საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
„ეკონომიკური ზრდა ან სიკვდილი - ასეთი საზოგადოებაა საბაზრო საზოგადოება, რაც არ უნდა შევფუთოთ ის ნეიტრალური სიტყვებით და დავარქვათ მას ინდუსტრიული, პოსტ-ინდუსტრიული ან ტექნოლოგიური“
მიურეი ბუკჩინი, 1988
წიაღისეულის მოპოვება საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და მტკივნეულ გარდაქმნებს უკავშირდება - საბჭოთა ინდუსტრიალიზაციიდან პოსტსაბჭოთა დეინდუსტრიალიზაციამდე თუ პრივატიზაციიდან - პრივატიზაციის შემდგომ რეჟიმებამდე, რომელთა ეკონომიკურ, სოციალურ თუ გარემოსდაცვით შედეგებთანაც სწორედ ახლა გვიწევს თვალის გასწორება.
ეს შედეგები, რომლებიც სწორედ ახლა გამოჩნდა, ერთი მხრივ ღიად მეტყველებს წიაღისეულისა და ზოგადად, ბუნებრივი რესურსების ათვისების უკანასკნელი ორი ათწლეულისთვის დამახასიათებელი პოლიტიკის ცხად მარცხზე, რომ დერეგულაციისა და სახელმწიფო თუ ადგილობრივი ინტერესების დათმობის ხარჯზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიდგომამ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ვერც ცენტრალურ, და ვერც ადგილობრივ ეკონომიკას ვერავითარი რეალური სარგებელი ვერ მოუტანა - მნიშვნელოვანი საბიუჯეტო შემოსავლებისა თუ განვითარების სხვა მექანიზმების სახით; მეორე მხრივ კი ეს შედეგები პირდაპირ აშიშვლებს მსხვერპლს, რომელიც მოპოვების ამ პოლიტიკას ეწირება - ადამიანების სიცოცხლის, მათი ჯანმრთელობის, დაბინძურებული მდინარეებისა და ნიადაგების, დეგრადირებული საცხოვრებელი გარემოს, გაუდაბნოებული ტერიტორიების, გამქრალი სოფლებისა თუ უსახლკაროდ დატოვებული ოჯახების სახით.
ერთი მხრივ ადეკვატური სარგებლის ამდენად ცხადი და დროში გამოცდილი არარსებობა, მეორე მხრივ კი სხვადასხვა სახის გამოუსწორებელი ზიანის ჩვენს წინ არსებული ამდენად შემზარავი სურათი იმის დასტურია, რომ მოპოვების ასეთი რეჟიმები იწვევს არამხოლოდ სოციალურ და გარემოსდაცვით ზიანს, არამედ, ეკონომიკურსაც; რომ ის ზემოთხსენებულ მსხვერპლს ითხოვს და იღებს არა რაიმეს სანაცვლოდ, რაც, გავრცელებული იდეოლოგიური აზრის თანახმად, იქნებოდა მნიშვნელოვანი სოციალური თუ ეკონომიკური სარგებელი ქვეყნისა თუ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ ამ სარგებლის სრული მიტაცების, მისი სრული გადაუნაწილებლობის შემთხვევაშიც კი.
ამიტომ, მნიშვნელოვანია ეროვნული ბუნებრივი რესურსების ფლობის, განკარგვისა და მართვის საკითხი განვიხილოთ არამხოლოდ ამ რესურსის მქონე სახელმწიფოსთვის ან მის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის მისაღები ან მიღებადი სარგებლის გადანაწილების კუთხით - როგორც სოციალური პოლიტიკის ინსტრუმენტი, არამედ, იმის გათვალისწინებითაც, რომ სწორედ ცალმხრივი ეკონომიკური დაგროვების - სარგებლის მიტაცებისა და გადაუნაწილებლობის შემთხვევაში - რაც, თავის მხრივ, უფრო ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა განვითარებად ქვეყნებში, ვიდრე სარგებლის გადანაწილება - ჩვენ გვრჩება არა უბრალოდ იქამდე არსებული სტატუს-კვო, რომელიც უბრალოდ სარგებლის გარეშე დარჩა, არამედ უკვე არა მხოლოდ მორალურად ყოვლად გაუმართლებელი, არამედ ლოგიკურადაც ყოვლად გაუგებარი მსხვერპლისა და ზიანის მასშტაბი, რაც, საბოლოოდ, დესტრუქციითა და განადგურებით სრულდება, განსაკუთრებით კი იმგვარი ბუნებრივი რესურსების ათვისების შემთხვევაში, რომლებსაც მომპოვებელი და გადამამუშავებელი ინდუსტრია ან დიდი ტერიტორიების დატბორვა თუ ეკოსისტემის ცვლილება სჭირდება. მნიშვნელოვანია, ცნებები „დესტრუქცია“ და „განადგურება“ ჩვეულებისამებრ არ მივუსადაგოთ მხოლოდ გარემოს, ტერიტორიას ან თავად წიაღისეულის თუ წყლის მარაგებს - ჩვენგან „განყენებულ“ ბუნებას; არამედ, გავაცნობიეროთ, რომ იგულისხმება ყველა სხვა სიცოცხლე და სიცოცხლის გამოვლინებაც, მათ შორის სოციალური და ეკონომიკური ცხოვრება, კულტურული ცხოვრების წინაპირობები, ადამიანების ფიზიკური სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მათი საზოგადოებრივი თუ ოჯახური ცხოვრების ფორმები და ზოგადად ის, თუ როგორ ქრება მოსახლეობები ისტორიულად დასახლებულ გეოგრაფიული არეალებიდან.
უკანასკნელ ათწლეულებში, საქართველოში წიაღისეულის მოპოვებას თან სდევს სოციალური კონფლიქტების უწყვეტი ჯაჭვი, რაც, ერთი მხრივ სწორედ იმ ფუნდამენტური უსამართლობების დასტურია, რასაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რესურსების ათვისებისა და წიაღის პოლიტიკა დაეფუძნა და რასაც აგრძელებს მიმდინარე, დაუსრულებელი შეტევის ტალღა ბუნებრივ რესურსებსა და საარსებო გარემოებზე, როგორც ქვეყნის მიერ არჩეული განვითარების პოლიტიკის ხერხემალი; მეორე მხრივ კი იმ გლობალური პროცესის გამოძახილი, რომელშიც სხვა განვითარებად ქვეყნებს უწევთ ბრძოლა ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან.
ზოგადად, განვითარების პროექტების ძირითად პოზიტიურ შედეგებად დასაქმებასა და საბიუჯეტო შემოსავლებს ასახელებენ ხოლმე. საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არსებობს მითი, რომ მინიმუმ მანგანუმის, ოქროსა და სპილენძისგან მნიშვნელოვან საბიუჯეტო შემოსავალს ვიღებთ, სინამდვილეში, საგადასახადო სისტემით ვიღებთ მხოლოდ მოსაკრებლებით შეკოწიწებულ მწირ, უმნიშვნელო თანხას ცენტრალურ ბიუჯეტში, ხოლო ისეთი მექანიზმები, როგორიცაა მოგების გადასახადი, კორპორატიული გადასახადი, პროგრესული დაბეგვრა და სხვა - გვაქვს ძალიან სუსტი - და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი, ან საერთოდ არ გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ სინამდვილეში, ამ კომპანიებს ათწლეულებია ვათავისუფლებთ არამხოლოდ რეალური სარგებლის ადგილობრივ ეკონომიკაში დატოვების ვალდებულებისგან, არამედ, ხშირად მათთვის დაკისრებული ჯარიმებისგანაც კი იმ სოციალური თუ გარემოსდაცვითი ზიანისთვის, რასაც ისინი ქვეყანასა და ხალხს რესურსების მოპოვების აყენებენ. მეორე საკითხი ისაა, რომ რასაც ამ საწარმოებისგან მიღებულ ეკონომიკურ სარგებლად თვლიან (მთლიან შიდა პროდუქტში ან ექსპორტში), ეს არ არის პირდაპირი საბიუჯეტო შემოსულობები, არამედ მხოლოდ ირიბი გავლენა ზოგად ეკონომიკაზე, რაც შეიძლება მთლიან შიდა პროდუქტში ჩანს, მაგრამ მიდის კერძო ინვესტორის ჯიბეში. გარდა ცენტრალური ბიუჯეტის საკითხისა, მსგავსი მითი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებზეც არსებობს - რომ მონოინდუსტრიული ქალაქების ეკონომიკა ჩამოკიდებულია წარმოებაზე - სინამდვილეში, ამაში იგულისხმება მხოლოდ დაქირავებულთათვის გადახდილი მწირი ხელფასები, რასაც მოწმობს, მათ შორის, მონოინდუსტრიული ქალქების შრომით მიგრანტებზეა დამოკიდებულება (აროშვილი 2020, 2021) - და არა ადგილობრივ ბიუჯეტში წარმოებიდან მიღებული შემოსულობებით. ერთი სიტყვით, საქართველოში წიაღისეულის მოპოვებიდან არც ერთი ჯგუფი არ იღებს დადებით მხარეებს გარდა უშუალო მფლობელისა და მეტიც, ქვეყანა, განსაკუთრებით კი ადგილობრივი მოსახლეობა და გარემო იღებს მხოლოდ ზიანს და ზიანის ტვირთს.
წიაღისეულის მოპოვებიდან სარგებლის განაწილების თავდაპირველ უსამართლობაზე შემდეგი მარტივი სტატისტიკაც მეტყველებს: ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში 8,000 ზე მეტი მოპოვების ლიცენზია გაიცა (BMG, 2022) მათ შორის 5,000 ზე მეტი (წიაღის ეროვნული სტრატეგია, 2019) წიაღის სექტორში და ყველაში ერთად მხოლოდ ნახევარ მილიარდამდე ლარი იქნა გადახდილი. „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომელიც ტერიტორიულად ყველაზე დიდ ლიცენზიას ფლობს (16,430 ჰექტარი) მანგანუმის მოპოვებისა და მარაგების ფლობის 40 წლიან უფლებაში 2006 წელს მხოლოდ 6 მილიონი ლარი გადაიხადა, მაშინ როცა „RМG“-ს ოქროსა და სპილენძის ჯამში 1,000-მდე ჰექტარზე მოპოვებაში ყველაზე დიდი საფასური, 10 მლნ აქვს გადახდილი, მაშინ როცა პროექტისგან მიღებადი სარგებლის ერთ-ერთი (ფისკალური) კრიტერიუმი სწორედ სალიცენზიო საფასურია.
სარგებლისა და ზიანის უსამართლობა, როგორც ვთქვით, წინასწარგანსაზღვრულია იმით, რომ ზოგადი ეკონომიკური პოლიტიკა და საგადასახადო სისტემაა უსამართლო. საინვესტიციო პროექტების უმეტეს შემთხვევებში წინასწარ, საფუძველშივე განსაზღვრულია არამხოლოდ სარგებლის არარსებობა, არამედ, უკანასკნელი ათწლეულისა და მიმდინარე გამოცდილების საფუძველზე - ზიანი და ზიანის მასშტაბებიც, ამიტომ, დიდი გამოცნობა აღარც სჭირდება ხოლმე იმას, რომ დაგეგმილი განვითარების პროექტების უმრავლესობა ხალხისა და ქვეყნის საწინააღმდეგო ინტერესით აღმოჩნდება შემუშავებული. სწორედ ამიტომაა, რომ ხშირად, იქამდე, სანამ პროექტების შესახებ ინფორმაცია დაგროვდება ან გასაჯაროვდება (ვინაიდან ეს ინფორმაცია ძირითადად დახურულია და მის გამოაშკარავებას პროტესტის ცალკე ფაზა სჭირდება ხოლმე) ადგილობრივ მოსახლეობებს თუ თემატურ აქტივისტებს წინასწარი მოლოდინი და შეფასება აქვთ, მათ შორის, იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება. გასაიდუმლოებული ხელშეკრულებების კაბალურობა იმდენად ჩამოყალიბებული პრაქტიკაა, რომ გაცილებით გასაკვირი იქნება, პროექტი რომ მართლაც სამართლიანი აღმოჩნდეს ადგილობრივი გარემოსა და მოსახლეობისთვის სარგებლისა და ზიანის; თუ სახელმწიფო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსის თვალსაზრისით.
წინამდებარე წერილი ცდილობს დაუკავშიროს საქართველოში წიაღის სექტორში არსებული გამოწვევები სხვა სექტორებში დამდგარ იდენტურ კრიზისებსა და გამოწვევებს და წამოაყენოს მოსაზრება, რომ ცალკეული რეკომენდაციები, რომლებიც შეიძლება მიმართული იყოს სექტორის რეფორმის ან გაჯანსაღებისთვის, ვერ იმუშავებს ისეთ კონტექსტებში, სადაც ყველაფერს და ყველას იმორჩილებს ერთი გაცხადებული, რელიგიურ დონეზე აყვანილი და კითხვის ნიშნის ქვეშ დაუყენებელი მიზანი, რომელსაც ეკონომიკური ზრდის სახელით ვიცნობთ, სინამდვილეში კი ნეოკოლონიალიზმისა და ქვეყნის ლეგალური ძარცვის - სიკვდილის ეფექტური მექანიზმია.
მიუხედავად იმისა, რომ არც გარემოს მეცნიერი, არც წიაღისა თუ ენერგეტიკის დარგის სპეციალისტი არ ვარ, ჩემთვის, როგორც სოციალური მეცნიერისთვის, მიმდინარე, წარსული თუ მოსალოდნელი სოციალური წინააღმდეგობები, ისევე, როგორც მათზე სახელმწიფოსა თუ კერძო კაპიტალის პასუხის დინამიკა საკმარის მტკიცებულებებს შეიცავს იმისთვის, რომ გარკვეული პროგნოზის გაკეთება შევძლო იმის შესახებ, თუ რას შეიძლება ველოდოთ აღნიშნულ სოციალურ კონფლიქტებთან მიმართებაში, მათ შორის, წიაღის მოპოვების სექტორში. ამ წერილის ერთ-ერთი მიზანია, ასევე, გამოეხმაუროს წიაღის სექტორზე საქართველოში უკანასკნელ წლებში დაგროვილ მწირ ლიტერატურას - რამდენიმე ადგილობრივ სტატიასა თუ თარგმანს, მათ შორის სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ტექსტებს და დისკუსიას წიაღის სექტორის შესახებ.
ეს ტექსტები და დისკუსია ნაწილობრივ უტრიალებს წიაღის სექტორში მოსალოდნელ საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ცვლილების ერთ-ერთ მექანიზმს, რომელიც სარგებლის განაწილების ფორმალური, ზოგიერთ ქვეყანაში დანერგილი მექანიზმია და რომელიც სათემო განვითარების შეთანხმების (CDA) სახელითაა ცნობილი. ამ მექანიზმის შესახებ მინიშნებულია 2019 წელს შემუშავებულ წიაღის ეროვნულ სტრატეგიაშიც - იმ ნაწილში, სადაც ჩამოთვლილია თუ რომელი საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური მექანიზმების არარსებობა ხდის შეუძლებელს ადგილობრივი მოსახლეობებისთვის მოპოვების პროექტებისგან სარგებლის მიღებას: „ამასთანავე, არ ხდება სტანდარტული (CDA) სათემო შეთანხმებების გაფორმება საბადოების ოპერატორებსა და ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ თემებს შორის“.
როგორც წესი, სათემო შეთანხმებები აღქმულია, როგორც გარანტირებული სარგებლის განსაზღვრის მექანიზმი ან სარგებლის გაზიარების პრინციპის დანერგვა, თუმცა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ისტორიულად რა კონტექსტებში და როდის წარმოიშვა ეს პრაქტიკა; რა იყო ის გარემოებები, რამაც მისი განხორციელება შესაძლებელი გახადა და რა რისკს შეიცავს ის ზოგადად და საქართველოსთვის.
სათემო განვითარების შეთანხმებები გულისხმობს კომპანიისა და ადგილობრივი თემის მოლაპარაკებას პროექტისგან მისაღებ სარგებელთან ან უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მექანიზმებთან დაკავშირებით და შესაბამის შეთანხმებას, რომელიც იურიდიული ძალის დოკუმენტი ხდება. ერთი შეხედვით, ამაში ცუდი არაფერია - მეტიც, თუ მსგავსი მექანიზმი ფორმალური პროცედურის ნაწილი გახდება, კომპანიებს მოუწევთ პროექტის დაწყებამდე ადგილობრივ მოსახლეობებთან მოლაპარაკება და მათთვის მისაღები სარგებლის განსაზღვრა. მოლაპარაკებები მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ სარგებელს (გუჯარაიძე, 2019).
სათემო განვითარების შეთანხმების მექანიზმი - ზოგან სავალდებულოდ, ზოგან კი ნებაყოფლობით - დღეს 18 ქვეყანაში მოქმედებს, რომელთა შორისაც ჭარბობს აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის უღარიბესი სახელმწიფოები, მათ შორის კონგო, განა, სიერა-ლეონე და სხვა მომპოვებელი ქვეყნები. CDA-ს ერთ-ერთი წარმატებული გამოცდილება, როცა კომპანიასა და ადგილობრივ თემს შორის შეთანხმება მოხდა მოგებიდან პროცენტის გადანაწილებაზე ადგილობრივი ბიუჯეტისთვის, უკავშირდება ჩილეს - ნეოლიბერალური ექსპერიმენტების პიონერსა და უმძიმესი ექსტრაქტივისტული გამოცდილებების მქონე ქვეყანას. მიუხედავად იმისა, რომ ამ 18 ქვეყანაში შედის შედარებით განვითარებული ქვეყნებიც (შედარებითი კეთილდღეობით, კანადა), ასევე ავსტრალია და რუსეთი (როგორც, ასევე სხვადასხვა ტიპის ნეოლიბერალური ეკონომიკები), ამ სიაში ღარიბი, განვითარებადი სახელმწიფოების სიჭარბე იმაზე მოწმობს, რომ სათემო განვითარების შეთანხმებები არ არის კეთილდღეობის სახელმწიფოების ან სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფოების პრაქტიკა და აღსანიშნავია, რომ ამ ჩამონათვალში არ არის არც ერთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. მიზეზი ცხადზე ცხადია - ამგვარ სახელმწიფოებს რეგულირებისა და სარგებლის გადანაწილების (ეკონომიკური და სოციალური) იმგვარი ცენტრალური პოლიტიკა აქვთ, რომ აღარ ხდება საჭირო ცალკეული პროექტების შემთხვევაში სარგებლის განაწილებისა თუ ზიანის შემცირების/აღმოფხვრის კერძო შეთანხმებები, ეს პროექტები ისედაც ემორჩილება საერთო პოლიტიკას, რომელიც, შეძლებისდაგვარად არეგულირებს გარანტირებულ სარგებელს. მეორეს მხრივ, ქვეყნებში, სადაც CDA დამკვიდრებულია, ამ საჭიროებას ასევე სწორედ ცენტრალური ეკონომიკური პოლიტიკა განსაზღვრავს, თუმცა, ამ შემთხვევაში, საპირისპიროდ - ანუ სწორედ მისი ანტისოციალურობიდან გამომდინარე - ეს სწორედ ის ქვეყნებია, სადაც სარგებლის არარსებობა და ზიანი სწორედ ისევეა წინასწარ განსაზღვრული, როგორც რიგ სახელმწიფოებში კეთილდღეობა.
სარგებლის არარსებობა და მძიმე ზიანის გარდაუვალობა დაზღვეულია საგადასახადო და საინვესტიციო უსამართლობით თუ რეგულირება/აღსრულების მექანიზმების არარსებობით ან ფორმალურობით, სათემო შეთანხმებების საჭიროება კი განმტკიცებულია მოსახლეობის სიღარიბითა და სახელმწიფოს არყოფნით. CDA-ს ქვეყნების ჩამონათვალი აჩვენებს, რომ ამ პრაქტიკის დამკვიდრების საჭიროება სწორედ იქ დგება, სადაც სახელმწიფო გამქრალია, სადაც ის უჩინარდება და შრომით, გარემოსდაცვით თუ ეკონომიკურ ურთიერთობას მოსახლეობასა და კერძო კაპიტალს შორის შუამავლის გარეშე ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ სათემო განვითარების შეთანხმებებშიც განსაზღვრულია ადგილობრივი საბჭოების ან მუნიციპალიტეტის შუამავლობის სასურველობა, შეთანხმების მხარეები სწორედ კომპანია და ადგილობრივი მოსახლეობა არიან, რაც თავისთავად უთანასწორო პირობაა და მეტაფორულად, საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობის კლასიკური უთანასწორო კონტრაქტის მაგალითს - სამუშაო ძალისა და კაპიტალის მფლობელს შორის დადებულ შეთანხმებას მოგვაგონებს. ქვეყნებში, სადაც CDA-ს წარმატებული პრაქტიკა შეიძლება ეწოდოს - მაგალითად, ჩილეში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მნიშვნელოვანი კლასობრივი და სოციალისტური სახალხო პოლიტიკური ცნობიერების ტრადიცია არსებობს, რასაც ვერ ვიტყვით პოსტ-საბჭოთა საზოგადოებებზე, სადაც მსგავსი ცნობიერება დისკრედიტირებული და მარგინალიზებულია საბჭოთა წარსულის ტრავმის გამო და შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის მოლაპარაკების ძალა გაცილებით სუსტი და მოწყვლადია არამხოლოდ იურიდიული თვალსაზრისით - კომპანიის კარგად გაწვრთნილ სპეციალისტებთან შედარებით, არამედ მორალური და პოლიტიკური თვალსაზრისითაც.
მაშასადამე, სათემო შეთანხმებების დადებას წინ ადგილობრივი თემის დასუსტებული მდგომარეობა, დათანხმდეს კომპანიასთან მოლაპარაკებას სახელმწიფოს გვერდის ავლით - ე.ი წინ უძღვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე ორიენტირება, დერეგულაცია, პრივატიზაცია, უსამართლო გადასახადები, სოციალური კონტროლი და ტერორი და მათ შორის, სამეცნიერო კრიზისი - ეს კომპონენტები საქართველოშიც მთავარი კონტრიბუტორებია იმგვარი ყოფის ჩამოყალიბებაში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობები შეუქცევადად ღარიბდებიან, ავადდებიან, ზიანდებიან ფიზიკურად და მენტალურად, ტოვებენ თავიანთ საცხოვრებელ არეალებს და ნადგურდება, ბინძურდება გარემო. ასეთ სიტუაციაში ჩავარდნილ მოსახლეობას ისეთი საბაზისო საჭიროებების არარსებობა, როგორიცაა მოწესრიგებული გზა, კომუნიკაციები, წყალმომარაგება, სკოლა, საავადმყოფო და სხვა, რომელსაც სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს, გაუსაძლის ტანჯვად ექცევათ და გარკვეულ ეტაპზე უკვე ისეთ წარმოუდგენელ ფუფუნებად ეჩვენებათ, რომ იძულებული ხდებიან, თავიანთ საარსებო გარემოებში წიაღისეულის მოსაპოვებლად მიიღონ ისეთი კომპანიები, რომლებიც ამას მათ სახელმწიფოს ნაცვლად შესთავაზებს. თუ ეს კომპანიები ადგილობრივ მოსახლეობებთან გააფორმებენ სათემო განვითარების შეთანხმებებს და შესთავაზებენ, მაგალითად, ამ ინფრასტრუქტურას; თუ ასეთი შეთანხმებები გახდება სალიცენზიო პირობა ან ლიცენზიის აღების სავალდებულო პროცედურა, დიდი შანსია, რომ ამან წინასწარ აღკვეთოს ან გააჩეროს მსგავსი პროექტებისადმი დაწყებული წინააღმდეგობები. ამიტომ, სათემო განვითარების შეთანხმებები უფრო მეტად ჰგავს მოსყიდვას ან უთანასწორო მოლაპარაკებას, ვიდრე გარანტირებული სარგებლის ლეგალური დანერგვის მექანიზმს.
გამოდის, რომ თუ საერთაშორისო ინსტიტუტები მოუწოდებენ ინვესტორებს, თავიანთ პროექტებს თან მოაყოლონ სათემო შეთანხმებები, ეს ხდება სწორედ იმიტომ, რომ ადგილობრივი, ანტიექსტრაქტივისტული წინააღმდეგობები თანამედროვე გლობალური დაგროვების წინაღობა ხდება და არა იმიტომ, რომ სარგებლის განაწილების პრინციპები წინასწარ იყოს განსაზღვრული ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ჯერ კოლონიური, შემდეგ კი ნეოკოლონიური უღელის ქვეშ სასტიკად იძარცვებოდა. შესაბამისად, იმ ქვეყნების მაკროეკონომიკური თუ მიკროეკონომიკური პარამეტრები, სადაც სათემო შეთანხმებების მექანიზმი მოქმედებს, მნიშვნელოვანია იმის ანალიზისთვის, უნდა მივიჩნიოთ თუ არა მსგავსი მექანიზმი პოზიტიურ რეგულირების მექანიზმად.
მნიშვნელოვანია, რომ სათემო შეთანხმებები გამოიყენება არამხოლოდ წიაღის სექტორში, არამედ ენერგეტიკის სექტორშიც, რაც კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ამ მექანიზმის დანერგვის მოსალოდნელობას ქვეყანაში ენერგეტიკული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების ბუმიდან გამომდინარე. ეს დამატებითი არგუმენტია, თუ რატომ შეიძლება ველოდოთ სათემო შეთანხმებას წიაღის სექტორის რეფორმირების ერთ-ერთ ცვლადად, თუ ის წიაღის ეროვნულ სტრატეგიაში ნახსენებია მხოლოდ ერთხელ და თუ სტრატეგიაში უფრო მეტად აქცენტი დასმულია კომპანიების ნებაყოფლობითი სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებაზე. რატომ შეიძლება ეს მექანიზმი დღეს უფრო აქტუალური გახდეს, ვიდრე სტრატეგიის მომზადებისას იყო?
იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობას უფრო და უფრო მეტად უჭირს რესურსების ათვისების პოლიტიკის წინააღმდეგ მობილიზებული ადგილობრივი მოსახლეობების წინააღმდეგობების მართვა და განსაკუთრებით მათ ახლადწარმოქმნილ, ურთიერთდაკავშირებულ ქსელთან ურთიერთობა. ამიტომ, ლოგიკური იქნება, თუ ვიფიქრებთ, რომ ამ ყველაფერთან დაპირისპირებისთვის მას სჭირდება უკვე არა მხოლოდ დისკურსული (იდეოლოგიური ან პროპაგანდისტული) თუ არაფორმალური (დაშინებისა და წინააღმდეგობის ჩახშობის) პრაქტიკა, რაც საკმარისი აღარ არის, არამედ, პირველ რიგში, წინააღმდეგობების შეჩერების ფორმალური და ლეგალური მექანიზმები, რისთვისაც „სათემო განვითარების შეთანხმებები” ხელსაყრელ მექანიზმად შეიძლება ჩანდეს.
დიახ, 2019 წლის შემდეგ საქართველოში საგრძნობლად გამწვავდა ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტები განვითარების პროექტებთან დაკავშირებით, რაც, სხვა სექტორებთან ერთად, წიაღის სფეროშიც იკვეთება. დაგროვდა მნიშვნელოვანი წარმატების პრეცედენტები - უფრო მეტად ენერგეტიკის სექტორში (ხუდონი, ნამოხვანი, ონის კასკადი, კამარა ჰესი), თუმცა, იმატა ადგილობრივმა წინააღმდეგობებმა წიაღის სექტორშიც, მანგანუმის, ოქროსა და სპილენძის მოპოვების საკითხებზე (ჭიათურა, შუქრუთი, ზოდი, შქმერი, მუშევანი). მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით სხვადასხვა ეკონომიკურ თუ დარგობრივ სექტორებთან, და ასევე, სხვადასხვა ტიპის რესურსებთან გვაქვს საქმე, პროტესტში მყოფ ადგილობრივ მოსახლეობასთან კერძო კომპანიებისა თუ სახელმწიფოს ურთიერთობის სტრატეგია ცალსახად ერთგვაროვანია, ისევე, როგორც, ერთგვაროვანია სარგებლისა და ზიანის განაწილების მიმართება. ერთგვაროვანია, ძირითადად, მსგავსი პროექტების მიმართ არსებული განწყობები და მოლოდინებიც, რადგან ყველა ეს სექტორი ერთსა და იმავე მიზანს - ერთსა და იმავე ეკონომიკურ ინტერესს ემსახურება, შექმნას ინვესტორისთვის ადვილად მიტაცებადი სიმდიდრე თუ კაპიტალი ქვეყანასა თუ ადგილობრივ გარემოში ყოველგვარი ადკევატური სარგებლის დატოვების გარეშე და ადგილობრივი ხალხისა თუ გარემოს ექსპლუატაციისა და დაზიანების ხარჯზე.
ვინაიდან ამ მიზანს ყველა ეს სექტორი ერთი და იმავე მექანიზმებით ემსახურება: ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემით მოსახლეობის გადაწყვეტილების პროცესში ჩართვის გარეშე ან მხოლოდ ფორმალური ჩართვით, დემოკრატიული პროცესების უგულებელყოფით, სამეცნიერო არგუმენტების უგულებელყოფით და არსებული სამეცნიერო კრიზისის გამოყენებით, უსამართლო საგადასახადო სისტემით, აღსრულებისა და მონიტორინგის არაეფექტური და ხშირად მხოლოდ ფორმალური მექანიზმებით ან ამგვარი მექანიზმების არარსებობით, კომპანიებთან კაბალური ორმხრივი ხელშეკრულებებით, ბაზარზე ორიენტირებული და ინვესტორებზე მორგებული კანონმდებლობითა და პოლიტიკური ნებით, - იდენტური ხდება სარგებლისა და ზიანის ტვირთის განაწილებაც.
სწორედ ესაა საბაზრო საზოგადოების მანტრა - ეკონომიკური ზრდა ან სიკვდილი - რაც მამოძრავებელი ხდება ამგვარი საზოგადოებებისთვის - არა ხალხის, მოსახლეობების, არამედ ხელშეუვალი რიტორიკისთვის, რომელიც ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს. რა აახლოვებს სოციალურ და გარემოსდაცვით კონფლიქტებს? სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორებს? ერთნაირი შედეგები, ერთნაირი დამოკიდებულებები რესურსების, გარემოს, ადამიანებისადმი.
ამიტომ, წიაღისა და ენერგეტიკის სექტორების განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ, ასევე, როგორ იცვლება არა მხოლოდ საწარმოო ურთიერთობები და ეკონომიკის სტრუქტურა - როგორ მოხდა ნაწილობრივი დეინდუსტრიალიზაცია, მოსახლეობის უმეტესობის სოფლის მეურნეობაში დაბრუნება სოფლის მეურნეობის აღორძინების გარეშე, მომსახურების ეკონომიკის ზრდა და სხვა - არამედ, თუ როგორ იწვევს ეს პროცესები სოციალური მოძრაობებისა და წინააღმდეგობების ცვლილებასაც. 2010 წლიდან საქართველოში ახლადგაჩენილი მემარცხენე დისკურსები ვერ სცდებოდა ერთადერთ აგენტად „მშრომელის“ სიმბოლოს აღქმას, მით უფრო მაშინ, როცა საქართველოში რამდენიმე მონოინდუსტრიული ქალაქი გვაქვს, სადაც წიაღისეულის მოპოვება თუ გადამუშავება ხდება; თუმცა 2020 წლიდან, შეიძლება ითქვას, ეს დისკურსები უკან ჩამოიტოვა წარმატებულმა სახალხო მოძრაობებმა, რომლებმაც ბევრად მსხვილი საინვესტიციო თუ ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით ჩაგდება მოახერხეს - ისინი კი სწორედ ხანგრძლივად ან დროებით უმუშევარი ადგილობრივი მოსახლეობები აღმოჩნდნენ, რომლებსაც მხარს უჭერს ქვეყნიდან სამუშაოდ მიგრირებული მოქალაქეები. ადგილობრივი მოსახლეობების წინა ხაზზე გამოსვლა ხაზს უსვამს იმასაც, რომ ჩვენ აღარ ვართ ტიპიური ინდუსტრიული საზოგადოება და რომ ეს მნიშვნელოვანი კრიტერიუმია მომავალ ბრძოლებზე სასაუბროდ.
საინტერესოა ისიც, რომ ამ მოძრაობებმა შეიძლება ითქვას, გვერდი აუარა ზემოთხსენებული მემარცხენე დისკურსის ტაქტიკურ სისუსტეებს და იმის ნაცვლად, რომ მთავარ იარაღად რესურსების ფლობისა და მოგების განაწილების უსამართლობის არაჰეგემონიური და შესაბამისად, მარგინალური ნარატივი დაეჭირა ხელში - რაც, თავის მხრივ, მსხვილ საინვესტიციო პროექტებთან წინააღმდეგობაში პოლიტიკურად ნაკლებად მომგებიანია ხოლმე, რადგან მოწინააღმდეგე მხარეს - საქართველოს ბედის გამზიარებელი ქვეყნების მთავრობებს - ე,ი მეორად აქტორებს, ანუ ე.წ „კოლონიურ ადმინისტრაციას“ (მარიტა მუსელიანი, 2021) ამ არგუმენტების მარგინალიზაციის საქმეში ზურგს უმაგრებს ჰეგემონიური ლიბერალური და ნეოლიბერალური იდეოლოგიური დღის წესრიგი; - ამის ნაცვლად, დაუბრუნდა წინასწარგანსაზღვრული სარგებლისა და ზიანის საკითხს და მთავარი ფსონი დემოკრატიაზე დადო, როგორც ამ პროცესის სასტარტო წერტილზე, საიდანაც რეალურად ეფექტური წინააღმდეგობა ხდება შესაძლებელი. ამ გამოცდილებამ გვასწავლა, რომ არა მხოლოდ აღნიშნული განვითარების პროექტებია წინასწარგანსაზღვრულად დამღუპველი, არამედ გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ პროექტებზე მიიღება, აუცილებლად დემოკრატიის საბაზისო პრინციპების დარღვევით ხორციელდება. შესაბამისად, ეს არამხოლოდ ტაქტიკურად ეფექტური სვლაა, რის მარგინალიზებასაც მოწინააღმდეგე მხარე ვეღარ ახერხებს, და თავდაცვით პოზიციაში დგება, არამედ, ამ სვლით წინააღმდეგობა უბრუნდება და აცოცხლებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ეროვნულ რესურსებზე მუდმივი სუვერენიტეტის პრინციპი, რომელიც 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, გაეროს გენერალური ასამბლეების სხვადასხვა რეზოლუციების მიღებისას მნიშვნელოვანი დებატების საგანი იყო და სწორედ ამ პრინციპის უფლებად აღიარება/არაღიარებაზე (ხალხების, ერებისა და სახელმწიფოების უფლებაზე - რესურსების სუვერენიტეტზე) გადიოდა განვითარებულ და განვითარებად სახელმწიფოებს შორის, გლობალურ ჩრდილოეთსა და გლობალურ სამხრეთს შორის დაწყებული ეკონომიკური ბრძოლის ძირითადი ხაზი. ბუნებრივ რესურსებზე მუდმივი სუვერენიტეტისა და ხალხთა თვითგამორკვევის უფლება, რაც ადგილობრივი წინააღმდეგობების (მათ შორის საქართველოში) მუდმივი შინაარსობრივი ჩარჩოა, ამყარებს კავშირს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს შორის და ახდენს იმის ილუსტრირებას, რომ ყველა ადამიანის უფლება ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთდამოკიდებულია (ტიაგი, 2015). შესაბამისად, ამ პრინციპის უგულებელყოფა (იმისა, რომ ხალხებს, ერებს და სახელმწიფოებს აქვთ უფლება ფლობდნენ და განკარგავდენ საკუთარ ბუნებრივ რესურსებს) არღვევს არა მხოლოდ ხალხებისა და ერების ეკონომიკურ უფლებას, არამედ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს და სწორედ ეს კავშირი ხდება საარსებო გარემოების შენარჩუნებისა და ბუნებრივი რესურსებისთვის მებრძოლი ადგილობრივი წინააღმდეგობების წარმატების ქვაკუთხედი. თუ კარგად დავაკვირდებით სათემო განვითარების შეთანხმების მექანიზმის ბუნებას, აღმოვაჩენთ, რომ ის ეწინააღმდეგება ბუნებრივ რესურსებზე მუდმივი სუვერენიტეტის პრინციპს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, მოსახლეობასთან უთანასწორო მოლაპარაკების პირობებში დადებული შეთანხმებით აზღვევს ამავე პრინციპით განსაზღვრულ სახელმწიფოს სუვერნულ უფლებას, „მოახდინოს ნაციონალიზაცია ან ექსპროპრიაცია ბუნებრივი რესურსების მისი ეროვნული პოლიტიკის მიზნების შესაბამისად და ეს უფლება განახორციელოს ამ სახელმწიფოში მცხოვრები ხალხის კეთილდღეობის ინტერესების შესაბამისად და ეროვნული განვითარებისთვის“, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი მსგავსი შეთანხმება აზღვევს მომავალში ფლობის საკითხის რადიკალურ გადაწყვეტას. მოსახლეობა ან თემი კომპანიასთან გარკვეულ სარგებელზე შეთანხმებით იმასაც ადასტურებს, რომ, მაგალითად, მომავალ 20-წლიან პერსპექტივაში, სადამდეც კომპანიას მინიჭებული აქვს წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, არ აცხადებს პრეტენზიას ამ რესურსების მართვასა და ადგილობრივ ფლობასა თუ სახელმწიფოს მიერ ფლობაზე. ცხადია, ამ შეთანხმებების არსებობის მიუხედავად, სახელმწიფოს, შესაბამისი პოლიტიკური ნების გამოვლენის შემთხვევაში, მაინც შეუძლია ამ უფლების გამოყენება, რადგან სწორედ ამ უფლებაზე დგას მისი სუვერენულობა (სახელმწიფოებრიობა), თუმცა, მსგავსი შეთანხმების არსებობა დისკურსულად უშლის ხელს მსგავს ინიციატივას და მორალურად ტეხს შეთანხმებაში მონაწილე თემს თუ მოსახლეობას.
გარდა ამისა, CDA-ს პრაქტიკაში დამკვიდრებულია და სათემო განვითარების შეთანხმების შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებულ გზამკვლევშიც აღნიშნულია, რომ ადგილობრივ თემებს შეთანხმებისთვის მომზადებაში - ინფორმირებაში, მოლაპარაკების ძალის გაზრდაში ეხმარებიან არასამთავრობო ორგანიზაციები (ოტო, 2010). ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ადგილობრივი მოსახლეობებისთვის, ვინაიდან არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობას, განსაკუთრებით კი ნეოლიბერალური განვითარების ქვეყნებში ხშირად თავადაც იგივე ჰეგემონიური შეხედულებები აქვთ ზოგად ეკონომიკურ პოლიტიკაზე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდნენ ადამიანის უფლებების თუ გარემოსდაცვითი კუთხით ექსპლუატაციასა და გარემოს დაზიანებას. არასამთავრობო ორგანიზაციების ხშირ შემთხვევაში სტრუქტურულად განპირობებული ამგვარი ორიენტირები იცავს ადგილობრივებს რადიკალური შეხედულებებისგან თუნდაც სარგებლის მიღების საკითხზე და აუცხოებს ზემოთხსენებული თვითგამორკვევის, რესურსებზე მუდმივი სუვერენიტეტისა თუ ნაციონალიზაცია/ექსპროპრიაციის უფლების პოლიტიკური ცნობიერებისგან, მეორე მხრივ კი მათ დამოკიდებულს ხდის ენჯეობის ტექნიკურ თუ ექსპერტულ ცოდნაზე, რითიც ართმევს ინტელექტუალური თუ პოლიტიკური ძალის მოკრების ავტონომიურ შესაძლებლობას. გარდა ამისა, ვინაიდან თავად დამოკიდებულია დონორების პოლიტიკაზე, ადგილობრივი წინააღმდეგობები ირიბად შეიძლება მიებას დონორების პოლიტიკას, რომელთა უმეტესობაც, ასევე, ჰეგემონიური დღის წესრიგის წარმოებაშია ჩართული, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით როგორც ეროვნული რესურსების ფლობისა და განკარგვის პოლიტიკაა.
კიდევ ერთი საკითხია CDA-ს პროცესის ფართო საზოგადოებისთვის არასაჯარო ბუნება. თუ ადგილობრივი მოსახლეობების წინააღმდეგობების (მათ შორის, საქართველოში) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ყოველი ნაბიჯის საჯაროობა - რაც, ხშირად ხდება სწორედ წინააღმდეგობის წარმატების საფუძველი - და, უნდა ითქვას, საჯაროობას მუდმივად თავს არიდებს სახელმწიფო, რადგან აუცილებლად დამარცხდება დემოკრატიის საკითხზე პირისპირ დებატში - და, გარდა ამისა, ის ასევე ხდება სახალხო ნდობისა და მხარდაჭერის საფუძველი. იქ, სადაც საჯაროობა კვდება, მოლაპარაკების კარი იხურება და ორ მხარეს შორის შეთანხმება ხდება კონფიდენციალურად, რაც არ უნდა დიდი წარმომადგენლობითი ჯგუფი იყოს ჩართული, კვდება საჯარო ნდობაც და მოლაპარაკების წარმატების შანსებიც. ისევ საქართველოს უახლეს წინააღმდეგობებს რომ გადავხედოთ, ბრძოლას მაშინ ეძლევა ხოლმე მოგების შანსი, როცა ის გვერდით გაწევს კომპანიას და ადრესატად ჯიუტად შემოჰყავს სახელმწიფო, რომელიც ვერ დაუძვრება საჯაროობას. ჯერ-ჯერობით, ასეთია ყველა მოგებული ბრძოლის პრაქტიკა. ჩვენ ვიმარჯვებთ არა კერძო კომპანიებზე, არამედ სახელმწიფოს მხილებით დემოკრატიული პროცესის უგულებელყოფაში.
რატომაა გადამწყვეტი დემოკრატიის საკითხი თანამედროვე ადგილობრივი მოსახლეობების (კლასობრივ) ბრძოლებში? უახლესი კრიტიკული ლიტერატურა, რომელიც განსაკუთრები აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტ-საბჭოთა სივრცის იმ ქვეყნებს აკვირდება, რომლებსაც ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ეგრეთწოდებული „მწვანე ტრანზიციის“ - განახლებად ენერგიებზე გადასვლის ვალდებულება ეკისრებათ, რაც - შეულამაზებელ ენაზე ნიშნავს ზოგან დიდი კაშხლების, ზოგან კი უამრავი მცირე ჰესის მშენებლობას, ამ პროცესებში მწვავედ იკვეთება დემოკრატიის კრიზისი და ახალი ნეოლიბერალური ავტორიტარიზმი, რომელიც მის პერიფერიებში (კანდიდატის სტატუსის მქონე თუ სტატუსის მომლოდინე ქვეყნებში) საკუთარი ენერგეტიკული ინტერესებისა თუ რესურსებზე წვდომის ინტერესების სახელით დემოკრატიული წინააღმდეგობებს რეპრესიით პასუხობს (Czirfusz, 2021; Piletić, 2023).
თუ ზოგადი ეკონომიკური პოლიტიკით წინასწარგანსაზღვრულია სარგებლის არარსებობა და ზიანი სხვადასხვა მოპოვებითი, ინფრასტრუქტურული თუ ენერგეტიკული პროექტის შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობებისთვის კი მთავარი ხდება, არ დაუშვას პროექტის დაწყება - როგორც არადემოკრატიულად მიღებული გადაწყვეტილებისა - რადგან თუ ეს დაუშვა, მოპოვების თუ მშენებლობის პროცესს ვეღარ გააჩერებს - CDA შეიძლება გახდეს სწორედ ამ დაშვების ან თავად ლიცენზიის/ნებართვის ჩანაცვლების ეფექტური მექანიზმი.
რატომ შეიძლება გახდეს CDA განსაკუთრებით არახელსაყრელი საქართველოსთვის? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას არგუმენტების ორი ძირითადი წყებით შევეცდები. პირველი იმ სტრუქტურულ და ინსტიტუციურ ხარვეზებს უკავშირდება, რომლებიც საქართველოს საკანონმდებლო, რეგულირების, აღსრულების, მონიტორინგის თუ სხვა მექანიზმებს ახასიათებს, ასევე ამ მექანიზმების ფორმალურობა და უაღრესად პოლიტიკურად ანგაჟირებული ხასიათი; კორუფცია, კომპანიების შემოსავლების გაუმჭვირვალობა და საიდუმლო ხელშეკრულებები, რომლებითაც მრავალწლიანი ლიცენზიებია განმტკიცებული; ის, რომ სოციალური წინააღმდეგობების შედეგად მიღწეული შეთანხმებები, მიუხედავად მათზე იურიდიული ძალის მქონე ხელმოწერებისა, ძირითად შემთხვევაში, არ სრულდება - რაზეც მოწმობს ბოლო ათწლეულში შრომითი გაფიცვების, პროფკავშირების, ადგილობრივი წინააღმდეგობების გამოცდილებები. მშრომელების, მოსახლეობის ჯგუფების ინფორმირებულობის დონე, იურიდიული თუ პოლიტიკური მოლაპარაკების ძალა სუსტია, ზიანის სრულყოფილი გამოკვლევა და აღწერა შეუძლებელი ხდება, ვერ ხერხდება მოპოვებისა და საცხოვრებელი ზონების გამიჯვნა, ზედამხედველობის მექანიზმები არ მუშაობს, არ ხდება ღირსეული კომპენსაცია და განსახლებები, სისტემური პრობლემები კერძო დავებად იქცევა (ცინცაძე, 2022); სამეცნიერო კრიზისი მონაწილეობს ზიანის გაღრმავებასა თუ პასუხისმგებელი მხარის გამოვლენის შეუძლებლობაში, აღრმავებს ამ უთანასწორობას და მოლაპარაკების სისუსტეს ადგილობრივი მოსახლეობებისთვის ყველა დონეზე. ყველა ეს ჩამოთვლილი კომპონენტი ძალზე საშიშ ნიადაგს ქმნის ადგილობრივი თემებისა და კერძო კომპანიების მოლაპარაკებებისათვის.
არგუმენტების მეორე და გაცილებით მნიშვნელოვანი წყება უკავშირდება ჩემს მტკიცებას იმის შესახებ, რომ საქართველოში უკვე დიდი ხანია ისედაც მოქმედებს შეთანხმების მსგავსი მექანიზმი, თუმცა ის ბოლომდე არაფორმალურია. ის, რაც ამ შემთხვევაში უნიკალურად ჩვენთვის დამახასიათებელი შეიძლება იყოს, არის პოსტ-საბჭოთა საქართველოში ჩამოყალიბებული არაფორმალობის განსაკუთრებული ტიპი, რომელსაც მე ჩრდილოვან მოლაპარაკებას ვუწოდებ (აროშვილი, 2019, 2022). შეთანხმების ეს პროცედურები ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფებთან ფარული შეხვედრებით ან ზოგჯერ მის გარეშეც მუდმივად ხორციელდება და სწორედ ისეთივე ბაზისური სარგებლის შეთავაზებით „ლაგდება“, როგორიცაა, მაგალითად, დასაქმება აღნიშნულ პროექტში ან რაიმე სხვა ტიპის სარგებელი. უფრო მძიმე გამოცდილებები ამგვარი არაფორმალური შეთანხმებებისა დგას შანტაჟზე, დაშინებასა და ტერორზე, აპრობირებული კოლექტიური გამოცდილებები კი თვალსაჩინოა მცირე ჰესების შემთხვევაში. უკანასკნელ წლებში მრავლადაა შემთხვევები, როცა არაკვალიფიციური ადგილობრივი მუშახელი კომპანიას არ სჭირდება, ხშირად წლების განმავლობაში ყავს დასაქმებული მთელი სოფლის მოსახლეობა, იმისთვის, რომ წინასწარვე გამორიცხული იყოს ჰესის პროექტისადმი წინააღმდეგობა; აღსანიშნავია, რომ ეს პრაქტიკები გამოიყენება ადგილობრივების პროტესტის ჩასახშობად წიაღის სექტორშიც. ამ არაფორმალური ურთიერთობებისა და ქსელების მნიშვნელოვანი მახასიათებელი ისიცაა, რომ მთავრობას მუდმივად შეუძლია შექმნას მოჩვენებითი წარმომადგენლობითი „ადგილობრივების“ ჯგუფები, რომლებიც სხვა, წინააღმდეგობაში მყოფ „ადგილობრივებს“ შეეწინააღმდეგებიან და ისაუბრებენ მთელი მოსახლეობის სახელით; ან წარმატებით გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი მოსახლეობასთან ფორმალური შეხვედრის და ამ შეხვედრაზე მისთვის სასურველი შედეგის მიღების მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობების ერთმანეთთან დასაპირისპირებლად. არაფორმალური ურთიერთობების ამ ქსელების მუდმივად ‘უხილავი’, თუმცა ყოველთვის სადღაც ახლოს მყოფი ქმედების შედეგად, ყოველთვის და ყველა ადგილობრივ თემში არსებობს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც შესაძლო სოციალური კონფლიქტის შემთხვევაში სიტუაციას „ალაგებს“ და რომელიც ზემოდან, ელექტორულ დონეზეა კოორდინირებული; ეს ქსელები ხშირად იყენებს ადგილობრივი სასულიერო თუ კრიმინალურ ავტორიტეტებს ა ხშირად, სარგებლის განაწილების ერთ-ერთ შეთავაზებად ადგილობრივი ეკლესიისთვის თანხის შეწირვას ან სხვა, მისი აზრით მოსახლეობისთვის სენსიტიური საკითხით ცდილობს. ერთი სიტყვით, იმ შემთხვევაში, თუ ეს არაფორმალური მექანიზმი ოფიციალური პოლიტიკის ნაწილი გახდება და მოსყიდვის, გადაბირებისა თუ დატერორების არალეგალურ პრაქტიკას ლეგალური მექანიზმი ჩაანაცვლებს, მოხდება ამ პრაქტიკის ინსტიტუციონალიზება, რითაც სახელმწიფო მარტივად და კანონიერად აიცილებს მოსალოდნელ წინააღმდეგობებს.
დასასრულს უნდა ითქვას, რომ მიუხედავად საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციისა, CDA-ს ვერ ვუწოდებთ წარმატებულ პრაქტიკას, რადგან მისი ეფექტიანობის საკითხი საკამათო და გრძელვადიან პერსპექტივაში დასადგენია. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ შეთანხმების სამართლებრივი ბუნება - მბოჭავი ხელშეკრულებაა, რომელიც ბოჭავს არამხოლოდ კომპანიებს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობებსაც.
ინსტრუქცია