[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ქალთა უფლებები / თვალსაზრისი

ბავშვთა/ადრეული ქორწინება საქართველოში

ბავშვთა ქორწინებას საქართველოში ხანგრძლივი ისტორია აქვს. ეს პრაქტიკა დღემდე გავრცელებულია ჩვენს ქვეყანაში, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზები და უარყოფითი შედეგები არ არის სათანადოდ შეფასებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით,[1] ქვეყანაში ქორწინება მხოლოდ 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული, ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გავრცელებული. კანონის არსებობამ ვერ აღკვეთა დაურეგისტრირებელი ქორწინების, არასრულწლოვანთა ნიშნობისა და ქორწინების მიზნით თავისუფლების აღკვეთის შემთხვევები. ქორწინების მინიმალური ასაკის განსაზღვრა მნიშვნელოვანი, თუმცა არასაკმარისი ბერკეტი აღმოჩნდა ამ პრობლემის აღმოფხვრის გზაზე. არსებობს სხვადასხვა სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და გენდერული ფაქტორები, რომელიც ხსენებული კანონის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

დღეისათვის, სრულყოფილი სტატისტიკა ადრეული ქორწინების შემთხვევებზე არ არსებობს, რადგან კანონის თანახმად, მათი რეგისტრირება და აღრიცხვა არ მიმდინარეობს. ბავშვთა ქორწინების შემთხვევები, ხშირად სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების გარეშე რჩება და საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ ის იშვიათი ისტორიები ხდება, რომელიც მსხვერპლის მხრიდან გაწეულ წინააღმდეგობას, ან განსაკუთრებულ სისასტიკეს უკავშირდება. სახელმწიფო არ აწარმოებს სეგრეგირებულ სტატისტიკას, არასრულწლოვანთა ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულზე[2]. შესაბამისად, პრობლემის სრული მასშტაბის განსაზღვრა შეუძლებელია.

საქართველოს კონტექსტში, ბავშვთა ქორწინებაზე საუბრისას, ხშირად ხდება პრობლემის დაკავშირება ეთნიკურ ან რელიგიურ უმცირესობებთან. ცხადია, რომ ქორწინების შემთხვევები გარკვეულ ჯგუფებში უფრო ხშირია, მაგრამ აღნიშნული პრობლემის მონიშვნა ამ ჯგუფის დამახასიათებელ ტრადიციად, უკიდურესად სახიფათოა, რადგან მსგავსი მიდგომა ასუსტებს სახელმწიფოს ეფექტიანობას და კონკრეტული ჯგუფების ესენციალიზებას ახდენს. ტრადიციებში ჩაურევლობისა და წეს-ჩვეულებების პატივისცემის მოტივით, შესაძლოა სამართალდამცავმა და სხვა პასუხისმგებელმა სტრუქტურებმა, სათანადო რეაგირება არ მოახდინონ დანაშაულზე და ამ პროცესში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა გამორიცხონ.

ადრეული ქორწინების გამომწვევი მიზეზების სიღრმისეული შესწავლისა და გაანალიზების გარეშე, შეუძლებელი იქნება ამ პრობლემის აღმოფხვრა. მნიშვნელოვანია ობიექტური პასუხის მოძიება კომპლექსურ კითხვაზე, თუ სინამდვილეში რა აკავშირებს ბავშვთა ქორწინების გამოცდილებას კონკრეტულ ჯგუფებთან, ეთნიკური, რელიგიური, გეოგრაფიული მახასიათებლები, ტრადიციები, ადათი, თუ ის სოციალ-პოლიტიკური და ეკონომიკური მოცემულობა, რომელშიც ამ ჯგუფებს უწევთ ცხოვრება?

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად[3], დაბალი და საშუალო ეკონომიკური შემოსავლების მქონე ქვეყნებში, ადრეული ქორწინებით გამოწვეული შედეგები მსგავსია: განათლების უფლების შეზღუდვა, ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობა,  ნაადრევი ორსულობა, დედათა და ჩვილთა სიკვდილობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გაზრდილი რისკი, სიღარიბე და უძლურება, საიდანაც თავის დაღწევა ქალებისთვის უკიდურესად რთული და ზოგჯერ კი, შეუძლებელიც არის. 

წინამდებარე სტატიაში, შევეცდები მიმოვიხილო საქართველოში არსებული მდგომარეობა, გამოვკვეთო ის გარემოებები, რომლებიც ხელს უწყობს ადრეულ ქორწინებას და ართულებს ამ პრობლემასთან ბრძოლას. ამასთანავე, აღვწერ წარსულ გამოცდილებას და პარალელს გავავლებ ორ რეალობას შორის, საერთო მახასიათებლების გამოკვეთის მიზნით. 90-იანი წლების საქართველოს მდგომარეობის აღწერისას, ვიხელმძღვანელებ 2018 წელს ჩატარებული თვისებრივი კვლევის შედეგებით, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ბავშვთა ქორწინების მიზეზებისა და გავლენის შესწავლა. აღნიშნული კვლევა ეფუძნება იმ ქალების გამოცდილებას, რომლებმაც ბავშვობის ასაკში შემქნეს ოჯახები. შესაძლოა, ამ ორი ეპოქის შედარება და წარსული გამოცდილების გაზიარება დაგვეხმაროს გრძელვადიან პერსპექტივაში მსხევრპლთა მდგომარეობის დანახვასა და დღევანდელი ვითარების უკეთესად აღქმაში.

თანამედროვე სამყაროში, ბავშვთა ქორწინება აღიარებულია ადამიანის უფლებების დარღვევად, რომელსაც არაერთი გამომწვევი მიზეზი გააჩნია. ეფექტიანი გამოსავლების ძიებისათვის მნიშვნელოვანია, საკითხის ინტერსექციურ ჭრილში განხილვა და ინდივიდუალური გამოცდილებების გათვალისწინება. თუმცა, არსებობს ზოგადი ფაქტორებიც, რომელიც ადრეული ქორწინების რისკებს ზრდის.  საზოგადოებრივ და მიკრო დონეზე არსებულ ფაქტორებს შორისაა: ეკონომიკური განვითარება, სიღარიბე, განათლებაზე მისაწვდომობა და შრომის ბაზარი[4].

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევაში, რომელიც 2019 წლისთვის გლობალურად არსებულ ვითარებას აღწერს, აღნიშნულია, რომ ადრეული ქორწინების შემთხვევაში, გოგოები ზეწოლას განიცდიან საზოგადოების მხრიდან, რათა დაქორწინებისთანავე გააჩინონ შვილები. მათ არ გააჩნიათ ავტონომია და კონტროლი საკუთარ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე. ისინი ვერ იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ბავშვის გაჩენის და კონტრაცეპტივების გამოყენების შესახებ. მოზარდებში ორსულობა და მშობიარობა საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.[5] გაეროს ბავშვთა ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, გლობალურად, ორსულობის გართულებები 15-19 წლის გოგოებს შორის სიკვდილობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს. კვლევაში აღნიშნულია, რომ მოზარდებს შორის ხშირია ნაადრევი მშობიარობა, სამშობიარო ტრავმები და ინფექციები, რაც შესაძლოა მათი ავადობისა და უნარშეზღუდვის მიზეზი გახდეს.[6] გარდა ამისა, არასრულწლოვან ორსულებში (10-19 წლის ასაკში) ეკლამფსიის (მაღალი წნევა, შარდში ცილის მომატება, გულყრა), მშობიარობის შემდგომი ენდომეტრიტისა და სისტემური ინფექციების განვითარების უფრო მაღალი ალბათობაა, ვიდრე 20-24 წლის ქალებში. ამასთანავე, მაღალია ჩვილების დაბალი წონით დაბადების და ნაადრევი მშობიარობით გამოწვეული დამძიმებული მდგომარეობის  რისკებიც.[7]

ბავშვთა ქორწინების მსხვერპლთათვის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების გარდა, არსებობს სხვა უამრავი საფრთხე, რომელთან გამკლავებაც, მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანი გოგოებისთვის შეუძლებელი ხდება. ამ საფრთხეებს შორისაა ფემიციდი, ოჯახში ძალადობა, განათლების უფლების შეზღუდვა და სიღარიბე. საქართველოში, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ქალების წინაშე არსებული გამოწვევების მიმოხილვაში[8]  გამოკვეთილია ძალადობის გაზრდილ რისკები და მრავალმხრივი ჩაგვრის გამოცდილება, რომელიც ეფუძნება ეკონომიკურ უთანასწორობას, გენდერულ, ეთნიკურ და რელიგიურ კუთვნილებას. კვლევაში საუბარია ჩაგვრის სისტემების თანაკვეთაზე, რაც ამ ქალებისათვის სრულიად უნიკალურ გამოწვევებს აწარმოებს. ამასთანავე, გამოკვეთილია ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებული ძალადობის შემთხვევები.  

ბავშვთა ქორწინების შედეგების განხილვა, შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ უფრო დეტალურად დავინახოთ ამ საზიანო პრაქტიქით გამოწვეული ზიანის მასშტაბი.

როგორც აღვნიშნე, საქართველოში დღემდე აქტუალურია ბავშვთა ქორწინების პრობლემა, რომელიც პერიოდულად, უფრო მეტი სიმწვავით ვლინდება. ბოლო პერიოდში, ჩვენი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში,  14 წლის აითაჯ შახმიროვას სასტიკი მკვლელობის ფაქტმა, რომელიც იძულებით ქორწინებაში იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებულ 27 წლის კაცთან. ბრალდებულმა, არასრულწლოვანი მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე მოიტაცა, რის შესახებაც უამრავ ადამიანს ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა ეს უკანასკნელი გარემოება არ აღმოჩნდა შემაკავებელი ფაქტორი და ვერ დაიცვა ბავში. მომხდარმა ფაქტმა, კიდევ ერთხელ გამოააშკარავა, რამდენად არაეფექტიანია სახელმწიფო მექანიზმები ფემიციდსა და იძულებითი ქორწინების შემთხვევებთან მიმართებაში.

ბავშვთა ქორწინების ახალი შემთხვევების გამოვლენისთანავე, პრობლემის გამომწვევი მიზეზების განხილვისას, იკვეთება მცდელობა, რომ შემთხვევა დაუკავშრდეს ადგილობრივ ტრადიციებს, რაც პროტესტს და წინააღმდებობას იწვევს აზაერბაჯანული თემის წარმომადგენლებს შორის. 

სოციალური სამართლაინობის ცენტრის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში[9] აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები, ახალგაზრდები, აქტივისტები და უფლებადამცველები საუბრობენ მათ მიერ დანახულ პრობლემებზე, რომლებიც ბავშვთა ქორწინების პრაქტიკის აღმოფხვრას აფერხებს. ისინი საუბრობენ სიღარიბეზე, სოციალურ უთანასწორობასა და მიტოვებულობის განცდაზე, რაც არადომინატური ჯგუფების ერთგვარ გაუცხოებას იწვევს.  ადრეული ქორწინების გამომწვევი მიზეზების შეფასებისას, ადგილობრივი თემის წარმომადგენლები საუბრობენ განვითარების პერსპექტივის და შესაძლებლობების არქონაზე, სახელმწიფოს დაგვიანებულ და არასათანადო რეაგირებაზე. თუმცა, განათლება, დასაქმება და სიღარიბე რჩება წამყვან ფაქტორებად, რომლებსაც სახელმწიფო ენის არცოდნა და საჯარო ცხოვრებიდან უმცირესობების ენის სრული განდევნის პოლიტიკა, კიდევ უფრო ამწვავებს. „განათლებით დაწყებითი კლასის პედაგოგი ვარ, მაგრამ მთელი ცხოვრება მიწაზე მიწევდა მუშაობა, რომ თავი გამეტანა. ეს კი მძიმე ფიზიკურ და მორალურ მდგომარეობაში გვაყენებს ჩვენ, ქალებს. ეთნიკურ წარმომავლობას არ აქვს მნიშვნელობა, ადრეული ქორწინება პრობლემაა ქართველებისთვისაც, სომხებისთვისაც და აზერბაიჯანალებისთვისაც. ეს ხდება  მაშინ, როცა ქალები სათნადო განათლებას ვერ იღებენ. ეს ყველაფერი კი სიღარიბიდან მოდის. ოჯახებს არ შეუძლიათ იყიდონ წიგნები, სასკოლო ნივთები. სკოლის დამთავრების შემდეგ, როცა ჩაირიცხებიან უნივერსიტეტში,  უწევთ ბინის დაქირავება. მშობლებსაც არ აქვთ სათანადო განათლება და შვილებს 15-16 წლის ასაკში გათხოვებას აიძულებენ.“ - ამბობს გულაია ალიევა.   სამოქალაქო აქტივისტის, აითაჯ ხალილის აზრით: “ქვეყანაში განათლების მიღებისა და შემდგომ დასაქმების პერსპექტივას ვერ ხედავენ გოგოები და მათი ოჯახები. ასევე, სოციალური უსამართლობის კონტექსტი, ძალიან ამძაფრებს ამ ფონს და შედეგად ვიღებთ ბავშვთა ქორწინებას.“

აქტივისტები, აზერბაიჯანულ თემში ბავშვთა ქორწინებას  არ განიხილავენ ტრადიციის ან კულტურის ნაწილად, არამედ მის მრავალშრიან საფუძვლებს უღრმავდებიან. მათი აზრით, სახელმწიფო არ აღიარებს სისტემური პრობლემების არსებობას მის პოლიტიკაში უმცირესობების მიმართ და განსაკუთრებით უმცირესობების თემებში ქალების მიმართ. სუსტი კანონმდებლობა და აღსრულების მექანიზმები კი აღრმავებს პრობლემას, რომელიც ძალიან ვიწრო კონტექსტში განიხილება და აზერბაიჯანული თემის დამახასიათებელ თავისებურებად არის მონიშნული.

გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ბავშვთა ქორწინება საქართველოში არაა რომელიმე ეთნიკური უმცირესობის ტრადიცია, ამყარებს ის გარემოებაც, რომ 90-იანი წლების საქართველოში, მსგავსი პრაქტიკა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ფართოდ იყო გავრცელებული. 90-იანი წლების გამოცდილების შესასწავლად ჩატარებული კვლევის ფარგლებში[10], გამოიკითხნენ ქალები, რომლებმაც ოჯახი ბავშვობაში შექმნეს. კვლევის მიმდინარეობისას მათი ქორწინებიდან საშუალოდ 20 წელი იყო გასული.

90-იანი წლების საქართველოში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ჩამოშლილი იყო სამართალდამცავი, ეკონომიკური, უსაფრთხოების, განათლების, ჯანდაცვის სისტემები. სახელმწიფო ინსტიტუტები არ ფუნქციონირებდა. ზემოხსენებული პრობლემების ფონზე, ათწლეულების განმავლობაში იგნორირებული და ნორმად ქცეული იყო ბავშვთა ქორწინების პრობლემა, რომელსაც მასშტაბური სახე ჰქონდა.

ქვეყანაში არსებულ კორუფციას, უსამართლობას, უიმედობის განცდას, საბაზისო საარსებო რესურსებზე წვდომის არქონას ემატებოდა ომი, კრიზისი და მუდმივი საფრთხის შეგრძნება. განათლების სისტემაში არსებული კორუფცია და უმუშევრობაც ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. შექმნილი მდგომარეობა უარყოფითად აისახა ქვეყნის მოსახლეობის ძირითად ნაწილზე, თუმცა განსაკუთრებულად მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ქალები და გოგოები. ადრეული ქორწინების ნორმალიზებას რამდენიმე ფაქტორი უწყობდა ხელს. ხიფათით სავსე და უიმედო გარემოში, მშობლებში ჩნდებოდა შვილის დაცულობის ილუზია, ხოლო გოგოებისთვის, დაოჯახება ასოცირდებოდა გათავისუფლებასთან, რადგან მშობლების მხრიდან მკაცრ შეზღუდვებს განიცდიდნენ, რაც განპირობებული იყო გენდერულ ნორმებითა და უსაფრთხოების რისკებით.

კვლევის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ დაოჯახების მომენტისთვის, წარმოდგენა არ ჰქონდათ ოჯახთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებზე; მშობლებმა კი ვერ შეძლეს დამცავი როლის შესრულება. ერთ-ერთი მონაწილის ნაამბობის მიხედვით, მას მარტოხელა დედა ზრდიდა, რომელსაც უკიდურესი გაჭირვების და უმუშევრობის გამო, სამი არასრულწლოვანი შვილიშვილის მოხუც ბებიასთან დატოვება და ემიგრაციაში წასვლა მოუწია. დედა, გარკვეულ ეტაპზე, არათუ ფინანსურ დახმარებას, კავშირზე გამოსვლასაც ვერ ახერხებდა. როგორც რესპონდენტი იხსენებს, “გათხოვება იყო ერთგვარი გამოსავალი და იმედი, რომ გაჭირვება დასრულდებოდა; […] იმ ასაკში (16 წლის) არაფერზე ვოცნებობდი. მინანია, უფრო ძლიერი რატომ არ ვიყავი?! ალბათ, იმაზე ვოცნებობდი, რომ დედაჩემი ყოფილიყო ძლიერი. კი, დედა მინდოდა, რომ ყოფილიყო ძლიერი! მე რომ გავთხოვდი, არ იყო ჩემთან. მე არ გავთხოვდებოდი, აქ რომ ყოფილიყო. გამორიცხულია!”- იხსენებდა 39 წლის კვლევის მონაწილე.

დაახლოებით ორი ათეული წლის წინ, საქართველოში ოჯახის შექმნის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენდა ე.წ. „მოტაცება.“[11] ხშირად, მოტაცებული გოგოები ან თავად რჩებოდნენ მომტაცებელთან, ან ოჯახის წევრები ამბობდნენ მათ სახლში დაბრუნებაზე უარს, რადგან ეს ოჯახის შერცხვენად და გოგოსთვის შეუფერებელ ქცევად მიიჩნეოდა, სექსუალობასთან დაკავშირებული ნორმების თანახმად. „მოტყუებით წამომიყვანა. შემეშინდა მშობლების და სახლში დაბრუნების. გათხოვების წინააღმდეგები იყვნენ, მაგრამ მაშინ მოტაცებულ გოგოს უკან არ აბრუნებდნენ. სირცხვილად ითვლებოდა”- იხსენებდა ერთ-ერთი რესპონდენტი.

ამასთანავე, ინტერვიუებში არაერთხელ გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ 90-იანი წლები იმდენად ერთფეროვანი, არასტაბილური და რთული პერიოდი იყო, რომ ახალგაზრდებს ოჯახის შექმნის გარდა, „სხვა არჩევანი არც ჰქონდათ“. კვლევის მონაწილეთა სიტყვებით, გოგოს მშობლები ცდილობდნენ, დროულად მიებარებინათ შვილი „პატრონისათვის”, რაც მათ დაოჯახებას გულისხმობდა.

კვლევის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ დაოჯახებამდე საკუთარ ოჯახებში იბრძოდნენ თავის დამკვიდრებისათვის, ცდილობდნენ ესწავლათ დამოუკიდებლად არსებობა. სწორედ ამ ფონზე ისინი სხვა ოჯახებში აღმოჩნდნენ, ახალი სტრესებით და ვალდებულებებით დატვირთულნი. შვილების დაბადებამ კი საბოლოოდ დააკარგვინა დამოუკიდებლობა და თავისუფლება, თანაც მრავალი წლით. მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ დედობის პასუხისმგებლობის, სირთულეების და მოვალეობების შესახებ. ისინი საუბრობდნენ თავისუფალი დროის დეფიციტზეც. იმ გოგოებსაც კი, რომლებსაც ჰყავდათ დამხმარე და არ ჰქონდათ დამატებითი შეზღუდვები მეუღლის ან ოჯახის სხვა წევრის მხრიდან, შეზღუდულად ჰქონდათ დრო საკუთარი თავისათვის.

შედეგად, გოგოებს მრავალი წლის განმავლობაში არ გააჩნდათ საკუთარი შემოსავალი და მუდმივად იმყოფებოდნენ ოჯახის სხვადასხვა წევრის კონტროლის ქვეშ. მათ არასოდეს ჰქონიათ დამოუკიდებლად ცხოვრების და გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, ქალების უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ ჯერ კიდევ აქვთ დაბალი თვითშეფასება. მათ დღემდე უჭირთ დამოუკიდებლად, თამამად და თავისუფლად გადაწყვეტილებების მიღება, რასაც ძალიან მტკივნეულად განიცდიან და დიდ პრობლემად მიიჩნევენ.

აღნიშნული კვლევა ცხადყოფს, რომ ადრეულ ასაკში შექმნილ ოჯახში ირღვეოდა ადამიანის საბაზისო უფლებები. გოგოები ხშირად იყვნენ ძალადობის მსხვერპლი, ეზღუდებოდათ განათლების უფლება, შემდგომში კი დასაქმების პრობლემას აწყდებოდნენ. მათ ექმნებოდათ ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიშ ხასიათს ატარებდა. უმრავლესობა მრავალი წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა არასასურველი ურთიერთობებისათვის თავის დაღწევას და ძალადობის ფაქტების მიუხედავად, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ რჩებოდა ქორწინებაში.

აღსანიშნავია, რომ მძიმე მოვალეობების მიუხედავად კვლევაში მონაწილე ქალები მაქსიმალურად ცდილობდნენ სწავლა გაეგრძელებინათ. ერთ-ერთი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ მისთვის სწავლა ერთგვარი გამოსავალი და გადარჩენის იმედი იყო.

როგორც ვხედავთ, 90-იანი წლების გამოცდილების კვლევის შედეგები, მნიშვნელოვნად ეხმიანება ამჟამად საქართველოში არსებულ ვითარებას, როგორც ადრეული ქორწინების გამომწვევი მიზეზების, ასევე ნეგატიური გავლენების თვალსაზრისით.  ბარიერები ხარისხიან განათლებაზე, ფინანსური დამოუკიდებლობისა და განვითარების პერსპექტივის არქონა, ის საერთო ფაქტორებია, რომელიც წარსულ და დღევანდელ ბავშვთა ქორწინების შემთხვევებს ახასიათებს. 2000-იანი წლების დასაწყისიდან, ქვეყანაში შეცვლილმა სოციალურ-პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ მნიშვნელოვნად შეამცირა ბავშვთა ქორწინების შემთხვევები, თუმცა ცვლილებები ერთნაირად ვერ მისწვდა ჩვენი საზოგადოების ყველა ჯგუფს. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ხსენებულ ბარიერებსა და ბავშვთა ქორწინებას შორის კავშირები დადგენილია, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან რომელიმეს გადაჭრა, ავტომატურად არ მიემართება ბავშვთა ქორწინების პრობლემის აღმოფხვრას. მაგალითისთვის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ქალების და გოგოების ყოფაზე მყისიერი გავლენა ვერ ექნება, რადგან უსამართლო გარემო ამ რესურსების თანაბარ გადანაწილებას არ უზრუნველყოფს, გენდერული ნორმებიდან გამომდინარე. იგივე ვითარებაა დასაქმების ბაზართან მიმართებაშიც. ქალების დასაქმება არაფორმალურ, არასტაბილურ და ნაკლებად ანაზღაურებულ სექტორებში, არ უზრუნველყოფს მათ საკმარის გაძლიერებას, იმისათვის, რომ ადრეული ქორწინების პრაქტიკა აღმოიფხვრას. სხვადასხვა ქვეყნის და მათ შორის ჩვენი ქვეყნის გამოცდილებაზე დაკვირვებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბავშვთა ქორწინების პრაქტიკაში ცვლილებები შესაძლებელია ქვეყნებში გოგოების განათლებაზე ხელმისაწვდომობისა და დასაქმების შესაძლებლობების, ეკონომიკური გაძლიერების და სიღარიბის შემცირების გზი[12]. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ გამოსავლის ძიების პროცესში, დაზარალებული ადამიანების ჩართულობის, მათი პერსპექტივის მოსმენისა და სპეციფიკური გამოწვევების იდენტიფიცირების გარეშე, პრობლემის გადაჭრის შეთავაზებული გზები, შესაძლოა არარელევანტური და ნაკლებეფექტიანი აღმოჩნდეს. ამასთანავე, მიზნის მისაღწევად, მნიშვნელოვანია, იმ ბარიერების გამოვლენა, რაც ქვეყანაში არსებულ რესურსებზე და სიკეთეებზე წვდომის განსხვავებულ შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1108

[2] „ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკა საქართველოში - არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები“, სპეციალური ანგარიში, საქართველოს სახალხო დამცველი; დემოკრატიის და ჩართულობის ცენტრი,  2022, გვ. 17

[3] Adolescent pregnancy, WHO, 2 ივნისი, 2023

[4]  Towards Ending Child Marriage, UNICEF, ოქტომბერი 2021, გვ 18

[5] Adolescent pregnancy, WHO, 2 ივნისი, 2023

[6] Towards Ending Child Marriage, UNICEF, ოქტომბერი 2021, გვ 26

[7] Adolescent pregnancy, WHO, 2 ივნისი, 2023

[8] „არადომინანტური ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ქალების მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული პოლიტიკური, სოციალური და სამართლებრივი კონტექსტის მიმოხილვა“, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 2022, გვ

[9] ვიდეო: https://socialjustice.org.ge/ka/products/aitaj-shakhmirovas-sakme-azerbaijaneli-kali-aktivistebis-satkmeli 

https://socialjustice.org.ge/ka/products/adreuli-kortsineba-ras-fikroben-azerbaijaneli-kalebi

[10] გ.კვინიკაძე. 2018.„1990-იანი წლების საქართველოში დაოჯახებული არასრულწლოვანი გოგოები და მათი დღევანდელი გამოწვევები“.

[11] თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ქორწინების იძულება

[12] Towards Ending Child Marriage, UNICEF, ოქტომბერი 2021

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“