საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გერმანულიდან თარგმნა ლუკა ნახუცრიშვილმა
ძალადობის[i] კრიტიკის[ii] ამოცანა შეიძლება გარშემოვწეროთ, როგორც სამართალსა (Recht) და სამართლიანობასთან (Gerechtigkeit) ძალადობის მიმართების წარმოჩენა. ვინაიდან რაიმე მიზეზი, განურჩევლად მისი ქმედითობის ხარისხისა, ძალადობად, ამ სიტყვის ზუსტი გაგებით, მხოლოდ ზნეობრივ ურთიერთობებში[iii] ჩარევისას იქცევა. ამ ურთიერთობათა სფერო სამართლისა და სამართლიანობის ცნებებით აღინიშნება. სამართალს რაც შეეხება, უპირველეს ყოვლისა ნათელია, რომ ყოველგვარი მართლწესრიგის (Rechtsordnung) ყველაზე ელემენტარული საფუძველკავშირი მიზნისა და საშუალების ურთიერთმიმართებაში მდგომარეობს. გარდა ამისა, ძალადობის მოძიება თავდაპირველად მხოლოდ საშუალებების, და არა - მიზნების, სფეროშია შესაძლებელი. ამ ყველაფრის დადგენით ძალადობის კრიტიკისათვის თავისთავად უკვე იმაზე მეტი - და განსხვავებული [საფუძველი] - გვეძლევა, ვიდრე ეს პირველი შეხედვით ჩანს. კერძოდ, თუ ძალადობა საშუალებაა, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მისი კრიტიკის საზომი თავისთავად მოცემულია. საზომის საკითხი თავს იჩენს მაშინ, როდესაც ვკითხულობთ, სამართლიანია თუ უსამართლოა თითოეულ შემთხვევაში ის მიზნები, რომლებთან მიმართებაშიც ძალადობა გამოიყენება როგორც საშუალება. შესაბამისად, ძალადობის კრიტიკა იმპლიციტურად იქნებოდა მოცემული სამართლიანი მიზნების ნებისმიერ სისტემაში. მაგრამ ეს ასე არ არის. რადგან, თუნდაც დავუშვათ, რომ ამგვარი სისტემა დაცული იქნებოდა ყველანაირი ეჭვისგან, ის არა თავად ძალადობის როგორც პრინციპის, არამედ მხოლოდ ძალადობის გამოყენების შემთხვევების [კრიტიკის] კრიტერიუმს დაიტევდა. კვლავაც ღია დარჩებოდა კითხვა, ძალადობა საერთოდ, როგორც პრინციპი, თუნდაც როგორც სამართლიანი მიზნების მისაღწევი საშუალება, ზნეობრივი შეიძლება იყოს თუ არა. ირკვევა, რომ ამ კითხვის გადასაჭრელად მაინც საჭიროა უფრო უშუალო კრიტერიუმი, განსხვავების დადგენა თავად საშუალებების სფეროში, იმ მიზნების განხილვის გარეშე, რომელთაც ისინი ემსახურებიან.
საკითხის დასმის ამ უფრო ზუსტი კრიტიკული წესის გამოთიშვა სამართლის ფილოსოფიის ერთ დიდ მიმდინარეობას - ბუნებით სამართალს - ახასიათებს და მის ყველაზე თვალშისაცემ მახასიათებლადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ. ბუნებითი სამართლისთვის ისევე არ წარმოადგენს პრობლემას სამართლიანი მიზნებისათვის ძალადობრივი საშუალებების გამოყენება, როგორც ადამიანისთვის - საწადელი მიზნისაკენ თავისი სხეულის მიმართვის “უფლება“[iv]. ბუნებითი სამართლის თვალსაზრისით (რომელიც ფრანგული რევოლუციის ტერორიზმის იდეოლოგიური საძირკველი გახდა), ძალადობა ბუნების პროდუქტია, ერთგვარი ნედლი მასალა, რომლის გამოყენებაც არანაირ კითხვას არ ბადებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ძალადობას ბოროტად, უსამართლო მიზნებისათვის, იყენებენ. სახელმწიფოს შესახებ ბუნებითი სამართლის მოძღვრების მიხედვით, პიროვნებების მხრიდან მთელი თავიანთი ძალისუფლების[v] სახელმწიფოსთვის გადალოცვის წანამძღვარი (რასაც, მაგალითად, სპინოზაც მკაფიოდ ადგენს თავის თეოლოგიურ-პოლიტიკურ ტრაქტატში) ისაა, რომ თითოეული თავისთავად და თავისთვის (an und für sich), და ამგვარი გონიერი ხელშეკრულების დადებამდე, ნებისმიერ ძალ[ისუფლებ]ას, რომელსაც de facto ფლობს, de jure იყენებს კიდევაც. შესაძლოა, ამ შეხედულებების გამოცოცხლებას ნაგვიანევად ხელი დარვინის ბიოლოგიამაც შეუწყო, რომელიც სრულიად დოგმატურად მიიჩნევს, რომ, ბუნებრივი გადარჩევის გარდა, ძალადობაა პირველყოფილი და ბუნების ნებისმიერი სასიცოცხლო მიზნისათვის ერთადერთი შესაფერისი საშუალება. ვულგარიზებულმა დარვინისტულმა ფილოსოფიამ მრავალგზის გვაჩვენა, რაოდენ პატარაა ნაბიჯი ამ ბუნებისისტორიული დოგმიდან იმ კიდევ უფრო უხეში, სამართლისფილოსოფიური დოგმისკენ, რომ ძალადობა, რომელიც ლამის თავისთავად მიესადაგება ბუნებით მიზნებს, ამიტომვე მართლზომიერიცაა (rechtmäßig).
ბუნებითი სამართლის ამ თეზისს ძალადობის როგორც ბუნებრივი მოვლენის შესახებ დიამეტრალურად უპირისპირდება პოზიტიური სამართლის თეზისი ძალადობის ისტორიული განპირობებულობის (Gewordenheit) შესახებ. თუ ბუნებით სამართალს ნებისმიერი [ფაქტობრივად] არსებული (bestehende) სამართლის განსჯა მხოლოდ მისი მიზნების კრიტიკით შეუძლია, პოზიტიურ სამართალს ქმნადობის პროცესში მყოფი (werdende) სამართლის განსასჯელად მხოლოდ მისი საშუალებების კრიტიკა ძალუძს. თუ სამართლიანობა მიზნების კრიტერიუმია, მართლზომიერება საშუალებების კრიტერიუმია. მაგრამ, მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, ორივე სკოლა ერთ საფუძველმდებარე დოგმას იზიარებს: სამართლიანი მიზნები შეიძლება გამართლებული საშუალებებით მიიღწეს, ხოლო გამართლებული საშუალებები სამართლიანი მიზნებისკენ იქნეს მიმართული. ბუნებითი სამართალი მიზნების სამართლიანობის მეშვეობით საშუალებების “გამართლებისკენ“ („rechtfertigen“) ილტვის, პოზიტიური სამართალი კი საშუალებათა გამართლებულობის დადგენით (Berechtigung) ცდილობს მიზნების სამართლიანობის “გარანტირებას“. ეს ანტინომია ამოუხსნელად შეიძლება ჩავთვალოთ, თუ მათი საერთო დოგმატური წანამძღვარი არასწორი აღმოჩნდება: თუ, ერთი მხრივ, გამართლებული საშუალებები და, მეორე მხრივ, სამართლიანი მიზნები შეურიგებელ წინააღმდეგობაში არიან ერთმანეთთან. მაგრამ, ამ ვითარების გაგებას მანამ ვერ მოვახერხებთ, სანამ წრეს არ გავარღვევთ და, როგორც სამართლიანი მიზნებისთვის, ისე გამართლებული საშუალებებისთვის, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ კრიტერიუმებს არ წამოვაყენებთ.
თარგმანი სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში
[i] გერმანული სიტყვა Gewalt ერთდროულად შეიცავს ძალის, ძალადობის, ძალაუფლების, სუვერენული “სუფევის“, ავტორიტეტის, იძულების მნიშვნელობას. წინამდებარე ტექსტში ბენიამინი არსად არ იძლევა მის ერთმნიშვნელოვან განმარტებას, პირიქით, ის მუდმივად იყენებს მის სემანტიკურ მრავალფეროვნებას და მხოლოდ კონტექსტიდან გამომდინარე აძლევს ორიგინალის მკითხველს საშუალებას, გაარჩიოს, რომელიმე ერთი კონოტაცია იგულისხმება თუ რამდენიმეს კომპლექსური და თარგმანში რთულად მოსახელთებელი სინთეზი. (მთარგმნელის შენიშვნა. ქვემოთ ყველა შენიშვნა ეკუთვნის მთარგმნელს, გარდა დამოწმებული ლიტერატურისა.)
[ii] “კრიტიკა“ ამ შემთხვევაში უნდა გავიგოთ არა ვულგარული გაგებით, როგორც გაკიცხვა და უარყოფა, არამედ ფილოსოფიური, კანტისეული გაგებით, როგორც შესამცენებელი საგნისა თუ თავად შემეცნების საზღვრებისა და ხასიათის დადგენის სამუშაო. “კრინეინ“ ძველბერძნულში ბევრ სხვა მნიშვნელობასთან ერთად გულისხმობს გამიჯვნას, გამორკვევას, განსხვავებების დადგენას.
[iii] “ზნეობრივი“ (sittlich) აქ უნდა გავიგოთ “ზნეობის“ (Sittlichkeit) ჰეგელისეული მნიშვნელობით, როგორც ოჯახის, “სამოქალაქო საზოგადოების“, სამართლისა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების ერთიანობა, რომელშიც ინდივიდი ჰარმონიაში მოდის საყოველთაოობასთან.
[iv] გერმანულში სიტყვა Recht ნიშნავს “სამართალსაც“ და “უფლებასაც“. ბენიამინი მას ხშირად ამ ორმაგი დატვირთვით იყენებს. ზემოთ მოყვანილ კონკრეტულ შემთხვევაში Recht ბრჭყალებშია ჩასმული, რითიც ბენიამინი გარკვევით მიანიშნებს იმაზე, რომ საუბარი ადამიანის (გადატანითი მნიშვნელობით გაგებულ) “უფლებაზეა“, სხეული თავისი ნებისდა მიხედვით მართოს.
[v] ამ შემთხვევაში Gewalt-ს “ძალისუფლებად“ ვთარგმნით იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიების მიერ წარმოსახული “ბუნებითი მდგომარეობის“ ფიქციაში თითოეული ადამიანი საკუთარი თავის ძალაუფალია და თვითნებურად შეუძლია ძალის, ძალადობის უფლების, გამოყენება.
ინსტრუქცია