საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საქართველოში სამედიცინო პერსონალს და განსაკუთრებით ექთნებს უმძიმეს სამუშაო პირობებში უწევთ მუშაობა; საზოგადოებრივი ორგანიზაციები დიდი ხანია საუბრობონ ექთნების დაბალ ანაზღაურებასა და გადატვირთულ სამუშაო გრაფიკზე. კორონავირუსის პანდემიის დროს, გაზრდილი დატვირთვის გამო, ექთნების შრომითი პირობები კიდევ უფრო დამძიმდა, რასაც თან ახლავს ვირუსით ინფიცირების მაღალი რისკი. EMC გაესაუბრა ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე ექთანს, რომელიც თავის სამუშაო პირობებზე და შრომითი უფლებების დარღვევებზე დეტალურად გვიყვება. ექთნების ვინაობას, მისივე თხოვნით, არ ვასაჯაროვებთ.
მძიმე შრომა
მართალია, მე პირადად არ ვმუშაობ კოვიდ პაციენტებთან, მაგრამ ვმუშაობ დერეფანში, რომლის საშუალებითაც კოვიდ პაციენტები გადაჰყავთ კოვიდ-განყოფილებაში. ამ დერეფანში მომუშავე სამედიცინო პერსონალს ერთადერთი დაცვის საშუალება გვაქვს - პირბადე, სხვა სახის აღჭურვილობები არ გვაქვს.
მე დღეში 7 დან 18 პაციენტამდე მყავს. ცხადია, ამ მხრივ, კოვიდპაციენტებთან მომუშავე ექთნები უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან, მათ კიდევ უფრო მეტი პაციენტი ჰყავთ. როცა ადგილი არ არის და პაციენტი შემოჰყავთ, ექიმები ჩვენ გვეუბნებიან, არ გვაინტერესებს, გამონახეთ საწოლიო. ჩვენ როგორ უნდა გამოვნახოთ, როცა ფიზიკურად არ არის ადგილი? საშინელი დატვირთვა გვაქვს, გვიწევს სირბილი, ცალკე დანიშნულებით, ცალკე პაციენტს ყურადღება არ უნდა მოაკლდეს, ყველა ექიმს უნდა, რომ მისი პაციენტი პირველი იყოს და იმას აღარ ფიქრობენ, შენ ერთ წუთში რამდენი საქმე უნდა გააკეთო. ყველას უნდა რომ ერთ წუთში მოასწრო საქმის გაკეთება. ცალკე შეხვევები, ცალკე ანალიზები, წინასაოპერაციო პაციენტები უნდა მოამზადო... ძალიან რთული შრომაა.
სიტყვებით კიდევ შეუძლებელია გადმოგცეთ, რამხელა დატვირთვა გვაქვს, ყველაფერი ჩვენზეა.
ანაზღაურება
სამი ლარი მაქვს საათში, ექთნის დამხმარეს - 2. დამხმარის შრომა არც კი ვიცი რა სიტყვებით აღვწერო. დაარბენინებენ აქეთ-იქით თავიანთ საქმესაც კი დამხმარეს აკეთებინებენ - საბუთების წაღება, მოტანა, ფორმა ასების გატარება... სანიტრები 50 კილოიან ვედროებს დაათრევენ პირველი სართულიდან მეოთხეზე... ლიფტს ვერ გამოიყენებთო, ვედროებში ნაგავია და არ შეიძლებაო... ჯამში თვეში 230 ლარია მათი ხელფასი.
თუ შევასრულე 8 მორიგეობა, 500 ლარი გამომდის თვეში. ამიტომ ვცდილობთ, დავიმატოთ სმენები. წინა თვეში ორ განაკვეთზე ვიყავი, დღისითაც ვმუშაობდი და ღამითაც ვმორიგეობდი, თითქმის მთელ დროს კლინიკაში ვატარებდი და საბოლოოდ, 1000 ლარი გამომივიდა ხელფასი. ისე იღლები, არაფრად გიღირს ეგ 1000 ლარი. ვენების პრობლემები დამეწყო და ელემენტარულად, იმის ფულიც არ მრჩება, რომ ჩემს თავს მივხედო და ვიმკურნალო.
ყველა ასეა. ყველა ექთანი ცდილობს, ორ ან მეტ კლინიკაში იმუშაოს, რომ ჯამურად წესიერი ანაზღაურება მიიღოს... მოდიხარ ერთი სამსახურიდან მეორეში დაღლილი, ღამენათევი და შეიძლება ექიმი იმის გამო გეჩხუბოს, რომ წვეთოვან სისტემაში 15-ის ნაცვლად, 16 წვეთი მოდის.
მიყვარს ჩემი საქმე. ახლა რომ ვირჩევდე პროფესიას, ისევ ამ საქმეს ავირჩევდი. საწყენია, რომ დაფასება არ გვაქვს. ერთადერთი, რაც ამ პროფესიაში მაძლებინებს, ჩემი პაციენტები არიან. ბევრჯერ უკითხავთ, „აი, გაფასებენ? ხელფასი მაინც გაქვთ ნორმალური? ამდენს შრომობთ, სულ დარბიხართ“.
ხელფასის ზრდაზე არაფერს ამბობენ, დატვირთვის ზრდის მიუხედავად. კოვიდ პაციენტებს ვინც უვლიან, იმ ექთნებმა მოითხოვეს, რომ საათში 8 ლარი მიეღოთ. 8-ს ვერ მოგცემთო და 6-ს აძლევენ, სანიტრებს 3-ს.
შესვენება
ცვლის განმავლობაში შესვენება არ გვაქვს. ელემენტარული ოთახი არ არის რომ დაიღლები, უბრალოდ ჩამოჯდე და შეჭამო რამე. სანიტარულ ოთახში, სადაც ნაგავიც აწყვია, რიგრიგობით შევდივართ ვჭამთ. დანარჩენი დრო, დერეფანში ვართ და ეგ არის. ორი წუთი თუ ჩამოჯდები სადმე, მაგაზე პანიკა ტყდება, რატომ არ მუშაობთო. ღამის მორიგეობისას, ჩვენთვის საწოლები არ არის, როცა პაციენტის გაწერის დრო დგება და საწოლი თავისუფლდება, მის ადგილზე ჩვენ ვწვებით, ახალი პაციენტის შემოყვანამდე.
ტრანსპორტირება
საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის შემდეგ მერიამ გამოყო ტრანსპორტი, მაგრამ სანამ გამოყოფდა კლინიკას არ ჰქონდა მაგის საშუალება, რომ გარეუბნებში ვინც ცხოვრობს ისინი ეტარებინა. მე მოვითხოვე, რომ თუნდაც თანამშრომელს წავეყვანე უფასოდ, არ გავყვებოდი, რადგან კლინიკა ვალდებულია, გამომიყოს მანქანა და მატაროს იმან.
წინაზე [იგულისხმება გაზაფხულზე დაწესებული შეზღუდვები] საერთოდ კოშმარი იყო. ბევრჯერ ვერ მივედი სამსახურში.. ხან ვის ვეხვეწებოდი რომ გამიყოლეთ სამსახურში და ძაან დავიტანჯე. ეხლაც კლინიკას არ გამოუყვია, მერიამ გამოგვიყო ტრანსპორტი. კლინიკამ ტაქსებით იარეთო. ან კონკრეტულ ადგილამდე ჩამოდით და იქიდან წამოგიყვანთო. თუ იქამდე ჩავიდოდი, მერე ჩემითაც მივიდოდი.
ანაზღაურებადი შვებულება
შვებულების აღების უფლება კი გვაქვს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ხელფასის ნახევარს გვირიცხავენ, მხოლოდ.
შრომა ჯანმრთელობის ფასად
ისე ვიღლები, არაფრის თავი აღარ მაქვს... სულ სახლი-სამსახური... გარეთ გასვლაც კი მეზარება, ისეთი გამოფიტული ვარ... დავრბივართ გიჟებივით. და ეს მერე ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას. ჩემს ჯანმრთელობას აღარ ვაქცევ ყურადღებას, იმდენი რაღაცა მაქვს გამოსაკვლევი... თავის მისახედად აღარც დრო მაქვს, აღარც ენერგია და არც ფული....
ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს, ჩუმად კი ვლაპარაკობთ ერთმანეთში, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ხმას არავინ იღებს. მარტო მე რომ ამოვიღო ხმა, რა იქნება? პრობლემები მოყვება, შეიძლება გამიშვან სამსახურიდან.... მგონია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ექთანი უნდა გაერთიანდეს და ხმა ამოიღოს, ასე თუ გვეშველება.
EMC-ს კიდევ ერთი ექთანი დაუკავშირდა, რომელიც ასე აღწერს მის მდგომარეობას:
"ექთნის სამუშაო ძალიან შრომატევადი სამსახურია და თან ყველაზე მეტად დაუფასებელი. საშუალოდ 16-20 პაციენტზე ერთი ექთანი და ერთი დამხმარეა. რეალურად 8 საწოლია განყოფილებაში, თუმცა სხვადასხვა სართულზე გვიწევს პაციენტების მოვლა. საკმაოდ დატვირთულები ვართ, მაგრამ არანაირი პირობა არ გვაქვს: არც დასასვენებელი ოთახია და არც სასადილო. ელემენტარულად, 24-საათიანი ცვლის დროს 2 წუთით ჩამოჯდომაზე გვაძლევენ შენიშვნას. ისე გვექცევიან, თითქოს ადამიანები არ ვიყოთ. ექთნებზე მეტად ექთნის დამხმარეები არიან მძიმე მდგომარეობაში, რადგან ძალიან ბევრი საქმის გაკეთება უწევთ. არადა ექთანსაც და დამხმარესაც მინიმალური ანაზღაურება გვაქვს. საშუალოდ ექთნის ხელფასი 430 ლარია, ხოლო დამხმარის - 350 ლარი. მართალია, ჩვენ თვითონ კოვიდ პაციენტებს არ ვიღებთ, მაგრამ მაინც ძალიან გაზრდილია მომართვიანობა, რადგან სხვა საავადმყოფოები გადაკეთდა კოვიდ-კლინიკებად. ამ პერიოდში შვებულებაშიც ვერ გავდივართ, რადგან კადრი არ არის საკმარისი, რომ შეითავსონ მორიგეობა. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ხმამაღლა ვერ ვამბობთ, რადგან ყველას ოჯახები გვყავს და სამსახურის დაკარგვის გვეშინია".
ინსტრუქცია