ანგარიში - „შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭვირვალობის ხარისხის შეფასება"- მიზნად ისახავს 2015 წლის რეფორმის შემდგომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭვირვალობის ხარისხის განსაზღვრას, გამჭვირვალობის შემაფერხებელი კონკრეტული მიზეზების აღწერას, საქართველოს საპოლიციო სისტემაში დაცულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურისა და სისტემის ანალიზს.
აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად პროექტის ფარგლებში შეფასდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ხარისხი, სამინისტროს მიერ სტატისტიკის წარმოების, მონაცემთა ბაზების შედგენის მეთოდები და ფორმები, ასევე სამინისტროში მოქმედი საკადრო პოლიტიკა, რის შედეგადაც შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოიკვეთა:
- სამინისტრო პასუხობს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შესულ განცხადებებს. მიუხედავად ამისა, პრობლემას წარმოადგენს ინფორმაციის მიღება კანონით დადგენილ ვადებში; ასევე აღინიშნა ინფორმაციის არასრულად გაცემის შემთხვევებიც.
- შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება არ ეფუძნება სისტემატიზებული პროცედურების ერთობლიობას და სტატისტიკასთან დაკავშირებული საკითხები სხვადასხვა კანონქვემდებარე აქტითა და მემორანდუმით არის მოწესრიგებული.
- ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება დანაშაულის არსისა და მახასიათებლების აღქმისათვის სოციოლოგიურ გამოკითხვებს და სენსიტიურ საკითხებზე ჩაშლილ სტატისტიკას.
- არ არის რეგულირებული სხვადასხვა კატეგორიის მონაცემის შენახვის ვადის გაგრძელების მიზნები და პროცედურა.
- ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ კატეგორიის მონაცემი უვადოდ არქივდება.
- ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მონაცემთა ბაზებზე არამიზნობრივი წვდომის პრევენცია რჩება.
- საკადრო საკითხების მარეგულირებელი დებულებები ბუნდოვანია და კანონის დონეზე ნათლად არ არის გაწერილი.
- არაფორმალური პროცედურები და დამოუკიდებლობის სუსტი გარანტიები არ ქმნის დისციპლინირების განჭვრეტად პროცესს.
- სამინისტროს მიერ მოხელეთა წახალისება არ ეფუძნება ნათლად განსაზღვრულ პროფესიულ კრიერიუმებს.
ანგარიში მომზადდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)“ თანამშრომლობითა და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.
გაეცანით ანგარიშის სრულ ვერსიას⇓
შინაგან_საქმეთა_სამინისტროს_გამჭვირვალობის_ხარისხი.pdf