე უფლებრივი ასპექტების ხაზგასმას;
  • ნინოწმინდაში საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მოქმედი სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვთა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად;
  • მედია ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების, მათ შორის, 5-6 ივლისის მოვლენების დროს უფლებების დარღვევის, დევნისა და შევიწროების საქმეებზე.
  • აქტიურად მუშაობდა ანტი-დისკრიმინაციული მანდატის ფარგლებში და ახდენდა შესაბამის რეაგირებას დისკრიმინაციის არა ერთ მძიმე შემთხვევებზე, მათ შორის კულტურისა და სპორტის სამინისტროში თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ განხორციელებული საკადრო წმენდის საქმეებზე.
  • რეაგირებას ახდენდა სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობაში მყოფი ადამიანების უფლებების დაცვის შემთხვევებზე, მათ შორის, ღირსეული საცხოვრისის, სოციალური დაცვის, საკვებით უზრუნველყოფის უფლებების მიმართულებით. წლების მანძილზე უზრუნველყოფდა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, უსახლკარობისა და არასათანადო საცხოვრისში მაცხოვრებელთა, საჭიროებების იდენტიფიცირებას, საზოგადოებისათვის გაცნობასა და შესაბამისი უწყებებისთვის რელევანტური რეკომენდაციების მომზადებას.
  • მუდმივ რეჟიმში უზრუნველყოფდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე ხაზგასმასა და ცვლილებების ადვოკატირებას, მათ შორის, პანდემიის პირობებში. უშუალოდ ახდენდა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ვიზიტებს და მოუწოდებდა სახელმწიფო უწყებებს, უზრუნველეყოთ დეინსტიტუციონალიზაცია.

სახალხო დამცველის აპარატი მძიმე შემთხვევებზე რეაგირების მიღმა, სისტემურად მუშაობდა რეფორმების საკითხებზე და აქტიურად იყენებდა საკონსტიტუციო სარჩელის, სასამართლო მეგობრისა და რეკომენდაციების ინსტრუმენტებს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე ადამიანის უფლებათა სტანდარტების გასამყარებლად.

ნინო ლომჯარიამ წარმატებით შეძლო სახალხო დამცველის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ინსტიტუტის სახით შენარჩუნება, რამაც ხელი შეუწყო პოლიტიკურ პროცესებზე და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საზოგადოებაში კრიტიკული აზრის ფორმირებას.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის გუნდი დიდი მადლობას უხდის ნინო ლომჯარიას და სახალხო დამცველის აპარატის მთელ გუნდს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თავდაუზოგავი შრომისა და საზოგადოებაზე ზრუნვისათვის.

ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესი მაღალი ნდობისა და კონსტიტუციური პრინციპების განუხრელი დაცვის გარემოში წარიმართება, რომელიც მომავალში ჩრდილს არ მიაყენებს ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულობის რწმენას. პოლიტიკური პოლარიზების, ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების კონსოლიდირების უხეში მცდელობების, ქვეყანაში მძიმე სოციალური უთანასწორობის, მზარდი ულტრაკონსერვატიული რიტორიკისა და მოძრაობების არსებობის კონტექსტში დამოუკიდებელი და სანდო სახალხო დამცველის არსებობა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი გვგონია.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“