საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ფეისბუქ-ჯგუფ "დაიტოვეს" დამფუძნებლების, ნენსი ვოლანდის (ქრისტინა ბოტკოველი) და ილია ღლონტის და სამოქალაქო აქტივისტის, ისაკო დევიძის საცხოვრებელი ბინების ჩხრეკას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, შეწყვიტოს სისხლის სამართლის მექანიზმების თვითნებური გამოყენება სამოქალაქო აქტივისტების მიმართ.
დღეს, 2025 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 14:15 საათზე, სამოქალაქო აქტივისტმა ნენსი ვოლანდმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი სახლის კართან მისულია პოლიცია და ნებაყოფლობით არშეშვების შემთხვევაში, ბინაში იძულებით შეღწევას და ჩხრეკის ჩატარებას გეგმავს. რამდენიმე წუთში იგივე ინფორმაცია გაავრცელა ფეისბუქ-ჯგუფ "დაიტოვეს" მეორე დამფუძნებელმა, ილია ღლონტმა. ცოტა ხნის წინ, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დააკავეს აქტივისტი, ისაკო დევიძე, ხოლო ოჯახის წევრებისთვის ამ დროისთვის უცნობია, სად არის იგი გადაყვანილი. მედიის ცნობით, ისაკო დევიძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს - 173-ე მუხლით, რაც პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ ილია ღლონტიც.
შსს-ს ინფორმაციით, "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით და 226-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის, საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების პირადი და სახლების ჩხრეკა". თუმცა, სამინისტროს განცხადებაში არ არის განმარტებული ის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რომელიც მიმდინარე საგამოძიებო პროცესების საფუძვლიანობას და კანონიერებას დაადასტურებდა. ნიშანდობლივია, რომ სამივე აქტივისტის საცხოვრებელ სახლებში შესვლა 2 თებერვალს თბილისი მოლთან დაგეგმილი აქციის წინა დღეს, პრაქტიკულად თანადროულად მოხდა. დაგეგმილ აქციაზე "ქართული ოცნების" რეპრესიულ პასუხს აჩვენებს ისიც, რომ შეკრებამდე 2 დღით ადრე, დაჩქარებული წესით ცვლილებები შეიტანა 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილებაში "სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ", რომლითაც სტრატეგიულ ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებად ასევე განსაზღვრა საქართველოში არსებული საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები. სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა. №361 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ კი საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ხალხმრავალი შეკრებების ჩატარების კრიმინალიზება ხდება.
დღევანდელი საპოლიციო ღონისძიებები ნენსი ვოლანდისა (ქრისტინა ბოტკოველი) და ილია ღლონტის ბინების ჩხრეკის პირველი შემთხვევა არ არის და 2024 წლის 4 დეკემბერს, აქტივისტების ბინაში უკვე განახორციელეს ჩხრეკა. ილია ღლონტის ბინიდან ამოიღეს ტელეფონი და ლეპტოპი, ხოლო ნენსი ვოლანდის ბინიდან - აირწინაღი, წიწაკის სპრეი და ტელეფონი. აქტივისტების ბინების განმეორებითი ჩხრეკა, შეიცავს სამოქალაქო პოზიციის გამო მათზე ზეწოლის მკაფიო ნიშნებს.
ადამიანის უფლებათა სამართალი ხაზს უსვამს პირად ცხოვრებაში ჩარევის აუცილებლობის მკაცრი შეფასების მნიშვნელობას, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც ჩხრეკას დემოკრატიულ თავისუფლებებზე შეიძლება ჰქონდეს გავლენა. ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში აღნიშნა, რომ პოლიტიკურად ან სოციალურად აქტიური პირების პირად ცხოვრებაში ჩარევა საჭიროებს მკაცრ დასაბუთებას. სასამართლოს მტკიცებით, სახელმწიფოს ქმედებები, რომლებიც ზღუდავს პოლიტიკურ აქტივობას, უნდა აკმაყოფილებდეს მაღალი დონის აუცილებლობას და პროპორციულობას. პირად ცხოვრებაში ჩარევის კონსტიტუციურობისთვის უფლებრივი სტანდარტები, მათ შორის, მოითხოვს, რომ ჩხრეკა ჩატარდეს ისეთი ფორმით, რომელიც არ არის შემაშინებელი, არ მოიცავს გადაჭარბებული ძალის გამოყენებას და ითვალისწინებს სხვა პირების ყოფნას ჩხრეკის ადგილზე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ აქტივისტების ბინების ჩხრეკა არა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების და საჯარო წესრიგის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს, არამედ საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქეების დაშინებისა და საზოგადოებრივი პროცესებიდან ჩამოშორების მიზანს ემსახურება და სახეზეა სისხლისსამართლებრივი მექანიზმების თვითნებურად და პოლიტიკური მიზნებით გამოყენების კიდევ ერთი მაგალითი. ამგვარი მიდგომა ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას და მოქალაქეების დაშინების, დევნისა და ტერორის ავტორიტარულ მიზანს ატარებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
ინსტრუქცია