საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2019 წელს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 5 წელი გადის. ამ წლების მანძილზე, ღია საზოგადოება საქართველო პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ხელშეკრულებისა და დღის წესრიგის პოლიტიკური პრიორიტეტების შესრულებას აკვირდება და პერიოდულ ანგარიშებს აქვეყნებს.
დღეს გამოქვეყნებული მონიტორინგის შედეგები და ანალიზი საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას ეხება.
ანგარიშში შეფასებულია 2017 წლიდან დღემდე დღის წესრიგში განსაზღვრული მოკლევადიანი პრიორიტეტების შესრულება და მათი ხარისხი. ასახულია მიღწევები და ხარვეზები ბავშვთა და ქალთა უფლებების, გარემოს დაცვის, ანტიკორუფციული სისტემის და საჯარო სამსახურის რეფორმის, მართლმსაჯულების რეფორმის, შრომითი სტანდარტებისა და პროფესიული კავშირების უფლებების, სოციალური პოლიტიკის მიმართულებით.
ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ, ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, საერთო პროგრესი არათანაბარია. ყველა სფეროსთვის დამახასიათებელი საერთო პრობლემაა ცვლილებების მხოლოდ ფორმალური ხასიათი, რაც პრაქტიკაში ვერ სრულდება და შესაბამისად ნაკლებად აისახება ბენეფიციარების კეთილდღეობაზე. მართლმსაჯულების სფეროში არ განხორციელებულა ძირითადი ინსტიტუტების რეფორმა. მსგავსი ვითარებაა გარემოს დაცვისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებშიც. გარემოს დაცვის სფეროს რეფორმირების პროცესი მოქალაქეების და შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების მონაწილეობის გარეშე წარიმართა.
რეფორმების დაგეგმვისა და განცხორციელების პროცესში მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს საჯარო დაწესებულებებში სათანადო კვალიფიკაციის მქონე ადამიანური და ფინანსური რესურსის ნაკლებობა.
ბავშვთა საკითხთან მიმართებაში ანგარიშში განხილული ძირითადი საკითხებია ბავშვთა უსაფრთხოება და მათი დაცვა ყველა ტიპის ძალადობისგან.
ნაწილობრივ შესრულებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ სახალხო დამცველის როლის გაძლიერება, საჭირო რესურსებით უზრუნველყოფა და მონიტორინგის გაგრძელება ისეთ დაწესებულებებში, რომელიც ბავშვთა საკითხებზე მუშაობენ.
პრობლემად რჩება ძალადობის პრევენციისა და რეაგირების სისტემის განხორციელება პრაქტიკაში. სახელმწიფოს არ შეუმუშავებია ბავშვთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა და პრევენციული პროგრამები, არ გაუტარებია სათანადო ზომები, რომელიც უზრუნველყოფდა მართლმსაჯულებაზე წვდომას ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის. სახელმწიფო ცხელი ხაზი ბავშვებისათვის არ მუშაობს ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში. არ ჩაუტარებია შესაბამისი საინფორმაციო კამპანიები ბავშვთა უფლებებისა და ბავშვებზე ძალადობასთან ბრძოლის შესახებ.
სრულად შესრულდა ამოცანა გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ზომების მიღების თვალსაზრისით. გაძლიერდა კანონის აღსრულების მექანიზმები, ამაღლდა მოსახლეობის ცნობიერება, მათ შორის სოფლებსა და უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში და ისეთ პროფესიულ ჯგუფებში, როგორიცაა პოლიცია. ძალადობის მსხვერპლთათვის გაჩნდა საკონსულტაციო მომსახურება და შეიქმნა თავშესაფრები.
არ შესრულებულა ასოცირების დღის წესრიგის ამოცანა, რომელიც გენდერული თანასწორობის გაუმჯობესება და სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა, ისევე როგორც უმცირესობის წარმომადგენელთა თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფას გულისხმობს. 2018 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა კვლავ არ დაუჭირა მხარი სავალდებულო გენდერული კვოტების კანონპროექტს.
ნაწილობრივ შესრულდა ამოცანები გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად 2018 წლის 1 იანვარიდან ამოქმედდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, გარემოს დაცვის რეფორმირების პროცესი საზოგადოების მონაწილეობით გარეშე წარიმართა.
შესრულებულ ამოცანებს შორის უნდა აღინიშნოს მესამე გარემოსდაცვითი სამოქმედო პროგრამის მიღება 2017-2021 წლებისთვის და კონკრეტული ნაბიჯები რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში.
2017 წლიდან ანტიკორუფციული და ადმინისტრაციული რეფორმების ფარგლებში გადადგმული ნაბიჯები ფორმალური ხასიათისაა და არ ახლავს ისეთი ძირითადი ინსტიტუტების რეფორმირება, რაც ხელს შეუწყობს კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმის გაუმჯობესებას.
საქართველოს მთავრობას კვლავ არ მოუმზადებია კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, რომელიც კორუფციის ეფექტიანად პრევენციის ერთერთ საკვანძო ზომად არის მიჩნეული.
წინსვლა შეინიშნება საჯარო სამსახურის რეფორმირების მიმართულებით.
ანგარიში ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სისტემაში და პროკურატურაში განხორციელებულ რეფორმებზე.
საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, არ შესრულებულა იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებული აქტივობები. მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის წესი კვლავ არ აკმაყოფილებს ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ სტანდარტს. პროცესი არ არის დასაბუთებული და გამჭვირვალე.
არ მომზადებულა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები ჯერ კიდევ არ რეგულირდება კანონით, რაც ამცირებს საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშვალდებულებას. მათ შორის, არ გაუმჯობესებულა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის, გადაწყვეტილებების მიღების, დასაბუთებისა და გამოქვეყნების პროცედურები.
2019 წლის 1 იანვრიდან არ ამოქმედდა სახელმწიფო ინსეპქტორის აპარატი, რომელიც შესახებ საქართველოს პარლამენტმა კანონი 2018 წლის 20 ივლისს მიიღო. ინსტიტუტის მიზანია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის ან მოხელის მიერ ჩადენილ დანაშაულის გამოძიება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ინსტიტუტის მიერ. პარლამენტმა კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე დღით ადრე, მასში ცვლილებები შეიტანა, რაც უარყოფითად უნდა შეფასდეს, რადგან ამან ხელი შეუწყო კანონის ძალაში შესვლას ექვსი თვის დაგვიანებით.
პროკურატურა: 2017 წელს პარლამენტის მიერ მიღებული საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციაში პროკურატურის სტატუსის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის ახლებურად განსაზღვრის შემდეგ პარლამენტმა მიიღო ორგანული კანონი „საქართველოს პროკურატურის შესახებ“, რაც საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან მხოლოდ ფორმალურ შესაბამისობაშია. ეს თავისთავად არ არის საკმარისი პროკურატურის სრულფასოვანი რეფორმის განსახორციელებლად. საპროკურორო საბჭოს არა აქვს საკმარისი გარანტიები ფუნქციური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მისაღწევად.
საქართველოს მთავრობის მიერ დღის წესრიგის ფარგლებში შრომითი უსაფრთხოების მიმართულებით აღებული საერთაშორისო ვალდებულებები დაწყებული და ნაწილობრივ შესრულებულია.
უნდა აღინიშნოს წინსვლა შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ახალი კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ 2019 წლის იანვარში სრულად შევიდა ძალაში. კანონი ვრცელდება მხოლოდ იმ დამსაქმებლებზე, რომლებიც საქმიანობენ მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სფეროებში. საქართველოს პარლამენტი ამჟამად განიხილავს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებსაც განიხილავს, რომელიც კანონში მანამდე არსებულ ხარვეზებს ნაწილობრივ აღმოფხვრის.
არ განხორციელებულა შრომის ინსპექტირების არსებული სისტემის რეფორმირება.
თანასწორობის და ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების გაძლიერების თვალსაზრისით მდგომარეობა არის შემდეგი: ევროკავშირის თანასწორობის დირექტივების იმპლემენტაციის შესახებ კანონპროექტი საქართველოს მთავრობამ 2017 წელს წარუდგინა პარლამენტს, რომლის განხილვა დღესაც მიმდინარეობს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, ევროკავშირის ძირითადი დირექტივების დანერგვის ვადა 2017 წელს ამოიწურა.
კანონპროექტს თან სდევს რიგი მნიშვნელოვანი პრობლემები დისკრიმინაციის თვალსაზრისით.
ინსტრუქცია