საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დღეს ცხინვალის რაიონული სასამართლო იწყებს თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვის მესამე ციკლს. სამხრეთ-ოსეთის დე-ფაქტო სასამართლომ თამარი მეარაყიშვილი მის წინააღმდეგ წარმოებული ყველა ბრალდების ნაწილში ორჯერ გაამართლა, მათ შორის უკანასკნელად 2019 წლის 10 ივლისს, როდესაც ახალგორის რაიონულმა სასამართლომ მას ყველა ბრალი მოუხსნა.[1] თუმცა დე-ფაქტო პროკურატურა კვლავ აგრძელებს სასამართლო პროცესებს. მათ 10 ივლისის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და შესაბამისად პროცესები განახლდა.
ორწლიანი სასამართლო პროცესების შემდეგ თამარ მეარაყიშვილმა გადაწყვიტა, რომ სასამართლოზე დაცვის გარეშე წარდგეს და გამოიყენოს დუმილის უფლება, ვინაიდან მიიჩნევს რომ სასამართლოს უკვე მოსმენილი აქვს მისი ყველა არგუმენტი. მან დე-ფაქტო ორგანოებთან თავისი უდანაშაულობის მტკიცების ყოველგვარი, მათ შორის ფინანსური, რესურსი ამოწურა. სწორედ ამიტომ თამარ მეარაყიშვილმა გადაწყვიტა უარი თქვას ადვოკატის მომსახურებაზე.
თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ სამი სახის სისხლის სამართლის საქმის დაწყება აშკარაა რომ ემსახურება მხოლოდ მის გაჩუმებას, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, იძულებას დატოვოს ახალგორი და შეწყვიტოს საჯარო კრიტიკა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. დე-ფაქტო ხელისუფლება ორი წლის მანძილზე ყოველგვარი ვალიდური მტკიცებულების გარეშე ცდილობს ამტკიცოს, რომ თამარმა ჩაიდინა ცილისწამების დანაშაული, ასევე გააყალბა დოკუმენტები და უკანონოდ მიიღო სამხრეთ-ოსეთის "მოქალაქეობა". ხაზგასასმელია, რომ ადგილობრივი "ხელისუფლება" ცილისწამებად მიიჩნევს ადგილობრივი საჯარო მოხელეების მიმართ გამოხატულ კრიტიკას. რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსით კი ცილისწამება დასჯადია.
იმ პირობებში, როცა ახალგორელი აქტივისტი მარტოა დარჩენილია დაუსაბუთებელი ბრალდებების წინაშე და არსებობს მისი დაპატიმრების რისკები, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გაძლიერდეს საქართველოს ხელისუფლების და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და ზეწოლა დე-ფაქტო ორგანოების მიმართ. მათ შორის, მნიშვნელოვანია რომ თამარის საკითხი დადგეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების უახლოეს რაუნდზე, რომელიც სექტემბერში იგეგმება. საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება გადამწყვეტი იქნება თამარის შესაძლო უსაფუძვლო პატიმრობის თავიდან ასაცილებლად, ვინაიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ რეჟიმზე ზეწოლის სხვა ეფექტური მექანიზმი და შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობს.
ინსტრუქცია