საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა კობა და გელა კვინიკაძეების მიმართ ხარაგაულის პოლიციის თანამშრომლების მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა. განმცხადებლები დავობენ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა) და მე-13 (უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებზე) მუხლების დარღვევაზე.
2018 წლის 18 ნოემბერს, კობა და გელა კვინიკაძეები ხარაგაულის რაიონის სოფელი ბაბის ტერიტორიაზე, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის გაწევის საფუძვლით დააკავეს. დაკავების ადგილზე და შემდგომ, ხარაგაულის პოლიციის შენობაში, დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში, ხარაგაულის პოლიციის განყოფილების უფროსი და სხვა თანამშრომლები კობა და გელა კვინიკაძეებს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შედეგადაც მათ სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაზიანებები მიიღეს.[1]
2018 წლის 20 ნოემბრიდან, საქმეზე გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს რაიონული პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში პირის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს. განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს მიერ ჩატარებული გამოძიება არაეფექტური და ხარვეზიანი იყო. კერძოდ, პროკურატურას არ ჩაუტარებია რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რაც მნიშვნელოვანი იყო საქმის გარემოებების დასადგენად: არ ჩატარდა ამოცნობა სავარაუდო დამნაშავეთა იდენტიფიცირების მიზნით; არ გამოიკითხნენ ექიმები, რომლებმაც კვინიკაძეებს შემთხვევიდან მეორე დღეს გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინეს; არ ჩატარდა დამატებითი ექსპერტიზა იმ პირის ვინაობის დადგენის მიზნით, ვისი სისხლის კვალიც იქნა აღმოჩენილი გელა კვინიკაძის სამოსზე, რომელიც შემთხვევის დღეს მას ეცვა.
მიუხედავად ხსენებული ხარვეზებისა, საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, დაზარალებულთა ვიზუალური დათვალიერების ოქმები, სამედიცინო შემოწმების და სასამართლო ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები მკაფიოდ მიუთითებს, რომ კობა და გელა კვინიკაძეები დაექვემდებარნენ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. საქმის მასალებიდან ნათელია, რომ კვინიკაძეებმა სხეულებრივი დაზიანებები სწორედ პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ ყოფნის დროს მიიღეს. ამის საპირისპიროდ, პოლიციის თანამშრომლებმა ვერ წარმოადგინეს დამაჯერებელი ახსნა-განმარტება სხეულებრივი დაზიანებების გამომწვევი მიზეზების და დაკავების დროს გამოყენებული ძალის პროპორციულობისა და აუცილებლობის შესახებ. გარდა ამისა, პროკურატურამ პოლიციელები შემთხვევიდან 2 თვის გასვლის შემდეგ გამოკითხა, რამაც გააჩინა მათ შორის ჩვენებების შეთანხმების რისკები და შესაბამისად, მნიშვნელოვნად შეამცირა მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის მტკიცებულებითი ძალა.
მომჩივნების არაერთი მიმართვის მიუხედავად, გამოძიების დაწყებიდან 3 წლისა და 9 თვის გასვლის შემდეგ, პროკურატურა კვლავ უარს აცხადებს სავარაუდო დამნაშავეების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე. მეტიც, სავარაუდო დამნაშავეები კვლავ აგრძელებენ მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროში.
კობა და გელა კვინიკაძეების მიმართ განხორციელებული ძალადობა და მისი არაეფექტიანი გამოძიება სამართალდამცავ სისტემაში არასათანადო მოპყრობის პრაქტიკის მიმართ ტოლერანტობის და დაუსჯელობის მკაფიო მაგალითია. ამიტომ, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების გასაზრდელად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ წინამდებარე საქმეში მომჩივანთა უფლების დარღვევის დადგენა არსებითად მნიშვნელოვანია.
[1] ინციდენტის შესახებ დამატებით ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://socialjustice.org.ge/ka/products/emc-kharagaulis-politsiashi-mokalaketa-savaraudo-tsemis-fakts-ekhmaureba
ინსტრუქცია