[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება სახალხო დამცველის ბრიფინგზე

სამოქალაქო ორგანიზაციები მხარდაჭერას უცხადებენ სახალხო დამცველს და მოუწოდებენ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, დაინტერესდნენ პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის არსებობით და უზრუნველყონ მსჯავრდებულთა უსაფრთხოება. აგრეთვე გარანტირებული იყოს სახალხო დამცველის თანამშრომლებისთვის უსაფრთხო და ადეკვატური სამუშაო პირობები პენიტენციურ დაწესებულებებში.

20 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალურ ბრიფინგზე პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ციხის ადმინისტრაციის და ე.წ. „ციხის მაყურებლების“ მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფის მიერ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე განხორციელებულ სიტყვიერ თავდასხმებზე, მუქარასა და აგრესიაზე. აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ციხის სუბკულტურის გავლენებზე აქამდეც ამახვილებდნენ ყურადღებას სახალხო დამცველი და სამოქალაქო ორგანიზაციები.

სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტებს და მათ ეფექტიან მუშაობას პენიტენციურ დაწესებულებებში კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მსჯავრდებულთა უფლებების ადეკვატური დაცვისათვის. პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში, სახალხო დამცველის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ამ ფონზე, ორმაგად სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის მიერ გაჟღერებული პრობლემები სათანადო რეაგირების გარეშე რჩება და წინა შემთხვევების მსგავსად, ხელისუფლების წარმომადგენლები ამჯერადაც უარყოფენ ციხის სუბკულტურის არსებობას და მასთან დაკავშირებულ სისტემურ პრობლემებს.

ამის ნაცვლად, გასულ თვეებში არაერთხელ ვიხილეთ პერსონალურად სახალხო დამცველზე, ან მის მიერ გაწეულ საქმიანობაზე უსაფუძვლო კრიტიკა. მათ შორის, ადგილი ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრის თაობაზე დეტალების უკანონოდ გასაჯაროების ფაქტს. ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პრობლემის არაღიარება და სახალხო დამცველის ინსტიტუტზე მათი გადაბრალება, არსებითად ქმნის ვითარების კიდევ უფრო დამძიმების რისკებს და თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ასუსტებს ომბუდსმენის ინსტიტუტის ნდობას პენიტენციური დაწესებულების შიგნით.

ამ ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველის მიერ გაჟღერებული საკითხები არ გახდეს მორიგი პოლიტიკური მანიპულაციების საგანი და ამ პრობლემებზე წარიმართოს შესაბამისი საქმიანი მსჯელობა. აუცილებელია:

  • სახალხო დამცველის მიერ გაჟღერებულ კონკრეტულ ფაქტებზე შესაბამისმა უწყებებმა დაიწყონ გამოძიება, რომელიც წარიმართება დროულად და მაღალი გამჭვირვალობით;
  • იუსტიციის სამინისტრომ გაატაროს სისტემური ღონისძიებები პენიტენციურ დაწესებულებებში ციხის სუბკულტურის და ე.წ. „მაყურებლების“ გავლენების აღმოსაფხვრელად და უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში შესახლებულ პირთა უფლებების მაღალ დონეზე დაცვა;
  • პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელობამ უზრუნველყოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების დაუბრკოლებლად, უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში საქმიანობა და მსჯავრდებულებთან მათი კომუნიკაციის დაცულობა.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“