საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2017 წლის 15 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობას აფასებს.
ანგარიშის თანახმად, კონსტიტუციით სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის მუხედავად, კანონმდებლობა და სახელმწიფო პოლიტიკა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრეფერენცირებას ახდენს და სხვა რელიგიური ორგანიზაციებისგან განსხვავებით პრივილეგიებს ანიჭებს.
მითითებულია კონსტიტუციური შეთანხმებით მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მინიჭებულ პრივილეგიებზე, მათ შორის პატრიარქის იმუნიტეტზე და განათლების სფეროში, საპატრიარქოს საკონსულტაციო როლზე. იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობა კრძალავს სკოლის სივრცის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის და ასიმილაციისთვის გამოყენებას, ანგარიშის თანახმად, კონსტიტუციური შეთანხმება და კანონმდებლობა აძლევს საპატრიარქოს სასწავლო დაწესებულებებში მართლმადიდებლობის სწავლების უფლებას „მათი ნებაყოფლობითი გადაწყვეტილების შემთხვევაში“ და უშვებს სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოს რელიგიური სკოლების დაფინანსებას.
აქვე ანგარიში ეხმიანება საჯარო სკოლებში საპატრიარქტოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენების, რელიგიური ნეტირალიტეტისა და თანასწორობის დარღვევის ფაქტებზე სახელმწიფოს არაადეკვატურ რეაგირებასთან მიმართებით არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის კრიტიკასაც. ანგარიში დეტალურად აღწერს ასეთ პრაქტიკებსაც, მათ შორის უთითებს რელიგიურ რიტუალებში რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების იძულებით ჩართვის, რელიგიური კუთვნილების გამჟღავნების პრობლემებზე.
ანგარიში საუბრობს საკანონმდებლო რეგულირებით დადგენილ პრივილეგიებზე და ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოებულ საქმეებს, რომელთაგან ერთ-ერთი ექსლუზიურად საპატრიარქოსთვის დაწესებულ საგადასახადო შეღავათებს[1], ხოლო მეორე მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე რელიგიურ ორგანიზაციებისთვის პირდაპირი მიყიდვის წესით არასასოფლო სამეურნეო მიწის შეძენის, ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწის უსასყიდლო გადაცემის ბლანკეტურ აკრძალვას ეხება. ანგარიშში მაგალითად მოყვანილია სომხეთის სამოციქულო ეკლესიის და მუსლიმი თემის შემთხვევებიც, როდესაც არც ერთ მოქმედ საკულტო ნაგებობაზე თემს არ გააჩნია საკუთრების უფლება და მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრების ფორმით არის მათ სარგებლობაში გადაცემული.
ანგარიში ეხმიანება არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას 2014 წლის მთავრობის დადგენილების (#117) საფუძველზე საბჭოთა კავშირის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოდელიდან იმ რელიგიური ორგანიზაციების გამორიცხვის შესახებ, რომელთაც მთავრობის მიერ არჩეული ოთხი რელიგიური ორგანიზაციის (ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიურ გაერთიანებები) მსგავსად ასევე მიადგათ ზიანი მოცემულ პერიოდში. ანგარიშში საუბარია, კომპენსაციის აღნიშნული მოდელის შემოთავაზებულ დახასიათებასა და კომპენსაციის მიმღები რელიგიური ორგანიზაციების შერჩევისას გამოყენებულ კრიტერიუმებზეც, შესაბამისად კომპენსაციის „ნაწილობრივ და სიმბოლურ“ ბუნებაზე დამიყენებული ზიანის, ასევე „დღეს არსებული ნეგატიური შედეგების“ გათვალისწინებაზე. 2017 წელს კომპენსაციის აღნიშნული მოდელის საფუძველზე ოთხი რელიგიური ორგანიზაციის მიერ ჯამურად მიღებული 4.5 მილიონი ლარის ფონზე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საბჭოთა კავშირის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით ყოველწლიურად მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მიღებულ 25 მილიონსაც ახსენებს.
ანგარიში ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფოს მიერ რელიგიური უმცირესობებისათვის შექმნილ სალოცავების და სხვა რელიგიური დანიშნულების ნაგებობების მშენებლობის და ფუნქციონირების პრობლემებზე.
ცალკე აღინიშნა ბათუმის მეჩეთის გადაუჭრელი გადატვირთულობის პრობლემაც. ანგარიშის თანახმად, პრობლემის გადაჭრის მიზნით სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მუსლიმ რელიგიურ ლიდერებთან შეთანხმების მიღწევა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არსებული ორთა ჯამეს მეჩეთის გაფართეობის მის მიერ შემოთავაზებული გეგმის და პროექტის განხორციელება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უყურადღებოდ არ ტოვებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუსლიმი თემის კრიტიკას, რომლის თანახმად, მთავრობა ცდილობს სრულიად მუსლიმთა სამმართველოზე გავლენების მოხდენას და ბათუმიხ მეჩეთის გადატვირთულობის საკითხთან მიმართებით, იხსენებს მთავრობის დაფინანსებით სამმართველოს მიერ ბათუმში პირველ მედრესეს გახსნის ფაქტსაც.
ანგარიში მითითებას აკეთებს EMC-ის მიერ წარმოებულ საქმეებზეც, რომლებშიც სასამართლომ დაადასტურა რუსთავში კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის პროცესში სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობა და ქობულეთის პანსიონატის გახსნასთან დაკავშირებული წინააღმდეგობისას თანასწორობის უფლების დარღვევა. წარმატებული საქმეების მიუხედავად, ანგარიშის თანახმად, ამ დრომდე მხოლოდ ერთმა რელიგიურმა ჯგუფმა იეჰოვას მოწმეებმა მოახერხეს საკულტო ნაგებობის გახსნა და ფუნქციონირება წინააღმდეგობის მიუხედავად. ანგარიში საუბრობს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მხოლოდ საპატრიარქოს სამოლოცველოების არსებობაზეც.
ამის გარდა, ანგარიში ეხება ისტორიული საკულტო ნაგებობების დაბრუნების საკითხსაც და აღნიშნავს, რომ წლებია არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საგანს წარმოადგენს სახელმწიფოს დისკრიმინაციული რესტიტუციის პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ აღიარებს საბჭოთა კავშირის დროს ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების დაბრუნების ვალდებულებას. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმიანება რელიგიის საკითხთა სახელმწიფოს სააგენტოს მიერ გამოთქმულ კრიტიკასაც, რომლის თანახმად, სააგენტო ძირითადად მხოლოდ საპატრიარქოს მიმართვების საფუძველზე გამოსცემს რეკომენდაციას, როდესაც არ განიხილავს სადავო საკულტო ნაგებობების საკითხს და არ გადასცმეს მათ ისტორიულ მესაკუთრეს. აქვე ანგარიში მოიხსენიებს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის განგრძობად მოთხოვნას თბილისში 3 და ახალციხეში მდებარე 1 ეკლესიის გადაცემასთან დაკავშირებით.
ანგარიში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს 2014 წელს საგანგებოდ შექმნილ მოხის კომისიის საქმიანობასაც, და მითითებას აკეთებს სახალხო დამცველის პოზიციაზე, რომლის თანახმად შექმნილმა კომისიამ მუსლიმ და მართლმადიდებელ თემს შორის სადავო შენობა-ნაგებობის წარმომავლობის დადგენასთან დაკავშირებით განსაზღვრული მიზანი ვერ შეასრულა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი იხსენებს თემში კომისიის არაეფექტურ საქმიანობასთან დაკავშირებით არსებულ პროტესტსაც, რომელსაც ადგილობრივი მუსლიმები ზამთრის პერიოდში ღია ცის ქვეშ საჯარო ლოცვით გამოხატავდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რელიგიური უმცირესობების შეფასებების მსგავსად, ამ წლის სახალხო დამცველის ანგარიშშიც რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულების არაეფექტური გამოძიებები კვლავ მთავარ პრობლემად იყო წარმოჩენილი. თავად ანგარიშიც მიმოიხილავს რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილ დანაშაულებს და რელიგიური უმცირესობების მოსაზრებაზე აკეთებს მითითებას, რომლის თანახმად საზოგადოებრივი აზრი სხვა რელიგიურ ჯგუფებს საპატრიარქოსა და ქვეყნის კულტურული ღირებულებებისთვის საფრთხედ მოიზარებს.
ანგარიში იხსენებს ქობულეთის პანსიონატის გარშემო 2014 წლის სექტემბრიდან მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის პანსიონატის შენობის კარებზე ღორის თავის მიჭედების და პანსიონატის წინ ბარიკადების, ჯვრის აღმართვის ეპიზოდებს. ანგარიში განმარტავს, რომ საქმეზე სასამართლომ დაადასტურა მუსლიმი თემის თანასწორობის უფლების დარღვევის ფაქტი, თუმცა არ იმსჯელა მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხზე, რაზეც ზედა ინსტანციის სასამართლოებსაც მოუწევთ მსჯელობა. ანგარიშით ირკვევა, რომ წინა წლის მსგავსად ქობულეთში პანსიონატის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუსლიმი თემისათვის მხარდაჭერის ნიშნად საელჩოს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
საზოგადოებრივ განწყოებებთან მიმართებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს მუსლიმი თემის მიმართ საზოგადოებაში არსებულ დისკრიმინაციულ განწყობებზეც. ანგარიშში მოხსენიებულია მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ განხორციელებული მონიტორინგიც, რომელმაც რელიგიური საფუძვლით სიძულვილის ენის 69 შემთხვევა გამოავლინა, რომელთაგან 31 „ისლამოფობიურ“ და „თურქოფობიურ“ გამონათქვამებს მოიცავდა.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის დასაწყისში, მსგავსი შინაარსის ანაგირიში „რასიზმისა და შეუწყნარებლობის ევროპული კომისიისა და ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტმაც“ გამოაქვეყნა.
[1] ანგარიშში დაკონკრეტებულია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიგან განსხვავებით, რელიგიური გაერთიანებები რელიგიური დანიშნულების ნივთების რეალიზებისთვის მოგების გადასახადს იხდიან. ასევე, დამატებული ღირებულების გადასახადს მსგავსი ნივთების დამზადებისა და იმპორტირებისას და ყველა ქმედების დროს, რომელიც დაკავშირებულია მშენებლობასთან, რეკონსტუქციასთან და რელიგიური ნაგებობის მოხატვასთან.
ინსტრუქცია