საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
აფხაზი ენათმეცნიერი, ნიკო მარის მოსწავლე, შარახ ქვაძბა, მეორე მსოფლიო ომში წასვლამდე, ფიქრობს რუსული იმპერიის პოლიტიკაზე კავკასიაში. ცბიერ და ცინიკურ რეალობაზე, სადაც რუსების ერთგული აფხაზეთის მთავარი მხოლოდ იქამდე ინარჩუნებს ძალაუფლებას, სანამ აფხაზთა მონათესავე ხალხები საბოლოოდ არ დაიცლებიან სისხლისგან. ძალაუფლებას კავკასიაში დღესაც ხშირად აქვს ასეთი საფუძველი და ფასი.
ენათმეცნიერი გვიყვება აფხაზების ნათესავ უბიხებზე, რომლებიც რუსებმა სამშობლოდან გააძევეს. სასოწარკვეთილი უბიხები ამაოდ ეძებენ გამოსავალს. მათი ერთი ნაწილი ევროპელებისგან ან თურქებისგან მოელის დახმარებას, სხვები კი ქართველების ბედს შეჰნატრის, რომლებიც რუსების მოკავშირეები არიან.
უბრალო ადამიანებს ბოლო დღემდე სწამთ, რომ მათი ქვეყანა გადარჩება, ხოლო ექსპლუატატორი კლასი ყველას გაურიგდა, რუსებს, თურქებს და ევროპელებს.
იმ საზარელ დღეებში, როცა ხალხი საკუთარ სახლებს წვავდა, საომარ ცხენებს ხოცავდა და სამუდამოდ ტოვებდა მშობლიურ კერას, უბიხი დიდებულები ერთმანეთთან გლეხებს იყოფენ, რათა ძველი ბატონებისთვის უცხო მიწაზე გააგრძელონ შრომა.
დღეს, როცა ვცდილობთ გავერკვეთ აფხაზეთში შექმნილ ვითარებაში, ჩვენ ხშრად ვიკარგებით გაბატონებული იდეოლოგიის ჩიხში, რადგან თითქმის არ გვაქვს წარმოდგენა, თუ რა არის აფხაზების ნამდვილი ინტერესები, როგორია მათი ცხოვრება. ჩვენ მხოლოდ იქაური მსხვილი კაპიტალის მფლობელების და პოლიტიკოსების პოზიციებს ვიცნობთ, რომლებიც სრულიად არ არიან ხალხის ნების გამომხატველები და მათი ნამდვილი სახე ყველაზე უკეთესად წელს, იანვარში მომხდარმა პუტჩმა უჩვენა.
აფხაზეთის მთავრის სიკვდილი
ცეცხლს აფხაზურად „ა-მცა“ ეწოდება, უბიხურად -
„ა-მეძი“, წვიმას აფხაზურად - „ა-ყუა“ ეწოდება, უბიხურად „აყ-ყუ“, წყალს
აფხაზურად „ა-ძი“ ჰქვია, უბიხურად - „ბზი“
უბიხების[1] ბედი გადაწყვეტილი იყო. რუსებმა განაჩენი გამოიტანეს. ყველა უბიხი სამშობლოდან შორს უნდა გადაესახლებინათ. აფხაზეთის უკანასკნელ მთავარს, გენერალ -ადიუტანტ ჰამუთბეი ჩაჩბასაც (მიხეილ შარვაშიძე)[2] არ ელოდა უკეთესი დღეები, მაგრამ ჯერაც გულუბრყვილოდ სწამდა, რომ რუსების გულს მოიგებდა. დაამტკიცებდა, რომ ისევ საჭირო კაცი იყო.
ამ მიზნით მიდიოდა ჰამუთბეი ჩაჩბა უბიხების წინამძღოლებთან შესახვედრად. თავად უბიხების სახელგანთქმული წინამძღოლის ჰაჯი დაგუმოყვა ბარზეგის გაზრდილი იყო. ამიტომ გაბედა და როცა რუსებისა და უბიხების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება საბოლოოდ მარცხით დასრულდა, უკან გაბრუნებულ ბიძაშვილებს სიტყვა დააწია და შეხვედრა სთხოვა. უბიხთა წინამძღოლმა ჰაჯი კერანტიხმა სიტყვაც არ დაასრულებინა და გაახსენა, რომ მთავარი რუსებთან ერთად ებრძოდა აჯანყებულ მთიელებს და ამ სასტიკ ბრძოლებში აფხაზებსაც არ ინდობდა. ჰამუთბეი ჩაჩბამ საპასუხოდ ვერაფერი თქვა, მაგრამ ვეღარც უბიხები აღუდგნენ წინ სახელგანთქმული ბელადის ხსოვნას და მის გაზრდილ მთავრს შეხვედრაზე დათანხმდნენ.
ჰამუთბეი ჩაჩბა უბიხების მიწისკენ მიდოდა, იქ სადაც ბავშვობა გაატარა და თავის უკუღმართ ბედზე ფიქრობდა. გადმოცემის მიხედვით, მისი საგვარეულოს ფესვები შირვანიდანაა, როცა დავით აღმაშენებელმა შირვანი და ანისი აიღო იაქაური ემირი ოჯახით აფხაზეთში დაასახლა, ხოლო თამარ მეფემ მათ აფხაზეთის მთავრობა უბოძა და მას შემდეგ ფლობდნენ აფხაზეთს. წარსულში ჰამუთბეიც გავლენიანი კაცი იყო. ყველაზე უფრო ყირიმის ომის დროს გამოიჩინა თავი. 1854 წელს მოახერხა და ბრწყინვალედ გაუძღვა სამხედრო ოპერაციას, რომლის მიზანი იყო აფხაზეთიდან რუსული ჯარების ევაკუაცია, სადაც მათ მოკავშირეებისგან უეჭველი განადგურება ელოდათ. შავ ზღვაზე მოკავშირეთა ფლოტის გაბატონების და აფხაზეთში თურქული ჯარის შემოსვლის შემდეგ სოხმუმში დაბრუნდა და ფეხით გათელა სულთნის ფირმანი, რომლის ძალითაც აზიაში და კავკასიაში ოსმალეთის ჯარების მთავარსარდლობას და შავი ზღვის მთელი სანაპიროს მფლობელად აღიარებდნენ.[3] ომის მსვლელობამ და რუსული ჯარების მარცხმა ჰამუთბეი ჩაჩბა დააბნია და მერყეობდა. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი აფხაზეთს ოსმალეთს დაუთმობდა, ის მზად იყო, ოსმალეთს დამორჩილებოდა[4]. გენერალ-ადიუტანტის სისუსტე საკმარისი გახდა რუსეთისთვის, ჩაჩბასთვის ღალატში დაედოთ ბრალი, მაგრამ ეს მხოლოდ საბაბი იყო მის მოსაშორებლად. რეალურად, ჰამუთბეი ჩაჩბას მთავრობაც და აფხაზეთის სამთავროს ბედიც კავკასიელი ხალხების დამორჩილების საკითხს უკავშირდებოდა. სანამ მთიელები იბრძოდნენ, იმპერიას ჰამუთბეი ჩაჩბა, რომელიც უბიხების ნათესავი იყო და გავლენით სარგებლობდა, ჯერ კიდევ სჭირდებოდა, როცა მთიელთა წინააღმნდეგობა გატყდა, ჰამუთბეი ჩაჩბა უკვე ზედმეტი ტვირთი გახდა.
მთავარი ამ რეალობას არ ეგუებოდა, არადა, სწორედ იმ წელს კავკასიის მეფისნაცვალ იმპერატორ ალექსანდრე II-ს სწერდა, რომ ადრე მიხეილ შარვაშიძის მიერ აფხაზეთის მართვა რუსეთისთვის სასარგებლო იყო. დამოუკიდებელი აფხაზეთის არსებობას აზრი ჰქონდა მანამ, სანამ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს შემოუერთებდით რუსეთს, მით უმეტეს, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალების უდიდესი ნაწილი დაკავებული იყო აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, მაგრამ, ახლა მდგომარეობა ძირფესვიანად შეიცვალაო და ითხოვდა აფხაზეთის ავტონომიის გაუქმებას. [5]
ჰამუთბეი ჩაჩბა ფიქრობდა, თუ უბიხებს წინააღდეგობაზე ხელს ააღებინებდა და მშვიდობიან მოლაპარაკებაზე დაითანხმებდა, სულ ცოტა დროს მოიგებდა, ავტორიტეტს დაიბრუნებდა. ამასთან, თუ უბიხები რუსებს დაუზავდებოდნენ, ეს ფაქტი მას ურჩი ქვეშევრდომების დამორჩილებაშიც დაეხმარებოდა, რომლებიც შესაძლოა განწირულ, მაგრამ ჯერაც მებრძოლ უბიხებს შეჰყურებდნენ.
ამბავს, უბიხებისა და აფხაზი მთავრის შეხვედრის შესახებ, უბიხები გადასახლებაში ყვებოდნენ. აფხაზი მწერლის ბაგრატ შინქუბას რომანში „უკანასკნელი უბიხი“[6] აფხაზ ენათმეცნიერს სწორედ ამ ისტორიას უყვება ზაურყანი - უკანასკნელი უბიხი.
შეხვედრა უბიხების წმინდა ადგილზე უნდა გამართულიყო. ტრიალ მინდროზე, სადაც შვიდი მუხა იდგა. ჰამუთბეი ჩაჩბა დათქმულ დროს იქ იყო, მაგრამ არავინ ჩანდა. წამიც და მთავარმა მისკენ მომავალი გაურკვეველი შავი რამ შენიშნა. მისკენ ასამდე თმაგაშლილი, შავებით შემოსილი ქალი მოდიოდა, სწორედ ისე, როგორც გლოვისას. ქალები სწრაფად უახლოვდებოდნენ და ჰამუთბეი ჩაჩბამ მათ შორის მისი ძიძა იცნო. ჰაჯი ბერზეკის ქვრივი. მთავარმა ფეხს აუჩქარა და გამოლაპარაკება სცადა, მაგრამ ქალმა ზედაც არ შეხედა. ძიძა მოდიოდა და მოთქვამდა და სხვა ქალები ბანს აძლევდნენ. ჰამუთბეიმ ყური მიუგდო და ადგილზე გაშეშდა.
,,მგზავრო გამვლელო, მწუხარება გსმენია ჩემი?
გსმენია ჩემი უბედურება?
ჩემი გაზრდილი, დედობილის ძუძუნაწოვი
ცოცხლად მკვდარია, ჰამუთბეი ცოცხლად მკვდარია,
ვაი, ასეთ მკვდარს, თვითონ მიწაც არ მიიბარებს.
მოკვეთილ ქმნას... ლაფდასხმული და შერისხული.
ასე დაკარგეს უბიხებმა თავის ძუძუმტე,
ასე დაკარგეს აფხაზებმა პირმშო მთავარი.
შემდეგ ქალებს კოჭებამდე ნაწნავებგაშლილი ჰამუთბეის ძიძიშვილი გამოეყო,
თავში ხელები წაიშინა და ისე აკივლდა, რომ თავისი დედის ხმაც კი დაახშო:
ო, ჰამუთბეი, ეს რა ჰქენი, რა ჩაიდინე,
შენს დობილს თავი რატომ მომჭერი,
ო, ნუთუ, მეფის ოქრო-ვერცხლზე და ჩინ-მედლებზე
შენი გამზრდელი უბიხების მიწა გაჰყიდე?
ო, ძამო, ძმაო, მენანები და მებრალები,
რა საშინელი სიკვდილით მოკვდი’’
***
აფხაზთა მთავრის გადასახლება
ჰამუთბეი ჩაჩბა დაიტირეს, მაგრამ თავისი სიკვდილი მაინც ვერ დაიჯერა, იმ დღეებიდან ძალიან მალე, როცა უბიხები საკუთარ ცხენებს ხოცავდნენ და უკანასკნელად ხედავდნენ თავიანთ სახლებს, კავკასიის მეფისნაცვალს სამხედრო მინისტრმა გამოუცხადა (1864 წლის 1 აპრილს) იმპერატორის გადაწყვეტილება აფხაზეთის სამთავრო ხელისუფლების გაუქმებისა და აფხაზეთში რუსული ადმინისტრაციის შემოღების შესახებ. ივლისში ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი სვიატოპოლკ-მირსკი აფხაზეთში რუსული მმართველობის შემოღებისათვის საჭირო ღონისძიებების ჩასატარებლად სოხუმში ჩავიდა. მისთვის სრულიად მოულოდნელად, აფხაზეთის მთავარმა არა თუ რაიმე წინააღმდეგობა გაუწია, არამედ თავადვე ამცნო აფხაზებს რუსული მმართველობის დამყარების შესახებ.
ჰამუთბები ჩაჩბა ამ ყველაფრის სანაცვლოდ ითხოვდა, რომ რუსებს უფლება მიეცათ მისთვის სოხუმში ან ქუთაისში დარჩენილიყო საცხოვრებლად, მაგრამ მისი ეს თხოვნა არავინ შეისმინა. სახელმწიფოს ღალატსა და თურქებთან თანამშრომლობაში დასდეს ბრალი, შედეგად, ნოემბერში სტავროპოლში გადაასახლეს, შემდეგ ვორონეჟში, სადაც მომდევნო წელს გარდაიცვალა.
***
აფხაზი ენათმეცნიერი
ბაგრატ შინქუბა 1917 წელს დაიბადა, სწავლობდა სოხუმის უნივერსიტეტში, იყო ისტორიკოსი და ენათმეცნიერი. აფხაზურად წერდა ლიტერატურულ ნაწარმოებებს, ასევე თარგმნა რუსთაველის, გოეთეს, პუშკინის, პეტეფის შედევრები. მწერალს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ქართველ ხელოვანებთან. განსაკუთრებით მეგობრობდა პოეტ შოთა ნიშნიანიძესთან და მის მეუღლე თამარ ჩიჯავაძესთან, სწორედ მან თარგმნა შინქუბას ნაწარმოები ქართულ ენაზე.
ბაგრატ შინქუბას ‘’უკანასკნელი უბიხი’’ ყველაზე მნიშვნელოვანი აფხაზური რომანია. წიგნში აღწერილია აფხაზთა მონათესავე ხალხის უბიხების ტრაგიკული ბედი, რომლებიც შეურიგებლად ებრძოდნენ რუსეთის იმპერიას. მკითხველისთვის პირველი გვერდებიდან ნათელი გახდება, რომ ავტორი მეცნიერული პასუხისმგებლობით სავსე ისტორიკოსია, რადგან აქ პატიოსნადაა გადმოცემული ყველა ისტორიული ფაქტი.
რომანის დასაწყისში მწერალი გვიამბობს, რომ უნივერსიტეტის მეგობარმა ხელნაწერი გადასცა, რომელიც ენათმეცნიერ შარახ ქვაძბას ეკუთვნოდა. ენათმეცნიერი ლენინგრადში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში სწავლობდა და ნიკო მარის ლექციებს ისმენდა. გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში და ვიდრე ბრძოლის ველზე გავიდოდა, მოახერხა და დაწვრილებით ჩაწერა უკანასკნელი უბიხის ზაურყანის მოგონებები, რომელსაც თურქეთში შეხვდა. შარახ ქვაძბა ომიდან აღარ დაბრუნებულა, 1942 წელს უგზო-უკვლოდ დაიკარგა და მხოლოდ 1958 წელს მოვიდა სოხუმში ცნობა, რომ მისი საფლავი იპოვეს იტალიაში, იქაური პარტიზანების საძმო საფლავზე. სწორედ მათთან ერთად იბრძოდა აფხაზი ენათმეცნიერი ომის უკანასკნელ დღეებამდე, დაიღუპა 1945 წლის აპრილში.
მკითხველისთვის ცხადია, რომ ამბავი, რომელმაც მოხუცი უბიხი მებრძოლისა და იტალიელ პარტიზანებთან დაღუპული აფხაზი ენათმეცნიერის სახელით ჩვენამდე მოაღწია, მხოლოდ უბიხების ტრაგიკულ ბედზე არაა. პირველ რიგში, ეს არის ნათელი ასახვა, თუ როგორ შეიძლება ხედავდნენ აფხაზები კავკასიის საკითხს. რუსეთის იმპერიის აქ გაბატონებას და თურქეთისა და ევროპის ქვეყნების პოზიციებს.
ნაწარმოებში მკაცრი სიმართლითაა აღწერილი კავკასიელი პოლიტიკოსების გზა, რომლებიც არც თუ ისე წარმატებულად ლავირებდნენ რუსეთს, თურქეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის. განსაკუთრებით აღსანიშნავია სცენა, სადაც უბიხები უკანასკნელად მოიწვევენ საბჭოს. შეკრებაზე სიტყვით გამოდის აჰმეთ ბარაკაის ძე, რომელსაც ევროპაში მიუღია განათლება და წარსულში ინგლისელების დახმარების გზით ცდილობდა უბიხების გათავისუფლებას. ის ევედრება უბიხებს არცერთ შემთხვევაში არ დატოვონ სამშობლო და ჯობს რუსებთან გამონახონ საერთო ენა, რადგან სხვა გზა არ დარჩენიათ, მაგრამ საბოლოოდ რუსებთან თანამშრომლობას მაინც სიკვდილს ამჯობინებს.
აჰმეთ ბარაკაის ძის ეს პოზიცია განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ის ბევრ რამეს ამბობს თანამედროვე აფხაზების პოზიციებზე. საკუთარი მსჯელობის გასამყარებლად აჰმეთ ბარაკაის ძე ქართველების მაგალითს იშველიებს, რომლებიც იმ დროისათვის რუსეთის მოკავშირეები იყვნენ კავკასიელ მთიელებთან ომში. ამ ეპიზოდების წაკითხვა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ბოლო ათლწეულებია რუსეთისა და საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტებში, სწორედ ზოგიერთი კავკასიელი მთიელი გახდა რუსების თანამებრძოლი. ეს რეალობა, ალბათ, სრულებით არ გააკვირვებდა უბიხ მეომარს. მაშინაც და ახლაც, კავკასიელი ხალხების წინამძღოლები ხშირად ბრმად ერთვებოდნენ რუსულ იმპერიალისტურ პოლიტიკაში და ზოგჯერ, სწორედ მეზობლელი ხალხების დათრგუნვის და რუსულ იმპერიალიზმთან თანამშრომლობის ხარჯზე ინარჩუნებდნენ ძალაუფლებას, მაგრამ რუსული იმპერიალიზმი სავსე იყო ცინიზმით. მათი დროებითი მოკავშირეები მანამდე სარგებლობდნენ იმპერიის წყალობით, სანამ მოწინააღმდეგენი ჯერ კიდევ იბრძოდნენ.
ეს აფხაზური რომანი დაცლილია ვულგარული ჰუმანისტური მიდგომებისგან. ავტორი უჩვენებს, კლასობრივ დაპირისპირების ნამდვილ არსს, რომელიც იმ დღეებშიც არ ნელდება, როცა უბიხი ხალხი სამშობლოს ტოვებს. ექსპლუტატორები, ერთმანეთს ებრძვიან, რათა უფრო მეტი გლეხი დარჩეთ, ამავდროულად, უარს არ ამბობენ ივაჭრონ უბიხებით. ტყვეებად გაჰყიდონ ისინი თურქეთის ბაზრებზე.
ბოლო სიტყვა
უბიხების ბედი გადაწყვეტილი იყო. ადგილობრივმა დიდებულებმა განაჩენი გამოუტანეს ხალხს. უბიხების ყველა წარმომადგენელი წაბლის ხის სახლში შეიკრიბა. მათთან ერთად იყვნენ აფხაზური ტომების, საზებისა და ახჩიფსებისაგან გამოგზავნილი უხუცესები. საბჭოს წინამძღოლი ჰაჯი კერანტიხი უძღვებოდა. ყველა მას შეჰყურებდა და მისი იმედი ჰქონდათ, მთავარ ბრძოლაში გამოცდილი ბელადი, ახლაც არ უნდა გამტყდარიყო, თუმცა რუსული არმია რამდენიმე დღის სავალზე იყო. უბიხები ჯერ კიდევ იბრძოდნენ, მაგრამ ომი წაგებული იყო. ხალხი ან სულთნის კეთილი ნებით, ზღვის გაღმა ოსმალეთში წავიდოდა ან რუსების ნებას დაჰყვებოდნენ და ყუბანში უნდა გადასახლებულიყვნენ.
პირველად სიტყვა მათ მოითხოვეს, ვინც თურქულ პოზიციებზე იდგა. ისინი ხალხს არწმუნებდნენ, რომ საფიქრალი აღარაფერი იყო, ოსმალეთის სულთანი მუსლიმან უბიხებს შვილებივით მიიღებდა თავის იმპერიაში, ხოლო რუსები უბიხებს ყუბანში გარეკავდნენ და რელიგიას წაართმევდნენ. შემდეგ სიტყვა სახელოვნამა მეომარმა ნაურიზ ბარაკაის ძემ მოითხოვა. ის გადაჭრით ამბობდა, რომ ეს კრება მხოლოდ ბებრუხუნების და მკითხავებისთვის იყო, ნამდვილ მეომრებს უნდა ებრძოლათ რუსების წინააღმდეგ, ისე, როგორც მათი წინაპრები ომობდნენ და არც რუსებს გაჰყოლოდნენ და არც სულთანს. მისმა შემართებამ ბევრი უბიხს იმედი ჩაუსახა, მაგრამ დიდებულებისთვის ეს მხოლოდ ფუჭი სიტყვები იყო, მეომარმა ბრძოლა იცოდა, მაგრამ ომის არაფერი გაეგებოდა.
ბარაკაის ძეს მოხუცმა სითმა უპასუხა. მოითმინეთ, ვინც დაუფიქრებლად წყვეტს საქმეს, ტყვიის გასროლასაც ვერ ასწრებს ისე იღუპება - თქვა და გაჩუმდა. სითი ყველას უყვარდა. სამართლიანი და ჭკვიანი კაცის სახელი ჰქონდა. მკვლელობის და სხვა ყველაზე უფრო რთული საქმეების გადაწყვეტასაც ანდობდნენ. წინამძღოლმა ჰაჯი კერანტიხმა სთხოვა სითს, რომ თავისი აზრი ეთქვა, მაგრამ მოხუცმა სითმა უპასუხა, რომ მისი ჭკუა ასეთი საკითხის გადაწყვეტას არ ეყოფოდა.ის და მისი სამი შვილი, რომლებიც ჯერ კიდევ ბრძოლის ველზე იყვნენ, საერთო გადაწყვეტილებას დაემორჩილებოდნენ.
შემდეგ სიტყვა აჰმეთ ბარაკაის ძემ წარმოსთქვა, რომელიც ნაურიზის უმცროსი ძმა იყო. მასავით კარგი მებრძოლი, ამასთან სწავლული და ბევრი ქვეყანაც ენახა. მან გადაჭრით თქვა, რომ უბიხები არსად არ უნდა წასულიყვნენ, თუმცა არც ომს ჰქონდა აზრი, რადგან ძალები მეტისმეტად არათანაბარი იყო და რუსებთან უნდა ეცადათ მოლაპარაკება. აჰმეთის ამ სიტყვებს დიდი მღელვარება მოჰყვა. უფროსმა ძმამ ხანჯალი იშიშვლა და იქვე აპირებდა მის მოკვლას, მაგრამ შეაჩერეს.
აჰმეთმა სიტყვა ასე გაგრძელა:
-„ კარგად მოგეხსენებათ, ქართველები გაცილებით მეტნი არიან ჩვენზე და მაინც არ ეომებიან რუსეთის მეფეს, დიახ, ისინი შეურიგდნენ რუსებს, მეფის ქვეშევრდომები გახდნენ, მაგრამ თავიანთი მიწა და ენა შეინარჩუნეს. ვინ იცის, იქნებ თავისუფლებაც დაიბრუნონ ოდესმე.“
აჰმეთის ამ სიტყვებს კიდევ უფრო დიდი ჩოჩქოლი მოჰყვა. გაახსენეს, რომ სწორედ ის მოუწოდებდა ერთ დროს უბიხებს რუსების წინააღმდეგ ბრძოლისკენ და ახლა უბრალოდ ლაჩრობა ალაპარაკებდა. ზოგიერთმა კი ბრალი დასდო, რომ რწმენაზე ამბობდა უარს.
ამის პასუხად აჰმეთმა თქვა:
-„ მოგეხსენება, რომ ასი წლის წინათ ქრისტიანული სარწმუნოება მივიღეთ. ეს დღემდე ახსოვს ხალხს. თუმცა დიდი ხანია მუსლიმანებად ვთვლით თავს, მაგრამ შობასა და აღდგომასაც ვდღესასწაულობთ. ჩვენ საუკუნო მტრობა არ გქვონია წარსულში გიაურებთან და შეგვიძლია არც მომავალში ვიქონიოთ იგი.“
ამის გამგონე ძმამ ისევ ხანჯალი იშიშვლა, ხოლო წინამძღოლმა აჰმეთს შეახსენა, რომ როცა ინგლისიდან დაბრუნდა სწორედ აჰმეთი აძლევდა უბიხებს იმედს, რომ ევროპელები დაეხმარებოდნენ.
პასუხად აჰმეთმა გრძელი სიტყვა წარმოთქვა:
-„ განა ჩემი ბრალია, რომ ინგლისელებმა მოგვატყუეს? დიახ, მე ბევრი ინგლისური იარაღი ჩამოვიტანე, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო ვხვდები, რომ ისინი ჩვენი გულისთვის რუსეთს ომს არ დუწყებენ. ვინ ვართ ჩვენ მათთვის? ერთი მუჭა ველურები? ლონდონში რომ ვიყავი, ისინი ჩემს უცნაურ ჩაცმულობას უფრო აქცევდნენ ყურადღებას, ვიდრე ჩვენს უბედურებას. მე მხოლოდ ორ გამოსავალს ვხედავ ჩვენი ხალხისთის: ან უკლებლივ ყველანი ომში უნდა დავიხოცოთ, ან უნდა შევიგნოთ, რომ მტერმა გვძლა და დაე, ისე მოიქცეს, როგორც უნდა, როგორც სინდისი უკარნახებს. მე იმათი უფრო მჯერა, ვინც ხმალამოწვდილი მოდიოდა ჩვენზე, ვიდრე იმათი, ვინც იარაღას კი გვაძლევენ ფარულად, მაგრამ თუნდ ერთი წვეთი სისხლის დაღვრაც კი არ უნდოდა ჩვენთვის.“
ეს თქვა და აჰმეთმა კრება მიატოვა. მსჯელობა გაგრძელდა, ბევრმა მეომარმა თუ ბრძენმა წარმოთქვა თავისი სიტყვა. სასოწარკვეთას, ბრძოლისკენ მოწოდებები ცვლიდა და პირიქით, ყველა ამ სცენას მოულოდნელად წერტილი დაესვა და წარმოდგენა დასრულდა.
სახლში აქოშინებული მხედარი მოვიდა და დაუფიქრებლად პირდაპირ მიმართა უბიხების წინამძღოლს:
-„ჰაჯი კერანტიხ, თურქეთის გემების უფროსმა კაპიტანმა ეფენდი სულეიმანმა დაგვავალა გადმოგვეცა შენთვის - უკვე სამი დღეა ნაპირთან გელოდებით და ამის საფასურს არავინ გვაძლევს. ამაღამაც თუ არ შეგვატყობინეთ, საჭირონი ვართ თუ არა თქვენთვის, ჩვენი გემები ინგლისელი კონტრაბანდისტების გემებთან ერთად გავლენო ზღავში.“
ჰაჯი კერანტიხი ერთიანად მოწყდა ადგილიდან, მხედრის დაუფიქრებელმა შემოსვლამ ყველა მიახვედრა, რომ მას უკვე გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა, გემებიც გაემზადებინა და წაბლის ხის სახლში გამართული მსჯელობა მხოლოდ ფარსი იყო.
ხმის ამოღებას ვაღარავინ ბედავდა. ჰაჯი კერანტიხმაც აღარ დაახანა და მალე გამოაცხადა საბოლოო გადაწყვეტილება. რუსებთან ომი შეწყდა, ყველა უბიხი გემებით ოსმალეთისაკენ უნდა წასულიყო.
ცხენების დახოცვა
ყველამ შეიტყო, რომ უბიხი ხალხის თუქეთში გადასახლება დიდი ხნის წინ გადაწყდა. სწორედ ამაზე მორიგდნენ ოსმალეთის ემისრები, რუსი გენერლები და უბიხი დიდებულებიც. ზღვაში გასვლამდე უბიხები წიანაპართა საფლავებს და წმინდა ადგილებს ემშვიდობებოდნენ. ზაურყანმა სხვა მეომრების მსგავსად, თავისი ცხენი მინდორში გაიყვანა კისერზე მოეხვია და ატირდა. ნაგანი ფეხზე უნდა შეეყენებინა და საკუთარი ცხენი მოეკლა, რადგან საომარ ცხენს მტერს ვერ დაუტოვებდა.
იმ საზარელ დღეებში, როცა ხალხი საკუთარ სახლებს წვავდა და სამუდამოდ ტოვებდა მშობლიურ კერას, უბიხი დიდებულები ერთმანეთთან იყოფდნენ გლეხებს. მათ ყველაზე უკეთ იცოდნენ, რომ თურქეთის მიწაზე მძიმე დღეები ელოდათ და თითოეული მშრომელი გლეხის ფასი იქ განუზომელი იქნებოდა. ნამდვილი ბრძოლა გაიმართა გლეხების ხელში ჩასაგდებად, სათითაოდ აკითხავდნენ გლეხის ოჯახებს და ემუქრებოდნენ, რომ თუ მას არ გაჰყვებოდნენ, სიკვდილი ელოდათ. განსაკუთრებულად აქტიურობდნენ უბიხების წინამძღოლი კერანტიხი და გავლენიანი დიდებული შარდინი ალოუს ძე. თავიდან ერთმანეთს ერიდებოდნენ და ისე ცდილობდნენ საქმეების მოგვარებას, მაგრამ ერთი მუჭა უბიხი ხალხის გაყოფა არც ისე იოლი იყო და საბოლოოდ, მაინც გადაეყარნენ ერთმანეთს. ჯორზე ამხედრებული შარდინი და ჯერაც ისევ მეომრულად გამოწყობილი კერანტიხი. მათ შორის ასეთი დაილოგი გაიმართა:
-„ჰაჯი კერანტიხ, შენთვის პირველი არ არის დედებისა და შვილების დაშორება.
ერთი მითხარი, რამდენი ჭაბუკი გყავს თურქეთში გაყიდული და რა ფასად?
-ამას ნამუსიანი კაცი მაინც ამბობდეს! - გაიცინა ჰაჯი კერანტიხმა, - იქნებ, შენ
გვითხრა რამდენი ბიჭი გაყიდე თურქეთში, ჩვენი კი არა, ადიღეელები და
აბაზინელებიც, ჯერ რომ იყიდე და მერე გაყიდე. რამდენი გაყიდე-მეთქი, მიპასუხე.“
ასე ინაწილებდნენ უბიხი დიდებულები გლეხებს, ზაურყანი, რომელიც ყველა ამ ამბავს მოუთხრობს ენათმეცნიერს, გაიხსენებს მის სატრფოსაც, ფელდიშს, რომელიც ჰაჯი კერანტიხმა წაიყვანა, ხოლო თვითონ შარდინ ალოუს ძეს გაჰყვა.
ხალხი უკვე ზღვისკენ მიდიოდა. ყველა მდუმარე იყო, მოხუცები ურმებით მიჰყავდათ. უეცრად მათ ხმალშემართული აჰმეთ ბარაკაის ძე აღუდგა წინ. უკვე გონება წართმეოდა, ხალხს ევედრებოდა მომკალით, ან არ გაგიშვებთ, რადგან ოსმალეთს ვიცნობ და იქ დაღუპვა გიწერიათო. ზედაც არავის შეუხედავს. აჰმეთის სასოწარკვეთილი ვედრება ბრმა საკუტის სიმღერაში ირეოდა, რომელსაც მხარში შვილიშვილები ედგნენ, თავად კი აფციარხაზე უკრავდა.
უბიხების ნავები ტალღებზე ქანაობდნენ. ნაპირზე თეთრცხენიანი მხედარი გამოჩნდა. ცხენიდან ჩამოხტა და ზღვაზე გადაკიდებულ კლდის ქიმზე შედგა, ხელებს იქნევდა და რაღაცას ხმამაღლა ეძახდა ზღვაში გასულ უბიხებს, მაგრამ სიტყვები ქარში იკარგებოდა. ქიმზე აჰმეთი იდგა, ბარაკაის ძე. ერთი წამიც და ნაგანი ამოიღო - საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა.
***
მუშათა კლასის მგომარეობა აფხაზეთში და ‘’მანჩესტერი’’
ამ ზაფულს ზუგდიდში ვიყავი, აქაურების დიდი ნაწილი ‘’მანჩესტერს’’ ეწევა. იაფფასიანი და ცუდი სიგარეტია, მაგრამ ადგილობრივი წარმოების ‘’პირველთან’’ შედარებითაც იაფი ღირს.
ქართული ხელისუფლება პრაქტიკულად არ კრძალავს ამ პროდუქტის გაყიდვას. არც არის გასაკვირი, მოქმედმა ხელისუფლებამ თავის პროპაგანდისტულ არხებზე ლამის ტრაგიკულ ფაქტად შეაფასა ერგნეთის ბაზრობის დახურვა. მათთვის ეს ბაზრობა სახალხო დიპლომატიის ნაწილი იყო და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საშულება. ვერაფერს იტყვი, ნამდვილად ეგზოტიკური ხედვაა ხალხთა შორის მეგობრობაზე.
ზუგდიდელ გარემოვაჭრეებს ამ სიგარეტის ჩამოსატანად საშიში და დამამცირებელი გზის გავლა უწევთ. ასე მოაქვთ შენამდე. ეწევი და ფიქრობ, რომ სადღაც ენგურს გაღმა შენიანიც ამ სიგარეტს უკიდებს. ზუგდიდში და თბილისშიც აფხაზურ ნომრიან მანქანებსაც მრავლად შენიშნავთ, აფხაზები სავაჭრო ცენტრებს სტუმრობენ და რესტორნებსაც, მაგრამ ისინი ‘’მანჩესტერს’’ არ ეწევიან.
9 იანვარს სოხუმში პუტჩი მოეწყო. მოველენების ეპიცენტრში არ ყოფილან აფხაზური პოლიტიკური პარტიები, არც სამოქალაქო საზოგადოება, მით უმეტეს, არც ხალხთა თვითორგანიზებას ჰქონია ადგილი.
კამერების წინ ახრა ავიძბა პოზიორობდა, რომელსაც უკვე ჰქონდა მედია შოუებში მონაწილეობის გამოცდილება. ავიძბა 2014 წლიდან დენეცკში იბრძოდა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირი გახდა. ხოლო ყვითელმა გამოცემებმა ‘’დონეცკელი ლენინი’’ უწოდეს. უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის დროს რუსულმა მედიამ ბევრი ‘’გმირი’’ შექმნა. ზოგიერთი ავიძბაზე გაცილებით პოპულარული იყო და სოციალური ქსელების ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. მომხმარებლებს ახსოვთ საველე მეთაური ‘’გივი“, რომელიც პირდაპირ ეთერში ხმლით შეიარაღებული მიმართავდა დაჩოქილ უკრაინელ ტყვეებს, მაყურებელმა ასევე იხილა საველე მეათაურის ‘’ მოტოროლას’’ მთელი თავგადასავალი. მისი აღზევება, დრამატული ბედი, ქორწილები და სიკვდილი. ომის შემდეგ ეს ერთჯერადი გმირები რუსეთს აღარ სჭირდებოდა და უმრავლესობა თავიდან მოიშორა. არც ავიძბა იყო გამონაკლისი.
რუსული სატელევიზიო შოუებიდან ჩამოწერილი მასხარა მსხვილი კაპიტალის მფლობელი აფხაზური კლანების პროტეჟე გახდა. საბჭოთა ტრადიციის გულუბრყვილო გაგების საფუძველზე, საზოგადოებაც და მედიაც, საქმოსნების ერთ ნაწილს, რომელიც აკონტროლებენ მსხვილ ბიზნესებს, ასევე ნარკოტიკების ბიზნესს, ‘’კანონიერ ქუდებად’’ მოიხსენიებს. მართლაც, რუსული გამოცემები აჭრელებულია ნახევრად ლეგენდარული ცნობებით აფხაზ ქურდებზე, რაულ ბაცბაზე(პიზა) და ალხას ავიძბაზე( ხასიკი). სწორედ მისი უახლოესი ნათესვია ახრა ავიძბა. ცხადია, მათი გავლენების სწორად შესაფასებლად, არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტორი, რომ ისინი თავის საქმიანობაში აქტიურად იყენებენ კრიმინალური ავტორიტეტებისთვის ჩვეულ მეთოდებს, მაგრამ მხოლოდ სკანდალზე ორიენტირებულ გამოცემებს შეუძლიათ ილაპარაკონ დღეს ‘’კანონიერ ქურდებზე’’, ან შოუების გმირებზე. ზოგიერთი გამოცემა იმდენად შორს წავიდა, რომ აქტიურად მსჯელობდნენ აფხაზ და ქართველ ‘’კანონიერ ქურდებს’’ შორის ეთნიკურ დაპირისპირებაზე. შესაძლოა, ეთნიკურად აფხაზი და ქართველი ქურდების ერთი ნაწილი მართლაც დაპირისპირებულ ბანაკში აღმოჩნდა, მაგრამ ამგვარი მსჯელობის აბსურდულობაში, არა მხოლოდ კრიმინალური სამყაროს წესები (სადაც ეთნიკუროის საკითხი სრულიად უმნიშვნელოა), არამედ ბიზნესის კანონები გვარწმუნებს.
ვითარების სწორად შესაფასებლად აუციელებლია ვუპასუხოთ კითხვას: ვისია დღეს აფხაზეთი?
შეიძლება, ამ კითხვას მარტივად გავცეთ პასუხი და ვთქვათ, რომ აფხაზეთს რუსები აკონტროლებენ. მართლაც, უზარმაზარი სამხედრო ბაზებით გამაგრებულ ოკუპირებულ ტერტირორიაზე რუსეთის ხელისუფლებას მკაცრი კონტროლი აქვს დაწესებული. ამ ყველაფრის მიუხედავად, ზედაპირული იქნება, თუ აფხაზეთს ორუელისეულ სამყაროდ წარმოვიდგენთ, სადაც რუსეთი ყველას და ყველაფერს განაგებს. არც რუსი ჩინოვნიკები ან უსაფრთხოების სამსახურები უნდა წარმოვიდგინოთ ყოვლისშემძლეებად, რომლებსაც მომავლის ყველა სცენარი წინასწარ აქვთ გამზადებული. ჩვენ უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ შიდა დინებები და დაპირისპირებები, რადგან რუსული გავლენა სწორედ ამ პროცესების ზუსტი გააზრებით ახერხებს სიტუაციის მართვას და პროტეჟედ სხვადასხვა ძალებს ირჩევს.
ომის დასრულებისთანავე აფხაზეთში დაიწყო გავლენების და ქონების მიტაცების პროცესი. ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, აფხაზეთში ყოფილი პარამილიტარული დაჯგუფებების ხელით განახლდა ბრძოლა ქონების მიტაცებისთვის. მარადიორების ერთი ჯგუფი ქართველებსგან დაცლილი სახლების მიტაცებით დაკმაყოფილდა, მაგრამ სხვებმა უფრო დიდი მიზნები დაისახეს. ენგურს გამოღმა საქართველოს მსგავსად, აფხაზეთში მსხვილ ბიზნესებს და სტრატეგიულ ობიექტებს რუსული კომპანიები დაეუფლნენ, მაგრამ ისინი საქმეს კრიმინალური კლანების ხელით განაგებენ, და არა თეთრასაყელოიანი მენეჯრების. ეს პროცესი შეიძლება უცხო იყოს ადამიანებისთვის ევროპიდან ან აზიიდან, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს მათი ცნობა არ უნდა გაგვირთულდეს. ჩვენთან ხომ კრიმინალური ელემენტები სამთავრობო ბიუროკრატიის ფუნქციებსაც ასრულებენ, ზოგჯერ, პარტაქტივად გვევლინებიან და ბიზნესის ადმინისტრირებასაც ართმევენ თავს. ამ ვითარებაში ‘’ქურდულ სამყაროზე’’ მსჯელობა ბიზნეს ინტერესებისაგან განცალკავებით, მხოლოდ კულტურის მკველევართა გასართობად ჩაითვლება.
აფხაზეთის პოლიტიკოსები მთლიანად დაქვემდებარებულნი არიან მსხვილი ბიზნესის ინტერესებს . 9 იანვრის პუტჩმა ეს ყველაფერი ყველაზე უფრო მკაფიოდ დაგვანახა. ავიძბა და მისი თანამებრძოლები, რომელთა დიდი ნაწილი აფხაზეთში უკრაინიდან ჩავიდა, ისე შევიდნენ პრეზიდენტის სასახლეში, როგორც საკუთარ სახლში, ხოლო ‘’პრეზიდენტი’’ რაულ ხაჯიმბა თითქოს იქ არც არასოდეს ყოფილა, ისე დაჰყვა პუტჩისტების მოთხოვნებს. აფხაზური ოპზიცია ამ დღეს სასამართლოში დემოკრატიობანას თამაშით იყო დაკავებული და როცა ყველაფერი დასრულდა, მაშინღა ჩაერთო პროცესებში
9 იანვრის პუტჩი მსხვილი კაპიტალის მფლობელებმა მოაწყვეს რუსული სატელევიზიო შოუების გმირის ხელით, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ რუსული ოკუპაციის პირობებში აფხაზი ხალხი მონურ პირობებში ცხოვრობს. აქ მთელი ძალაუფლება რუსეთისგან ხელდასმულ საქმოსნებს აქვთ და ხალხის ნამდვილი ინტერესები სრულიად უგულვებელყოფილია. მათ მინიმალური ბერკეტიც არ გააჩნიათ პროცესებზე ზემოქმედებისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აფხაზურ საზოგადოებას არ შევხედოთ იმ შაბლონებით, რომლებსაც პოპულარული მედია გვთავაზობს. ერთნაირად უვარგისია ნაციონალისტური მითები და რომანტიზებული ისტორიები კრიმინალურ ავტორიტეტებზე. სერიოზულად თუ კი გვსურს მსჯელობა, ისევ იმ კითხვებს უნდა დავუბრუნდეთ, რომელზეც ჯერ პასუხი არ გვაქვს: ვინ ფლობს აფხაზეთში კაპიტალს? სამშენებლო ბიზნესს? ( აფხაზეთში მშენებლობაზე სამუშაოდ სამეგრელოდანაც გადადიან) სტრატეგიულ ობიექტებს? რა ტიპის ექსპლუატაციის მსხვერპლნი არიან მშრომელები სოხუმში? რა ვითარებაში ცხოვრობენ რკინიგზელები ოჩამჩირეში და რა ხდება ყოფილ ინდუსტრიულ ქალაქ ტყვარჩელში? რეალურად, რა ვითარებაში ცხოვრობს ხალხი გალის რაიონში, სადაც ადამიანები ყველაზე უფრო სასტიკი სეგრეგაციის პირობებში რჩებიან?
აფაზეთის მკვიდრი უბრალო მოქალაქეები სრულ იზოლაციაში ცხოვრობენ, მცირერიცხოვანი ელიტები თუ მოგზაურობენ რუსეთში. უმრავლესობისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო რუსული პენსიაა, მხოლოდ ერთეულები ახერხებენ ხელში ჩაიგდონ უდიდესი ქონება. ცინიკურია, რომ ქართული სახელმწიფოს კეთილი ნებით, რაც გულისხმობს ენგურზე თავისუფლად გადმოსვლის უფლებას, ან მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას, უმთავრესად, აფხაზური საზოგადოების დაწინაურებული ფენა სარგებლობს. არ გაგვიჭირდება წარმოვიდგინოთ, რა რთულ ვითარებაში უწევს ცხოვრება იქაურ ღარიბ მოქალაქეებს, რომლებიც არა თუ ენგურზე საზღვრის გადმოლახვას, არამედ ხშირად თავისი მხარის რაიონულ ცენტრშიც ვერ ახერხებენ ჩასვლას. პირველ რიგში, ასეთი მგზავრობა დაკავშირებულია ფინანსებთან, ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადგილობრივ ელიტებთან დაახლოვებული მოქალაქეები უპრობლემოდ გადმოდიან ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, მათ მიმართ აფხაზ ნაციონალისტებს, უსაფრთხოების სამსახურებს და საოკუპაციო რეჟიმს კითხვები არ აქვს, სამაგიეროდ, უდიდესი წნეხის ქვეშ მოექცევიან უბრალო მოქალაქეები, რომლებსაც გავლიანი ნაცნობები არ ჰყავთ.
ყველა ამ კითხვაზე პასუხი ვრცელ კვლევას და თეორიულ მუშაობას მოითხოვს და დასაწყისისთვის, კლასობრივი ბრძოლის ისტორიაზე და პერიფერიის იმპერიის პოლიტიკაზე, ზოგიერთ ეკონომისტზე უფრო მეტს აფხაზური ლიტერატურული ნაწარმოები გვეტყვის.
ინსტრუქცია