საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბლოგი ქვეყნდება ანონიმურად ავტორის და მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვის მიზნით
ახალგორი - ეს არის ადგილი, სადაც მე დავიბადე და ვიზრდებოდი „აგვისტოს ომამდე“. საქართველოს დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ახალგორი ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. მოსახლეობის ნაწილმა ომის შემდეგ რაიონი დატოვა, ნაწილი კი დღემდე აგრძელებს ცხოვრებას, შრომას და ოკუპაციის პირობებში საკუთარი ქართული იდენტობის შენარჩუნებას. მოსახლეობა შერეულია, არიან ქართველები, ოსები და სომხები. სულ ამ პირობებში დარჩენილია 1500 კაცამდე. ოჯახები ძირითადად შერეულია.
აგვისტოს ომის შემდეგ ახალგორში შესვლა მკვიდრ მოსახლეობას მხოლოდ სპეციალური საბუთებით შეგვეძლო, თუმცა რამდენიმე თვეა საზღვრები ჩაკეტილია და რაიონში შესვლას ვეღარ ვახერხებთ. „საზღვრის კვეთის“ გამოცდილება წარსულშიც გვქონდა, თუმცა მაშინ გზას მალევე ხსნიდნენ. ბოლო ჩაკეტვა და რაიონის იზოლაცია კი დიდხანს გაგრძელდა.
მოსახლების ნაწილი მუშაობს სხვადასხვა დაწესებულებაში, მათ ამ პირობებშიც უნარჩუნდებათ ხელფასი, დანარჩენი ნაწილი მიწათმოქმედებას ან მესაქონლეობას მისდევს. თუმცა ბევრია ისეთი, ვინც გზის ჩაკეტვის გამო დაკარგა სამსახური. ისინი იძულებულნი გახდნენ სამსახურსა და ოჯახს შორის გაეკეთებინათ არჩევანი, რის გამოც მოუწიათ ახალგორის დატოვება და პერევის გამშვები პუნქტიდან წეროვანში წამოსვლა. ახალგორში ასევე ფუნქციონირებს ორი საშუალო სკოლა - რუსული და ქართული. სამწუხაროდ, ქართული საჯარო სკოლა გადააკეთეს რუსულენოვან სკოლად 3 წლის წინ. ეს ნიშნავს, რომ ყველა საგნის სწავლება მე-6 კლასის ჩათვლით, მიმდინარეობს რუსულ ენაზე. მომავალში იგეგმება, რომ მეექვსე კლასის შემდეგაც, როცა მოსწავლეები რუსულს სათანადოდ აითვისებენ, 11 წლიანი ციკლი სრულიად იყოს რუსულად. ამ პირობებში, ქართულს მიენიჭა სტატუსი - „უცხო ენა“.
2019 წლის სექტემბერში საზღვრის ჩაკეტვის დროს გვითხრეს, რომ გზა მხოლოდ რამდენიმე დღით იკეტებოდა, სასწავლო წლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით. ამის გამო, ხალხს არ დაუწყია დიდი სამზადისი. მალევე გაირკვა, რომ საზღვრების ჩაკეტვა სოფელ ჩორჩანაში საქართველოს პოლიციის მიერ საგუშაგოს აგებას უკავშირდებოდა და ამდენად პოლიტიკური საკითხი იყო. ამბობდნენ, რომ იქამდე არ გახსნიდნენ საზღვარს, სანამ ქართველები ამ საგუშაგოს არ აიღებდნენ. ჩვენ ყოველდღიურად ველოდებით გზის გახსნას, თუმცა ამაოდ. ამ დროს მე ახალგორში არ ვიყავი და ამიტომ აქეთ დავრჩი. თუმცა, ჩემი ბევრი ნათესავი და მეგობარი რაიონშია.
იზოლაციამ ხალხის მდგომარეობა მკვეთრად დაამძიმა. ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს მოხუცები წარმოადგენენ და მათთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს ქართული პენსია წარმოადგენს. პენსიონერების ნაწილმა საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ მხოლოდ 5 თვის მერე მოახერხა პენსიის აღება, როცა გზა მხოლოდ 10 დღით მათთვის საგანგებოდ გაიხსნა. ამ ვადის ამოწურვის შემდგომ გზა ისევ ჩაიკეტა. ამ რეალობაში ადგილობრივები, მათ შორის, ქრონიკული პაციენტები ვერ იღებენ მათთვის აუცილებელ სამედიცინო დახმარებას.
მახსოვს ახალგორელებს რამდენჯერმე შეხვდნენ ცხინვალიდან ჩამოსული წარმომადგენლობები რომ გაეგოთ მათი მდგომარეობა. ყოველი ასეთი ჩამოსვლის შემდეგ ხალხი წერილის სახით აგზავნიდა თხოვნას ბიბილოვთან, რომელსაც თან ხელმოწერებს ურთავდნენ. ამ წერილში ასახული იყო ადგილობრივების საჭიროებები, მათი მძიმე მდგომარეობა და მთავრდებოდა თხოვნით, გზის გახსნის შესახებ. თუმცა არც ერთ ასეთ გზავნილს შედეგი არ მოჰყოლია. ახალი წლის პერიოდში თავად ბიბილოვი ჩამოვიდა ახალგორში. ხალხი შეიკრიბა მის მოსასმენად. ყველა ამბობდა, რომ სასიკეთო ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა მათთვის ხელმძღვანელობას. ცხადია, რომ საახალწლოდ ყველას გზის გახსნის მოლოდინი ჰქონდა. თუმცა, მოხდა აბსოლუტურად საპირისპირო. ბიბილოვმა, პირიქით, ადგილობრივი მოსახლეობა გააკრიტიკა მათი დაჟინებული მოთხოვნისთვის. მახსოვს ერთი საინტერესო ფაქტი, რაც უშუალოდ შეხვედრაზე მოხდა. შეხვედრის დროს ერთი ხანში შესული ოსი ქალბატონი წამომდგარა და უთქვამს „რა ნამუსით მილოცავ ახალწელს შემომხედე რა მდგომარეობაში ვარ, მე და ჩემს ქმარს პირში სული ძლივს გვიდგასო“. ამის გაგონებაზე დარბაზმა იგრიალა. ტაში არ წყდებოდა. თვეების განმავლობაში სტრესში და გაჭირვებაში მყოფმა ხალხმა თავის გასაჭირი ღიად დააფიქსირა. თუმცა ადამიანურმა ტკივილმა და მძიმე მდგომარეობამ ვერანაირი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა ჩამოსულებზე და საზღვრების ჩაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება არავის გადაუხედია. კიდევ ერთი სირთულე რამაც ხალხზე ძალიან იმოქმედა პროდუქტებზე მომატებული ფასებია. ისედაც მცირეშემოსავლიანი მოსახლეობისთვის ამ ცვლილებამ ახალგორის რაიონი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დააყენა. ამ პერიოდში დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, რომელსაც ადგილზე სათანადო სასწრაფო სამედიცინო დახმარება ვერ აღმოუჩინეს.
დღეს კი გზის ჩაკეტვის ახალი „მიზეზი“ კორონავირუსია. ვირუსის გავრცელებამ კიდევ უფრო დაამძიმა ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა. როგორც ზემოთ ვთქვი, მოსახლეობის დიდ ნაწილს ხანდაზმულები შეადგენენ, განსაკუთრებით კი სექტემბერში გზის ჩაკეტვის შემდეგ, როცა ახალგაზრდებისგან თითქმის სრულიად დაიცალა რაიონი. ამასთან, მოსახლეობაში ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებს და დღემდე ვერ მიიღეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ცხადია, რომ ამის გამო ახალგორელების დიდი ნაწილი რისკ-ჯგუფში ექცევა.
რაიონში გვაქვს საავადმყოფო და სწორედ აქ მოყავთ ავადმყოფები მიმდებარე სოფლებიდან, თუმცა სერიოზული ოპერაციები აქ არ კეთდება. ამიტომ ყოველთვის, როდესაც მძიმე პაციენტი შედიოდა რაიონულ საავადმყოფოში, ისინი დაუყონებლივ თბილისში გადმოჰყავდათ. მაგრამ გზის ჩაკეტვის გამო, ეს რესურსი აღარ არსებობს. ვირუსთან ბრძოლაში გადამწყვეტი როლი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მზაობას, შესაბამისი აპარატურის, მედიკამენტების თუ სხვა ინვენტარის ქონას აქვს. ამ კუთხით, უშუალოდ ოკუპირებული ახალგორის რაიონი ნამდვილად არ არის მზად, ვინაიდან, როგორც ვიცი, საავადმყოფოში არ არის ის აღჭურვილობა, რომლითაც შეიძლება ვირუსის ეფექტიანად მართვა. მიუხედავად იმისა რომ, გამოყოფილია რამდენიმე პალატა ინფიცირებული პაციენტებისთვის, არ არის სასუნთქი აპარატები, რომლითაც შეიძლება მძიმე პაციენტების მდგომარეობის კონტროლი. ასევე, არანაირი ტესტი კორონავირუსის იდენტიფიცირებისთვის არ არის ხელმისაწვდომი. იმისათვის, რომ სიმპტომების მქონე პაციენტს ჩაუტარდეს შესაბამისი გამოკვლევა ვირუსზე, დასჭირდება დიდი დრო, რამდენიმე დღე. ეს კი უფრო მეტად ზრდის მისი გავრცელების საფრთხეს. მით უმეტეს ბოლო დროს თვითონ ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენელმა ექიმმაც კი განაცხადა, რომ ამ კუთხით, ისინი მზად არ არიან ეფექტიანად ებრძოლონ ვირუსს. სწორედ ამ განცხადების გამო, ანატოლი ბიბილოვმა მოუწოდა მას დაეტოვებინა მთავარი ექიმის პოზიცია.
2019 წლის სექტემბრის შემდეგ ახალგორის საავადმყოფოში ასევე შემცირდა ექიმების რესურსიც, ვინაიდან ზოგიერთი ექიმი გზის მოულოდნელად ჩაკეტვის გამო წეროვანში დარჩა და ვეღარ შეძლო სამუშაო ადგილზე ახალგორში დაბრუნება. აქედან გამომდინარე, სერიოზული სახის სამედიცინო მომსახურების მისაღებად მოსახლეობა უნდა წავიდეს ცხინვალში, რაც ერთი მხრივ, დაახლოებით 2-3 საათიან მგზავრობასთან, ხოლო მეორე მხრივ კი ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
გარდა ამისა, Covid-19 ის მართვას შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. წამყვანი ქვეყნების მედიცინის წარმომადგენლებიც კი მოუმზადებლები აღმოჩნდნენ პანდემიასთან საბრძოლველად. რთული სათქმელია, როგორ შეძლებს ამ პირობებში ახალგორის საავადმყოფო მობილიზებას.
ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ხალხის ინფორმაციული მზაობა ვირუსისგან თავდასაცავად, რაც გულისხმობს დისტანცირების, თვითიზოლაციისა და ჰიგიენის სპეციალური ნორმების მკაცრ დაცვას. ამ კუთხით, იმის თქმა, რომ ახალგორის, ან თუნდაც ცხინვალის რეგიონის დანარჩენი მოსახლეობა მზადაა, აზრს მოკლებული იქნება. მოსახლეობაში ინფორმაცია არ არის შესაბამის დონეზე მიწოდებული. ცხინვალის რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კი აჩვენებს, რომ იქ ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო იმას ცდილობენ ხალხი პანიკაში არ ჩააგდოს და პრობლემა გადაფაროს. ახალგორის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ხალხს უფრო ერთმანეთის იმედი აქვს. იყო ასეთი შემთხვევა, როცა გზა დაიკეტა რამდენიმე თვის შემდგომ, მოსახლეობის ნაწილი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ვინაიდან მათ საჭმლის ფულიც კი არ ჰქონდა. გარდა იმისა, რომ ასეთ ადამიანებს მეზობლები ედგნენ გვერდში, იქ დარჩენილმა ახალგაზრდებმა დაიწყეს პროდუქტების მოგროვება შემოწირულობის სახით. როგორც საკუთარი ოჯახებიდან, ისე სხვა ადამიანებისგან, შეგროვებული რესურსები კი გაუნაწილეს გაჭირვებულ ხალხს. ახალგორში არასდროს ყოფილა ოსის და ქართველის გასაყოფი საკითხი, აქ ეროვნება ყოველთვის უკანა პლანზე იყო გადაწეული და მოსახლეები ერთმანეთთან მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. ასე გრძელდება ახლაც, მიუხედავად ყველა იმ გარემოებისა, რომლებიც ხალხის მშვიდობიან ურთიერთობას უშლის ხელს.
საბედნიეროდ დღევანდელი მონაცემებით არცერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული არც ე.წ ცხინვალის რეგიონში და არც ახალგორში. საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებიდან ყველა გადასასვლელი გზა ჩაკეტილია ე.წ სამხრეთ ოსეთის მიერ, ასევე ჩაიკეტა რუსეთიდან შესასვლელი გზები, რაც ერთი მხრივ, ლოგიკური ნაბიჯია, თუმცა ამ პირობებში რას იზამს მოსახლეობა რომელიც ისედაც რთულად ახერხებდა გაძვირებული პროდუქტების შეძენას? იმ დღეს, როდესაც ხალხში ატყდა პანიკა ვირუსთან დაკავშირებით მაღაზია პროდუქტებისაგან დაცარიელდა. ამ შემთხვევაში უკვე საქმე მიდგება პროდუქტების ეფექტიანი განაწილების საკითხთან, რომ ხალხმა არ იშიმშილოს, მაგრამ როგორ მოხერხდება ეს მაშინ როცა, საიმპორტო გზები ჩაკეტილია, არ ვიცი. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 8 თვის წინ გზის ჩაკეტვამდე თბილისიდან შედიოდა საკმოდ დიდი რაოდენობის პროდუქტი, რაც ფასებსაც ასტაბილურებდა და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობასაც ზრდიდა.
ყოველდღიურად ვეცნობი ხელმძღვანელი პირების დამოკიდებულებებს. ნებისმიერი საზოგადოებისთვის, ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკითხიც კი პოლიტიკის კონტექსტში გადააქვთ და იმის გამო ამბობენ სხვადასხვა აუცილებელ დახმარებაზე უარს, რომ ვიღაცას უფრო მეტი პლუსი ან მინუსი ჩაეწერება. ეს არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება. როცა საქმე ისეთ საფრთხეს ეხება, როგორიც Covid-19-ია, დაგვიანებული ნაბიჯები შეიძლება ტრაგედიის მიზეზად იქცეს.
ჩემი აზრით, ზემოთ განხილული საკითხებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ Covid-19-თან ეფექტიანად საბრძოლველად პოლიტიკურმა დღის წესრიგმა (დროებით მაინც) უკანა ფლანგზე უნდა გადაიწიოს. პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობაა მნიშვნელოვანი და ეს ნებისმირ ხელმძღვანელ ძალას უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული. ახალგორის შემთხვევაში შესაძლებელია ე.წ. საზღვრის აქეთა მხარეს მყოფი ექთნებისა და ექიმების გადამზადება და მათი ახალგორში დაბრუნების უზრუნველყოფა, რათა მათ მაქსიმალურად უზრუნველყონ საავადმყოფოში სათანადო ნორმების დაცვა და უკვე არსებული გამოცდილებით, უკეთ შეძლონ არსებული მდგომარეობის შენარჩუნება, რომ ვირუსი ან საერთოდ არ გავრცელდეს, ან დაინფიცირების შემთხვევაში, რეაგირება სწრაფი იყოს. ხალხი არ არის დამნაშავე იმ პოლიტიკური დღის წესრიგის გამო, რომელმაც მათ შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილება. რთულია თავს დაუცველად გრძნობდე იმის გამო, რომ პოლიტიკოსები ელემენტარულ დათმობებზეც კი არ მიდიან შენ გამო და მაშინაც კი, როცა შენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და არაფერი იცვლება. იმედი მაქვს, რომ როგორც ახალგორში, ასევე ზოგადად მთელს რეგიონში კორონავირუსი ვერ შეაღწევს, ვინაიდან მეშინია იმ შედეგების, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს.
ინსტრუქცია