[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / თარგმანი

არსებობს ომის ინსტინქტი?

მთარგმნელის წინასიტყვაობა

კაცობრიობის აზროვნების ისტორიაში მრავალი ასეული წელია მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მოსაზრებებსა თუ რწმენებს ადამიანის ბუნების რაგვარობაზე, პასუხებს შეკითხვაზე, კეთილთანაა იგი მეტად წილნაყარი თუ ბოროტთან. ეს უთანხმოება კი, სხვა არაერთი ფილოსოფიური კამათის მსგავსად, არ არის წმინდად თეორიული, მხოლოდ ინტელექტუალური ინტერესის დაკმაყოფილებას რომ ემსახურებოდეს. ამ პროცესს ძალიან პრაქტიკული, ხელშესახები შედეგები მოსდევს. შესაბამისად, კაცობრიობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ღირებულება ენიჭება იმას, ზემოხსენებულ შეკითხვაზე გაცემული პასუხებიდან რომელს მიანიჭებენ უპირატესობას კონკრეტულ ეპოქაში.

ვფიქრობ, გასული საუკუნეების პრაქტიკასთან შედარებით, ჩვენი თანამედროვე ეპისტემური სისტემა, ზოგადი დამოკიდებულება მეცნიერული ცოდნის მიმართ (აკადემიურ სივრცეში მაინც) უფრო კომპლექსური შეიძლება იყოს და ეს, მათ შორის, ერთგვარ მეცნიერულ სიფრთხილეში გამოიხატოს. მაგალითად, უარი ვთქვათ ისეთი ხმამაღალი დასკვნების გაკეთებაზე, როგორიცაა ადამიანის ბუნების კეთილშობილად ან ბოროტად გამოცხადების ცნობილი და ძალიან გავლენიანი მოსაზრებები. თუმცა სტატიის ავტორი, ევოლუციური ბიოლოგი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ემერიტუსი პროფესორი, დევიდ ბარაში საფუძვლიანად მიიჩნევს, რომ არც თანამედროვე აკადემიური გარემოა უნაკლო. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე ადამიანის ბუნების შესახებ მეცნიერული წარმოდგენის შექმნას ეხება. მისი ეს ძალიან საინტერესო სტატია, სულ ცოტა, ორ რამეს გვაჩვენებს: ერთი მხრივ, მეცნიერულად რამდენად უსაფუძვლოა ყველა ის მტკიცება, რომლებიც ომს ადამიანის მოუშორებელ, მისი ბუნებისთვის თანდაყოლილ საქმიანობად აცხადებს და, მეორე მხრივ, რამდენად ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა ამ ტიპის თეორიებს ხელაღებით ვიცავთ, მით უმეტეს, ისეთი კომპლექსური დისციპლინის ცოდნაზე დაყრდნობით, როგორიც ევოლუციური ბიოლოგიაა. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, რა სოციალური თუ პოლიტიკური გავლენა შეიძლება ჰქონდეს მსგავს არაკეთილსინდისიერ მტკიცებებს და რატომ გვანიჭებს ჩვენი ცოდნის შეზღუდულობის გაცნობიერება გაცილებით უფრო დიდ პასუხისმგებლობას ერთმანეთის წინაშე.

ლევან სიხარულიძე

 

არის რაღაც განსაკუთრებით მიმზიდველი ადამიანი ბუნების პირქუშ წარმოდგენაში, რაც დაუეჭვებელ დოგმადაც კი იქცა ევოლუციური ბიოლოგებისთვის. გარკვეული ხანია, რაც ეს ტენდენცია დაიწყო. როცა ავსტრალიელმა ანთროპოლოგმა, რეიმონდ დარტმა პირველი ავსტრალოპითეკის ნამარხი აღმოაჩინა 1924 წელს, შემდეგნაირად აღწერა ამ გვარის ჰომინიდები: “ისინი ნამდვილი მკვლელები არიან: ხორცისმჭამელი არსებები, რომლებიც ცოცხალ ნადავლს ძალადობით იპყრობდნენ, სიკვდილამდე ცემდნენ, მათ დამტვრეულ სხეულს ნაწილებლად ფლეთდნენ, კიდურებს გლეჯდნენ, ამით იკლავდნენ მსხვერპლის ცხელი სისხლის ხარბ წყურვილს და გაშმაგებით ჭამდნენ მათ ჯერ კიდევ ცოცხალ ხორცს.”

ასეთ საზარელ ხედვას თავისი ღრმა ფესვები აქვს, მათ შორის, ქრისტიანული დოქტრინის გარკვეულ მიმართულებებში. მე-16 საუკუნის მგზნებარე თეოლოგის, ჟან კალვინის მიხედვით: “იმდენად გაუცხოვდა ადამიანის გონება ღმერთის სათნოებისაგან, რომ იგი მხოლოდ იმას იზრახავს, ისურვებს და აღასრულებს, რაც უკეთურია, გადაგვარებული, ბინძური, უწმინდური და სამარცხვინო. ადამიანის გული იმდენადაა ჩაფლული ცოდვის შხამში, რომ აუტანელი სუნის გარდა არაფრის ამოსუნთქვა არ შეუძლია.”

რელიგიური ადამიანისთვის საკმარისად მძიმეა კაცობრიობის გამოუსწორებელ ცოდვილობაში დარწმუნებულობა, რაც სიკვდილის შემდეგ ისჯება. თუმცა ის უფრო მეტად მაწუხებს, როცა მეცნიერებისა და გონების სახელით მოლაპარაკენი ადამიანის ბუნების შესახებ იმგვარ თეორიებს უჭერენ მხარს, რომლებიც თავადვე ხდებიან თავიანთი წინასწარმეტყველების აღმსრულებლები. მაგალითად, ამერიკელმა დრამატურგმა, რობერტ არდრიმ თავის გავლენიან წიგნში “აფრიკული წარმომავლობა” (1961) ადამიანები აღწერა, როგორც კაენის შვილები: “ადამიანი ის მტაცებელია, რომლის ბუნებრივი ინსტინქტია, მოკლას იარაღის გამოყენებით. სწორედ ომი და ტერიტორიის ფლობის ინსტინქტია, რამაც დასავლელი ადამიანის უდიდესი მიღწევები განაპირობა. შესაძლოა, ოცნებებს შთაეგონებინა ჩვენთვის თავისუფლების სიყვარული, თუმცა მხოლოდ ომმა და იარაღის გამოყენებამ განაპირობა მისი მოპოვება ჩვენთვის.”

იმათი ხმა, ვინც ომის, როგორც ადამიანური ყოფის განმსაზღვრელ ნიშნად წარმოდგენას ემხრობა, მხოლოდ გაძლიერდა უკანასკნელ ათწლეულებში და გასცდა ევოლუციურსა თუ ანთროპოლოგიურ სფეროებს. ინგლისელმა ფილოსოფოსმა, საიმონ ქრიჩლიმ ასე დაიწყო ჯონ გრეის წიგნის “ცხოველთა მდუმარება” (2013) - შეფასება Los Angeles Review of Books-ისთვის: “ადამიანები მხოლოდ მკვლელ აპლიკაციებს (killer apps) არ ქმნიან. ჩვენ ვართ მკვლელი პრიმატები (killer apes)[1], ჩვენ ვართ საზიზღარი, აგრესიული, მოძალადე, ხარბი ჰომინიდები.”

უნდა ვახსენოთ ასევე ამერიკელი ანთროპოლოგი, ნაპოლეონ შაგნონი, ვინც ათწლეულები მიუძღვნა ვენესუელელი/ბრაზილიური ამაზონის იანომამის ტომის შესწავლას. მისმა ბესტსელერმა - “მძვინვარე ხალხი” (1968) - განსაკუთრებული როლი შეასრულა ტომობრივად მცხოვრები ადამიანების შესახებ იმ წარმოდგენის გამყარებაში, რომ ისინი გამუდმებული ომის მდგომარეობაში ცხოვრობენ.

შაგნონი ფართო კრიტიკის ობიექტი გახდა, თუმცა, პირადად ჩემთვის, მისი სამუშაოს ემპირიული დამაჯერებლობისა და თეორიული ღირებულების შესახებ შეკითხვები არ არსებობს. ამ სფეროში, კერძოდ, ევოლუციურ ფსიქოლოგიაში (ან, გნებავთ, როგორც მე ვარჩევ, ვუწოდო, ადამიანის სოციობიოლოგიაში), რომელიც ხშირად გაუკრიტიკებიათ უტყუარი მონაცემების ნაკლებობის გამო, შაგნონის აღმოჩენები, უხერხული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ენთუზიაზმით მიიღეს. ამ აღმოჩენებიდან ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი მტკიცება არის ის, რომ იანომამის ხალხში არა მხოლოდ სოფლებს შორის ომია ხშირი და უმოწყალო, არამედ ის კაცები, რომლებსაც თავად დაუხოცავთ ადამიანები, რეპროდუქციის თვალსაზრისით გაცილებით უფრო წარმატებულნი არიან, ვიდრე დანარჩენები. შაგნონის ეს მონაცემები, მიუხედავად სხვა სპეციალისტთა მხრიდან გამოთქმული ეჭვებისა, მყარი და დამაჯერებელი ჩანს.

ასე რომ, ამ კაცსა და მის ნაშრომს დიდ პატივს ვცემ, თუმცა რაც დრო გადის, მით უფრო მეტად მაწუხებს, როგორ ინტერპრეტაციას აძლევენ შანონის ამ კვლევას, რა დასკვნები გამოაქვთ მისგან.

ვშიშობ, რომ ჩემი არაერთი კოლეგა ცდება, როგორც მანამდე მეც შევმცდარვარ, როცა ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ, ერთი მხრივ, ადამიანის ძალადობრიობის მეტნაკლებად უშუალო ევოლუციურ ფესვებსა და, მეორე მხრივ, ომის მრავალწახნაგოვან, პოლიტიკურად შეფერილ ფენომენს. პირდაპირ რომ ვთქვათ, ძალადობა თითქმის უეჭველადაა ფესვგადგმული ადამიანის ბუნებაში; ომი კი ნაკლებად. იანომამის ხალხში გავრცელებულ ძალადობასა და კაცის ევოლუციურ უპირატესობას შორის შესამჩნევად მყარმა კორელაციამ თვალი აგვიხვია ადამიანური არაძალადობის დასანახად, რამაც გამოიწვია ჩვენ მიერ იმ განზომილების უგულებელყოფისა თუ სათანადოდ ვერდაფასების ტენდენცია, რომელიც ადამიანების მიერ მშვიდობის ძიებას უკავშირდება. სანაცვლოდ, ჩვენს მზერას მივმართავთ ომის ამაღელვებელი, ყურადღების მიმტაცებელი ფორმებისკენ.

როგორც ევოლუციის მეცნიერი, დიდი მონდომებით ვცდილობდი, აღმომეჩინა უნივერსალურად ადამიანური მახასიათებლების ადაპტაციური მნიშვნელოვნება, ერთგვარი ევოლუციური ანაბეჭდი. ასეთად დიდი ხნის განმავლობაში მეჩვენებოდა შაგნონის აღმოჩენა იანომამის ტომის მკვლელი კაცების შესახებ. ახლა ამაში არც ისე დარწმუნებული ვარ და ეს ჩემი დანაშაულია.

ევოლუციის მკვლევრებში ასევე შეინიშნება ტენდენცია, რომელიც კონკრეტულ ჯგუფებს უნიკალურად ამხსნელ ღირებულებას ანიჭებს, არა მხოლოდ იმის გამო, რომ მათ შესახებ სანდო კვლევებია ჩატარებული, არამედ ასევე იმის გამოც, რომ ეს მონაცემები ერთდროულად მომხიბლელიცაა და მკვლევრების წინასწარ მოლოდინებსაც ამართლებს. ასეთი ამბები საკმაოდ სასიამოვნო მოსასმენია, განსაკუთრებით კაცებისთვის.

გაიხსენეთ ჟურნალისტების კანონიც: “ამბები, რომლებიც გვიყვება ძალადობის, კონფლიქტის, სიკვდილის შესახებ, პოპულარულია” (If it bleeds, it leads). ძნელად თუ ნახავთ, გაზეთის პირველ გვერდზე ეწეროს “საფრანგეთსა და გერმანიას ომი არ დაუწყიათ”, მაშინ როცა, ნებისმიერი ტრაგიკულად დამთავრებული ისტორია მთელი მსოფლიოს მასშტაბით მარტივადვე იქცევა “ნიუსად”. ენობრივი მოცემულობაც ბევრს ამბობს ამ ყველაფრის შესახებ. ცნობილია, რომ ბედუინებს თითქმის 100 განსხვავებული სიტყვა აქვთ აქლემის აღსაწერად, იმის მიხედვით, საუბრობენ ამ ცხოველის მშვიდ, ენერგიულ, აგრესიულ, უხეშსა თუ სხვა მდგომარეობაზე. მართალია, ჩვენ სიფრთხილით განვასხვავებთ ერთმანეთისგან ომებს: ასწლიანი ომი, ოცდაათწლიანი ომი, ამერიკის სამოქალაქო ომი, ვიეტნამის ომი და ა.შ - თუმცა ჩვენ არ გვაქვს მრავლობითი ფორმა მშვიდობისთვის.

ევოლუციური თვალსაზრისით, გონივრულია, რომ ადამიანები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ძალადობის გამოვლინებებს, იქნება ეს ინტერპერსონალურ თუ საერთაშორისო დონეზე. ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაფერი ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს ეხება. მაგრამ როცა სერიოზული მეცნიერები აკეთებენ იმავეს, და მეტიც, როცა ადამიანის სახეობის შესახებ ნორმატიულ დასკვნებს აფუძნებენ იმას, რაც სხვა არაფერია, თუ არა მათივე შერჩევითი ყურადღების ნაყოფი, ეს უკვე პრობლემაა.

ადამიანის ბუნების შესახებ ჩვენს წარმოდგენაზე შაგნონის ყველაზე მავნე ზეგავლენა მეცნიერების არაერთი დარგისთვის საკმაოდ ნაცნობია: ეს არის მონაცემთა ერთი რიგის (რაც უნდა ღრმა და დეტალური იყოს იგი) განზოგადება უფრო ფართო მოვლენების ასახსნელად. აკადემიურ ფსიქოლოგებს ჯერ კიდევ ვერ დაუღწევიათ თავი იმ დაბნეულობისგან, რომელიც “ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის” 2010 წლის კვლევამ შემოიტანა, რომლის მიხედვითაც ფსიქოლოგიის კვლევების უმრავლესობა აზოგადებს დასავლეთში მცხოვრები, განათლებული, ინდუსტრიალიზებული, მდიდარი და დემოკრატი სტუდენტების შესახებ არსებულ მონაცემებს, ერთი სიტყვით, მათი წყარო უცნაურია.[2] ანალოგიურად, იანომამის ხალხი ადამიანთა მრავალ განსხვავებულ ტომობრივ საზოგადოებათაგან ერთ-ერთია. თუ გავითვალისწინებთ კაცობრიობის კულტურული ტრადიციების მკვეთრ არაერთგვაროვნებას, ჰომო საპიენსის ნებისმიერი ერთი ჯგუფი მთლიან სახეობაზე წარმოდგენის შექმნისთვის ცალსახად არასაკმარისად უნდა მივიჩნიოთ.

თუ, ერთი მხრივ, იანომამის ხალხს საფუძვლიანად შეიძლება დავაბრალოთ ძალადობისკენ მიდრეკილება, როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ განზომილებაში, მეორე მხრივ, სხვა არაერთი ტომის წარმომადგენლები არ ერთვებიან ისეთ ქმედებებში, რაც ახლოს შეიძლება იდგეს ომის პრაქტიკასთან. ეს მოიცავს ბატეკის ხალხს მალაიზიიდან, ჰაძას ხალხს ტანზანიიდან, მარტუს ხალხს ავსტრალიიდან, სამხრეთ ინდოელი შემგროვებლების ექვსამდე საზოგადოებას და სხვა ბევრს, რომელთაგან არც ერთია ნაკლებად ადამიანური, ვიდრე ისინი, ვისაც ადამიანის ომისკენ თანდაყოლილი მიდრეკილების რწმენის დასადასტურებლად იყენებენ.

ბიოლოგიის ბნელ წლებში აღწერით მეცნიერებათა წარმომადგენლები იყენებდნენ “სახეობათა ტიპებს”, რომლებიც მოიაზრებოდა თითოეული გვარის წარმომადგენლებად. თუმცა ამ იდეას დღეს არანაირი ღირებულება აღარ აქვს ბიოლოგიაში. დიდმა ევოლუციურმა ბიოლოგმა ერნსტ მაიერმა ცხადად აჩვენა, რომ სტატისტიკური და პოპულაციური აზროვნება ბოლოს უღებს ცოცხალი არსებების ნამდვილი მრავალფეროვნებისგან დამოუკიდებლად არსებულ პლატონური “ტიპების” ცნებებს, განსაკუთრებით კი - ჰომო საპიენსს. თუმცა, როგორც ჩანს, ანთროპოლოგები (და ბიოლოგები, რომლებსაც აქ მეტი მოეთხოვებათ) მაინც ტყუვდებიან, და აგრძელებენ თითზე ჩამოსათვლელ ადამიანთა საზოგადოებების მახასიათებლების განზოგადებას და მათ გამოცხადებას ჰომო საპიენსის, როგორც სახეობის საყოველთაო ნიშნებად. სამწუხაროდ, საზოგადოებათა ტიპების იდენტიფიცირების ეს პრაქტიკა განსაკუთრებით მწვავეა, როცა საქმე ადამიანური ომის უპირატესობის მტკიცებას ეხება.

ევოლუციურმა ფსიქოლოგმა, სტივენ პინკერმა, თავის წიგნში - “ჩვენი ბუნების ნათელი მხარე” (The Better Angels of our Nature, 2011), რომელიც სამართლიანად იმსახურებს მკითხველის მოწონებას, დამაჯერებლად აჩვენა, რომ ადამიანური ძალადობა - პიროვნებათშორისი თუ ომთან დაკავშირებული - მნიშვნელოვნად შემცირდა უკანასკნელ ხანებში. თუმცა მისი განსაკუთრებული მონდომების გამო, ყურადღება გაემახვილებინა ისტორიულად ახალი სოციალური ნორმების მიერ მოტანილ სასარგებლო შედეგებზე, პინკერმა ომისადმი ჩვენი პირველყოფილი, ბუნებრივი მიდრეკილება გააბუქა იმის მტკიცებით, რომ “ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა ხასიათდებოდა ერთმანეთზე გამუდმებული თავდასხმითა და მტრობით”. თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ანთროპოლოგ დაგლას ფრაისა და სხვების ბოლოდროინდელი კვლევის მიხედვით, კაცობრიობის ევოლუციური ისტორიის უდიდესი ნაწილის დომინანტური ცხოვრების წესი - ფაქტობრივად, ნეოლითურ რევოლუციამდე ერთადერთიც - მომთაბარე მონადირეობა და შემგროვებლობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ასე მცხოვრები ადამიანებისთვისაც არ იყო უცხო ერთმანეთზე ძალადობა, ომი, როგორც ჯგუფური მომაკვდინებელი ძალადობა, რომელიც სხვა ჯგუფების წინააღმდეგაა მიმართული, თითქმის არ არსებობდა მანამ, სანამ არ გაჩნდა აგრარული რესურსების სიჭარბე და ტომობრივი ორგანიზაციის ფართომასშტაბიანი სისტემა, რასაც მოჰყვა საომარი სულისკვეთების ჩამოყალიბება და წინარე სამხედრო ხელმძღვანელობის ფორმირება.

სხვა ცნობილი მეცნიერებიც შემცდარან. მაგალითად, ბიოლოგი ე.ო. უილსონი ნაშრომში “დედამიწის სოციალური დაპყრობა” (The Social Conquest of Earth, 2012) ომს “კაცობრიობის სამემკვიდრეო წყევლას” უწოდებს. მე ვაფასებ ომის ზიზღს როგორც პინკერის, ისე უილსონის შემთხვევაში, თუმცა ვისურვებდი, უფრო ღრმად ჩაეხედათ საკითხში, და მეტი მონდომებით გაეთვალისწინებინათ კულტურათაშორისი თუ არქეოლოგიური მონაცემები, სანამ დაასკვნიდნენ, რომ “ომი ყოველთვის თან გვდევდა”.

კაცობრიობის ისტორია ადასტურებს, რამდენად ახალი ფენომენია ომი ჩვენი ევოლუციის პროცესში. რა შეიძლება ითქვას ჩვენთან ყველაზე ახლოს მყოფი პრიმატი ნათესავების შესახებ? ჩვენ არ გვყავს ცოცხალი პრიმატი წინაპრები. მართალია, ჩვენ და შიმპანზეებს, ბონობოებს, გორილებს, ორანგუტანგებსა და გიბონებს უეჭველად გვყავს საერთო წინაპარი, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი უკანასკნელი სამის სოციალური ქცევა მკვეთრად განსხვავდება თანამედროვე ადამიანისგან, ხოლო შიმპანზეებისა და ბონობოების ქცევა თითქმის ერთმანეთის საპირისპიროა: შიმპანზეებს ახასიათებს ჯგუფური ძალადობა, დაპირისპირების შემდეგ გადარჩენილი ინდივიდების მოძებნისა და განადგურების პრაქტიკა, რაც ადამიანური ომის სცენებსაც გვაგონებს. მეორე მხრივ, ბონობოები, რომლებიც ჰომო საპიენსისგან გენეტიკურად უფრო შორს არ დგანან, ვიდრე შიმპანზეები, მსგავსს არაფერს აკეთებენ. მეტიც, ისინი ომს სიყვარულს ამჯობინებენ.

ადამიანურ აგრესიასთან, ძალადობასთან და ომთან დაკავშირებით არ არსებობს ცალსახა პოზიცია, რომელსაც ევოლუცია გაუმაგრებდა ზურგს. ერთი მხრივ, ჩვენ შეგვიძლია, ჩავიდინოთ გაუგონარი ძალადობა. მეორე მხრივ, ჩვენ შეგვწევს ძალა, გამოვავლინოთ განსაკუთრებული თანაგრძნობა თუ თავგანწირვა. ჩვენი ეგოისტი გენები პასუხისმგებელია საშინელ, გამანადგურებელსა და უსიამოვნო ქმედებათა მთელ რიგზე. თუმცა, ამავდროულად, ამ ეგოისტ გენებს ისიც შეუძლიათ, გვიბიძგონ განსაცვიფრებელი ალტრუისტული საქციელისკენ, რომელშიც არაფერია ისეთი, რაც საკუთარ თავზე ზრუნვას შეიძლება დავუკავშიროთ. შესაძლებელია, რომ ჩვენი ტვინის გამორჩეულად სწრაფი ევოლუცია ერთგვარი ჯილდო იყო, რომელიც მივიღეთ როგორც ერთმანეთთან, ისე ჰომინიდების სხვა ჯგუფებთან ომის მსგავს შეჯიბრში წარმატების შედეგად. თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ეს ჯილდო თანამშრომლობასთან, კოორდინაციასთან და ურთიერთზრუნვასთან დაკავშირებული პრაქტიკის შედეგი იყო.

ცხადია, მარტივია იმგვარი მოდელის წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც მარჯვე ცხოველები და ადამიანები - იმ გენებთან ერთად, რომლებიც აყალიბებენ ამგვარ მიდრეკილებებს - ბუნებრივ გადარჩევას გაუმკლავდებიან და დაჯაბნიან აგრესიულ ინდივიდებსა თუ გენებს. მეტიც, ომი ახალი მოვლენაა ადამიანური გამოცდილებისთვის და, შესაბამისად, სავარაუდოა, კულტურით და არა ბიოლოგიურად განპირობებული ფენომენი იყოს. მაშინ, როცა თავშეკავების, თვითშეზღუდვის ქცევითი სისტემა უფრო ძველია და არაერთ სხვა ცხოველს ახასიათებს. შესაბამისად, საფიქრებელია, რომ იგი უფრო მეტადაა ფესვგადგმული ჩვენს ბუნებაში. ბოლოს და ბოლოს, ომებით სავსე სამყაროშიც გაცილებით ცოტაა ნამდვილი ომის მაგალითი, ვიდრე კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიანი ფორმების გამოყენება. ეს უკანასკნელი მსოფლიოს ყოველდღიური რეალობაა, გინდ ქვეყნებსა და გინდ ინდივიდებს შორის.

მე არასდროს მიცდია, მემტკიცებინა, რომ ადამიანები თანაბარუნარიანნი არიან და, თავიანთი ევოლუციური მემკვიდრეობისგან დამოუკიდებლად შეუძლიათ გააკეთონ ან გახდნენ ყველაფერი ის, რასაც თავად მოისურვებენ. ამის მტკიცებას არც ახლა ვაპირებ. ჩვენ ვერასოდეს ვიქნებით ისეთივე ალტრუისტები, როგორიც მუშა ფუტკრები არიან, ან ისეთივე მარტოსულები, როგორიც თევზი - ზღვის ეშმაკია. არ არსებობს ადამიანთა საზოგადოება, რომელშიც წევრებს მოეთხოვებათ, დღეში თორმეტჯერ ჰქონდეთ სექსი, ან საერთოდ არასდროს არ ჰქონდეთ. თუმცა ჩვენს გენეტიკურად ჩამოყალიბებულ მიდრეკილებებს ზღვარი აქვს - და ყურადღება მიაქციეთ, ეს დაიწერა ევოლუციური ბიოლოგის მიერ, რომელსაც ყველაფრის გენებით ახსნაში დასდეს ბრალი.

აქ მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ორი რამე: ადაპტაცია და უნარი. ენა, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, არის ადაპტაცია, რაც ყველა ნორმალურ ადამიანს შეუძლია, თუმცა დეტალები განსხვავებულ მოცემულობათა მიხედვით იცვლება. ამის საპირისპიროდ, წერა და კითხვა უნარებია (capacities), მეორეული მახასიათებლები, რომლებიც, დიდი ალბათობით, პირდაპირი გადარჩევის შედეგი არ არის, არამედ კულტურული პროცესის შედეგად არის განვითარებული. მსგავსად, სიარული თუ სირბილი ადაპტაციებია. ცალ ბორბალზე დგომა ან ხელებზე გავლა - უნარები. ჩემი აზრით, ადამიანთაშორისი ძალადობა ადაპტაციაა, მსგავსად სექსუალური პრაქტიკისა, მშობლიური ზრუნვისა, კომუნიკაციისა და ა.შ. ამ ყველაფრის ნახვა ადამიანთა ნებისმიერ საზოგადოებაში შეიძლება. რაც შეეხება ომს, რომელიც ისტორიულად ახალია და მსოფლიოში განსხვავებული ფორმებით არის წარმოდგენილი, თითქმის ნამდვილად უნარია. ხოლო უნარები არც საყოველთაოა და არც სავალდებულო.

უფრო ცხადად რომ ვთქვა: ძალადობა ფართოდ გავრცელებული და, საუბედუროდ, ღრმად ადამიანური ფენომენია. ძალადობა, როგორც ადაპტაცია, სხვა არაერთ სახეობაშიც ღრმადაა ფესვგადგმული. მაგრამ ომი სხვა რამეა. ომი უნარია, რომელიც გულისხმობს ჯგუფის წინააღმდეგ მიმართულ მომაკვდინებელ ძალადობას. შესაბამისად, იგი უნდა გავმიჯნოთ დაპირისპირების, ბრაზის, ვნებებით გამოწვეული დანაშაულის, შურისძიებისა თუ სხვა ტიპის მკვლელობებისგან. აბსურდულად პოზიტიურ რამეს რომ შევადაროთ: ძალადობა ქორწინებასავითაა, იმ აზრით, რომ ეს უკანასკნელი არის პროცესი, რომელიც - ადამიანების მიერ თავიანთი ურთიერთობის ფორმალურად მოწესრიგება - საყოველთაოდ (ყველა კულტურაში) გავრცელებული რამ არის. შესაბამისად, ადამიანის ადაპტაციური ბუნების სავარაუდო ნაწილია. რაც შეეხება ომს, ეს უფრო ჰგავს ქორწილის წინ პატარძლის მიერ წვეულების მოწყობის ტრადიციას ან ქორწილისთვის დამახასიათებელ სხვა წეს-ჩვეულებებს. არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ არც ფოტოგრაფის დაქირავება, არც რამდენიმე სართულიანი ტორტის შეკვეთა, არც მეჯვარეების დასახელება და არც ახალდაქორწინებულთა მანქანაზე ბავშვის ფეხსაცმელების მიმაგრება არ არის განპირობებული რომელიმე გენით. თუმცა ადამიანები მაინც აკეთებენ ასეთ რაღაცებს. იმავენაირად, მარტივი და ძველი ადამიანთშორისი ძალადობა არის ადამიანის ბუნების, მართალია სამწუხარო, თუმცა ნამდვილი შემადგენელი ნაწილი. ომი უფრო მეტად სამწუხაროც კია, თუმცა არ არის უფრო მეტად ნამდვილი, ვიდრე რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი საქორწილო ტრადიცია.

ფსიქოლოგი ბ. ფ. სკინერი წერდა: “არც ერთი თეორია არ ცვლის იმას, რასაც თავად გვიხსნის; ადამიანი იმად რჩება, რაც ყოველთვის იყო.” ეს მსჯელობა უმრავლესი ფენომენის შემთხვევაში სწორია: მზის სისტემა იგივეა, რაც იყო მაშინ, როცა პტოლემაიოსის თეორია ბატონობდა, არც კოპერნიკის, კეპლერისა და გალილეის უფრო ზუსტი გამოთვლების მერე შეცვლილა. გრავიტაციაც იგივე დარჩა ნიუტონამდე თუ მის შემდეგ.

თუმცა ადამიანის ბუნების შესახებ თეორიები ასეთი არ არის. როცა მე ვწერ ან ლექციებს ვკითხულობ  სხვადასხვა ჯიშის ზაზუნების სოციალურ ქცევასა და გამრავლების სტრატეგიების შესახებ, აქედან არანაირი სოციალურ-პოლიტიკური შედეგები არ გამომდინარეობს. მაგრამ როცა მე ლექციებს ადამიანთა ძალადობის, აგრესიის და/ან ომის წარმოების შესახებ ვკითხულობ, ძალიან დიდი განსხვავებაა, ვილაპარაკებ ჰიმალაებში მცხოვრებ მშვიდობიან ლეპჩას ხალხზე თუ აგრესიულ იანომამის ტომზე.

არ ვამბობ, რომ ადამიანის ბუნების შეცვლა ერთ კონკრეტულ თეორიას შეუძლია. ვგულისხმობ იმას, რომ ამ დროს იცვლება ჩვენი მოლოდინები და, შესაბამისად, ჩვენი ქცევა, რასაც საკმაოდ სერიოზული შედეგები მოჰყვება. თუ, მაგალითად, დარწმუნებული ვიქნებით, რომ თომას ჰობსი მართალი იყო და ადამიანები ბუნებრივად არიან მიდრეკილი აგრესიული, აუტანელი ქცევისკენ, ამას გავლენა ექნება ჩვენს პოლიტიკაზე, მათ შორის ჩვენი ეროვნული ბიუჯეტის პრიორიტეტებზე - რამდენი ჩავდოთ, მაგალითად, განათლებასა და ჯანდაცვაში და რამდენი - პოლიციასა და სამხედრო შეიარაღებაში - რაც შეიძლება გახდეს კიდეც საკუთარივე წინასწარმეტყველების აღმსრულებელი. რამდენჯერ გამოუკვებავს შეიარაღებაში შეჯიბრება ან საერთაშორისო უნდობლობა წინასწარ განწყობას, რომ მეორე მხარე აგრესიული, პოტენციურად მოძალადე და ომისკენ მიდრეკილია? ამ ყველაფერს კი გამოუწვევია იმგვარი პოლიტიკა და ნაბიჯები, რომლებსაც დამატებით გაუმყარებიათ ეს დაშვებები.

ადამიანის ფუნდამენტური ბუნების შესახებ თეორიები მაშინ გაცილებით უფრო გავლენიანი და მავნეა, როცა საქმე ომსა და მშვიდობას ეხება, ვიდრე მაშინ, როცა საუბარია სხვა ტიპის ევოლუციურ კვლევებზე, მაგალითად, აქვთ თუ არა თანამედროვე ადამიანებს ნეანდერტალელთა გენები, ან რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს გენებს ინდივიდზე, ჯგუფურ გადარჩევაზე და ა.შ. იმას არ ვამბობ, რომ პოსტმოდერნული სამყაროს რწმენას ვიზიარებ, რომ რეალობას ენა და იდეოლოგია ქმნის. არამედ იმას, რომ ამ კონკრეტულ იდეებს რეალური გავლენა აქვს ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიცაა ეროვნული სამხედრო ძალის გაზრდა თუ ომის დაწყება-არდაწყების გადაწყვეტილება.

არც იმას ვამტკიცებ, თითქოს მეცნიერული ცოდნა იმის მიხედვით უნდა შეფასდეს, თუ რა იდეოლოგიური, პოლიტიკური თუ სოციალური შედეგები გამომდინარეობს მისგან. იდეოლოგიის, თეოლოგიისა თუ ეთიკისგან განსხვავებით, მეცნიერულობის შეფასების ერთადერთი საშუალება მისი შედეგების გამცდარებადობის ხარისხია, ის დამაჯერებლობა, რომლის მიხედვითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ თეორიის სარგებლიანობის შესახებ და ის ზღვარი, სანამდეც გვაძლევს თეორია სხვა შემოწმებად იდეებს. თუმცა ფხიზლად უნდა ვიყოთ მაშინ, როცა მეცნიერება თანხმდება იდეოლოგიურ მიზნებზე მორგებას საკუთარი არასათანადო გამოყენების ხარჯზე. აქ არ იგულისხმება ის მცირე გადახვევა, რომელიც გამოწვეულია მეცნიერთა უნებლიე მიკერძოებულობით, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კვლევის სუბიექტთა არჩევაში - როცა, მაგალითად, ერთი ან ორი საზოგადოება აღებულია, როგორც მთელი კაცობრიობის გამომხატველი. უარესია, როცა საფრთხე არა მხოლოდ მეცნიერების არასათანადო გამოყენებას ეხება, არამედ მის სოციალურსა თუ პოლიტიკურ შედეგებსაც გადასწვდება.

ადამიანის გონება მიდრეკილია მარტივი დებულებებისკენ “ან ასეა ან ისე,” ღმერთი ან ეშმაკი, კოვბოები ან ინდიელები, ან ჩვენკენ ხარ ან ტერორისტებისკენ - თუმცა რეალობა გაცილებით უფრო კომპლექსური და ჩახლართულია. ეს მოიცავს განსაკუთრებით იმ, ერთი შეხედვით მარტივ, შეკითხვას, ადამიანები “ბუნებრივად,” “თანდაყოლილად” აგრესიულები და მოძალადეები არიან თუ არა. წარსულში გავრცელებული მოსაზრება, რომ ადამიანები “მკვლელი პრიმატები” არიან გზას იყო აცდენილი. იგივე შეიძლება ითქვას იმათ შესახებაც, ვინც ამტკიცებს, რომ ადამიანები ცალსახად მშვიდობიანი და თანამშრომლობისკენ მიდრეკილი არსებები არიან. ადამიანის ბუნება არც რუსოიანულია და არც ჰობსიანური. ჩვენს მხრებზე როგორც ეშმაკები, ისე ანგელოზები სხედან და ჩვენს ევოლუციურ განვითარებას განსხვავებულ მხარეს ექაჩებიან.

ამ გადმოსახედიდან, უნდა მივუტევოთ იმ მკითხველს, რომელიც ევოლუციას გზის საჩვენებლად შეჰყურებს და დაბნეული, მეტიც, იმედგაცრუებული რჩება იმის გააზრებით, რომ ჩვენი ბიოლოგიური მემკვიდრეობა ამდენად ბუნდოვანი თუ ორაზროვანია. ცხადია, ღირს, გამოვიკვლიოთ ჩვენი მიდრეკილებების ევოლუციური წარმომავლობა. თუმცა პასუხები მიგვიყვანს ისევ ჟან პოლ სარტრის სიტყვებთან, რომ ადამიანები “დაწყევლილი არიან, იყვნენ თავისუფალი”. მშვიდობის აპოლოგეტებს შეიძლება გაუხარდეთ, რომ ჩვენი ომისკენ მისწრაფება ბიოლოგიურად არ არის განპირობებული, ან შეიძლება ეწყინოთ კიდეც, რომ მშვიდობისკენ ცალსახად არ ვართ მიდრეკილი, თუმცა ჩვენ თავს ვერ დავაღწევთ იმ ვალდებულებას (თუ, საერთოდაც, მიდრეკილებას), რომ ჩვენი უნიკალურად ადამიანური მდგომარეობა შეძლებისდაგვარად გულწრფელად არ შევაფასოთ.

ადამიანის ომისკენ მიდრეკილებისა და მისი მშვიდობიანი ბუნების შეპირისპირებისას, გაცილებით უკეთესი იქნება, არა მხოლოდ მეცნიერული სიზუსტისთვის, არამედ ასევე სოციალურ შედეგთა გამოც, თუ გავითალისწინებთ ადამიანის ბუნების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფიგურის თეოდორ გაიზელის (იგივე დოქტორ სუსის/Dr Seuss) სიტყვებს: “თავში გაქვთ ტვინი, ფეხსაცმელში ფეხები. შეგიძლიათ, იმ მიმართულებით წახვიდეთ, საითაც მოისურვებთ.”

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ორიგინალში არის სიტყვათა თამაში “killer apps” და “killer apes”

[2] ავტორი ისევ სიტყვებით თამაშობს - ზემოთ ჩამოთვლილი ზედსართავი სახელების პირველი ასოები ინგლისურ ენაზე ქმნის აბრევიატურას WEIRD, რაც უცნაურს, არასტანდარტულს ნიშნავს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“