საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათ უფლებებზე მომუშავე 17-მა ორგანიზაციამ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ ერთობლივი ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა.
გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს მოხდა და ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტია.
წარდგენილი ალტერნატიული ანგარიში მოიცავს საქართველოს მიერ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირებიდან 2 წლიან პერიოდს. კერძოდ, აფასებს მოცემულ საანგარიშო პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ამ დროისთვის არსებულ მთავარ გამოწვევებსა და პრობლემებს.
ალტერნატიული ანგარიში აანალიზებს ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოს, სახელმწიფო პოლიტიკასა და პრაქტიკას კონვენციის ყველა ძირითად მუხლთან მიმართებით და მოიცავს შემდეგ საკითხებს: სახელმწიფოს ზოგადი ვალდებულებები, თანასწორუფლებიანობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, მისაწვდომობა, თანაბარი სამართალსუბიექტობის უფლება, მართლმსაჯულების მისაწვდომობა, პიროვნების თავისუფლება და უსაფრთხოება, დამოუკიდებელი ცხოვრება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა, ინდივიდუალური მობილობა, აზრის გამოხატვის თავისუფლება, ინფორმაციაზე მისაწვდომობა, საცხოვრებლისა და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა, განათლება, ჯანმრთელობა, აბილიტაცია და რეაბილიტაცია, შრომა და დასაქმება, ცხოვრების ადეკვატური სტანდარტი და სოციალური დაცვა, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, მონაწილეობა კულტურულ, სპორტულ, გასართობ და რეკრეაციულ ღონისძიებებში, სტატისტიკა და მონაცემთა შეგროვება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის აღსრულების მექანიზმი.
ალტერნატიულ ანგარიშში ასევე მოცემულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომაროების გაუმჯობესების მიზნით კონკრეტული რეკომენდაციები კონვენციით დაცულ თითოეულ სფეროსთან მიმართებით. ანგარიშის წარმომდგენი ორგანიზაციები იმედს გამოვთქვამთ, რომ კომიტეტი გაითვალისწინებს მათ საქართველოსადმი გაცემულ რეკომენდაციებში.
ანგარიშის მომზადებისას გამოყენებული იყო საჯარო დაწესებულებების მხრიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაცია, ორგანიზაციების კვლევითი დოკუმენტები, საკითხთან დაკავშირებული მეორედი წყაროები, შეზღუდული შესაძლებლობს მქონე პირთა თემთან/მათ მშობლებთან ჩატარებული ფოკუს ჯგუფებისა და ინდივიდუალური შეხვედრების შედეგები.
ანგარიშის წარმდგენი ორგანიზაციები აქტიურად მიადევნებენ თვალს გაეროს კომიტეტის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან დაკავშირებით წარდგენილი სახელმწიფო ანგარიშის განხილვას, აქტიურად ჩაერთვებიან მისი მოსმენისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ადვოკატირების პროცესში.
ჩრდილოვანი ანგარიშის წარმდგენი ორგანიზაციები:
ინსტრუქცია