არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული ხარვეზების ანალიზის საფუძველზე, შემდეგი პრობლემური საკითხები გამოიკვეთა:
- შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გააჩნია სამართალდამცავი პირების მხრიდან ძალის გადამეტების პრევენციის ერთიანი სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც პოლიციის კონტროლის ქვეშ მყოფი პირის უფლებებისა და საჭიროებების თაობაზე ყველა მნიშვნელოვან სამართლებრივ და პრაქტიკულ საკითხს ერთიანად მოიცავს;
- საპოლიციო სისტემის თანამშრომელთაგან, მოქალაქესთან კონტაქტის დროს სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვილია მხოლოდ საპატრულო პოლიცია, რომელსაც ამ ტექნიკური საშუალების გამოყენების არა ვალდებულება, არამედ უფლებამოსილება აქვს;
- პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც პოლიციელი მოქალაქესთან ურთიერთობას საკუთარი პირადი მობილური ტელეფონით აღბეჭდავს. ეს პროცედურა არ არის რეგულირებული შსს-ს მხრიდან, რაც იწვევს იმას, რომ პოლიციელის ქმედებას თვითნებური ხასიათი აქვს. ამგვარი პრაქტიკა ქმნის მოპოვებული ვიდეო ჩანაწერის/მტკიცებულების განადგურების, უკანონო გავრცელების რისკებს.
- პოლიციის სარგებლობაში არსებული ავტომობილები, საპოლიციო ორგანოების შიდა და გარე პერიმეტრები, სათანადოდ არ არის აღჭურვილი ვიდეოკამერებით; მაგალითად, პოლიციის დაწესებულებებში მოქალაქესთან კომუნიკაციისთვის განკუთვნილ შიდა სივრცეებში არ არის დამონტაჟებული მეთვალყურეობის ტექნიკური საშუალებები;
- ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი წესით დაკავებულ პირთა დაკავების ოქმები სრულყოფილად არ ასახავს მოქალაქისადმი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, თუკი მოსამართლეს გაუჩნდა ეჭვი, რომ მოქალაქე პოლიციელის მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა, ის უფლებამოსილია მოითხოვოს გამოძიების დაწყება. თუმცა ამგვარი უფლებამოსილება მოსამართლეს არ აქვს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის შემთხვევაში.
- კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სამართალდამცავთა მხრიდან სათანადო დოკუმენტაციის შედგენის ვალდებულებას, მაშინ როცა საქმე ეხება ადმინისტრაციული წესით დაკავებულების კონტაქტს საკუთარი ოჯახის წევრებთან.
- პოლიციის დაწესებულებაში მიყვანილ დაკავებულთა აღრიცხვის ჟურნალი მოიცავს მონაცემებს მხოლოდ დაკავებულ პირთა საპოლიციო დანაყოფში დაყოვნების დროის, დაზიანებების არსებობის, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის დეტალების თაობაზე, თუმცა არ აღრიცხავს პოლიციის შენობაში სხვა სტატუსით (მაგ. მოწმე, გამოსაკითხი პირი და.ა.შ) მიყვანილ პირთა მსგავს მონაცემებს;
- დაკავების შემდგომ პირის პოლიციის დაწესებულებაში გადაყვანის სამართლებრივი საფუძველი ხშირ შემთხვევაში, გაუგებარია; არ არის განსაზღვრული დაკავებულის საპოლიციო დაწესებულებაში დაყოვნების მაქსიმალური დრო, რაც, შესაძლოა, პოლიციის კონტროლის ქვეშ მყოფი პირების უფლებების დარღვევის მიზნით იქნას გამოყენებული;
- ხუთწლიანი ინტერვალებითპოლიციის თანამშრომელთასწავლება და გადამზადება, არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიზნებისთვის, საკმარისი არ არის.
ძირითადი რეკომენდაციები:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
- სამართალდამცავებისთვის უნდა შემუშავდეს დაკავებისა და დაპატიმრების, იძულების ღონისძიების გამოყენების პროცედურებთან დაკავშირებული ერთიანი სახელმძღვანელო ინსტრუქცია, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი პოლიციელის მოქალაქესთან კონტაქტის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი.
- არასათანადო მოპყრობის თავიდან ასაცილებლად უნდა შემუშავდეს ერთიანი ყოვლისმომცველი დაკავების ოქმი, რომელიც დაკავების მომენტიდან პირის დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდეყველა გარემოებას აღწერს, მათ შორის, ერთიანად ასახავს დაკავებული პირისთვის უფლებების განმარტების ზუსტ დროს, დაკავებულის დაშავების/დაზიანების ნიშნებს, დაავადების არსებობას, პოლიციის დაწესებულებაში დაყოვნების პერიოდს, , ოჯახთან/ახლობელთან, ადვოკატთან კომუნიკაციის საკითხებს, დეტალებს,დაკავებულის საკვებით უზრუნველყოფის, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის დეტალებს.
- საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მსგავსად, მოქალაქესთან ურთიერთობაში მყოფი სხვა სამართალდამცავი პირები უნდა აღიჭურვონ სამხრე ვიდეოკამერებითმოქალაქესთან კომუნიკაციის დროს, სამართალდამცავს უნდა დაეკისროს სამხრე ვიდეოკამერის გამოყენების ვალდებულება; სამართლებრივად უნდა განისაზღვროს ამგვარი ტექნიკური საშუალებით მოპოვებული მონაცემების ცენტრალიზებულად გონივრული ვადით შენახვის წესებისამართალდამცავის მოქალაქესთან ურთიერთობის დროს, ობიექტური მიზეზით სამხრე ვიდეოკამერის არარსებობის შემთხვევებისთვის, უნდა შემუშავდეს ალტერნატიული ტექნიკური საშუალების გამოყენებისა და ამ მონაცემთა შენახვის წესი. მკაფიოდ უნდა განისაზღვროს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან პირადი მობილური ტელეფონის სამსახურებრივი მოქმედებების გადასაღებად გამოყენების დაუშვებლობა.
- ვიდეომეთვალყურეობის კამერებით უნდა აღიჭურვოს პოლიციის დაწესებულების ყველა ის სივრცე, სადაც მოქალაქეს შეიყვანენ და მასთან საგამოძიებო/საპოლიციო/ოპერატიული ღონისძიება განხორციელდება. უნდა განისაზღვროს ამ ვიდეოჩანაწერების გონივრული ვადით ცენტრალიზებულად შენახვის წესი. ასევე,ტექნიკური ჩამწერი საშუალებით უნდა აღიჭურვოს ავტომანქანა, რომლითაც დაკავებული პირი გადაჰყავთ;
- უნდა აღირიცხოს საპოლიციო დანაყოფში ნებისმიერი სტატუსით მიყვანილი პირის შესვლის, გამოსვლის ზუსტი დროები, ჯანმრთელობის მდგომარეობის/დაზიანებების არსებობის, საპოლიციო დაწესებულებაში მისვლის მიზეზის შესახებ ინფორმაცია; ამ ინფორმაციის დოკუმენტირების სისწორეზე, პოლიციელთა თვითნებობის აღკვეთის მიზნით, უნდ დაწესდეს კონტროლის მექანიზმი;
- უნდა განისაზღვროს პოლიციელთა მრავალმხრივი, რეგულარული და ეფექტიანი ტრენინგები დაპატიმრებისას ან საპოლიციო დაკავებისას ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის თავიდან ასაცილებლად. პოლიციელთათვის ჩატარებული ტრენინგები შინაარსობრივად უნდა მოიცავდეს ისეთ საკითხებზე განსაკუთრებულ თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას, რომელთა გამოყენების დროს მოქალაქის მიმართ არასათანადო მოპყრობის რისკი მაღალიასპეციალური გადამზადების კურსებთან ერთად, პოლიციელებს უნდა ჩაუტარდეთ ინტერპერსონალური კომუნიკაციის, კონფლიქტის არაძალადობრივი მართვისა და სტრესის მართვის ტრენინგები დაკავების, დაპატიმრების, იძულების ღონისძიებების გამოყენების ეტაპებზე;
საქართველოს პარლამენტს:
- უნდა გატარდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს პასუხისგებაში მიცემულ პირთა/დაკავებულთა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ პროცედურულ გარანტიებს;
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილება და მოსამართლის მიერ საგამოძიებო ორგანოსთვის გამოძიების დაწყების თაობაზე მიმართვის უფლებამოსილება განისაზღვროს იმ შემთხვევაშიც, თუ მოსამართლეს გაუჩნდება ეჭვი ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე;
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით უნდა მოწესრიგდეს სამართალდარღვევისთვის დაკავებული პირის ოჯახთან კომუნიკაციის საკითხები და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის ვალდებულება, სათანადო დოკუმენტაციის შედგენის თაობაზე;
- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, პირის დაკავების კანონიერების შესამოწმებლად, უნდა შევიდეს ცვლილება და შეიქმნას შიდა ან/და ადმინისტრაციული მექანიზმი, რომელიც შეაფასებს პირის დაკავების კანონიერებას პირველი 48 საათის განმავლობაში; ანალოგიური საკანონმდებლო ცვლილება უნდა გავრცელდეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის მიმართ, რომლის დაკავების ვადა 12 საათს აღემატება;
- სისხლისსამართლებრივი თუ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთან მიმართებით, კანონმდებლობით ძირითად წესად უნდა განისაზღვროს დაუყოვნებლივ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა. საგამონაკლისო შემთხვევებში პოლიციის დაწესებულებაში გადაყვანა უნდა მოხდეს კანონით ზუსტად გაწერილი საფუძვლებით და პოლიციის დაწესებულებაში დაკავებულის დაყოვნების მაქსიმალური დრო მოწესრიგდეს უნდა კანონით;