[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / სტატია

ახალგაზრდები და  აქტივიზმი: წარსულის ხმები და მომავლის ძიება

 

შესავალი 

2024 წელი საქართველოს საპროტესტო ისტორიაში აუცილებლად გამორჩეულ ადგილს დაიკავებს. ორი მასობრივი მობილიზაცია ვიხილეთ - ჯერ „რუსული კანონის“ ხელახალი ინიცირების შედეგად დაწყებული პროტესტი, მოგვიანებით კი არალეგიტიმური ხელისუფლების და მისი გადაწყვეტილებების საპასუხო საპროტესტო ტალღა. ეს მოვლენები რამდენიმე კუთხით შეიძლება გავაანალიზოთ. შეგვიძლია ვისაუბროთ საპროტესტო ემოციებზე, აქტივიზმის დისკურსულ ველზე, პროტესტის ფორმებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში დაწყებული ახალი პროცესების შესახებ. თითოეულზე სიღრმისეული ანალიზი სხვადასხვა მიდგომითა და მეთოდოლოგიით შეიძლება, თუმცა ეს სტატია პროტესტის ამ ასპექტებს, „ახალგაზრდა თაობის“ აქტივიზმში ჩართვის ანალიზით დააკვირდება.

ახალგაზრდა თაობაზე დაკვირვება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კონტექსტის გათვალისწინებისას ხდება. 2024 წელს რუსული კანონის წინააღმდეგ ორგანიზებული აქციების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლურ თუ ფიზიკურ ძალად სწორედ ეს თაობა ჩამოყალიბდა. მედიის ყურადღების ცენტრშიც სტუდენტური ინიციატივები მოექცა, „Gen-Z“ კი პოლიტიკური დისკურსის ნაწილად გადაიქცა. ახალგაზრდების პოლიტიკურ აქტიურობაზე ქვეყნის ბედის განმსაზღვრელი იმედები დამყარდა.  თუმცა არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში, საზოგადოების ნაწილში გაჩნდა განწყობა, რომ ახალგაზრდობა პოლიტიკურად აღარ აქტიურობდა. „სად  არის ‘ჯენ-ზი’?“ - ასეთი შინაარსის კითხვა სოციალურ მედიაში ჯერ კიდევ არჩევნების დღეს გაისმა. 29 ნოემბრის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ახალგაზრდობის პასიურობაზე გაჩენილი ეჭვები გააქრო. განახლებულმა მასობრივმა პროტესტმა აჩვენა, რომ ახალგაზრდა თაობა კვლავ პროტესტის აქტიურ ძალად რჩებოდა.

„ახალგაზრდა თაობის“ პროტესტში მონაწილეობის გადააზრებით, დავინახავთ, თუ  როგორ ყალიბდება ეს თაობა პოლიტიკურ აქტორად: რა ემოციური განწყობებით მოქმედებენ, როგორი დისკურსული ველის ჩამოყალიბებაში მონაწილეობენ და პროტესტის რა  ფორმებით გამოხატავენ საკუთარ პოლიტიკურ წუხილებს. თუმცა ამის გარდა, ახალგაზრდობაზე დაკვირვებით საპროტესტო კულტურასა და სამოქალაქო საზოგადოებაში წარმოქმნილ ძვრებზეც შეგვეძლება საუბარი.

სტატიაც სწორედ ამ ორ მიზანს ეხმიანება. „ახალგაზრდა თაობის“ აქტივიზმს უმეტესწილად 2024 წლის გაზაფხულზე მოპოვებული მასალით შევეცდები, თუმცა, რადგან 2024 წელს დაწყებული პროტესტები და გაჩენილი განწყობები ჯერ კიდევ განგრძობადი პროცესია, მოცემული ანალიზი თანამედროვე პროცესების გადააზრებაშიც დაგვეხმარება. პროტესტის ყოველი ტალღა, ხშირად, ძველის გამოძახილია, უკვე არსებულ ფორმებს და ნარატივებს იყენებს, განვლილ მეხსიერებებს პასუხობს, ამასთანავე, მისი რეინტერპრეტაციის შედეგად წინააღმდეგობის ახალ გამოცდილებებსაც წარმოქმნის. 2024 წლის გაზაფხულს, ახალგაზრდა თაობის პოლიტიკური აქტიურობით, პროტესტის შიგნით და მის გარეთ, ისეთ პროცესებს დაედო სათავე, რომლებიც ნოემბერსა და დეკემბერში კიდევ უფრო გაძლიერდა.

მეთოდოლოგიისა და ახალგაზრდა აქტივიზმის ისტორიული მიმოხილვის შემდეგ სტატია ოთხ ნაწილად იყოფა და შემდეგ არგუმენტებს ავითარებს:

  • ახალგაზრდათა პროტესტში ჩართვის ემოციურ მზაობას გარკვეულწილად კოლექტიური გამოცდილებების მეხსიერება განსაზღვრავს. ერთი მხრივ, შეგვიძლია ვისაუბროთ თაობათა შორის განსხვავებებზე, მეორე მხრივ კი, წინა თაობის აქტივიზმის მეხსიერებაზე, რომელიც ახალი თაობისთვის მორალურ-ვალდებულებით საფუძველს წარმოქმნის.
  • პროტესტის დისკურსულ ველს დიდწილად მედია და სამოქალაქო/პოლიტიკური სექტორი განსაზღვრავს, თუმცა მათთან დიალოგში ახალგაზრდებიც აქტიურად შედიან. არსებული ნარატივები ხშირად გეოპოლიტიკურ ჩარჩოებშია მოქცეული და ახალგაზრდებში გარკვეულ ემოციურ სტიმულებზე დაყრდნობით რეზონირებს.
  • ვიზუალური პროტესტი, მიუხედავად საკუთარი ნაკლებად კონფრონტაციული ხასიათისა, ახალგაზრდათა აქტივიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და რამდენიმე ფუნქციას იძენს. ვიზუალური პროტესტი საჯარო სივრცეში საკუთარი თავის მონიშვნისა და იდენტობის განსაზღვრის გარდა, ახალგაზრდებს ახალი შინაარსების ფორმირებაში ეხმარება. ვიზუალური აქტივიზმის მეშვეობით ახალგაზრდები პასუხობენ სამთავრობო პროპაგანდის ისეთ ნარატივებს, რომლებიც დისკურსულ ველზე უპასუხოდ რჩებოდა. ამასთანავე, ვიზუალურ განზომილებას სძენენ ქართული ნაციონალიზმის ტრანსნაციონალურ ფორმებს.
  • ახალგაზრდათა აქტივიზმს პროტესტის შიგნით განვითარებული პროცესების გარდა, ცვლილებები მის მიღმაც მოჰყვება. მაგალითად, წინააღმდეგობის წიაღში სამოქალაქო ნაციონალიზმის საფუძვლებსაც ვაწყდებით.

ტერმინოლოგია და მეთოდი

ანალიზისას განგებ არ ვიყენებ ტერმინებს, რომლებიც ახალგაზრდა თაობას ცალსახად ასაკობრივ კატეგორიად გარდაქმნის. ქართულ პოლიტიკურ დისკურსში ხშირად გამოიყენება თაობის განმსაზღვრელი სახელწოდება „Gen-z“, თუმცა მისი აკადემიურ ტერმინად გარდაქმნა „ახალგაზრდა თაობას“ პოლიტიკური შინაარსისა და კონტექსტისგან დაცლის. ამის ნაცვლად, სოციოლოგ არლ მანჰაიმის განმარტებას ვეყრდნობი. „ახალგაზრდობა“ მხოლოდ ასაკზე დაყრდნობით ვერ განისაზღვრება. „თაობა“ არ არის მხოლოდ ასაკობრივი კატეგორია, არამედ ჯგუფი, რომელიც საერთო პოლიტიკურ მეხსიერებას და კულტურულ გარემოს იზიარებს (Mannheim, 1952).

საქართველოს კონტექსტში „ახალგაზრდა თაობაზე“ საუბრისას, არ ვგულისხმობ მხოლოდ „Gen-z“-ის,  ანუ 1996 წლის შემდეგ დაბადებულ მოსახლეობას, არამედ  ყველას, ვინც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა ან/და გაიზარდა.

სტატიის კვლევითი ხასიათიდან გამომდინარე, რამდენიმე სიტყვა მეთოდოლოგიაზეც უნდა ითქვას. ანალიზი უმეტესად 2024 წლის გაზაფხულს, რუსული კანონის წინააღმდეგ განვითარებულ პროტესტებს ეყრდნობა და რამდენიმე მეთოდით  მოპოვებული მასალაა გამოყენებული. თუმცა, კონტექსტუალიზაციისა და საპროტესტო ნარატივების გაანალიზების მიზნით, ასევე განვიხილავ 2019 წლიდან დღემდე არსებულ მთავარ საპროტესტო სლოგანებს. ამასთანავე, ემპირიულ მონაცემად გამოყენებულია მედიაში განთავსებული ტექსტები, ბანერები, საპროტესტო ღონისძიებების ანონსებიდან შეგროვებული ნარატივები. არსებული საპროტესტო დისკურსების ქრონოლოგიური დოკუმენტაციის შედეგად ნათელი ხდება, თუ რა ნარატიულ ჩარჩოებში მოძრაობს პროტესტი და რა როლს ასრულებს ახალგაზრდობა მის კონსტრუირებასა და რეინტერპრეტაციაში.

ერთ-ერთ მთავარი მეთოდი იყო ჩართული დაკვირვება. პროტესტის მიმდინარეობის პარალელურად ვესაუბრებოდი ახალგაზრდებს, ვახდენდი მათი  განწყობებისა და ემოციების დოკუმენტაციას და მათთან  ერთად ვმონაწილეობდი   საპროტესტო მსვლელობაში. უნდა ითქვას, რომ „დაკვირვებასთან“ ერთად, ველზე „ჩართულობის“ საშუალება, ჩემმა, როგორც ახალგაზრდა მკვლევრის, პოზიციამ განაპირობა. აქციებში მონაწილეობისას უმეტეს დროს ჩემს თანატოლ ახალგაზრდებთან ვატარებდი,  შესაბამისად, ვესწრებოდი საუბრებსა და დისკუსიებს, რომელთა უმეტესობაც პროტესტის  განმავლობაში ბუნებრივად ვითარდებოდა.

დამატებით, სტატიაში გაანალიზებულია ვიზუალური მასალა, რაც უმეტესწილად სოციალურ მედიაში ახალგაზრდების მიერ განთავსებული ილუსტრაციებისა და გრაფიკული დიზაინების კვლევას გულისხმობს. 2024 წლის საპროტესტო აქციებში ვიზუალური ხელოვნება პროტესტის შუაგულში მოექცა. საპროტესტო ვიზუალური მასალის შექმნა, საზოგადოების მიერ წინააღმდეგობის ერთ-ერთ ფორმად ნაკლებად განიხილება. თუმცა სტატია აჩვენებს, თუ როგორ  გარდაქმნიან  ახალგაზრდები ვიზუალურ სიმბოლოებსა და რეპრეზენტაციებს საპროტესტო საშუალებად. ამ გზით კი, როგორ გადმოსცემენ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს და ზოგადი საპროტესტო ნარატივის ვიზუალურად გარდაქმნაში იღებენ  მონაწილეობას.

საქართველოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, აუცილებელია აღინიშნოს ამ სტატიის მომზადების პერიოდიც. ტექსტზე მუშაობა საპარლამენტო არჩევნებამდე დავიწყე, თუმცა წერის პროცესი შემდეგი წლის იანვრის ბოლომდე გრძელდებოდა. ამის პარალელურად კი, იცვლებოდა ახალგაზრდების პროტესტში მონაწილეობის დინამიკა და ფორმები. შესაძლებელია, ახლაც, როდესაც მკითხველი ამას კითხულობს, ახალგაზრდა თაობა პროტესტის სხვა მასშტაბსა და გზებზე  იყოს გადასული, ან შეცვლილი იყოს მათი ჩართულობის დონე. ამ პოლიტიკურ კონტექსტში შექმნილი სტატია 2024 წლის გაზაფხულის პროტესტებს ეყრდნობა, თუმცა შემოდგომის აქტივიზმსა და თანამედროვე პროცესებსაც ხშირად ეხმიანება.

ყველა პროტესტს ახასიათებს წინა გამოცდილებებთან დიალოგში შესვლა, უკვე დაგროვილი ცოდნისა და  წინააღმდეგობის ფორმების გამოყენება და ახლად გარდაქმნა. შესაბამისად, 2024 წლის გაზაფხულს ახალგაზრდა თაობის პროტესტში აქტიურობის გაანალიზებით, დღევანდელ პოლიტიკურ მოვლენებსა და ვითარებაზეც შეგვეძლება დაფიქრება.

ახალგაზრდა თაობა და ქართული აქტივიზმი: ისტორიული კონტექსტი

ქართველი ახალგაზრდა თაობის როლი პროტესტსა და აქტივიზმში სოციალური მეცნიერებების ფარგლებში სიღრმისეულად და სისტემურად გაანალიზებული არ არის. თუმცა, ახალგაზრდა თაობის, როგორც პოლიტიკური სუბიექტის კონტექსტუალიზაცია ისტორიის, კოლექტიური მეხსიერებისა და პოლიტიკური მეცნიერებების ჭრილში, შედარებითი ანალიზის მეთოდით დაწერილი სტატიების გამოყენებით შეგვიძლია.

საქართველოში სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი პირველი წარმატებული მაგალითი 1978 წლის 14 აპრილია, როდესაც ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის დასაცავად მობილიზაცია უნივერსიტეტიდან დაიწყო. ამ მოვლენებიდან ორმოცი წლისთავს მიძღვნილი, „არტანუჯის“ გამოცემული წიგნი „14 აპრილი 1978“ პროტესტის მონაწილეთა ზეპირ ისტორიებს გადმოგვცემს. შესავალი კი იუწყება: „ქართველმა ახალგაზრდებმა უდიდესი საფრთხის ფონზე შეძლეს ეროვნული ღირსების დაცვა და არ დამორჩილდნენ საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებას“ (ბაქანიძე, 2018).

1988 წელს დღევანდელი პარლამენტის შენობის წინ მოშიმშილეთა დიდ ნაწილსაც სწორედ იმდროინდელი ახალგაზრდა თაობა წარმოადგენდა. აქციების ერთ-ერთი მონაწილე კვლევის ფარგლებში ჩემთან გამართულ პირად საუბარში იხსენებს: 

„ახალი დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი და ვმუშაობდი. საღამოს მივედით. თავიდან საერთოდ არ მქონდა ის განწყობა, რომ იქ უნდა დავრჩენილიყავი და გვეშიმშილა. მაგრამ იმდენად დიდი იყო მუხტი და ისეთი ერთობა, სიტყვასაც ვერ ვპოულობ. იქ [შენობის წინ], რომ ვიჯექით, ყოფილ კურსელებთან ერთად ვიყავი, ის სივრცე იყო ჩვენს უნივერსიტეტად ქცეული. აი იქ, იმ მიტინგებზე, თითოეული გამოსვლა, თითოეული სიტყვა ჩასაწერი იყო. მჯერა, რომ იქ დიდი განათლება მივიღე“ (მდედრობითი, 65 წელი).

1988 წლის ნოემბრის შემდეგ 1989 წლის 9 აპრილი დადგა. დღე, რომელიც ისტორიულ თარიღად სწორედ ახალგაზრდა თაობის სიმამაცისა და თავგანწირვის შედეგად იქცა.  9 აპრილის კოლექტიური მეხსიერება და მაშინდელი ახალგაზრდობის როლი დღევანდელი პროტესტის განმავლობაში ხშირად ცოცხლდება. თანამედროვე ახალგაზრდობა ხშირად საკუთარ აქტიურობას „მშობლების თაობის“ მიერ დაწყებული ბრძოლის გაგრძელებად მიიჩნევს, რაც ამ ორი თაობის პროტესტს ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს.

ზოგადად, საბჭოთა კავშირის დაშლაში ახლაგაზრდა თაობის როლზე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში მრავალი სტატია ამახვილებს ყურადღებას. პოლიტიკური მეცნიერი, ფელიქს კრავაჩეკი, სტატიაში, „პოლიტიკური მობილიზაცია და დისკურსული ველი: ახალი თაობა  და საბჭოთა კავშირის დაშლა“, განიხილავს, თუ როგორ შეიცვალა გორბაჩოვის პერიოდში „ახალგაზრდის“ განსაზღვრება (Krawatzek, 2017, 2022). ავტორი „პერესტროიკის“ ხანის გაზეთების საფუძველზე აანალიზებს, თუ როგორ მოექცა „ახალგაზრდობა“ პოლიტიკურ თემებზე არსებული ნარატივების ცენტრში, ჩამოყალიბდა პოლიტიკურ სუბიექტად და  გამოიწვია ძველი თაობისა და რეჟიმის დელეგიტიმაცია. ავტორის მიხედვით, ახალგაზრდების გარშემო ფორმირებული დისკურსი სოციალურ ცვლილებებთან და ახალ რეალობასთან დაკავშირდა. ამის  მაგალითად კი  გორბაჩოვის 1987 წელს წარმოთქმული სიტყვის სათაურიც შეგვიძლია ავიღოთ  - „ახალგაზრდობა: რევოლუციური სახის კრეატიული ძალა“ (Gorbachev, 1987).

1989 წლისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საპროტესტო მოძრაობებში ახალგაზრდათა ჩართულობის როლზე მრავალი პოლიტმეცნიერი ყურადღებას ფერად რევოლუციებზე დაყრდნობით ამახვილებს. ამ მხრივ, ხშირად მოიხსენიებენ საქართველოსაც, სტუდენტურ მოძრაობას, „კმარა“,  და ზოგადად ახალგაზრდების მიერ გამოყენებულ საპროტესტო ტაქტიკებს (Laverty, 2008; Ó Beacháin & Polese, 2012). მაგალითად, სტატიაში, „პოსტსაბჭოთა ახალგაზრდობის ამბოხი“, განხილულია სერბეთის (2000 წელი), უკრაინის (2004 წელი) და საქართველოს (2003 წელი) ქეისები (Nikolayenko, 2007). ავტორი განიხილავს, თუ როგორ გავრცელდა ახალგაზრდების მიერ გამოყენებული საპროტესტო ტაქტიკები და მობილიზაციის ფორმები ქვეყნებს შორის. ამასთან ერთად კი აანალიზებს იმ მრავალფეროვან ტაქტიკებს, რომელთა მეშვეობითაც ახალგაზრდა თაობამ ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ საჯარო სივრცის სათავისოდ გამოყენება შეძლო.

ისტორიის ამ თითოეულ გარდამტეხ მომენტში ახალგაზრდა თაობა სხვადასხვა საპროტესტო ფორმას იყენებდა და საქართველოში აქტივიზმის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვან პოლიტიკურ სუბიექტად ყალიბდებოდა. თანამედროვე პროტესტი კიდევ უფრო მკვეთრად აჩვენებს იმ თვითმობილიზაციის, დისციპლინისა და მოტივაციის დონეს, რომელსაც ახალგაზრდა მოძრაობები იჩენენ.

მიმდინარე პროცესების უკეთ გასაგებად, აუცილებელია გავაანალიზოთ თანამედროვე ახალგაზრდა თაობის განწყობები, მოტივაციები და პროტესტის ფორმები. სწორედ ამ მიზნით, სტატია 2024 წლის პროტესტებიდან მოპოვებულ მასალას ეყრდნობა და ისტორიულ და თანამედროვე პროცესებთან პარალელის გავლებით შემდეგ კითხვებს მიმოიხილავს:

  • რა ემოციური განწყობები უბიძგებს ახალგაზრდებს პროტესტისკენ?
  • როგორ ექცევა ახალგაზრდა თაობა არსებული საპროტესტო დისკურსების ფარგლებში და როგორ მონაწილეობს მის კონსტრუირებაში?
  • რა სახის საპროტესტო ფორმებს მიმართავს ახალგაზრდობა და რა ახლებურ შინაარსებს ქმნის იგი?
  • რა გვაძლევს იმის საფუძველს, ახალგაზრდა აქტივიზმის გაძლიერებასთან ერთად, პროტესტის წიაღში გაჩენილ სამოქალაქო ნაციონალიზმზე ვისაუბროთ?

საპროტესტო ემოციები

2024 წლის გაზაფხულია, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციები მიმდინარეობს. პროტესტის ერთ-ერთ ღამეს პირველი სკოლისკენ გავედი. სკოლის წინ, სკვერში, ახალგაზრდებს მინდორზე პლედები გაეშალათ. ჯგუფ-ჯგუფად ისხდნენ: ზოგს წინ შოკოლადები ეყარა, ზოგი წამოწოლილიყო და თავი ზურგჩანთაზე დაესვენებინა. კუთხეში ახალგაზრდების ნაწილი ბოთლის დატრიალებასა და მის დაყენებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდა. წამიერად გადამავიწყდა, რომ პროტესტზე ვიყავი, მაგრამ ხალხის მუდმივი გუგუნი, სტუდენტების ჩანთებზე ჩამოკიდებული შლემები, კისერზე გაზისგან დამცავი ნიღბები და მწვანე ლაზერების შუქი ნებისმიერ მომენტში სიტუაციის რადიკალურად შეცვლაზე მიანიშნებდა. 

ასეც მოხდა. მალე შორიდან ხმაური მოისმა, შემდეგ გვერდიდან ყვირილი: „ფრთხილად!“ და ჩიტაძის ქუჩიდან ნაცნობი ხმა: „მოქალაქეებო, გთხოვთ დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში...“. ახლოს მდგომ გოგონას დედამისმა დაურეკა - „დე, დარბევას იწყებენ, გამოდი რა გთხოვ!“ - მომესმა  ტელეფონიდან გამომავალი ხმა. „ხო, ხო. ცოტა ხანში გამოვალ!“ უპასუხა გოგონამ და თან მეგობრებს თავი გაუქნია, ანიშნა, რომ რჩებოდა. გარშემო მიმოვიხედე. რამდენიმე წამში მინდორზე აღარავინ იჯდა. ზოგი საწვიმარს იცვამდა, ზოგი ფიზიოლოგიურ ხსნარს ჩანთის სახელურზე ამაგრებდა, ზოგი პლასტმასის სათვალეებს ირგებდა. ვიღაცამ ხელში გაზისგან თავის დასაცავად ნიღაბი შემომაჩეჩა, ჩემს გვერდზე მდგომ ბიჭს კი ფიზიოლოგიური ხსნარის პატარა ფლაკონი გადასცა. ბიჭმა ფიზიოლოგიური ხსნარი ქურთუკის ჯიბეში ჩაიდო, მხრებში გაიმართა, ზურგჩანთა შეისწორა, ღიმილით გადმომხედა და ნიშნისმოგებით წარმოთქვა: „მზად ვართ!“ 

ეს ჩანაწერი 2024 წლის „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ ერთ-ერთ აქციაზე გავაკეთე. იქ  ყოფნის გარეშე,  ალბათ ვერასდროს გავაანალიზებდი იმ მომენტალურ მზაობას, რომელიც ახალგაზრდებში დარბევის საპასუხოდ გაჩნდა. პირველი სკოლის წინ ვითარების უცაბედი ცვლილება, შემართება და სილაღე, რომელიც მათ მოქმედებაში გამოიხატებოდა, „რეფლექსური ემოციის“ კატეგორიას შეგვიძლია მივაკუთვნოთ (Jasper, 2018).

სოციოლოგი და ემოციების მკვლევარი ჯეიმს ჯასპერი მიიჩნევს, რომ „რეფლექსური“ ემოციები მოვლენების საპასუხოდ მომენტალურად ყალიბდება და პროტესტის დინამიკაზე მოქმედებს. ასეთი რეფლექსური ემოციაა შიშიც, რომელიც პროტესტის დარბევისას აქციის მონაწილემ შეიძლება განიცადოს. თუმცა, როგორც ბოლოდროინდელი აქციები  და  აღწერილი მონაკვეთი აჩვენებს, რეფლექსური შიშის ნაცვლად, პროტესტის მონაწილე ახალგაზრდები პოლიციის ძალადობას მზაობით პასუხობდნენ. ამის მაგალითად 2023 წლის მარტის აქციების ცნობილი კადრიც შეგვიძლია მოვიყვანოთ, როდესაც ახალგაზრდებმა დარბევის მანიშნებელ სირენის ხმას ცეკვით უპასუხეს, შემდეგ კი მთელი ღამის განმავლობაში განაგრძეს პროტესტი.  

იმის გაანალიზება, თუ რა ემოციური სტიმულები იწვევს ასეთი მზაობის გამოხატვას, ისევ ჯეიმს ჯასპერის მიერ გამოყოფილი ორი ემოციური კატეგორიით: აფექტური განწყობებითა და მორალურ-ვალდებულებითი ემოციებით შეგვიძლია. 

აფექტური განწყობები წარსულ გამოცდილებებზე, კოლექტიურ იდენტობასა და პოლიტიკურ მეხსიერებაზე დაყრდნობით ყალიბდება. აფექტური განწყობა რეფლექსურ ემოციასთან შედარებით უფრო გრძელვადიანი და სტაბილურია, შესაბამისად, მისი საწინდარიც შეიძლება გახდეს. მაგალითად, თუ საზოგადოების ნაწილს გააჩნია პოლიტიკური ძალადობის პირდაპირი მეხსიერება, როგორიცაა 9 აპრილის მოვლენები, აფექტურ განწყობად მასში ტრავმული გამოცდილებები დაილექება. ეს კი ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენებისას რეფლექსური შიშის ფორმირების ალბათობას ზრდის. მეორე მხრივ, ახალგაზრდა თაობას, მსგავსი პირდაპირი მეხსიერების არარსებობის გამო, ნაკლებად მძაფრი ტრავმულ-აფექტური განწყობები აქვს.

რეფლექსური ემოციის ფორმირებაზე მორალურ-ვალდებულებითი ემოციებიც მოქმედებს.  ეს კატეგორია, არსებულ ღირებულებათა სისტემას ეფუძნება და მკაფიო მორალურ ასპექტს მოიცავს. ის განსაზღვრავს ერთგვარ პასუხისმგებლობის და ვალდებულების გრძნობას, რომელიც ადამიანს პროტესტში მონაწილეობისკენ უბიძგებს. ახალგაზრდა თაობაში ფორმირებული მორალურ-ვალდებულებითი  ემოციების საილუსტრაციოდ მინდა 18 წლის აქტივისტ, სანდრო ქინქლაძესთან ჩაწერილი მედიაინტერვიუ გავიხსენოთ. 2024 წლის გაზაფხულის აქციების მიმდინარეობისას, კითხვაზე, თუ რატომ  იდგა იგი აქციაზე, სანდრომ უპასუხა:

„გვინდა ევროპა. კანდიდატის სტატუსი, აგერ ერთი წლის წინ მივიღეთ და ერთად აღვნიშნავდით. ყველაფერი, რაც ევროპული გვქონდა ამ ქვეყანაში, დღეს ან ხვალ წაგვერთმევა...

ყველა უნდა გამოვიდეთ გარეთ და კარგად გავაგონოთ ყველა იმ ხელისუფლების წარმომადგენელს, რომ ამ კანონს არ მივაღებინებთ. ჩემი თანატოლები ზუსტად  შარშან მოექცნენ ყურადღების ცენტრში, რადგან ჩვენ ვართ თაობა,  რომელიც თავისუფლებაში დაიბადა და არ გვეშინია მონების, იმიტომ რომ ჩვენ მონობას  უბრალოდ არ მივიღებთ. თავისუფლება მინდა, ჩემს ქვეყანაში, სადაც ჩემი წინაპრების სისხლია დაღვრილი, 9 აპრილს... ამიტომ ვარ მე დღეს აქ, ჩემი წინაპრების მონაპოვარს ვიცავ დღეს“.

სანდროსთვის, როგორც თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული სხვა ახალგაზრდებისთვის, ევროპული მომავლის დაცვა მორალური ვალდებულებაა. შიშის ნაცვლად, 9 აპრილის მეხსიერება, ახალგაზრდა თაობისთვის შემართული ბრძოლის წინაპირობაა. ეს კი პროტესტში გამოყენებულ სიმბოლოებშიც იჩენს თავს. 9 აპრილის ვიზუალური თუ დისკურსული გამოყენება ხშირად მიანიშნებს  მემკვიდრეობით გადმოცემული აქტივიზმის განგრძობადობაზე. მაგალითად, 2024 წლის გაზაფხულზე, პროტესტის ერთ-ერთ დღეს, 9 აპრილის მემორიალზე, მახსოვს, წარწერა დავინახე: „დედა, მე იქ ვარ, სადაც შენ იდექი 9 აპრილს“, შემდეგ კი რამდენიმე დღით ადრე მეგობრის ნათქვამი გამახსენდა: „რომ გავიზრდები, როგორც ჩემს მშობლებს შეუძლიათ თქვან, რომ 1989 წელს აქ იდგნენ, მეც მინდა მოვყვე, როგორ ვიდექი აქ 2024 წელს და საქართველოს მომავლისთვის ვიბრძოდი“. პროტესტში  მონაწილეობის სურვილს და მორალურ-ვალდებულებით ემოციას აქ, შესაბამისად, კოლექტიური მეხსიერებაც ასაზრდოებს და ახალი თაობის აქტივიზმი წარსულ გამოცდილებებთან შეპირისპირების ნაცვლად, მის ახლებურად გამოყენების გზებს ეძებს.

მზაობის აფექტურ ემოციად განხილვის შემთხვევაში თაობათა შორის არსებული განსხვავებები შეგვიძლია შევნიშნოთ. პროტესტის მოტივაციის მორალურ-ვალდებულებით კატეგორიებზე ყურადღების გამახვილებისას კი - თაობათა აქტივიზმის განგრძობითობა.

პროტესტის დისკურსული ველი

ახალგაზრდების ამ ემოციების განხილვისას, ასევე აუცილებელია გავაანალიზოთ პროტესტის დისკურსული ველი, რადგან სწორედ ამ ველის ფარგლებში ყალიბდება ახალგაზრდა თაობის ემოციები და წინააღმდეგობის თვითგამოხატვის ფორმები. ნარატივები, რომელთა გამოყენებითაც პოლიტიკური მოვლენა განისაზღვრება და პროტესტის მიზნები ფორმირდება, პროტესტის დისკურსულ ველს აყალიბებენ. ვინ ქმნის ამ ველს? მედიებისა და პოლიტიკური ელიტების მხრიდან მომავალი პროცესია, თუ ახალგაზრდებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ ნარატივებისა და შინაარსების ფორმირებაში? იქნებ ორმხრივი პროცესია? ამ კითხვების გასაანალიზებლად სტატიის ამ ნაწილში ახალგაზრდა აქტივიზმისა და საპროტესტო დისკურსული ველის თანაკვეთაზე ვისაუბრებ.

ბოლო 6 წლის საპროტესტო ნარატივებზე  დაკვირვებით ჩანს, რომ დისკურსული ველი ხშირად  გეოპოლიტიკური  შინაარსისაა. მაგალითად, 2019 წელს გავრილოვის ღამის შემდეგ, პროტესტის ენა და სიმბოლიკა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ შეიკრა. პროტესტის ერთ-ერთ მთავარ ნარატივად „არა რუსულ ოკუპაციას“ ჩამოყალიბდა. ამ დისკურსულ ველს კი მონაწილეების მიერ გამოყენებული ოკუპაციასთან დაკავშირებული სიმბოლიკა და ვიზუალებიც ამყარებდა.

შემდეგ, 2022 წელს, უკრაინის მხარდასაჭერ აქციებზე ხშირად გვხვდებოდა საპროტესტო ბანერი ტექსტით: „Georgia stands with Ukraine, sorry for our government“. მსგავსი შინაარსის ბანერთა დიდი ნაწილი ინგლისურად იყო, რაც ტექსტის შინაარსთან ერთად ამტკიცებს, რომ პროტესტის ერთ-ერთი მიზანი საერთაშორისო აუდიტორიისთვის უკრაინის მხარდაჭერის ჩვენება იყო. სხვა სიტყვებით კი, გეოპოლიტიკურ ველზე უკრაინის მხარდაჭერის გამოხატვით, პროტესტის მონაწილეები ეროვნულ იდენტობას განამტკიცებდნენ.

 ამ პერიოდში საპროტესტო ემოციებს ვიკვლევდი, ინტერვიუებს ახალგაზრდებთანაც ვატარებდი. მახსოვს, ერთ გოგონასთან ინტერვიუს ჩატარებისას კაბაზე ყავა გადამექცა. გოგონამ საუბარი შეწყვიტა, ჩემს კაბას დახედა და შემდეგ ენერგიულად განაგრძო: „აი ნახე, როგორც ეს ლაქა, ახლა შენ უნდა წახვიდე და ჩამოირეცხო, მეც აქციებზე სიარულით  ის ლაქა უნდა ჩამოვიშორო, რაც ამ რუსმა მთავრობამ მომცხო. ევროპამ უნდა დაინახოს, რომ ჩვენ, ქართველები, მხარს ვუჭერთ ევროპას“. მის ამ სიტყვებში შეიმჩნევა, რომ პროტესტი დისკურსულად გეოპოლიტიკურ ჩარჩოში ექცევა, დიალოგში შედის ევროპასთან და რუსეთის წინააღმდეგ  იბრძვის, თუმცა თან პერსონალური და ემოციურიცაა.

მოგვიანებით, ამავე წლის ზაფხულში გაიმართა აქციათა ციკლი სახელწოდებით - „შინ ევროპისკენ, წინ ევროპისკენ!“. პირველი აქციის ანონსში კი ვკითხულობთ:[1]  „ევროპა ქართველების ისტორიული არჩევანი და მისწრაფებაა, რომლისთვისაც ყველა თაობამ მსხვერპლი გაიღო“. პროტესტის ფარგლებში, ბანერებსა და სცენაზე გამომსვლელთა სიტყვებში ხშირად ფიგურირებდა ზურაბ ჟვანიას ცნობილი ფრაზა: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი!“. 

მსგავს ნარატივებში ევროპული მომავალი წარსულზე არტიკულებითა და ევროპისკენ ისტორიული მიკუთვნებულობის იდეის გამოყენებით მყარდება. თუმცა ასევე საინტერესოა, რომ აქციის ანონსშივე შემოდის ტერმინი „თაობა“. ხაზგასმულია, რომ ევროპული მომავლისთვის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ყველა თაობა იბრძოდა, რაც აჩენს განცდას, რომ ახლა, ახალი თაობის ჯერია.

შემდეგ ანონსი გრძელდება:

„საქართველოს მოქალაქეები, შესაძლოა, ბევრ საკითხზე ვერ ვთანხმდებოდეთ, მაგრამ თავისუფლება, მშვიდობა, ეკონომიკური მდგრადობა, ადამიანების უფლებების დაცვა და სამართლიანობა ის ღირებულებებია, რომლებიც გვაერთიანებს და რომელთა გარანტიც სწორედ ევროკავშირთან ინტეგრაციაა“.

აქ იდენტობის საკითხებთან ერთად აქცია პასუხობს კითხვას, თუ როგორ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება, თუმცა დიდწილად, ამასაც გეოპოლიტიკური საკითხის ნაწილად მოიაზრებს.

პროევროპულ აქციებს მოგვიანებით მოჰყვება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციები. 2023 წელს აქციის მთავარი ნარატივია „არა რუსულ კანონს“, 2024-ში კი ევროპული განზომილებაც ემატება და აქციის მთავარი სლოგანი „კი ევროპას, არა რუსეთს“ ხდება. ნარატივის ასეთი ცვლილება აისახა ახალგაზრდების გამოყენებულ ბანერებზეც, სადაც სხვადასხვა ვიზუალური სიმბოლოსა თუ სლოგანის გამოყენებით კიდევ უფრო აქტუალურად შემოვიდა ევროპის თემა (ფოტო 1 და 2).[2]


ამ, და განსაკუთრებით ბოლო ნარატივის სიღრმისეული ანალიზი, სოციალური მოძრაობების თეორიაში არსებული ტერმინის, „კოლექტიური ქმედების ჩარჩოს“ (Benford & Snow, 2000) გამოყენებითაც შეგვიძლია. ამ კონცეპტის გამოყენებით, კიდევ უფრო ნათელი ხდება, თუ რა მოტივაციები უბიძგებს ახალგაზრდა თაობას ჩაებას საპროტესტო მოძრაობაში და დიალოგში შევიდეს არსებულ საპროტესტო ნარატივებთან.

სოციალური მოძრაობების ლიტერატურაში „კოლექტიური ქმედების ჩარჩო“ ერთგვარი ინტერპრეტაციის სქემაა, რომლის გამოყენებითაც კონკრეტული მოვლენა საზოგადოებაში მნიშვნელობას იძენს. შესაბამისად, „ჩარჩო“ ქმედებაზე ორიენტირებული რწმენებისა და მნიშვნელობების ნაკრებია, რომელიც ლეგიტიმაციას აძლევს საპროტესტო აქტივობებსა და კამპანიას (Snow & Benford, 1992). თუ 2024 წლის ცენტრალურ ნარატივს - „კი ევროპას, არა რუსეთს“ კოლექტიური ქმედების ჩარჩოდ განვიხილავთ, შევძლებთ გავაანალიზოთ ახალგაზრდების პროტესტში ჩართვის მოტივაციები.

მკვლევართა აზრით, იმისთვის, რათა კოლექტიური ქმედების ჩარჩომ საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვოს და მრავალი სხვადასხვა აქტორი ჩაერთოს საპროტესტო მოძრაობის გაძლიერებაში, აუცილებელია ჩარჩო იყოს „რეზონანსული“. სხვა სიტყვებით, იმისთვის, რათა გაჩნდეს პროტესტის მოტივაცია, ის ემოციურად გასაგები და მნიშვნელოვანი უნდა იყოს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. ამისთვის კი ჩარჩომ შემდეგი ორი ფაქტორი უნდა დააკმაყოფილოს.

პირველ რიგში, ჩარჩო უნდა იყოს ემპირიულად სანდო, რაც გულისხმობს მისი ფორმირების აშკარა საფუძვლების არსებობას. მაგალითისთვის, „არა რუსეთს“, ემპირიულად სანდო „ჩარჩოა“, რადგან გამყარებულია ისტორიული გამოცდილებებითა და კოლექტიური მეხსიერებებით, რომლებიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ჭრილში ჩამოყალიბდა.

მეორე მხრივ, ჩარჩო უნდა იყოს კოლექტიური გამოცდილებების თანაზომიერი. ანუ, თუ პრობლემა, რომლის ინტერპრეტაციასაც ჩარჩო ახდენს, პირადად ეხება საზოგადოების დიდ ნაწილს, ის ემოციურად უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. თუ ადამიანს გააჩნია იმ საკითხის პირადი გამოცდილება, რომელსაც კოლექტიური ქმედების ჩარჩო ემყარება, მისი პროტესტში ჩართვის სურვილიც ძლიერდება. „კი ევროპას“ სწორედ ამის მაგალითად შეგვიძლია გამოვიყენოთ.

 დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ახალგაზრდა თაობისთვის ევროპული ღირებულებები განსაკუთრებით ძვირფასია. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამხსნელი ფაქტორი ის სოციალური და კულტურული გარემოა, რომელშიც ეს თაობა გაიზარდა. სოციალური მედია, პოპკულტურა, ევროპაში მოგზაურობის შესაძლებლობა და დასავლური განათლება მხოლოდ ნაწილია იმ მიზეზებისა, თუ რატომ ახდენს ახალგაზრდათა უმრავლესობა ევროპასთან თვითიდენტიფიკაციას (ფოტო  3). შესაბამისად, „კი ევროპას“ ახალგაზრდების გამოცდილებებთან თანაზომიერია.

ემპირიული სანდოობისა და გამოცდილებებთან თანაზომიერების გამო, „არა რუსეთს, კი ევროპას“ რეზონანსულ დისკურსულ ველს წარმოადგენს. ის აჩენს პროტესტის მოტივაციას და ახალგაზრდების ქმედების ველს განსაზღვრავს. თუმცა ახალგაზრდები თავადვე ერთვებიან ამ ჩარჩოს კონსტრუირებაში. წინააღმდეგობის სხვადასხვა ფორმა, რომელთაც ეს თაობა იყენებს, მათ საშუალებას აძლევს საკუთარი იდენტობის განმტკიცებაში. იმის განსახილველად, თუ რა ახალ შინაარსებს სძენს ახალგაზრდათა აქტივიზმი არსებულ საპროტესტო ნარატივებს და როგორ უმატებს მას ვიზუალურ განზომილებას, ამ სტატიაში გამოყენებული მრავალფეროვანი საპროტესტო ფორმებიდან ვიზუალურზე ვკონცენტრირდები.

ვიზუალური პროტესტი

ახალგაზრდა თაობის აქტივიზმში ჩართვას ზოგადად ხშირად მოჰყვება ახალი საპროტესტო ტაქტიკებისა და მრავალფეროვანი ფორმების ჩამოყალიბება. მუსიკის საპროტესტო მედიუმად გარდაქმნა, ქალაქში მოძრაობა და სხვადასხვა ქუჩის პიკეტირება, ტექნოლოგიისა და ონლაინ სოციალური მედიის გამოყენებით მობილიზაცია, სტუდენტური მოძრაობების დაფუძნება და მათ შორის გაჩენილი სოლიდარობა, პროტესტთა დეცენტრალიზაცია და თვითორგანიზება, ონლაინ და ვიზუალური აქტივიზმი - ეს ახალგაზრდა თაობის მიერ გამოყენებული საპროტესტო ტაქტიკების მხოლოდ რამდენიმე მაგალითია.

აქტივიზმის კვლევაში პროტესტის ფორმებზე საუბრისას ხშირად იყენებენ ტერმინს, „საპროტესტო რეპერტუარი“ (Tilly & Tarrow, 2007), რომელიც პროტესტის კულტურულად დასწავლილ ქმედებათა ნაკრებს მიემართება. მაგალითად, რუსთაველზე, პარლამენტის გარშემო მასობრივი მობილიზაცია ერთ-ერთი საპროტესტო რეპერტუარია, რომელიც ქართული აქტივიზმის ისტორიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუმცა საპროტესტო რეპერტუარები მუდმივად იცვლება, პოლიტიკურ კონტექსტს ერგება და მის საპასუხოდ ვითარდება. ამ პროცესში კი, ახალგაზრდა თაობას, სიახლე, ხშირად საკუთარი პროტესტის თვითგამოხატვის შემთხვევაში, ორგანულად შემოაქვს. ვიზუალური აქტივიზმი ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია.

თავისთავად პროტესტის ვიზუალურად გამოხატვის ტაქტიკაც რამდენიმე მედიუმს შეიძლება მოიცავდეს. აქტიურად გამოყენებული მაგალითებია სტრიტ-არტი და გრაფიტი, როგორც საჯარო სივრცეში თვითდამკვიდრების გზა, ფოტოგრაფია და ონლაინ მედიაში განთავსებული ვიზუალური და გრაფიკული დიზაინები. მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალური პროტესტი ნაკლებად კონფრონტაციული ბუნებისაა, ის ახალგაზრდული აქტივიზმის მნიშვნელოვან ფორმად ჩამოყალიბდა.  ქვემოთ განხილული მაგალითები სწორედ იმის დასტურია, რომ ვიზუალური პროტესტის გამოყენებით ახალგაზრდები საპროტესტო დისკურსების გაშინაარსებასა და პოლიტიკური იდენტობის განსაზღვრაში იღებენ მონაწილეობას.   

ვიზუალურ აქტივიზმზე საუბრისას აუცილებელია აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა თაობა ხშირად იყენებს უკვე არსებულ სიმბოლოდ ქცეულ ვიზუალებსა და ნარატივებს, უცვლის მათ შინაარსს, აცოცხლებს ისტორიულად ცნობილ ფოტოებს და ამ გზით თაობათაშორის დიალოგს ამყარებს. ამის მაგალითია 9 აპრილის სიმბოლიკის გამოყენება და განმეორება. მაგალითად, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციების დროს გავრცელდა რუსთაველის გამზირზე დროშით მიმავალი გოგონას ვიდეო, რომელიც ბევრმა 9 აპრილის ცნობილ ფოტოს მიამსგავსა. ამ მხრივ, კიდევ უფრო ბოლოდროინდელი მაგალითიც შეგვიძლია მოვიყვანოთ.

2025 წლის 25 თებერვალს, რამდენიმე ლოკაციიდან საქართველოს ისტორიულ გმირებთან დაკავშირებული მსვლელობები გაიმართა. აქედან ერთ-ერთი მარო მაყაშვილის სახელით ჩატარდა და სტუდენტების ნაწილი სწორედ ამ მსვლელობას შეუერთდა. ვაკის პარკიდან დაძრულ ხალხს წინ მოუძღოდნენ სტუდენტი გოგონები შავი ქუდებით, რაც 1919 წელს დამოუკიდებლობის დღეს გამართული მსვლელობის სიმბოლური განმეორება იყო.

თაობათა შორის დიალოგის მოხელთება საპროტესტო ბანერების მეშვეობითაც შეგვიძლია. ვიზუალურად, ხშირად გამოიყენება კოლექტიური მეხსიერებით შემორჩენილი სიმბოლიკა, მაგალითად, ტიტები და ვარდები. ტექსტობრივად კი  ვიყენებთ წინა თაობების მიერ შექმნილ ფრაზებს, მაგალითად, მარო მაყაშვილის ცნობილი ფრაზა - „გავიმარჯვებთ სახელოვნად!“ - საპროტესტო ბანერებსა და ანონსებში ხშირად გვხდება.

მეხსიერებაში დალექილი სიმბოლიზმისა და ნარატივების რეინტერპრეტაციის გარდა ახალგაზრდები ვიზუალური პროტესტის ახალ ფორმებსაც მიმართავენ. ამ მხრივ საინტერესოა ორი ტაქტიკა, სტრიტ-არტის მეშვეობით ფიზიკურ, გრაფიკული დიზაინის გამოყენებით კი - ონლაინ სივრცეში თვითდამკვიდრება.

რუსული კანონის წინააღმდეგ კედლებზე გაჩენილი წარწერებისა და ქუჩის ხელოვნების ანალიზით, შეგვიძლია ვისაუბროთ, თუ როგორ იღებდნენ ახალგაზრდები ზემოთ ხსენებული კოლექტიური ქმედების ჩარჩოების გაშინაარსებასა და ვიზუალური განზომილების შექმნაში მონაწილეობას.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ნებისმიერი პროტესტი ხშირად წარმოშობს პარლამენტის შენობასა და მის გარშემო არსებულ სივრცეს შორის დიქოტომიას. შენობა ხელისუფლების ძალაუფლებას წარმოადგენს, მის გარშემო არსებული სივრცე კი ისტორიულად თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ ჩამოყალიბდა. 2024 წლის გაზაფხულზე, თითოეული დაძაბული პროტესტის შემდეგ, პარლამენტის შენობაზე ახალი წარწერები და გრაფიტები ჩნდებოდა: „კრემლის ფილიალი“, „ამ შენობაში სხედან ბიძინას მონები“, „84 მონა“, „ქირავდება“, „ჩუქდება“, „იყიდება“, „აქ იყიდება საქართველო“ და „არა რუსულ რეჟიმს“.

წარწერები, თავად ამ შენობის ენობრივად გამოყენების გზით, წარმოქმნიდა მკაფიო საზღვრებს შენობის შიგნით მოქცეულ ძალაუფლებასა და მის გარშემო არსებულ ხალხის ძალას შორის. პარლამენტის მიმდებარე სივრცეში, სიმბოლურად და ვიზუალურად წამოიქმნება ორი პოლიტიკური იდენტობის მატარებელი ჯგუფი. ხელისუფლება, რომელიც, როგორც პარლამენტის შენობაზე დატანილი გრაფიტი აჩვენებს, რუსულ ძალაუფლებასთანაა გაიგივებული და მის წინააღმდეგ მებრძოლი ევროპული თაობა. თუმცა პროტესტის მსგავსი ფორმა, საკუთარი იდენტობის მონიშვნისა და სივრცეში თვითდამკვიდრების გარდა, აჩვენებს ახალგაზრდების ბრძოლას ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ.

ქუჩის ხელოვნება და გრაფიტი, ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ხშირად გამოიყენება. ამის ერთ-ერთი მიზანი შეიძლება ის იყოს, რომ პოლიტიკურ ველზე, სადაც მოქალაქეს საკუთარი ხმა წართმეული აქვს, ურბანულ, საჯარო სივრცეში დამკვიდრება წინააღმდეგობის ბუნებრივ ინსტინქტად გადაიქცევა. სლოვენიის ავტორიტარული მემარჯვენე მთავრობის წინააღმდეგ გამოყენებულ ქუჩის ხელოვნების კვლევისას მიტია ველიკონიასი[3] აღწერს, თუ როგორ ყალიბდება გრაფიტი მზარდი რეზონანსის მქონე საპროტესტო ტაქტიკად, რომელსაც ავტორიტარული რეჟიმები მყისიერად, სხვადასხვა გზით პასუხობენ (Velikonja, 2021). შესაძლოა, გადაათეთრონ, წაშალონ, რამდენიმე ასოს რედაქტირებით მნიშვნელობა შეუცვალონ და ა.შ. (იხ. ფოტო 4 და 5). ქალაქის კედლებზე დაკვირვებით, შეგვიძლია გავაანალიზოთ ისიც, თუ როგორ შედის ერთმანეთთან წინააღმდეგობაში ქართველ ახალგაზრდათა აქტივიზმი და ავტორიტარული რეჟიმი.


2024 წლის გაზაფხულს და შემოდგომას ერთმანეთს თუ შევადარებთ, ვნახავთ, თუ როგორ იმატა გრაფიტის საპროტესტო მედიუმად გამოყენებამ, როგორ გამწვავდა პარლამენტის შენობის ფასადზე გამართული დაპირისპირება და აირეკლა მის მიღმა მიმდინარე პროტესტის დინამიკა. 2024 წლის გაზაფხულზე, შენობაზე დატანილ წარწერებს რეჟიმი ღამევე უმკლავდებოდა, მეორე დილას პარლამენტის შენობას პროტესტის კვალი აღარ ეტყობოდა, თუმცა ღამე ისევ სხვადასხვა ფერითა და შინაარსით ჭრელდებოდა. ეს დინამიკა 2024 წლის არჩევნების შემდეგ გამართულ პროტესტში შეიცვალა და წინააღმდეგობის გამწვავებული დინამიკა შენობის კედლებზეც აირეკლა. წარწერების გაწმენდის ნაცვლად რეჟიმმა წარწერების გაშავება დაიწყო, რადგან გრაფიტთან გამკლავების ეს გზა ნაკლებ ენერგიასა და დროს მოითხოვს, პროტესტის ტემპის ზრდასთან ერთად კი, პროტესტის ამ ტაქტიკას რეჟიმი ვეღარ უმკლავდებოდა.

გრაფიტის, როგორც წინააღმდეგობის ველად გარდაქმნაში, ნათლად იგრძნობა ახალგაზრდათა ხელი. რუსთაველის გამზირზე, ახლაც, თუ ჩაივლით, გაშავებული საპროტესტო სლოგანების გვერდით აუცილებლად შენიშნავთ ინგლისურ ფრაზებს, რომლებიც ხელუხლებლადაა დატოვებული. ფრაზას არ გავამხელ და არც მის მნიშვნელობას ვიტყვი, თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით, თქვენ თვითონ მიხვდებით, თუ როგორ პოულობს ახალგაზრდა აქტივიზმი ავტორიტარული რეჟიმის მარწუხებისგან თავდაღწევის გზას. ამას კი ხშირად იმ სიმბოლოების გამოყენებით ახერხებს, რომელიც გლობალური წინააღმდეგობებიდანაა გადმოტანილი და სხვა თაობებისთვის, შესაძლოა, უხილავი რჩება.


გავრცელებულ დიზაინებში ხელისუფლების ძალაუფლების აღსაწერად ხშირად გამოიყენება საბჭოთა და ტოტალიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკა. შავი და წითელი ფერების შეპირისპირება, როგორც ჰომოგენური ძალის წინააღმდეგ, მრავალფეროვანი ხალხის სიმბოლო. პარლამენტის შენობაზე დატანილი 1984, თვალი, საბჭოთა სიმბოლიკა, თოჯინების მმართველი ხელი და რუსული დროშები - ვიზუალურ სიმბოლოთა ის მაგალითებია, რომლებიც არსებული მმართველობის დელეგიტიმაციას მისი ტოტალიტარულ და ავტორიტარულ რეჟიმებთან გაიგივების გზით ახდენს (ფოტო 6 - 11).

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ უკვე არსებული ვიზუალური სიმბოლოების გამოყენება ვიზუალური აქტივიზმის ამ ფორმაშიც გვხვდება. პროტესტის თანამედროვე ვიზუალები, კოლექტიურ მეხსიერებაში დალექილ სიმბოლოებს ერწყმის და, ამ მხრივ, თაობათაშორისი დიალოგის დამყარებასთან ერთად, საპროტესტო ფორმების განგრძობითობაზე მიუთითებს. ამ მხრივ, მაგალითისთვის შეგვიძლია ქვემოთ მდებარე ილუსტრაცია გამოვიყენოთ, სადაც 2023 წლის პროტესტის სიმბოლოდ გადაქცეული წყლის ჭავლზე მოცეკვავე გოგონა და ქალი, ევროკავშირის დროშით 9 აპრილისა და 2008 წლის კადრების გვერდზეა განთავსებული (ფოტო 12).


ეს ნახატი სამთავრობო ნარატივებთან შეპირისპირებულ ვიზუალურ გამოსახულებადაც შეგვიძლია მოვიაზროთ. თუ სამთავრობო პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ხერხი თანამედროვე რეალობის „მშვიდობად“ წარმოჩენაა, ახალგაზრდები ამ ნარატივს ირიბად სწორედ მსგავსი ვიზუალებით აბათილებენ. წინამდებარე ილუსტრაციაში გამოხატულია ქართველთა ბრძოლა ძალადობის წინააღმდეგ  და ილუსტრაცია ირონიულად დასათაურებულია, როგორც „ბედნიერი ერი“. პროპაგანდასთან შეპირისპირებული ახალგაზრდული ვიზუალის კიდევ ერთი მაგალითია ანიმაცია „ავატარის“ ინსპირაციით შექმნილი ქვემოთ განთავსებული ილუსტრაცია (ფოტო  13), სათაურით, „There is no war in Georgia“ (საქართველოში ომი არაა). ფრაზა და ვიზუალი „ავატარის“ სცენას ეხმიანება, სადაც ერთ-ერთი ქალაქის მმართველები „წესრიგის“ დაცვის მიზნით ომის არსებობას უარყოფენ ფრაზით - „There is no war in Ba Sing Se“ და მშვიდობისა და თავდაცვის ილუზიას ქმნიან. ეს ფრაზა ინტერნეტ სივრცეში ხშირად გამოიყენება დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გასაშარჟებლად (ფოტო 14).

სამთავრობო პროპაგანდის ერთ-ერთი ნარატივია პროტესტში ჩართული ახალგაზრდების რადიკალებად, მოძალადეებად და აგრესორებად წარმოჩენა. მმართველი პარტიის წევრების არაერთ  გამოსვლაში შევხვედრილვართ დისკურსს, სადაც ახალგაზრდები მსგავსი მეტაფორებით არიან დახასიათებულნი. 2024 წლის მაისს ირაკლი კობახიძემ სამოქალაქო და სტუდენტურ მოძრაობებს „კოლექტიური ძალადობრივი დაჯგუფებები უწოდა“. მალევე სოციალურ მედიაში გაჩნდა ამ პროპაგანდისტული ნარატივის საპასუხოდ გაჩენილი იუმორით შესრულებული ვიზუალები:


ბოლოს კი, ახალგაზრდების მიერ შექმნილ ვიზუალურ მასალაში, მკაფიოდ შეიმჩნევა თანამედროვე ნაციონალიზმის ტრანსნაციონალური ხასიათი. პატრიოტული სიმბოლოები ხშირად ევროკავშირის, ამერიკისა და უკრაინასთან ასოცირებული ფერებისა და ვიზუალების გვერდზე გვხდება განთავსებული (ფოტო 20 და 21). ეს, თავისთავად, უშუალოდ აირეკლავს თანამედროვე ახალგაზრდა აქტივიზმის გეოპოლიტიკურ მიზნებს.

დასკვნის სახით, ონლაინ მედიაში გავრცელებულ ვიზუალურ მასალაზე დაკვირვებით ვხედავთ, თუ როგორ იყენებს ახალგაზრდა თაობა უკვე არსებულ სიმბოლიკას, როგორ აფართოებს მის შინაარსს და აკავშირებს დღევანდელობასთან. ლოკალური ისტორიითა და გლობალური პოპკულტურიდან შთაგონებული ვიზუალებით, ირონიითა და იუმორით ის უპირისპირდება სამთავრობო პროპაგანდის ისეთ დისკურსებსაც, რომლებიც პოლიტიკურ ველზე უპასუხოდ არის დატოვებული. ვიზუალური აქტივიზმი ასევე ქმნის ნაციონალიზმის ახალ ფორმებს, რომლებიც სცდება ერი-სახელმწიფოს საზღვრებს. სტატიის უკანასკნელ ნაწილში, სწორედ ნაციონალიზმსა და პოლიტიკურ ველზე ახალგაზრდათა მიერ შემოტანილ სიახლეებზე მინდა ვისაუბრო.

სიახლეები პროტესტის შიგნით და მის მიღმა

სტატიაში განხილული მასალა ადასტურებს, რომ ახალგაზრდები აქტივიზმში კონკრეტული ემოციური განწყობებით ერთვებიან, დიალოგში შედიან უკვე არსებულ დისკურსულ ნარატივებთან, ქმნიან ახალ შინაარსებს, განავრცობენ გამოყენებული პროტესტის ფორმებს და ამ გზით პროტესტის ვიზუალურ განზომილებასაც ქმნიან. თუმცა პროტესტის შიგნით გაჩენილი სიახლეების გარდა აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის პროცესები, რაც ახალგაზრდათა აქტივიზმს პროტესტის მიღმაც მოჰყვება. ამის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი იყო ახალგაზრდების მიერ 2024 წლის აპრილში წარმოთქმული ფიცი, სადაც ილია ჭავჭავაძის ტრიადის ახალი ვერსია „ენა, მამული, ერთობა“ შეიქმნა. ამ აქტში ეთნიკურ ნაციონალიზმზე წინ სამოქალაქო ნაციონალიზმის წამოწევა შეიმჩნევა.

ეთნიკური ნაციონალიზმისა და სამოქალაქო ნაციონალიზმის განცალკევება ხშირად რთულია და ბუნდოვან დიქოტომიას წარმოაჩენს. ეთნიკური ნაციონალიზმი თუ ეროვნულობის იდეას წარმომავლობისა და ეთნიკური იდენტობის საფუძველზე განმარტავს, სამოქალაქო ნაციონალიზმი საერთო სამოქალაქო ღირებულებებს ემყარება. მათ კონცეპტუალურ დაყოფას ხშირად ჰანს კონსს,  ამერიკელ ისტორიკოსს მიაკუთვნებენ. თუმცა მოსაზრებას, რომ მათ შორის მკაფიო საზღვრებია გავლებული, მრავალი მკვლევარი აკრიტიკებს (Kuzio, 2002). მაგალითად, გია ნოდია სტატიაში, „სამოქალაქო ერი: იდეალი და რეალობა - პასუხი ქამრან მამედოვს“, წერს:[4]

„თუ სამოქალაქო და ეთნიკური ნაციონალიზმის მოდელებს სხვადასხვა ქვეყნის  რეალობებში გამოვიყენებთ, დავინახავთ, რომ ეს მოდელები, საუკეთესო შემთხვევაში,  იდეალური ტიპებია, ჩვენს თავში არსებული კონსტრუქციებია. ყველა ეროვნულ იდენტობაში ორივე ეს მოდელი ერთმანეთშია გადახლართული, ყველა  ნაციონალიზმი რაღაც ზომით ეთნიკურიცაა და სამოქალაქოც. თუმცა, ზოგან  ეთნიკური კომპონენტი ჭარბობს, სხვაგან კი სამოქალაქო პრინციპი უფრო ძლიერია“ (ნოდია, 2016).

ილია ჭავჭავაძის ამ ფრაზის ისტორიას თუ გადავხედავთ, ნათელია[5], რომ ტრიადა „ენა, მამული, სარწმუნოება“ ეთნიკური ნაციონალიზმის პირობებში გამოიყენებოდა, „ენა,  მამული, ერთობა“ კი მას სამოქალაქო შინაარსებს სძენს. აღსანიშნავია, რომ ილია ჭავჭავაძემ ეს სამი სიტყვა პირველად ჟურნალ „ცისკარში“ გამოქვეყნებულ პოლემიკურ სტატიაში, „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან ‘შეშლილის’ თარგმანზედა“, გამოიყენა. ეს ფრაზა მას სხვა ნაშრომში აღარ  უხსენებია, მეტიც მისი მოღვაწეობის პერიოდში ეს სიტყვები ეროვნული დანიშნულების ლოზუნგად არ გადაქცეულა.[6]  როგორც გიორგი მაისურაძე აღნიშნავს, „ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის მთავარი საგანი მამულის, როგორც ქართველობის გამაერთიანებელი ცნების შექმნა იყო“ (მაისურაძე, 2024). ეროვნების გაგების სეკულარულ განსაზღვრებაში მასვე შემოაქვს „ერთობის“ იდეა, როდესაც წერილში, „ოსმალოს საქართველო“, წერს: „არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და  გვარტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა  ისტორიისა“. შესაბამისად, ილია ჭავჭავაძეს ამ ტრიადის ეთნიკური ნაციონალიზმის პირობებში გამოყენება განზრახული არ ჰქონია, პირიქით მისი ეროვნულობის პროექტი სამოქალაქო იდეას ეფუძნებოდა.

ტრიადა პოლიტიკურ დისკურსში ნაციონალიზმის ლოზუნგად გვიანდელ 1980-იანებში ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩნდება, როდესაც ეთნო-ნაციონალიზმი დომინანტ იდეოლოგიად გარდაიქმნება.[7] 2024 წლის აპრილში, ილია ჭავჭავაძის ლოზუნგის რეინტერპრეტაცია, შესაბამისად, შეგვიძლია სწორედ ამ სამოქალაქო იდეისკენ გადადგმულ ნაბიჯად შევაფასოთ, რომელიც ილია ჭავჭავაძისეული გაგების არა საწინააღმდეგოდ, არამედ პირიქით, გაგრძელებად უნდა მივიჩნიოთ.

სამოქალაქო ნაციონალიზმის ამ იდეის გაღვივება ახალგაზრდების მიერ დადებულ ფიცში დისკურსულად შეიმჩნევა, თუმცა იგივე დაკვირვება პროტესტის სხვადასხვა ასპექტის ანალიზითაც შეიძლება. მაგალითისთვის შეიძლება გავიხსენოთ რუსთაველის ქუჩაზე გატარებული აღდგომისა და შობის ღამეები,  სადაც რელიგიური დღესასწაული პროტესტს შეერწყა და სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური იდენტობის ადამიანი გააერთიანა. ამასთანავე, არ უნდა დავივიწყოთ 2024 წლის შემოდგომასა და ზამთარში გამართული მრავალფეროვნებისა და ერთობის მსვლელობები, სადაც ეთნიკური უმცირესობები ერთი სამოქალაქო იდეის ქვეშ გაერთიანდნენ და პროტესტში მონაწილე საზოგადოებაც მათდამი ინკლუზიური იყო.

შეჯამება

სტატიაში, 2024 წლის გაზაფხულის პროტესტებზე დაკვირვებით გაანალიზებულია  ახალგაზრდათა აქტივიზმის როლი თანამედროვე საქართველოში. განხილულია ახალგაზრდების აქტივიზმის ემოციური, დისკურსული და ვიზუალური ასპექტები, ამასთანავე, გაანალიზებულია პროტესტის მიღმა  წარმოქმნილი პროცესები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდათა აქტივიზმი ამ ფორმებითა და შინაარსებით არ შემოიფარგლება და ქართულ კონტექსტზე დაკვირვებით ახალგაზრდა პროტესტის მრავალ სხვა ასპექტზეც შეგვიძლია საუბარი.

ამ მხრივ, სტატია ნაკლებ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდების მობილიზაციის ფორმებს. როგორ იყენებს ახალგაზრდა თაობა ტექნოლოგიებს? სტუდენტური მოძრაობების დაარსებასთან ერთად, სოლიდარობის რა ახალი ფორმების წარმოქმნაზე შეგვიძლია საუბარი? როგორ შეიძლება ახალგაზრდა თაობის აქტივიზმის განვითარება? ეს კითხვათა მხოლოდ ის ნაწილია,  რომელიც მომავალში სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებს.

წინამდებარე სტატია აჩვენებს, რომ ახალგაზრდათა აქტივიზმი გარკვეული ემოციებისა და დისკურსული ველის ფარგლებში ყალიბდება. თუმცა, ამასთანავე, პროტესტის შიგნით და მის მიღმა ახალ პროცესებს უდებს საფუძველს.  საქართველოში ახალგაზრდა თაობის აქტივიზმის კვლევისა და ანალიზის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ამ სიახლეების და განვითარების გზების ძიება შეიძლება იყოს. 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

ბიბლიოგრაფია

Benford, R. D., & Snow, D. A. (2000). Framing Processes and Social Movements: An Overview and Assessment. Annual Review of Sociology, 26, 611–639.

Chkhartishvili, M. (2024). Georgian Nationalism and the Idea of Georgian Nation. ResearchGate.

Gorbachev, M. (1987). Molodezh’—Tvorcheskaya sila revolyutsionnogo obnovleniya’. Pravda.

Jasper, J. M. (2018). The emotions of protest. The University of Chicago Press.

Krawatzek, F. (2017). Political Mobilisation and Discourse Networks: A New Youth and the Breakdown of the Soviet Union. Europe-Asia Studies, 69(10), 1626–1661.

Krawatzek, F. (2022). A Sign of Things to Come? Youth and Politics: Regimes, Values and Agency. Europe-Asia Studies, 74(7), 1105–1122.

Kuzio, T. (2002). The myth of the civic state: A critical survey of Hans Kohn’s framework for understanding nationalism. Ethnic and Racial Studies, 25(1), 20–39.

Laverty, N. (2008). The Problem of Lasting Change: Civil Society and the Colored Revolutions in Georgia and Ukraine. Demokratizatsiya, 16(2), 143–161.

Mannheim, K. (1952). The Problem of Generations. In P. Kecskemeti (Ed.), Essays on the Sociology of Knowledge (pp. 276–320). Routledge and Kegan Paul.

Nikolayenko, O. (2007). The Revolt of the Post-Soviet Generation: Youth Movements in Serbia, Georgia, and Ukraine. Comparative Politics, 39(2), 169–188.

Nodia, G. (2009). Components of the Georgian National Idea: An Outline. Identity Studies in the Caucasus and the Black Sea Region, 1.

Ó Beacháin, D., & Polese, A. (2012). The colour revolutions in the former Soviet republics: Successes and failures. Routledge.

Snow, D., & Benford, R. (1992). Master Frames and Cycles of Protest. Master Frames and Cycles of Protest.

Tilly, C., & Tarrow, S. G. (2007). Contentious politics (CEU Library (Vienna) 306.2 TIL). Paradigm Publishers.

Velikonja, M. (2021). Post-socialist political graffiti in the Balkans and Central Europe. ROUTLEDGE.

ბაქანიძე ანა. (2018). 14 აპრილი, 1978. არტანუჯი.

ნოდია გია. (2019). „სამოქალაქო ერი და რეალობა - პასუხი ქამრან მამედოვს“. https://socialjustice.org.ge/ka/products/samokalako-eri-ideali-da-realoba-pasukhi-kamran-mamedovs

მაისურაძე გიორგი. (2024). „ენა, მამული, სარწმუნოება“ - ერთი ლოზუნგის მოკლე ისტორია. https://socialjustice.org.ge/ka/products/ena-mamuli-sartsmunoeba-erti-lozungis-mokle-istoria

ჩხარტიშვილი სალომე (2022) "„არა რუსულ კანონს“ - საპროტესტო პოსტერების ვიზუალური ანალიზი: შინაარსი, სიმბოლოები და ემოციები". საბაკალავრო ნაშრომი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი.

ხალვაში თამთა. (2016). „სირცხვილის პერიფერია“. https://socialjustice.org.ge/ka/products/sirtskhvilis-periferia

[1] აქცია: შინ ევროპისკენ! ბმული: https://www.facebook.com/events/692049531879617

[2] 2023-2024 წლის აქციების ფარგლებში გამოყენებულ ბანერებზე საბაკალავრო ნაშრომი, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, დაიცვა სალომე ჩხარტიშვილმა. მისი კვლევა აჩვენებს, თუ როგორ აირეკლა საპროტესტო ბანერებმა ნარატივის ცვლილება და როგორ გამოხატავდნენ ახალგაზრდები საკუთარ ევროპულ იდენტობას სხვადასხვა ვიზუალური და ტექსტობრივი სიმბოლიკის გამოყენებით.

[3] მიტია ველიკონიასი ლუბლიანას უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერების ფაკულტეტის კულტურისა და რელიგიური სწავლების ცენტრის ხელმძღვანელია. მას ეკუთვნის ნაშრომი “Post-socialist Graffiti in the Balkans and Central Europe“. დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ იხილოთ თამარ ბაბუაძის მიერ მასთან ჩატარებული ინტერვიუ: https://indigo.com.ge/articles/atskvetili-kedlebi

[4] იხ. გია ნოდია, სამოქალაქო ერი: იდეალი და რეალობა - პასუხი ქამრან მამედოვს, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 2019 წელი: https://socialjustice.org.ge/ka/products/samokalako-eri-ideali-da-realoba-pasukhi-kamran-mamedovs

[5] ლოზუნგის დეტალური ისტორიის გასაცნობად შეგიძლიათ იხილოთ გიორგი მაისურაძის სტატია „ენა, მამული, სარწმუნოება“ - ერთი ლოზუნგის მოკლე ისტორია“: https://socialjustice.org.ge/ka/products/ena-mamuli-sartsmunoeba-erti-lozungis-mokle-istoria

[6] ეს მოსაზრება დეტალურად არის განხილული გიორგი მაისურაძის სტატიაში, „ენა, მამული, სარწმუნოება“ - ერთი ლოზუნგის მოკლე ისტორია“ (2024). ამავე არგუმენტს ავითარებს გია ნოდია ქართული ნაციონალიზმის კომპონენტების განხილვისას სტატიაში, „Components of the Georgian National Idea: an Outline“ (Nodia, 2009).

[7] გიორგი მაისურაძისა და გია ნოდიას სტატიების გარდა, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი სტატიები: Mariam Chkhartishvili, ‘Georgian Nationalism and the Idea of Georgian Nation’ (2024)
და თამთა ხალვაშის „სირცხვილის პერიფერია“ (2016).

https://socialjustice.org.ge/ka/products/sirtskhvilis-periferia

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“