[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / თარგმანი

ჩამორთმევა დაგროვებით? სამთო მრეწველობა, წყალი და შემოფარგვლის თავისებურება ბოლივიის ალტიპლანოში

გიორგი ცინცაძე 

პროექტის „სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები“ ფარგლებში, რომლის მიზანია შეისწავლოს და გააანალიზოს ბუნებრივი რესურსების თუ წიაღის მოპოვებასთან დაკავშირებული სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური საკითხები, გთავაზობთ თარგმანების სერიას. იმისთვის, რომ თარგმანების მნიშვნელობა და მათი კავშირი ქართულ რეალობასთან უფრო ცხადი გამხდარიყო, პროექტში ჩართულმა მკვლევარებმა მოამზადეს თარგმანების სინთეზური შესავლები.

გიორგი ცინცაძის სინთეზური შესავალი თარგმანზე "ჩამორთმევა დაგროვებით? სამთო მრეწველობა, წყალი და შემოფარგვლის თავისებურება ბოლივიის ალტიპლანოში"

სამთო-მოპოვებით მრეწველობას ადგილობრივი ბუნებრივი გარემოსთვის მძიმე და ხშირ შემთხვევაში შეუქცევადი ზიანის მიყენება შეუძლია. წიაღისეულის დამუშავება და მისი საბაზრო პროდუქტად გარდაქმნა არა მხოლოდ ეკონომიკური და სოციალური, არამედ ეკოლოგიური პროცესიცაა. ამიტომ ექსტრაქტივისტული ინდუსტრიის სრულად გააზრებისთვის აუცილებელია მისი ადგილობრივი ეკოსისტემების ჭრილში განხილვა. ტომ პეროს სტატია “გასხვისება დაგროვების საშუალებით? წიაღისეული, წყალი და მიწის კონცესიები ბოლივიის ალტიპლანოში” ამ მიზანს ემსახურება. სტატიაში ავტორი ბოლივიის მაღალმთიანი რეგიონის მაგალითს ეყრდნობა, სადაც ას წელზე მეტია კალასა და ოქროს საბადოებს ამუშავებენ. ტექსტში მოპოვებითი მრეწველობის გარემოზე ზემოქმედების გასაგებად პერო ახალ და მოხერხებულ ანალიტიკურ ჩარჩოს გვთავაზობს.

ტომ პეროს ეს სტატია ქართველი მკითხველის საინტერესო არაერთ საკითხებს ეხება. სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის ქართულ კერებთან ახლოს - ტყიბულსა და ჭიათურაში, ბოლნისსა და მათ შემოგარენში - დიდი ხანია ჰაერის, ნიადაგისა და ჰიდროქსელის საგანგაშო დაბინძურება შეინიშნება. მიუხედავად ამისა, გარემოზე ზემოქმედების ისეთი კვლევები, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობასა და საარსებო საშუალებებზე წიაღისეულის მოპოვების გრძელვადიან გავლენას შეაფასებდა არ ტარდება. კიდევ უფრო მწვავეა ისეთი კვლევების ნაკლებობა, რომლებიც ეკონაკვალევს ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებს დაუკავშირებდა.

სტატიაში პერო წერს, რომ კაპიტალის აკუმულაციის პარალელურად ბოლივიის ალტიპლანოში კიდევ რამდენიმე დაგროვებითი პროცესი მიმდინარეობს. მისი აზრით იქ კაპიტალთან ერთად, რომელსაც მოპოვებითი მრეწველობა კრებს, ბუნებრივი გარემოსთვის მიყენებული ზიანიც გროვდება. ადგილობრივ ეკოლოგიას ზიანი თავის მხრივ ორი განსხვავებული გზით ადგება: ალტიპლანოს მდინარეები წიაღისეულის მოპოვების შედეგად წარმოქმნილი ტოქსიკური ნარჩენებით ბინძურდება, ნიადაგში კი გარემოსა და ადამიანისთვის საფრთხის შემცველი მძიმე მეტალები ილექება. არანაკლებ მნიშვნელოვანია მომპოვებლის განკარგულებაში - პირდაპირი კონცესიებისა თუ გამოყენების უფლებების მინიჭების საშუალებით - გადასული ტერიოტორიების დაგროვებაც.

განსაკუთრებით მნიშველოვანია წყალთან დაკავშირებული პრობლები. ყველგან სადაც წიაღისეულს მოიპოვებენ წყლის დაბინძურების საფრთხე წარმოიშვება. წყლის საკითხების სოციალური პროცესებისგან განცალკევება შეუძლებელია. რადგან წყლის რესურსების ათვისება ძალთა არსებულ გადანაწილებას ექვემდებარება, აუცილებელია წყლის პრობლემის “ჰიდროსოციალურ” ჭრილში დანახვა. მოპოვებითი მრეწველობა წყალს დიდი რაოდენობით მოიხმარს და, სოფლის მეურნეობისგან განსხვავებით, გამოყენებულ წყალს სხვა მომხმარებლებისთვის უვარგისს, უარეს შემთხვევაში კი საზიანოს ხდის. ამის მაგალითია სტატიაში განხილული ჰუანუნის მდინარე, რომელშიც წიაღისეულის მოპოვების შედეგად დაგროვებული კადმიუმის, ტყვისაა და დარიშხანის შემცველი ნარჩენები ჩაედინება. ბუნებრივი სედიმენტაციისა და მდინარის სარწყავი წყლის წყაროდ გამოყენების შემდეგ ეს ჯანმრთელობისთვის უაღრესად დამაზიანებელი ელემენტები ნიადაგში, შემდგომში კი საკვებში ხვდება.

შედეგად მიწა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა საძოვრად ან მეურნეობისთვის იყენებდა მათთვის უვარგისი, ან, უარეს შემთხვევაში, მომწამვლელი ხდება. რეგიონის მდინარეები კი, რომელიც მანამდე მოსახლეობას სასმელი და სარწყავი წყლით ამარაგებდა, წიაღისეულის მოპოვების ნაწილი ხდება და მის მიერ წარმოქმნილი უვარგისი ან სულაც საფრთხის შემცველი ნარჩენების გადაადგილების სამსახურში დგება. ამასთან რეგიონში ჩნდება წყლის საგანგაშო უკმარისობაც, რაც საფრთხეს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ კვლავწარმოებას უქმნის.

პეროს ანალიზი იმ ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას უპირისპირდება, რომლის მიხედვითაც ექსტრაქტივისტული ინდუსტრია ადგილობრივ ეკონომიკას ასაზრდოებს - ამ გადმოსახედიდან ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობა წიაღისეულის მოპოვებაზეა დამოკიდებული. მოპოვებითი მრეწველობის მნიშვნელობასა და მასზე ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულებაზე მსგავს მოსაზრებებს ხშირად გამოთქვამენ საქართველოშიც. ბოლივიის ალტიპლანოს მაგალითი საპირისპირო რეალობისკენ მიგვითითებს: ბუნებრივი რესურსის ათვისება ადგილობრივ მოსახლეობას არ ასაზრდოებს, პირიქით - წიაღისეულის მოპოვება ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე მიმდინარეობს. მოპოვებითი მრეწველობის არსებობის საშუალებას მკვიდრი მოსახლეობის საარსებო საშუალებების მიტაცება ქმნის. ალტიპლანოში ექსტრაქტივისტული ინდუსტრია არსებულ ადგილობრივ ეკონომიკას კი არ ამატებს, არამედ ანაცვლებს.

პეროს ორმაგი აკუმულაციის კონცეფცია - ერთი მხრივ კაპიტალის, მეორე მხრივ კი ეკოლოგიური ზიანის დაგროვება - მარქსისა და დევიდ ჰარვის თეორიებს ეხმიანება. მარქსისთვის პრიმიტიული აკუმულაცია ის პირველადი პროცესია, რომლის შედეგადაც კაპიტალის მიერ აუთვისებელი რესურსი საკუთრების ფორმას იღებს და ინდუსტრიული წარმოების პროცესში ერთვება. ჰარვი მარქსის ამ პროცესს კონცეპტუალურად აფართოებს და გამოყოფს “აკუმულაციას გასხვისების საშუალებით.” ჰარვის მიხედვით კაპიტალის გასხვისების - ანუ მანამდე სხვის, საერთო ან სულაც არაფორმალურ მართვაში არსებული რესურსის მიტაცების - ხარჯზე დაგროვება არა ერთჯერადი მოვლენა, არამედ რეგულარი პროცესია. კაპიტალის აკუმულაცია ასეთ რეჟიმში კრიზისებისას შედის, როცა ჭარბი კაპიტალის პირობებში მას ახალი, აუთვისებელი სივრცე ან არსებული წარმოების ფაქტორების ჩანაცვლება ესაჭიროება.

პეროს აზრით, ჰარვის მიერ შემუშავებული მოდელი საინტერესოა ჭარბი კაპიტალის პრობლემის არარსებობის შემთხვევაშიც. კაპიტალის აკუმულაციის ასეთი მიმტაცებლური რეჟიმი შეინიშნება განვითარებად ქვეყნებშიც და არა მხოლოდ პირველადი აკუმულაციის პირობებში, არამედ რეგულარულად და, ზოგიერთ შემთხვევაში მუდმივადაც კი. ამით პეროს ანალიზი, რომელიც განვითარებადი ქვეყნის, ბოლივიის მაგალითს ეფუძნება, საინტერესო ქართველი მკითხველისთვისაც ხდება. საქართველოში ჭარბი კაპიტალის პრობლემა არ არსებობს, მაგრამ, როგორც პეროს მაგალითი ცხადჰყოფს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კაპიტალის აკუმულაცია, განსაკუთრებით მოპოვებით მრეწველობაში, წართმევის ხარჯზე არ მიმდინარეობს.

პეროს “გასხვისება დაგროვების საშუალებით” ჰარვის მიერ გამოყოფილი პროცესის ანარეკლია. პეროს აზრით ბუნებრივი გარემოს როლს კაპიტალის აკუმულაციისა და გასხვისების პროცესებში მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. მოპოვებითი საქმიანობის ეკოლოგიური შედეგების გასააზრებლად, ექსტრაქტივისტული ინდუსტრიისა და ბუნებრივ გარემოს შორის არსებული კავშირების უკეთ დასანახად ის გვთავაზობს ჩარჩოს, რომლის მიხედვითაც გასხვისება ტოქსიკური ნარჩენების დაგროვების გზით მიმდინარეობს. ამგვარად, გასხვისების პროცესი სემანტიკურად კაპიტალის აკუმულაციის პროცესს იმეორებს - მიწისა და წყლის გასხვისება ნიადაგსა და მდინარეებში ტოქსიკური ნარჩენების დაგროვების შედეგად ხორციელდება. გამოდის, რომ გასხვისება აკუმულაციური პროცესების შედეგია - და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბუნებრივ რესურს კაპიტალი ეპატრონება, არამედ იმიტომაც, რომ საარსებო საშუალებების ხელყოფას ეკოლოგიური ზიანის დაგროვება იწვევს.

პეროს ტექსტი მნიშვნელოვანი იმითაცაა, რომ ის ეჭვქვეშ აყენებს ეგრედ წოდებული “ნეო-ექსტრაქტივიზმის” პოლიტიკასაც. ამ მიდგომის მიხედვით, რომელიც განვითარებად ქვეყნებში - განსაკუთრებით კი გლობალურ სამხრეთში - მზარდი პოპულარობით სარგებლობს, სახელმწიფო აქტიურად მონაწილეობის ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვებაში, ხშირად კი, სახელმწიფო კომპანიების საშუალებით, პროცესს თვითონვე უძღვება. ბოლივიის ალტიპლანოს სტატიაში განხილულ რეგიონშიც წიაღისეულს სახელმწიფო კომპანია მოიპოვებს, რომლის არსებობასაც ცენტრალური ხელისუფლება შექმნილი ეკონომიკური სარგებლის საჯარო საკუთრებაში არსებობით ამართლებს. თუმცა, პეროს ანალიზის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ მართული ექსტრაქტივისტული ინდუსტრია ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიყენებული სოციალური და ეკოლოგიური ზიანის მიხედვით არც იმ კერძო კომპანიებისგან განსხვავდება, რომელიც რეგიონში რესურსის ნაციონალიზაციამდე არსებობდნენ, და არც კიდევ უფრო ადრინდელი, კოლონიალური რეჟიმისგან.

მოპოვებითი მრეწველობის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური შედეგების ერთობლივი კვლევა საქართველოში იშვითად ან საერთოდ არ ტარდება. იქ, სადაც ცოდნის ადგილობრივი წარმოება შეზღუდულია, არსებული საერთაშორისო გამოცდილებისა და მასთან დაკავშირებული ლიტერატურის ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. ტომ პეროს ამ სტატიის ქართულ ენაზე გამოცემა ამ კუთხით სასარგებლო დანამატია. სავარაუდოა, რომ ქართველი მკითხველი ამ ტექსტში არაერთ ნაცნობ პრობლემას ამოიკითხავს, ავტორის შემოთავაზებული თეორიული ჩარჩო კი მათ ახლებურად დანახვას შეუწყობს ხელს.

თარგმანს შეგიძლიათ გაეცნოთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გთავაზობთ თარგმანების და სინთეზური შესავლის ტექსტების ციკლს, რომელიც მომზადებულია პროექტის "სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.

Dispossession-by-Accumulation_1567775724.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“