საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2024 წლის 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) საკანონმდებლო ორგანოს წინა წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.[1] მისი ძირითადი ნაწილები სუს-ის საქმიანობის რამდენიმე მიმართულებას შეეხება - ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ტერორიზმის საფრთხეები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და სახელმწიფო უსაფრთხოება. ბოლო ნაწილში, სუს-ი მთავარ საფრთხედ აიდენტიფიცირებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს, როგორებიცაა დეზინფორმაცია და პროპაგანდა, ე.წ. რბილი ძალა და ფარული ოპერაციები, კიბერუსაფრთხოება.
2023 წლის საქმიანობის ანგარიშში, სუს-ი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს კვლავ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს. უსაფრთხოების სამსახური მიმოიხილავს იმ გამოწვევებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობს. მათ შორის, გამოყოფს რუსეთის მიერ რეგიონების ანექსიისკენ მიმართული პროცესების გააქტიურებას, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების პრობლემას, ბორდერიზაციასა და რუსიფიკაციის პოლიტიკას ეთნიკურად ქართველი და აფხაზი მოსახლეობის წინააღმდეგ.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული გამოწვევების მიმოხილვისას, სუს-ის ანგარიშში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია დასმული. უსაფრთხოების სამსახური მიიჩნევს, რომ 2023 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მიდგომები გამკაცრდა, რასაც თან სდევდა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გავრცელებული მადისკრედიტირებელი რიტორიკა. საოკუპაციო რეჟიმი მსგავს ორგანიზაციებს ბრალს სდებდა იმაში, რომ ისინი ემსახურებოდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიზნებისა და ამოცანების შესრულებას და ერეოდნენ “საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში”.
სუს-ი ანგარიშში აღნიშნავს, რომ 2023 წლის განმავლობაში, საოკუპაციო რეჟიმმა გაამკაცრა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი ე.წ. კანონმდებლობა და მკაცრად დაიწყო მათსა და ადგილობრივ სამოქალაქო სექტორს შორის ურთიერთობის კონტროლი. საოკუპაციო რეჟიმმა დაავალდებულა გაეროს სააგენტოები შეეთანხმებინათ ფინანსური სახსრების გამოყოფის საკითხი ე.წ. საგარეო უწყებასთან.
ამის პარალელურად, სუს-ი აღნიშნავს, რომ სიტუაცია 2023 წლის დეკემბერში გაუარესდა. კერძოდ, საოკუპაციო რეჟიმმა სამხრეთ კავკასიაში USAID-ის რეგიონული ხელმძღვანელი “პერსონა ნონ გრატად” გამოაცხადა და შეზღუდა ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული ახალი პროექტები. შეზღუდვები შეეხო UNDP-ის პროექტებსაც. დამატებით, აიკრძალა ისეთი პროექტების განხორციელება, რომელთა მიზანს ქართველებსა და აფხაზებს შორის კონტაქტის დამყარება წარმოადგენდა და ამასთან, შეიზღუდა მედიის პროექტები, რომელებიც აფხაზეთის ე.წ. შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებს აშუქებდა.
სუს-ი მიიჩნევს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მსგავსი მიდგომა და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის დაბლოკვა ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის გავლენების გაზრდისკენაა მიმართული და ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს კონტაქტები ქართველებსა და აფხაზებს შორის.
სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი პასუხისმგებელია ქვეყანაში კონტრდაზვერვითი საქმიანობის კოორდინაციაზე. მისი მთავარი დანიშნულებაა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისგან მომდინარე ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობის პრევენცია და აღკვეთა.
2023 წლის ანგარიშში, სუს-ი მიმოიხილავს განხორციელებულ კონტრდაზვერვით საქმიანობას და იმ საფრთხეებს, რომლებიც, უწყების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, მიმართულია სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ. ამ ნაწილში, მთავარ საფრთხეებს წარმოადგენს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, გავლენის ოპერაციები და დეზინფორმაცია.
განსხვავებით ტერორიზმთან ბრძოლისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის მიმოხილვისგან, სახელმწიფო უსაფრთხოების თავში სუს-ი პირდაპირ არ ასახელებს იმ სახელმწიფოებს, რომელთა სპეციალური სამსახურებიც ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს იყენებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ. რუსეთი, როგორც მთავარი საფრთხე, მოხსენიებულია მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების კონტექსტში და აღნიშნულია, რომ ოკუპაცია დესტრუქციული პოლიტიკის საწარმოებლად გამოიყენება.
ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ მთავარ საფრთხედ სახელდება სხვადასხვა აქტორების მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავება, ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადება და შესაბამისი რესურსების მოძიების მცდელობა.
სუს-ი მიუთითებს, რომ 2023 წლის განმავლობაში წარმოებდა გამოძიება, რომლითაც გამოიკვეთა საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ არსებული გარკვეული პირთა ჯგუფი, რომელიც 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციასა და სამოქალაქო არეულობას, რისი საბოლოო მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა უნდა ყოფილიყო.
აღსანიშნავია, რომ სუს-ი თავის ანგარიშში არ მიუთითებს კონკრეტულ ფაქტებზე, პირებზე ან სპეცსამსახურებზე, რომლებიც შესაძლოა ჩართულები ყოფილიყვნენ ამ პროცესში. გარდა ამისა, არაფერია ცნობილი იმ გამოძიებაზე ან მის შედეგებზე, რომლის შესახებაც უწყება ანგარიშში საუბრობს. მნიშვნელოვანია, რომ ანგარიში არ არის პირველი შემთხვევა, სადაც სუს-ი მსგავს სცენარს აღწერს. 2023 წლის 18 სექტემბერს უწყებამ გაავრცელა განცხადება,[2] რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში გარკვეული ჯგუფები საქართველოში გეგმავდნენ დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა უნდა ყოფილიყო. განცხადებაში სუს-ი ასახელებდა, რომ ამ “გეგმის” განხორციელება უკავშირდებოდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე სავარაუდო უარყოფით შეფასებას და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის “პრორუსული” იარლიყის მიწებებას. ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გეგმის განხორციელებაში მონაწილეობა უნდა მიეღო ორგანიზაცია CANVAS-ს და გადაემზადებინა ახალგაზრდები. მოგვიანებთ, 2 ოქტომბერს, სუს-მა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა[3] და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ვიდეო-თვალთვალის ჩანაწერები გამოაქვეყნა. უწყების მტკიცებით, 26-29 სექტემბერს, ორგანიზაცია CANVAS-მა USAID-ის მხარდაჭერით ჩაატარა ტრენინგი, რომლის მიზანიც სწორედ ახალგაზრდების გადამზადება იყო. ეს განცხადება ეხმიანებოდა სუს-ის მიერ გავრცელებულ ე.წ. რევოლუციური სცენარის განხორციელებას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სუს-ის მიერ დასახელებული ტრენინგი არ ყოფილა რაიმე კონსპირაციული შეხვედრა. მის შესახებ ინფორმაცია განთავსებული იყო საჯაროდ, ტრენინგის შინაარსსა და დღის წესრიგზე კი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა წვდომა.
მიუხედავად ამისა, ე.წ. რევოლუციური სცენარის ნარატივს სუს-ი კიდევ ერთხელ იმეორებს და აღნიშნავს, რომ 2023 წელს მათ მიერ დასახელებული რისკები გაანეიტრალეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიუხედავად არაერთი ტრენინგზე მყოფი პირის დაკითხვისა, სუს-ს არ გაუვრცელებია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რაზე ატარებს გამოძიებას ან რა მოქმედებები განხორციელდა, რითაც ერთი მხრივ, გამოარკვია სავარაუდო დანაშაულის ნიშნების მქონე ქმედება და მეორე მხრივ, აღკვეთა დასახელებული რისკები.
სუს-ი სახელმწიფო უსაფრთხოების თავში პირდაპირ არ ასახელებს იმ ქვეყნებს, რომელთა სპეცსამსახურებიც ქვეყნის ტერიტორიაზე იყენებენ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს. თუმცა, უწყების მიერ ბოლო წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ნარატივი, მათ შორის, რევოლუციური სცენარის რეალიზებაში USAID-ის მიერ მხარდაჭერილი ტრენინგის მონაწილეებისა და ორგანიზატორების პირდაპირი დადანაშაულება ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ უსაფრთხოების სამსახური ქვეყნისთვის საფრთხედ დასავლური ფონდების საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობას მიიჩნევს. ამ მსჯელობას ამყარებს ქართული ოცნების მიერ ბოლო 1 წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები, რომლებითაც ის ცალსახად უპირისპირდება აშშ-ისა და ევროკავშირის ფონდების მიერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ გამოყოფილ ფინანსურ დახმარებას და მას “ქვეყნის შიდა საქმეებში”, “სუვერენიტეტში” ჩარევად მიიჩნევს.
ამ ეჭვს ადასტურებს ერთი მხრივ, ის, რომ საქართველოში მსგავსი ტიპის აქტივობებს, საკმაოდ დიდი მასშტაბით, სწორედ მსგავსი ფონდები აფინანსებენ. ხოლო, მეორე მხრივ, ე.წ. “რუსული კანონის” მიღება, რომელიც სწორედ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებასა და დასავლური ფინანსური მხარდაჭერის შეზღუდვას უწყობს ხელს.
დასახელებული შემთხვევის გარდა, სუს-ის ანგარიშში ე.წ. რბილ ძალად და გავლენის ოპერაციებად არის შეფასებული ისეთი აქტივობები, როგორებიცაა კულტურული, საგანმანათლებლო სემინარები და კონფერენციები, სხვადასხვა შეხვედრები ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ან სამოქალაქო აქტივისტებთან. უწყება მიიჩნევს, რომ ეს აქტივობები მართულია ცალკეული უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ და ემსახურება თავიანთი ქვეყნები პოლიტიკური კურსისა და იდეოლოგიის პროპაგანდას, ამ ჯგუფების კონსოლიდაციასა და პოლიტიკაში მათი აქტიური ჩართვისთვის ნიადაგის მომზადებას. სუს-ი მიიჩნევს, რომ ეს სპეცსამსახურები თავიანთი სახელმწიფოების მიმართ ლოიალური განწყობების გასაზრდელად, აფინანსებენ ჰუმანიტარულ, რელიგიურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
უწყება არაერთხელ აღნიშნავს, რომ მსგავსი აქტივობები კონტრდაზვერვითი საქმიანობის ინტერესებში ექცევა, რაც ემსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას და სავარაუდო საფრთხეების პრევენციას. შესაბამისად, ლეგიტიმურია დაშვება, რომ სუს-ი კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალურ ღონისძიებებს ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის, ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს, როგორებიცაა ფარული მიყურადება, იყენებს ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც მსგავს აქტივობებში მონაწილეობს. სუს-ის ამ პრაქტიკას ადასტურებს CANVAS-ის ტრენინგთან დაკავშირებით უწყების მიერ ფარული ვიდეო-ჩანაწერის გამოქვეყნება, რომელიც თავისივე მტკიცებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებშია მოპოვებული.[4]
მაშინ, როდესაც სუს-ის ანგარიში დიდ ყურადღებას უთმობს, სავარაუდოდ, დასავლური ფონდების მიერ მხარდაჭერილ პროექტებს და მათ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის დამაზიანებლად მიიჩნევს, ანგარიშში არ გვხვდება ინფორმაცია საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ მიმდინარე გამოძიების შესახებ, რომელიც მის მიერ უცხო ქვეყნისთვის (რუსეთისთვის) მტრულ საქმიანობაში სავარაუდო დახმარებაზე დაიწყო.[5] გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ფარცხალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის მხარდამჭერების გამოვლენის ფარგლებში, სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა „ეფესბეს“ დავალებით, ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოხდენის გამო.[6]
ნიშანდობლივია, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ USAID-ისა და UNDP-ის საქმიანობების შეზღუდვას ოკუპირებულ აფხაზეთში, სუს-ი რუსული გავლენების ზრდად აფასებს. ეს მაშინ, როდესაც იგივე სუს-ი უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად, ფაქტობრივად, იმავე ფონდებს ასახელებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. დასავლური ფონდების ფინანსურ დახმარებას მსგავსი საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიებების განსახორციელებლად, მეტწილად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები იღებენ. სუს-ის დაინტერესება მსგავსი ორგანიზაციების აქტივობებით და მათი სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ საფრთხედ აღქმა იმაზე მიუთითებს, რომ უწყება იქმნის ლეგიტიმურ მიზანს როგორც ორგანიზაციების რიგითი წევრების, ასევე სხვადასხვა აქტივობებში ჩართული ადამიანების მიმართ ტოტალური კონტროლის გასაგრძელებლად. ამის პარალელურად, სუს-ი ისევ დუმს რეალური საფრთხეების შესახებ, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს. მაგალითად, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ მიმდინარე გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის კვლავ უცნობია. 2023 წლის ანგარიშში უწყება საერთოდ არ ახსენებს ფარცხალაძის სავარაუდო მტრული საქმიანობის ფაქტს, არ აფასებს გამოძიების მიმდინარეობას. შესაბამისად, უცნობია ის ზიანი, რომელიც ყოფილი მთავარი პროკურორის სავარაუდო მტრულმა საქმიანობამ მოუტანა სახელმწიფო უსაფრთხოებას იმ პირობებში, როდესაც მას სრული დაშვება ჰქონდა სახელმწიფო საიდუმლოებაზე.
სუს-ის ანგარიში კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მისი საქმიანობა ჭარბად ექვემდებარება პარტიულ ინტერესს და უწყების ხელთ არსებული მასობრივი კონტროლისა თუ თვალთვალის მექანიზმები კვლავ პოლიტიკური დევნის იარაღადაა გამოყენებული.
[1] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიში, საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/EeoindgD, განახლებულია: 10.06.2024.
[2] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის განცხადება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვებ-გვერდი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/OeoiO35I, განახლებულია: 10.06.2024.
[3] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის 10 ოქტომბრის განცხადება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვებ-გვერდი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/7eoiPWhG, განახლებულია: 10.06.2024.
[4] “სუს-ი ორგანიზაცია „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს აქვეყნებს”, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/jeoi5lQk, განახლებულია: 10.06.2024.
[5] “ფარცხალაძის გადასარჩენად - როგორ აღასრულა სახელმწიფომ სანქციები”, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ვებ-გვერდი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/XeooiCBq, განახლებულია: 10.06.2024.
[6] “Imposing Further Sanctions in Response to Russia’s Illegal War Against Ukraine”, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმანეტის 2023 წლის 14 სექტემბრის პრეს-რელიზის განმარტებითი ბარათი, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/syIS3, განახლებულია: 10.06.2024.
ინსტრუქცია