საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სამოქალაქო ღირებულებების დროული დანერგვა მოზარდებში საზოგადოების დემოკრატიული განვითარების წინაპირობაა. მერაბ მამარდაშვილი, როგორც თავად ამბობდა, სკოლაში უბრალო მასწავლებლობაზე ოცნებობდა, რადგან თვლიდა, რომ სწორედ სკოლის ასაკში შეიძლება ჩამოუყალიბდეს ადამიანს თავისუფალი ცნობიერება. უკვე ზრდასრული ადამიანის თავისუფალ პიროვნებად გარდაქმნა, თუ ის უკვე ასეთი არ არის, შეუძლებელია.
ამ ზაფხულს, სახელმწიფოსგან დაფინანსებულ, საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ ბანაკში, („მომავლის ბანაკი“- ყოფილი „პატრიოტი“) მომიწია მცირე ხნით მუშაობა. ბავშვებთან სამოქალაქო ღირებულებების შესახებ ერთ-ერთი სასემინარო დისკუსიის დროს, მოვუწოდე მათ, რომ ჰქონოდათ საკუთარი აზრი ნებისმიერ საკითხზე და არ მორიდებოდნენ ამ პოზიციის გამოხატვას, თუნდაც ეს ჩემ, ანუ ლიდერის (ლიდერი - პირი, რომელსაც ევალება ბავშვების მეთვალყურეობა და მათი აქტივობების წარმართვა ბანაკში) მიმართ კრიტიკული ყოფილიყო. ჩემს ამ მოწოდებას ერთ-ერთმა მოზარდმა შეკითხვით უპასუხა - „მე რომ ლიდერის მიმართ კრიტიკული აზრი გამოვხატო, მეორედ აქ ვინღა მომადგმევინებს ფეხსო?“ მაშინ შევეცადე ამეხსნა, რომ თავისუფალი გამოხატვისთვის მათ არავინ დასჯიდა, მაგრამ, მოგვიანებით, მე თვითონ, სწორედ თავისუფალი გამოხატვისთვის დამსაჯა ხელმძღვანელობამ, როცა დაუსაბუთებლად და მიზეზგარეშე გამათავისუფლა პოზიციიდან. თან ისე, რომ ხელშეკრულების დოკუმენტი გააყალბა და დროზე ადრე შემიწყვიტა კონტრაქტი.
ეს ფაქტი ნაკლებად მაღელვებს, მაგრამ მაღელვებს ამ მოზარდის მიერ დასმული კითხვა. ზრდასრული ადამიანისთვის, თუკი ჩამოყალიბებულია საკუთარ პრინციპებში, გაცილებით ადვილია რაღაცის დათმობა ამ პრინციპების ერთგულების გამო... მაგრამ მოზარდი, რომელსაც სწყურია გართობა, ურთიერთობა, მხიარულება და ხედავს, რომ ამის საფასური, ხშირად, ენაზე კბილის დაჭერა და ძლიერთა მორჩილებაა, ფაქტობრივად განწირულია კონფორმიზმისთვის. ჩვენი საზოგადოება, გამომდინარე ავტორიტარული რეჟიმების მუდმივი წნეხისგან, თაობების განმავლობაში ატარებდა კონფორმული ცნობიერების დაღს და შეიძლება ითქვას, დღესაც ატარებს. მოზარდები ამ საზოგადოების წევრები არიან და ყოველი ახალი თაობა ერთგვარი მემკვიდრეობრივი ტვირთივით იღებს საზოგადოებრივი ცნობიერების ამ ნიშან-თვისებას. თუ სახელმწიფო დაინტერესებულია სამოქალაქო საზოგადოების, როგორც დემოკრატიული მმართველობის ფუნდამენტის გაძლიერებაში, მაშინ პირველ რიგში სწორედ ამგვარი ცნობიერების დაძლევას უნდა უწყობდეს ხელს, და არა პირიქით გაღრმავებას. ეს, პირველ რიგში, სწორედ მოზარდთა სწორი, მიზანმიმართული განათლებით და მათში კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობით არის შესაძლებელი. რას აკეთებს სახელმწიფო და განათლების სისტემა ბავშვებში სამოქალაქო ღირებულებების დანერგვისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის?
სასკოლო განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, ვერაა მოწოდების სიმაღლეზე. სამოქალაქო განათლების სწავლების მხრივ კი საერთოდ კატასტროფული მდგომარეობაა. არ არსებობენ კადრები, რომლებიც ამ საგნის კვალიფიციურად სწავლებას შეძლებენ. ხოლო ისინი, ვინც პასუხისმგებლობას იღებენ და ასწავლიან, ძირითადად არიან ადამიანები, რომელთა სამოქალაქო ცნობიერება სამოქალაქო საზოგადოების არარსებობის პირობებში „ჩამოყალიბდა.“ როგორც წესი, მათი შინაგანი მრწამსი და ის ღირებულებები, რაც უნდა ასწავლონ, წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. ამგვარი მასწავლებლების გაკვეთილები, ნაცვლად იმისა, რომ სამოქალაქო თანასწორობას და თანაბარუფლებიანობას ქადაგებდნენ, აღსავსეა ეთნოცენტრისტული, ჰომოფობიური, თუ სხვა მსგავსი რიტორიკით. განათლებულ ახალგაზრდა კადრებს კი, რომელთაც საკმარისი ცოდნა გააჩნიათ ამ მიმართულებით, ძირითადად არ გააჩნიათ სურვილი სკოლაში მასწავლებლად მუშაობის. თავისმხრივ, პრობლემურია ის რეალობაც, რომელშიც ბავშვები ცხოვრობენ და რომელიც წინააგმდეგობრივია იმ ფასეულობებთან, რომელიც თეორიული განათლებით შეიძლება მიიღო.
ასეთ ვითარებაში, განსაკუთრებით სასარგებლო შეიძლება იყოს სამოქალაქო სწავლების არაფორმალური გზები. ის, რის საშუალებასაც შეიძლება იძლეოდეს ბავშვთა ბანაკების ტიპის ორგანიზაციები, თუკი შეასრულებს არა პოლიტიკური ინდოქტრინაციის (როგორც ეს საბჭოთა ბანაკებში ხდებოდა) არამედ ზოგად სამოქალაქო განათლების ფუნქციას.
დღესდღეობით, ყველაზე მასშტაბური ასეთი პროექტი - „მომავლის ბანაკი,“ რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ერთი ზაფხულის განმავლობაში 2000-ზე მეტ, 14-18 წლის, ბავშვს მასპინძლობს. ამგვარად, პროექტი ბენეფიციართა რაოდენობის მხრივ საკმაოდ მასშტაბურია იმისთვის, რომ გავლენა მოახდინოს სამოქალაქო საზოგადოების სამომავლო განვითარებაზე. სწორედ ეს არის დეკლარირებული პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზნად: არაფორმალური განათლების საშუალებით მოზარდებში ისეთი სამოქალაქო ფაესულობების დანერგვის ხელშეწყობას, როგორიცაა: ტოლერანტობა, სოლიდარობა, გენდერული თანასწორობა, და ა. შ. თუმცა, ერთია რა არის დეკლარირებული და მეორე როგორ ხორციელდება ეს პრაქტიკაში. პრაქტიკაში ეს ყოველივე თავისი მნიშვნელობით აბსოლუტურად უკანა პლანზეა გადატანილი ბანაკის ხელმძღვანელობის მიერ. ყურადღება გამახვილებულია შემოქმედებით ღონისძიებებზე, მათ გარეგნულ-ესთეტიკურ კრიტიკაზე და არა იმ შინაარსსა და მიზანზე - ბავშვების სოციალიზაცია, ინტერაქცია, ღიაობის განვითარება, რასაც თუნდაც ეს ესთეტიკური ფორმები უნდა ემსახურებოდეს. ამას ემატება ბანაკის, როგორც დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ბავშვების სამოქალაქო სწავლებაზე, ზეწოლა და მათი უფლებების ღიად დარღვევა. კერძოდ, ხდება მათთვის შრომითი ხელშეკრულების ასლების დაგვიანებით გადაცემის ან კონტრაქტის დროზე ადრე, დოკუმენტის გაყალბებით შეწყვეტა. ასეთ ვითარებაში არარეალური ხდება ადამიანის უფლებების სათანადოდ სწავლება იმ პირის მიერ, რომელიც თავად არის უფლებადარღვევის მსხვერპლი და უწევს ამასთან შეგუება სამსახურის შენარჩუნების მიზნით.
მიჩნდება კითხვა, რატომ უდგება სისტემა მოზარდების სამოქალაქო განათლებას ვალის მოხდის მიზნით და არ ან ვერ აკონტროლებს ამ პროცესის სათანადო დონეზე წარმართვას?
არის ერთი საგულისხმო მომენტი, რომელსაც ჩემთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: „მომავლის ბანაკში“ ბავშვებს ეკრძალებათ ყოველგვარი საკვები პროდუქციის - ტკბილეულის, სასმელის და ა.შ. გარედან შემოტანა და, ზოგადად, შიდა ტერიტორიის დატოვება და გარეთ რაიმეს ყიდვა. ერთი მხრივ, იმისთვის, რომ არ შეიქმნას უთანასწორო მდგომარეობა და მეორე მხრივ, რომ არ გახდეს ეს დამატებითი ჯანმრთლობის პრობლემების მიზეზი. თუმცა, მიუხედავად ამისა, განმუხურის აკვაპარკში, რომელსაც ერთი დღით სტუმრობენ ბავშვები, მათ რატომღაც ეძლევათ უფლება არამხოლოდ ვაჭრობის, არამედ იქ ნაყიდი საკვები პროდუქციის ბანაკში წამოღების და შემოტანის. რატომღაც ამის უფლება ეძლევათ მხოლოდ და მხოლოდ სწორედ განმუხურის აკვაპარკში, სადაც ეს პროდუქცია ორმაგი და სამმაგი ფასი ღირს და არავითარ შემთხვევაში მიმდებარე სხვა მაღაზიებში. რატომღაც აკვაპარკი ერთადერთი ადგილია, სადაც ნაყიდი პროდუქცია ბავშვებს შორის უთანასწორო მდგომარეობის წარმოშობის საშიშროებას არ აჩენს ბანაკის ხელმძღვანელობისთვის. ეს იმის გათვალისწინებით, რომ ბანაკში დამსვენებელ ბავშვთა ნაწილი სოციალურად დაუცველია. შესაბამისად, სოციალურად დაუცველ ბავშვს სხვა თანატოლების გვერდიგვერდ საკუთარი შესაძლებლობის და (ან შეუძლებლობის) მიხედვით უწევს ვაჭრობა.
აქედან ყველას შეუძლია თავისებური დასკვნა გამოიტანოს, მაგრამ ჩემთვის ერთი რამ არის ცხადი - კაპიტალისტური ბაზრის ყოვლისშემძლე ხელი, ისევე როგორც ბევრგან, აქაც უადგილოდ აფათურებს თითებს. შესაძლოა ეს იყოს ირიბი პასუხი იმაზე, თუ რატომ ეკიდება სისტემა უხალისოდ, ფორმალური ძალისხმევით სამოქალაქო განათლებას. სწორი სამოქალაქო განათლება ჯანსაღი საზოგადოების წინაპირობაა... ჯანსაღ საზოგადოებაში კი „უხილავ ხელებს“ თითების ფათური უჭირთ.
ინსტრუქცია