[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური სამართლიანობა / სტატია

ანტისოციალური პოლიტიკა საქართველოში - შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კვლევის კრიტიკა

ნაწილი 1

შესავალი

პოსტ-საბჭოთა კაპიტალიზმში, როგორც წესი, მწვავე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს, სახელმწიფო რიტორიკის დონეზე, მუდმივად უკავშირებენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ გაჩენილ კრიზისს, საიდანაც გამოსვლას, საქართველო უკვე 25 წელია ვერ ახერხებს, თითქოსდა ამ თავდაპირველი კრიზისის კომპლექსურობის გამო.

პოპულარული პოლიტიკური რიტორიკა, რა თქმა უნდა ამ კრიზისის დაუძლევლობას ისევ საბჭოთა სისტემის ნარჩენებთან ბრძოლის სირთულეს და გარდამავალ პერიოდში წარმოქმნილ პრობლემებს აბრალებს. ასეთი არგუმენტია, მაგალითად, სტრუქტურული უმუშევრობის ფენომენი, რომელიც ზოგადად გულისხმობს დროთა განმავლობაში სამომხმარებლო მოთხოვნის სტრუქტურასა და ტექნოლოგიაში მომხდარი ცვლილებების შედეგად, სამუშაო ძალაზე ერთობლივი მოთხოვნის სტრუქტურის შეცვლას, რაც იწვევს იმას, რომ პროფესიათა ზოგიერთ სახეობაზე (რომელიც ადრე შესაძლოა არც არსებულიყო) მოთხოვნა იზრდება. ამ შემთხვევაში, უმუშევრობა წარმოიშობა იმიტომ, რომ სამუშაო ძალა სრულად ვერ პასუხობს ახალ ცვლილებებს სამუშაო ადგილების სტრუქტურაში, მათი გამოცდილება და უნარები ძველდება და გამოუსადეგარი ხდება ტექნოლოგიასა და სამომხმარებლო მოთხოვნის ხასიათში ცვლილებათა გამო.

საქართველოში, როგორც პოსტ-საბჭოთა სივრცეში, უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში პროგრესულად არ შემცირებულა, ირიბად ხსნიან სტრუქტურული უმუშევრობის ფაქტორით, როგორც გარდამავალი პერიოდის მიერ მოტანილი სტატუს-ქვოს არსებობით. თუმცა, მეორე მხრივ, უკვე ათწლეულებია, სწორედ ეს რიტორიკა ხდება მყარი საფუძველი ანტისოციალური პოლიტიკის წარმოებისათვის – რომელიც, ამ შემთხვევაში, (შრომის ბაზართან მიმართებაში) განისაზღვრება, როგორც: 1) ბაზრის მოთხოვნის უპირველეს განმსაზღვრელად აღიარება, 2) სახელმწიფოს ჩაურევლობა ამ მოთხოვნის შინაარსის სტრუქტურირებაში და 3) ამ ჩაურევლობის შედეგად მოტანილი დისბალანსის ისევ სამუშაო ძალის არაკვალიფიციურობაზე გადაბრალება. ეს ცირკულაციური ჯაჭვი არა გარდამავალი პერიოდის შემდგომი კრიზისის, არამედ უკვე საქართველოს, როგორც საბაზრო ეკონომიკის ქვეყნის მიერ, სოციალური პოლიტიკის თავიდან არიდების შედეგია, რაც ყოველი ციკლის დასრულების შემდგომ, იგივე ან უარესი სიმწვავით, თავიდან იწვევს ახალ კრიზისს.

ამას შეუძლებელია დავარქვათ კრიზისებთან ბრძოლის არაეფექტური ან სპეციფიური პოლიტიკა, მეტიც, ეს კანონზომიერი პრაქტიკაა და ის გვიანდელ კაპიტალიზმს ახასიათებს, როგორც კრიზისების კვლავწარმოების პრაქტიკა. ჩვენს შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამას ემატება „პოსტ-საბჭოთა“ ქვეყნის სინდრომი, თითქოს მეოთხედი საუკუნის წინ წარმოქმნილ კრიზისთან გამკლავება შეუძლებელი იყოს ისევ და ისევ წარსულიდან გამომდინარე, რადგან ეს წარსული მომავლის უპირობო განმსაზღვრელია, რომელიც თავის თავში იმანენტურად გულისხმობს კრიზისის ბოლომდე გადალახვის შეუძლებლობას – რაც, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო სპეციფიკურ ხასიათს იღებს ყოველდღიურ სოციალურ დინამიკაში, როგორც წმინდა კულტურული ფენომენი, რადგან ძირითადად, ეს ნარატივი პირდაპირი სახელდების გარეშე არსებობს და მოქმედებს გადაუმოწმებელი ჭეშმარიტების პრინციპით – ხშირად, არც კი ითქმის, არამედ, იგულისხმება და ასე შემდეგ.

საბჭოთა ქვეყნის, როგორც გეგმიური ეკონომიკის აქტორის გადასვლა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე მოხდა ისე, რომ არცერთი სახელმწიფო აპარატი და სფერო არ იყო მზად მსგავსი ცვლილებისათვის. საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დანერგვა საქართველოში არ ყოფილა სტრუქტურულად განსაზღვრული, თანმიმდევრული პროცესი, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა დავკვირვებოდით კაპიტალიზმის განვითარებას მისი დინამიკის კლასიკურ პირობებში, არამედ განხორციელდა სხვადასხვა ველური მეთოდებით, რაც ახასიათებს კიდეც პოსტსაბჭოთა საბაზრო სისტემას; ხოლო სახელმწიფო სიმდიდრე, მაგალითად ინდუსტრიული ტექნოლოგიის დიდი ნაწილი, საბჭოთა ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ, არათუ გადავიდა კერძო მფლობელის ხელში, არამედ, საერთოდ გავიდა ქვეყნიდან ჯართის სახით. უმნიშვნელოვანესი ინდუსტრიული ობიექტები, რომლებიც წარმოადგენდა მთავარ კონტრიბუტორებს ქვეყნის ბიუჯეტში, ნელ-ნელა სრულად იქნა პრივატიზებული, ხოლო განათლების სისტემამ ვერ შეძლო იმ ცოდნის კონსერვაცია, რაც საბჭოთა საქართველოს გააჩნდა, როგორც მეცნიერული მემკვიდრეობა. ამას მოჰყვა ნაციონალური მოძრაობის მმართველობა და ის ქირურგიული რეფორმები, რომლებიც ლოკალური საჭიროებების გაანალიზების საფუძველზე არ შექმნილა, არ შექმნილა კვლევების საფუძველზე, არ შექმნილა რეალური ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ შეიქმნა ნეოლიბერალური პოლიტიკების პირდაპირი იმპლანტაციით კონტექსტის განურჩევლად, ფასადური და რეპრეზენტატული საგარეო პოლიტიკის საწარმოებლად შიდა მკაცრი და ანტისოციალური პოლიტიკის ხარჯზე, რეპრესიული აპარატების გაძლიერებითა და სახელმწიფო ჩინოვნიკების მონოპოლისტურ ბიზნეს კლანად გადაქცევით, რაღათქმაუნდა, დერეგულაციის ხარჯზე. შესაბამისად, ცვლილებების უმეტესი ნაწილი მოტივირებული იყო პოლიტიკური და ბიზნეს ელიტების ვიწრო ინტერესებით, რაც მდგომარეობდა როგორც მათი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაში, ისე მათთვის პოლიტიკური პოზიციების შენარჩუნებაში.

წინამდებარე ნაშრომის მიზანია აღწეროს შრომის ბაზარზე არსებული სოციალური და ეკონომიკური გამოწვევები, როგორც არა პოსტ-საბჭოთა ქვეყნისათვის დამახასიათებელ პრობლემათა ჯაჭვი, არამედ როგორც პოსტ-საბჭოთა ანტისოციალური სახელმწიფოს პოლიტიკის პირდაპირი შედეგი, რისთვისაც დავეყრდნობით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებულ შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კვლევას, რომელიც 2015 წლის 30 დეკემბერს გამოქვეყნდა. დოკუმენტი საქართველოში არსებული შრომის ბაზრის სპეციფიკას ასახავს, მასშტაბურ რაოდენობრივ და თვისობრივ კვლევაზე დაყრდნობით; ასევე, დავეყრდნობით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მონაცემებს და განვიხილავთ უკანასკნელი 25 წლის მანძილზე სახელმწიფოს მიერ განხოციელებულ სხვადასხვა ეკონომიკურ და სოციალურ რეფორმებსა და ინიციატივებს.

შრომის ბაზრის კვლევის მეთოდოლოგია და რეპრეზენტატულობა

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მთავრობებს აქამდე არ ჰქონიათ მსგავსი შინაარსისა და მასშტაბის კვლევის ჩატარების ინიციატივაც კი, კვლევა საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა, თუნდაც, მხოლოდ რაოდენობრივი მონაცემების ანალიზის კუთხით, ასევე შემდგომი კვლევების მიზნების ფორმულირებისა თუ სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისათვის სხვადასხვა სფეროებში, განსაკუთრებით ეკონომიკური ინიციატივების, დასაქმების პოლიტიკისა და განათლების სისტემაში მოსალოდნელი ცვლილებების კუთხით. თუმცა, რა ტიპის ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ეს მას შემდეგ განვიხილოთ, რაც მოკლედ მიმოვიხილავთ კვლევის შედეგებსა და ამ შედეგების მიერ ირიბად გამოკვეთილ ძირითად სოციალურ და ეკონომიკურ სიმპტომებს.

კვლევის სრული სათაურია „შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კვლევა“, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩატარებული სამუშაო მთლიანად ბაზრის მოთხოვნაზეა ფოკუსირებული და შედეგად, მასთან შესაბამისობაში განიხილავს უმუშევრობის, განათლების დონის, სამუშაო ძალის შემადგენლობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ასევე, დოკუმენტში საკმაოდ მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ კვლევის მიზანს წარმოადგენდა დამსაქმებლის მოთხოვნა/განწყობების შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვება დამსაქმებელთა გამოკითხვის მეშვეობით.

კვლევის მიზნებში ხაზგასმულია, რომ დამსაქმებელთა გამოკითხვის მეშვეობით, შრომის ბაზრის შესახებ მიღებული დეტალური ინფორმაცია სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის ამ კუთხით გააქტიურების საფუძველი უნდა გახდეს: სახელმწიფო უწყებების, სოციალური პარტნიორების, დასაქმების კერძო სააგენტოების, სამუშაოს მაძიებლების, სხვადასხვა კვლევითი, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების და ასე შემდეგ. ირიბად ეს გულისხმობს, რომ ყველა ამ მხარემ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს კვლევის მიერ გამოვლენილი პრობლემის გადაჭრაში, კონკრეტულად კი ბაზრის მოთხოვნა/მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრისათვის.

თავისთავად, კვლევის ასეთი ორიენტირი უკვე მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო შრომით პოლიტიკას, დასაქმების პოლიტიკას, განათლების პოლიტიკას და ქვეყნის სხვა კომპლექსურ სოციალურ გამოწვევებს მხოლოდ დამსაქმებლის პერსპექტივიდან განსაზღვრავს. გარდა ამისა, ამგვარი ფოკუსი პირდაპირ მიგვითითებს იმაზეც, რომ აღნიშნული კვლევის შედეგები დღეს მხოლოდ დამსაქმებლის მოთხოვნა/განწყობის მიხედვითაა მოპოვებული და კლასიფიცირებული.

გარდა იმისა, რომ შრომის ბაზრის სპეციფიკის გასაგებად მხოლოდ დამსაქმებლის გამოკითხვა არაეფექტურია სიღრმისეული შედეგის მისაღებად, თავისთავად, შრომის ბაზარიც არ შედგება მხოლოდ ბაზრის მოთხოვნისაგან, რომელსაც უნდა მოერგოს სახელმწიფო პოლიტიკა და სამუშაო ძალის შემადგენლობა/კვალიფიკაცია. ბაზრის მოთხოვნა ერთ-ერთი კომპონენტია იმ მრავალშრიანი განზომილებისა, რასაც წარმოადგენს შრომითი ურთიერთობების მთლიანი, მოქმედი სქემა. ეს სქემა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განსაკუთრებით სპეციფიურია ისეთ ქვეყნებში, სადაც საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა მოხდა სწრაფად და ქირურგიულად, ყოველგვარი სოციალური კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, სადაც საბაზრო ეკონომიკა და შემდგომ უკვე ნეოლიბერალური რეფორმები იყო პასუხი საბჭოთა კეთილდღეობის სისტემაზე, ისევე როგორც, ზოგადად, ეგრეთწოდებული ნეოლიბერალური „ბუმი“ იყო პასუხი დასავლური კეთილდღეობის პოლიტიკის პრაქტიკაზე, თუმცა ევროპისა და ამერიკის შემთხვევაში ეს უფრო მეტად იყო რეაქცია 70-იან წლებში მოგების ნორმის დაცემაზე, რასაც მოყვა სოციალური დანახარჯების შემცირების ტალღა, და ასევე კაპიტალისტური კლასის პასუხი მუშათა კლასის გაძლიერებაზე. ჩვენთან ეს „პასუხი“, როგორც აღვნიშნეთ, პოლიტიკური და კრიმინალური ელიტის კაპიტალისტურ კლასად გარდაქმნას დაემთხვა.

ასეთ კონტექსტში, დასაქმების, უმუშევრობის, განათლების დონის თუ სხვა სოციალური კომპონენტების შესწავლა უნდა მოხდეს სიღრმისეული სოციალური და ეკონომიკური კვლევების საფუძველზე, რომელიც სტრუქტურულად წარმოაჩენს პრობლემის წყაროებს; გააანალიზებს ფუნდამენტური სოციალური ცვლილებების ხასიათს და შედეგებს, რაც გარდამავალი პერიოდიდან ახასიათებს ქვეყანას. სხვა შემთხვევაში, მხოლოდ წლიური მონაცემების ან მხოლოდ ერთი კომპონენტის (ბაზრის მოთხოვნის) კვლევა ვერ იქნება ფუნდამენტური პროგრესული ცვლილებების საფუძველი, იმ პრობლემის სიღრმისეული აღმოფხვრისთვისაც კი, რაც კვლევის შედეგების შეჯამებისას გამოიკვეთა, როგორც მთავარი პრობლემა: ესაა დისბალანსი ბაზრის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის, ანუ დისბალანსი დამსაქმებლის მოთხოვნასა და სამუშაო ძალის შემადგენლობას შორის.

რადგან კვლევა ნაკლებად აქცენტირებს მთელ რიგ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებზე, პროცესებსა და პრობლემებზე, რაც ამ დისბალანსის რეალურ საფუძვლებს შეიძლება წარმოადგენდეს, დოკუმენტში წარმოდგენილი მონაცემები მაინც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის საქართველოს შრომის ბაზრის სპეფიციკის შესახებ. წინამდებარე ნაშრომის პირველი ნაწილი ამ მონაცემების ანალიტიკურ მიმოხილვასთან ერთად, სწორედ ზემოთ ხსენებული დაკარგული აქცენტების აქტუალიზებასაც ისახავს მიზნად.

სამუშაო ძალის რაოდენობა და კონცენტრაცია

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კვლევა განხორციელდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედი ორგანიზაციების ბაზის საფუძველზე, რომელიც მოიცავს 73 889 სუბიექტს. (როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებს) აქედან, გარკვეული პროცენტულობით შეირჩა დიდი, საშუალო და მცირე ბიზნესი, საჯარო სექტორი და ასევე იმ ორგანიზაციების ნაწილი, რომელთაც ბაზაში სტატუსი არ ჰქონდათ მითითებული.

რაოდენობრივმა კვლევამ მოიცვა საქართველოს 11 რეგიონი. მონაცემების განზოგადების შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოს მასშტაბით არსებულ ორგანიზაციებში სულ დასაქმებულია 908,374 ადამიანი. კვლევამ აჩვენა, რომ ამ რიცხვის ნახევარზე მეტი – 497,135 ადამიანი, თბილისშია დასაქმებული.

აქ საჭიროა გავაანალიზოთ დედაქალაქში სამუშაო ძალის კონცენტრაციის მაღალი მაჩვენებელი, რაც საფრთხეს უქმნის ქალაქის, როგორც სპეციფიური საზოგადოებრივი ორგანიზმის ჯანსაღ ფუნქციონირებას. აღნიშნული მონაცემი უკვე ოფიციალურად მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე თბილისი ერთადერთი მსხვილი „შრომითი ცენტრია“ და აქედან გამომდინარე, სახეზეა ქალაქში წლების განმავლობაში მზარდი მიგრაციის პრაქტიკა, რაც ისედაც არსებული საერთო სოციალური პრობლემების კიდევ უფრო გამწვავების საბაბი ხდება – ცენტრსა და პერიფერიებს შორის ეკონომიკური უთანასწორობის, სივრცითი და კლასობრივი სეგრეგაციის, მუნიციპალური რესურსების გადანაწილების, საბინაო თუ სატრანსპორტო – საგზაო პრობლემების გაღრმავების და ასე შემდეგ. ამ პროცესებს თავისთავად აძლიერებს თბილისის, როგორც ქალაქის ტიპი, რომელიც ბაზისური ქალაქდაგეგმარებითა და განაშენიანებით არ არის გათვლილი სამუშაო ძალის (არამხოლოდ მოსახლეობის, არამედ თბილისის შემოგარენიდან, რეგიონებიდან ყოველდღიურად მოძრავი სამუშაო ძალის) მოძრაობის ასეთ მასშტაბსა და ინტენსივობაზე, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში, ეგრეთწოდებულმა მშენებლობების „ბუმმა“ ქალაქის იერსახისა და სოციალური ფუნქციების სიღრმისეული ცვლილება გამოიწვია. ერთის მხრივ, დედაქალაქის სოციალური ფუნქციის მოშლა სამუშაო ძალის მაღალი კონცენტრაციის გამო, მეორეს მხრივ წლების განმავლობაში იწვევდა და იწვევს ქვეყნის რურალური ნაწილის დაცლას, გაღარიბებას და მიტოვებას, ანუ მის ეკონომიკურად, სოციალურად და საზოგადოებრივად უფუნქციო სივრცედ საბოლოოდ გარდაქმნას. თუმცა, იგივე ტენდენცია ახასიათებს არამხოლოდ სოფლებს, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებსაც. აქ შეგვიძლია მოვიყვანოთ ქუთაისის მაგალითი, რომელშიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მონაცემებით, ერთ წელიწადში (2013-2014) მოსახლეობა შემცირდა 48,000-ით, რამაც მას წაართვა რიცხოვნებით ქვეყნის მეორე ქალაქის სტატუსი.

თანამედროვე კაპიტალიზმის პირობებში, სოფლიდან ქალაქად სამუშაო ძალის გადინებას, ჩვენ, ცხადია ვერ ავიცდენთ თავიდან, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ორიენტირებული იქნებოდა ეფექტური დასაქმების პოლიტიკის, ან უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი პროგრამის შემუშავებაზე, სახელმწიფო შეძლებდა ორიენტირებას როგორც ქვეყნის რურალური ნაწილის განვითარებაზე, ასევე საქართველოს სხვა ქალაქების ალტერნატიულ შრომით ცენტრებად გარდაქმნაზე. აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საუბარი არაა ბათუმის, თელავის, სიღნაღისა და სხვა ქალაქების რესტრუქტურირების მსგავს ფასადურ პროექტებზე, სადაც მინიმალურად იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ისიც მაქსიმალურად არაპროდუქტიულ სექტორში და დანარჩენი განვითარების გეგმა მთლიანად მითიური ტურიზმის ან მოსახლეობის მიერ თვითდასაქმების სხვადასხვა არასტაბილურ გზებზეა დამოკიდებული.

დავუბრუნდეთ სამუშაო ძალის განაწილების რაოდენობრივ მონაცემს. 497,135 ადამიანი, საერთო დასაქმებულთა რაოდენობის ნახევარზე მეტი, რომელიც თბილისშია დასაქმებული, არის ის მონაცემი, რომელიც მკვლევარებს მიაწოდეს დამსაქმებლებმა. შესაბამისად, მთლიანი მონაცემიც, ანუ 908, 374 დასაქმებული ადამიანი, არის დამსაქმებელთა მიერ საკუთარ რიგებში აღრიცხულ მშრომელთა რაოდენობა. საინტერესოა ის, რომ ეს მონაცემი არ ემთხვევა საქსტატის ოფიციალურ მაჩვენებელს. (იხ.დიაგრამა #1).

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი, 2014 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულია 692,000 ადამიანი. კვლევა, როგორც აღვნიშნეთ, დასაქმებულთა გამოკითხვის მეშვეობით ასახელებს 908,374 ადამიანს. კვლევაში მითითებულია, რომ მოცემული მაჩვენებლები ემთხვევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის შედეგებს, რომელიც, 2015 წლის II კვარტლის მონაცემებით, ითვლის 919,700 დაქირავებით დასაქმებულ ადამიანს. საქსტატისავე აღწერით, 1999 წლიდან 2014 წლამდე, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, მუდმივად 700,000-ის ფარგლებში მონაცვლეობს და მას არ აღემატება. შესაბამისად, ერთ წელიწადში ამხელა ცვლილება, დაახლოებით 200,000 ით გაზრდა დასაქმებულთა რიცხვის, ფაქტობრივად, გამორიცხულია. საქსტატმა დაადასტურა ეს სხვაობა და ის ახსნა სამუშაო ადგილების, და არა დასაქმებული ადამიანების რაოდენობით. მაგალითად, ერთი ადამიანი შესაძლოა დასაქმებული იყოს რამდენიმე სამუშაო ადგილზე ერთდროულად, რაც გვაძლევს მონაცემთა შორის სხვაობას. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ შრომის ბაზრის კვლევის მეთოდოლოგია დასაქმებულთა რაოდენობის კვლევისას, არასათანადოდ გამართულია, რადგან დამსაქმებლებმა მკვლევარებს ინფორმაცია, რეალურად, მიაწოდეს სამუშაო ადგილების, და არა დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ.

13090759_234594266903605_720981535_o

დიაგრამა #1

თუმცა, ოფიციალური მონაცემების მიღმა, ასეთი სხვაობის/სხვაობების არსებობა შესაძლოა სხვა პროცესებზეც მიანიშნებდეს, რაც კვლევათა მეთოდოლოგიაში არ არის გათვალისწინებული. მაგალითად, შესაძლოა, რომ იმ ორგანიზაციებს, ან ორგანიზაციების ნაწილს, რომლებიც პირდაპირ თუ განზოგადების მეთოდით გახდა კვლევის მონაწილე, დასაქმებულთა აქტივებში შესაძლოა ჰყავდეს არაფორმალური (დამალული) მშრომელები, ან პირიქით, ოფიციალურად ჰყავდეთ გაფორმებული საკუთარ რიგებში ადამიანები, რომლებიც რეალურად არ მუშაობენ. რადგან არაფორმალური ეკონომიკის პრობლემა ქვეყანაში კვლავ მწვავედ დგას, მსგავსი საკითხების კვლევისას მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის თვისობრივი გარემოებების გათვალისწინება და შესაბამისად, უფრო მეტად დახვეწილი მეთოდოლოგიის შერჩევა.

ოფიციალური სტატისტიკა ასევე, გვაჩვენებს, რომ დაქირავებით მშრომელთა რიცხვს მკვეთრად უსწრებს წინ თვითდასაქმებულთა რაოდენობა, რომელიც, აღნიშნულ კვლევაში წარმოდგენილია ან ძალიან მცირე პროცენტულობით, ან საერთოდ არ არის გათვალისწინებული. არგუმენტი, რომ თვითდასაქმებულთა აღწერა არ არის შრომის ბაზრის კვლევის ნაწილი, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა ადეკვატური, თუ ეს კატეგორია მოიცავდა მხოლოდ ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომლებიც ამ კვლევის ადრესატები გახდებოდნენ, როგორც დამსაქმებლები. თვითდასაქმებულთა კატეგორიაში, რომელშიც, საქსტატის უკანასკნელი მონაცემებით შედის 1,000 000 ზე მეტი ადამიანი, მოიცავს არამხოლოდ ინდივიდუალურ მეწარმეებს, არამედ გლეხებს, ფერმერებს, გარემოვაჭრეებს, რეპეტიტორებს, ტაქსისტებს და ა.შ (ისინი ავტომატურად მოხვდებოდნენ ამ კატეგორიაში, რადგან მათ შესაძლოა არ ჰყავდეთ დამსაქმებელი და მუშაობდნენ უკონტრაქტოდ, ინდივიდუალურად) გარდა ამისა, თვითდასაქმებულთა კატეგორიაში შესაძლოა მოაზრებულ იყოს სხვადასხვა კომპანიებში თუ უწყებებში უკონტრაქტოდ მომუშავე ადამიანები. სამწუხაროა, რომ ამ კატეგორიის – თვითდასაქმებულთა პროცენტული განაწილების დადგენა და აღწერა, რაც აუცილებელია უმუშევრობის პრობლემის აღმოფხვრის ეფექტური გეგმის შემუშავებისათვის, სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ვერც საქსტატის, და ვერც აღნიშნული კვლევის მიერ.

სამუშაო ძალის სექტორული განაწილება

ეკონომიკური კატეგორიების საერთაშორისო კლასიფიკატორის (NACE) მიხედვით, კვლევაში მოცემულია დასაქმებულთა რაოდენობრივი განაწილება თითოეული ეკონომიკური კატეგორიის მიხედვით (იხ. დიაგრამა #2) და ორგანიზაციების რაოდენობრივი განაწილება ეკონომიკურ საქმიანობათა მიხედვით (იხ. დიაგრამა #3) ეს მონაცემები მნიშვნელოვანი განზოგადების საფუძველს გვაძლევს არამხოლოდ მთლიანი, მომუშავე სამუშაო ძალის კლასიფიკაციის, არამედ საქართველოს ეკონომიკის სექტორული ანალიზისათვის.

13084046_234595240236841_1326806452_n

დიაგრამა #2

როგორც ვხედავთ, რაოდენობრივად, ყველაზე მეტი ადამიანი განათლებაშია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვი შეადგენს დასაქმებულთა საერთო რაოდენობის მეხუთედს. მას მოყვება ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის კატეგორია, დაახლოებით იმავე მაჩვენებლით (დასაქმებულთა საერთო რაოდენობის მეხუთედით); მესამე ადგილზეა ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა: შემდგომ მშენებლობა, რასაც მოყვება სხვა კატეგორიები შედარებით მცირე მაჩვენებლებით.

აქ უკვე აღარ არის საჭირო თითოეული კატეგორიის რაოდენობრივი მონაცემის ცალ-ცალკე გამოთვლა და არც იმის ანალიზი, თუ რა ნაწილს შეადგენს ის დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში, ან სექტორული დათვლა. სურათი ნათელია: ყველაზე მეტი ადამიანი ვაჭრობისა და მომსახურების სფეროშია დასაქმებული. საქართველოს ეკონომიკაში ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს დღეს ცენტრალური ადგილი უჭირავს, რაც, ძირითადად, არასტაბილური სამუშაო ადგილებისაგან შედგება. ესაა სფერო, სადაც მუდმივად მონაცვლეობს მუშახელი და რომელიც ინტენსიურად ფართოვდება. ვაჭრობა ლიდერობს, ასევე, ორგანიზაციების რაოდენობით (იხ. დიაგრამა #3). შესაბამისად, ეს კატეგორია მხოლოდ კონკრეტულ დროით შუალედში შეიძლება გვაძლევდეს დასაქმებულთა ფიქსირებულ რაოდენობას, განსხვავებით ისეთი კატეგორიებისაგან, როგორიცაა განათლება და ჯანდაცვა, სახელმწიფო მმართველობა. სტაბილური სამუშაო ადგილები, რაც ერთ-ერთი პირველი ინდიკატორია ძლიერი სოციალური სახელმწიფოსათვის, ამ დიაგრამის მიხედვით, ჩვენ მხოლოდ ამ სამ კატეგორიაში გვაქვს, ისიც „შედარებით“. სამწუხაროდ, ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში მკვეთრად აღემატება ამ სამივე კატეგორიაში დასაქმებულთა რაოდენობას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში შრომითი უფლებები; შრომითი სოციალური გარანტიები საკმაოდ ველურ პირობებშია, ამ კატეგორიებში (სახელმწიფო მმართველობაში, ჯანდაცვასაა და განათლებაში) არსებული სამუშაო ადგილების სტაბილურობას სწორედ თავად კატეგორიების სპეციფიკა განაპირობებს და არა დასაქმებულის ინტერესების ხელშეწყობის პოლიტიკა; ხოლო იქ, სადაც ეს სპეციფიკა არ არსებობს, მაგალითად ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში, ამ მხრივ გაცილებით კატასტროფული სურათი გვაქვს, და არამხოლოდ სტაბილური სამუშაო ადგილების არარსებობის გამო. რადგან სამუშაოს მძებნელთა რიცხვი ზოგადად ძალიან დიდია, ამ სფეროში მუდმივად გამოთავისუფლებულ ადგილებზე მისული მუშახელი კატასტროფულ პირობებსა და დაბალ ანაზღაურებაზე პირდაპირ თანხმდება. ქვეყანაში არ არსებობს ქმედითი ორგანოები, რომლებიც სახელმწიფო დონეზე მოახდენდა მსგავსი ფაქტების პრევენციას ან ინსპექტირებას, რაც დამატებითი საფუძველია იმისა, რომ შრომითი პირობებისა და ანაზღაურების სტანდარტები დამსაქმებელმა არც ნებით და არც ზეწოლით (პროფკავშირების თუ სხვა ორგანიზაციების) უკეთესობისკენ მცირედითაც კი არ შეცვალოს.

13082142_234595643570134_658426266_n

დიაგრამა #3

თუმცა მთავარი კრიტიკა, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ეკონომიკურ კურსს მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრობის და მომსახურების სფერო ლიდერობს დასაქმებულთა და ორგანიზაციათა რაოდენობის კუთხით, ეს არ წარმოადგენს საფუძველს იმისა, რომ სახელმწიფომ კიდევ უფრო მეტად განავითაროს ეკონომიკა ამ მიმართულებით რამდენიმე ფუნდამენტური სოციალური და ეკონომიკური მიზეზის გამო. პირველ რიგში, რამდენადაც მაღალია დასაქმებულთა მაჩვენებელი, იმდენად დაბალია ამ სფეროში მიღებული ეკონომიკური შედეგი მისივე მასშტაბებთან შედარებით მთლიან შიდა პროდუქტში.

მაგალითად, თუ ჩვენ გადავხედავთ საქართველოს ეროვნული სტატისტიკის ბაზაში არსებულ მონაცემებს, რომლებიც აღწერს საქართველოში არსებული მთლიანი დამატებული ღირებულების განაწილებას წლებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა მიხედვით (იხ. ცხრილი #1). აქ ჩანს, რომ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, წარმოების სექტორიდან მიღებული დამატებული ღირებულება ლარებში (ერთეული მლნ) იზრდება და 2014 წლის მაჩვენებლით ის მხოლოდ მცირედით ჩამორჩება ვაჭრობის სფეროდან მიღებულ დამატებულ ღირებულებას – აღსანიშნავია, რომ ცხრილი დათვლილია არა სექტორულად, არამედ ეკონომიკურ საქმიანობათა მიხედვით, შესაბამისად, ერთმანეთს შეგვიძლია შევადაროთ მრეწველობისა და ვაჭრობის, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის კატეგორია. მიუხედავად იმისა, რომ მრეწველობა დასაქმებულთა და ორგანიზაციათა რაოდენობით (დიაგრამა #2,#3) ბოლოშია ან საერთოდ არ ჩანს, ვაჭრობის, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის კატეგორია კი ორივე კუთხით ლიდერობს, მათ შორის სხვაობა თითქმის უმნიშვნელოა.

ცხრილი #1

სწორედ კვლევაში მოცემული ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში დასაქმებულთა და ამ სფეროში მოქმედი ორგანიზაციების/დაწესებულებების რაოდენობის შეფარდება წარმოების სექტორში დასაქმებულთა თუ საწარმოთა/დაწესებულებათა რაოდენობასთან, და შემდგომ მათი ეკონომიკური აქტივობის მიერ მიღებული შედეგების შედარება იძლევა იმ არგუმენტის განმტკიცების შესაძლებლობას, რომ სახელმწიფოსათვის გაცილებით პრიორიტეტული უნდა გახდეს პროდუქტიული სექტორების განვითარება,

სადაც შეიქმნება ღირებულება ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ ტრიალებდეს ფული; ასევე, გაიზრდება სამუშაო ძალის ან მთლიანი მოსახლეობის კვალიფიკაცია და თითოეულ დასაქმებულს უფრო პროდუქტიულად აქცევს ეკონომიკურად, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვაჭრობისა და მომსახურების სფეროსათვის დამახასიათებელი არასტაბილური და დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ვერ უზრუნველყოფს ვერც სათანადო ეკონომიკურ სარგებელს დასაქმებულთათვის, ვერც უნარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას, რის შედეგადაც გვყავს უფრო მეტად გავალიანებული მუშახელი, გვაქვს სახეზე მზარდი სოციალური უთანასწორობა და მოსახლეობის სრული გათიშულობა პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესებისაგან.

კვლევაში მოცემულ დიაგრამა #2-ზე ვხედავთ, რომ დასაქმებულთა რაოდენობრივი გადანაწილების პირველ ათეულში მხოლოდ მეცხრე ადგილას მოხვდა დასაქმებულთა ის კატეგორია, რომელიც წარმოების სექტორში მუშაობს, ისიც მხოლოდ საკვები პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოებაში. ასეთი მონაცემი პირდაპირ მიგვითითებს იმაზე, რომ სახელმწიფოსათვის წარმოების სექტორის განვითარება ნაკლეპრიორიტეტულია, მიუხედავად რიგი ინიციატივებისა – მთავარ შრომით არეალს ის ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს უტოვებს, რომელიც იაფი მუშახელის ხარჯზე ვაჭრობის ველურ ბაზრადაა ქცეული. არგუმენტი, თუ რატომ უნდა განავითაროს სახელმწიფომ წარმოების სექტორი, გარდა იმისა, რომ შრომითი სტანდარტების გაუმჯობესება და სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნა აქ უფრო მეტადაა შესაძლებელი, (შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მუშახელი უფრო სტაბილურია, ასევე წარმოების სექტორში მომუშავე სამუშაო ძალა ისტორიულად ეტაპობრივად ითხოვს სამუშაო პირობებისა და ანაზღაურების გაუმჯობესებას, რადგან მათ უფრო მეტი წვდომა აქვთ საწარმოო სიმძლავრეებთან, მოგებასთან, წარმოებული პროდუქციის რაოდენობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე), როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანწილად მდგომარეობს იმაში, რომ წარმოების სექტორში მიღებული დამატებული ღირებულების წილი გაცილებით მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაში, ვიდრე ზემოთ განხილული სფეროების ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებული დამატებული ღირებულების წილი. (შეგახსენებთ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშების მეთოდოლოგიაში, პირველი მეთოდია ქვეყნის ეკონომიკურ ტერიტორიაზე არსებულ ეკონომიკურ დარგებში შექმნილი დამატებული ღირებულებების ჯამის გამოთვლა) შესაბამისად, მიუხედავად იმისა რომ დასაქმებულთა რაოდენობა აქ ყველაზე დაბალია, მთლიან შიდა პროდუქტში ის იკვეთება, როგორც მაღალი ეკონომიკური შედეგის მქონე სექტორი, რასაც ამტკიცებს, ასევე, საქსტატის 2015 წლის IV კვარტლის მონაცემებით შედგენილი მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივი სტრუქტურა, (იხ. დიაგრამა #4) სადაც ვაჭრობისა და მრეწველობის დარგებს თითქმის ტოლი პრიცენტული მაჩვენებლები აქვთ მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაში.

13081910_234596750236690_801778731_n

დიაგრამა #4

გარდა ზემოთ განხილული საკითხებისა, შრომის ბაზრის კვლევაში მოცემულია ასევე მონაცემები ხელფასების, განათლების დონისა და სამუშაო ძალის კვალიფიკაციის შესახებ, რასაც დეტალურად ნაშრომის მეორე ნაწილში გავაანალიზებთ. აღნიშნულ საკითხებს, აუცილებლად სჭირდება სათანადო თეორიული და ემპირიული, კრიტიკული ანალიზი, რათა ზედაპირულად გამოკვეთილი სურათი ღრმად და საფუძვლიანად დავინახოთ. თანაც, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, უშუალოდ პრემიერ მინისტრის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, უკვე დაიწყო ნაბიჯების გადადგმა გარკვეული ცვლილებებისათვის, რომლებიც ამ კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების აღმოფხვრისათვის იგეგმება. როგორც ვხედავთ, სახელმწიფო დონეზე განსახორციელებელი რეფორმები ეფუძნება კვლევას, რომელსაც სერიოზული ხარვეზები აქვს. ეს ხარვეზები საფუძვლიანად აყენებს ეჭვქვეშ მის ემპირიულობას. შესაბამისად, სახელმწიფო პოლიტიკის მასზე დაფუძნებამ, შესაძლოა უარესი შედეგები მოგვცეს სახეზე.

გარდა ამისა, ნაშრომის მომდევნო ნაწილებში უფრო ფართოდ შევეხებით სახელმწიფო პოლიტიკის დეტალურ ანალიზს გარდამავალი პერიოდიდან დღემდე, რაც, როგორც შესავალში აღვნიშნე, ზემოთ გამოვლენილი სხვადასხვა მზარდი სოციალური და ეკონომიკური პრობლემების პირველად მიზეზებად უნდა მოვიაზროთ.


პუბლიკაცია ქვეყნდება პროექტის „ჩაგრულთა ხმები: კვლევა, ხელოვნება და აქტივიზმი სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია National Endowment for Democracy (NED)-ის მიერ. პუბლიკაციის შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს EMC-ისა და NED-ის პოზიციას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“