[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასათანადო მოპყრობის საქმეზე სოციალური სამართლიანობის ცენტრის საჩივარი დააკმაყოფილა

2023 წლის 14 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ვლადიმერ მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ[1] გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (არასათანადო მოპყრობის აკრძალვა) დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს დაზარალებულისთვის, კომპენსაციის სახით, 3000 ევროს გადახდა დააკისრა.

ვლადიმერ მჭედლიშვილი 2017 წლის 15 მაისს, ღამის საათებში დააკავეს სამართალდამცავებმა ქალაქ სიღნაღის ცენტრში, ერთ-ერთი სკვერში. მისი თქმით, დაკავების მომენტში და პოლიციის განყოფილებაში, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, მასზე ფიზიკურად იძალადა პოლიციის რამდენიმე თანამშრომელმა. მჭედლიშვილის მიმართ პოლიციის თანამშრომლის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე (სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი) გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურაში 2017 წლის 17 მაისს დაიწყო. თუმცა, ეროვნულ დონეზე გამოძიების გაჭიანურების გამო, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია ვლადიმერ მჭედლიშვილის სხეულზე მისი დაკავების შემდეგ დაფიქსირებული დაზიანებები, მისი დაკავებიდან გათავისუფლებიდან ორი დღის შემდეგ აღმოჩენილი ნეკნების მოტეხილობა და მძიმე ტკივილები. ამავდროულად, სამედიცინო ექსპერტიზამ ნეკნების დაზიანების ზუსტი დროის განსაზღვრა ვერ შეძლო, თუმცა არ გამოურიცხავს, რომ ისინი შეიძლება მომჩივნის დაკავების დროს იყო მიყენებული. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნისთვის მიყენებული ფიზიკური დაზიანებები სწორედ მის დაკავებას უკავშირდებოდა, რის გამოც, სახელმწიფოს ამ ფაქტთან დაკავშირებით ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება წარმოეშვა.

ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურამ რიგი რელევანტური და დროული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, მომჩივანს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი და საქმის მასალებზე სრული წვდომა. თუმცა, სასამართლომ მიუთითა, რომ გამოძიებამ ვერ შეძლო საქმისთვის მნიშვნელოვანი კითხვებისთვის პასუხის გაცემა. კერძოდ:

  • გამოძიებამ არ დაადგინა მომხდარი მოვლენების ზუსტი ქრონოლოგია, მათ შორის ისიც, რა მოხდა მომჩივნის დაკავებასა და დროებითი მოთავსების იზოლატორში მის მოთავსებამდე.
  • სამედიცინო ექსპერტს არ დაუსვეს კითხვა იმასთან დაკავშირებით, შეიძლებოდა თუ არა მომჩივანს ფიზიკური დაზიანებები დაკავების მიმართ იმგვარი წინააღმდეგობის გაწევის შედეგად მიეღო, რაც ვიდეო კამერებზე იყო აღბეჭდილი.
  • არ შეფასებულა მომჩივნის მიერ დაკავების დროს გაწეული წინააღმდეგობის ინტენსიურობა, პოლიციელების მიერ გამოყენებული ძალის ხარისხი ანდა ამ ღონისძიების პროპორციულობა.
  • გამოძიება ექვსი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, უმოქმედობის ხანგრძლივი პერიოდებით. აღნიშნულის გამამართლებლად კი სახელმწიფოს არანაირი განმარტება არ წარმოუდგენია.

ევროპულმა სასამართლომ ამგვარი დაგვიანებული გამოძიება გაუმართლებლად მიიჩნია და კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა დაადგინა. რაც შეეხება მე-3 მუხლის არსებით ნაწილს, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ მომჩივანსა და პოლიციელებს შორის კონფლიქტი მისი დაკავების დროს დაიწყო, რომელშიც ადგილზე შეკრებილი სხვა პირებიც მონაწილეობდნენ. ამის გამო, ევროპულმა სასამართლომ შესაძლებლად მიიჩნია, რომ პოლიციელებმა ფიზიკური ძალა ვითარების მეტად დამძიმების პრევენციის მიზნით გამოიყენეს. ამ გარემოების გამო, სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია მომჩივნისა და სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი ვერსიების გამორიცხვა და შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იმის დადგენა, რომ მომჩივანი პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა.

ვლადიმერ მჭედლიშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ამ ფაქტის არაეფექტიანი გამოძიების საქმე სამართალდამცავ სისტემაში არსებული სისტემური პრობლემების კიდევ ერთი დადასტურებაა. ამის გათვალისწინებით:

  • მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და უზრუნველყოს მისი სწრაფად და ეფექტიანად ჩატარება;
  • ამავდროულად, მომავალში მსგავსი დანაშაულების პრევენციის მიზნით, განხორციელდეს სამართალდამცავი სისტემის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც საპოლიციო საქმიანობაში ადამიანის უფლებების დაცვას დაეფუძნება და გამორიცხავს მსგავს შემთხვევებზე არაეფექტიან რეაგირებას სახელმწიფოს მხრიდან.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Mtchedlishvili v. Georgia (no. 8827/19), 14 December 2023, https://hudoc.echr.coe.int/?i=001-229418

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“