საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ხარაგაულის რაიონში მცხოვრები ორი პირი - კობა და გელა კვინიკაძეები - ხარაგაულის პოლიციას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) დაზარალებულებს 22 ნოემბერს პირადად შეხვდა და დეტალური ახსნა-განმარტებები ჩამოართვა. EMC დაზარალებულთა ინტერესებს დაიცავს. ამ საქმეზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო.
დაზარალებულთა განმარტებით, ისინი მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბაბში პირად საქმეზე, შემდეგ კი ნათესავის სახლში სუფრაზე იმყოფებოდნენ. მათი განმარტებით, სუფრიდან წამოსვლის შემდეგ მათ გელა კვინიკაძის კუთვნილი ავტომობილით სახლისკენ წასვლა სურდათ, თუმცა მანქანით გადაადგილებას გზაზე ცუდად გაჩერებული სხვა ავტომობილის გამო ვერ ახერხებდნენ. საჭესთან მყოფი კობა კვინიკაძე დაელოდა მოძრაობის შემაფერხებელი ავტომანქანის მძღოლის რეაგირებას, თუმცა მას შემდეგ, რაც მან არანაირი ინიციატივა გზის გასათავისუფლებლად არ გამოიჩინა, კობა კვინიკაძემ მძღოლს მოუწოდა მანქანა გადაეყენებინა. ამის შემდეგ, მეორე ავტომანქანის მძღოლი გადმოვიდა მანქანიდან, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თქვა, რომ ხარაგაულის პოლიციის უფროსი - დავით მჭედლიძე იყო. ის საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით განაგრძობდა კობა და გელა კვინიკაძის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. ამას მოჰყვა კვინიკაძეების მხრიდან სიტყვიერი შეპასუხება.
დაზარალებულთა განმარტებით, ხარაგაულის პოლიციის უფროსი დავით მჭედლიძე ინციდენტის დროს არ ატარებდა სამსახურებრივ ფორმას, არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იგი ავტომანქანაში საკუთარ მეუღლესთან და დედასთან ერთად იმყოფებოდა. დაზარალებულები ასევე უთითებენ, რომ პოლიციის უფროსი ინციდენტის დროს სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მათივე განმარტებით, დავით მჭედლიძემ ადგილზე დამატებითი ეკიპაჟები გამოიძახა კობა და გელა კვინიკაძეების დაკავების მიზნით. სიტყვიერი შელაპარაკებიდან დაახლოებით 40 წუთში ისინი ადმინისტრაციული წესით პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს და გადაიყვანეს ხარაგაულის პოლიციის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში.
კობა და გელა კვინიკაძეების ახსნა-განმარტებების თანახმად, ისინი ჩაიყვანეს შენობის ქვედა სართულზე, მოათავსეს განცალკევებით სივრცეებში და ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში, ხელბორკილდადებულ ორივე მათგანს პოლიციის თანამშრომლები - ბაკურ გუბელაძე და დავით მჭედლიძე რიგრიგობით სცემდნენ. დაზარალებულთა განმარტებით, ამის შემდეგ ისინი ზესტაფონში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ორივე მათგანის სხეულზე არსებული დაზიანებები დეტალურად აღიწერა იზოლატორის თანამშრომლების მიერ და დაკავებულებმა ასევე გარკვევით დააფიქსირეს, რომ ეს დაზიანებები დაკავების შემდეგ ხარაგაულის პოლიციის უფროსისა და მისი თანამშრომლის მიერ ხარაგაულის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მიადგათ. ადმინისტრაციული წესით დაკავებულები მეორე დღეს სასამართლომ პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და შეურაცხყოფისთვის ათასი ლარით დააჯარიმა. დაზარალებულები განმარტავენ, რომ მოსამართლე მათი დაზიანებების წარმომავლობის შესახებ არ დაინტერესებულა და კითხვა არ დაუსვამს.
გელა კვინიკაძემ ასევე განმარტა, რომ ზესტაფონში გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ, ის ხარაგაულის პოლიციაში ჩამორთმეული პირადი ნივთების წასაღებად მივიდა. პოლიციაში მისვლის შემდგომ, პოლიციის უფროსის მოთხოვნით, ის შეხვდა დავით მჭედლიძეს საკუთარ კაბინეტში, სადაც ასევე იმყოფებოდა მჭედლიძის მოადგილე. დავით მჭედლიძემ გელა კვინიკაძეს ამ შეხვედრისას მოუწოდა, რომ შეეწყვიტა ყველანაირი საქმიანობა ხარაგაულის რაიონის სოფელ ბაბში, წინააღმდეგ შემთხვევაში „შუბლის გახვრეტით“ დაემუქრა. გელა კვინიკაძის თქმით, ეს საუბარი დაახლოებით 10-15 წუთი გაგრძელდა და მისი მხრიდან პოლიციელის მიმართ რაიმე შეპასუხებას დამატებითი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ადგილი არ ჰქონია. კვინიკაძის განმარტებით, დავით მჭედლიძე მოქმედებდა მისი ბიძაშვილის - ნუგზარ მჭედლიძის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც გელა კვინიკაძესთან 2011 წლიდან სოფელ ბაბში მდებარე შენობა-ნაგებობის გამო დავა აქვს.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ადგილობრივები ხარაგაულის პოლიციას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ხარაგაულში მცხოვრები ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობის და მისი ძმის, არჩილ კვირიკაშვილის ცემის საქმეზე, სადაც ასევე იკვეთება პოლიციის სავარაუდო მონაწილეობა, ამ დრომდე გამოძიება დასრულებული არ არის.
მნიშვნელოვნია, პროკურატურამ უზრუნველყოს გამოძიების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური წარმოება, რათა დროულად მოხდეს ყველა აუცილებელი მტკიცებულების მოპოვება და დადგინდეს კვინიკაძეების ფიზიკური დაზიანებების წარმომავლობა, დავით მჭედლიძის პირადი დაინტერესება გელა კვინიკაძის საქმიანობის მიმართ, ინციდენტის დროს დავით მჭედლიძის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის შესაძლო ფაქტი, ისევე როგორც ინციდენტში მონაწილე ყველა პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი. გამოძიების მიმდინარეობაზე დაკვირვებისთვის, ასევე აუცილებელია პროკურატურამ უმოკლეს ვადებში მიანიჭოს გელა და კობა კვინიკაძეებს დაზარალებულის სტატუსი, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა დააკვირდნენ გამოძიების ხარისხს.
EMC მოგვიანებით ასევე წარმოადგენს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით დეტალურ სამართლებრივ შეფასებას.
ინსტრუქცია