[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / ანგარიში

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ - შესრულების მდგომარეობა

2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით. 2023 წლის 27 ნოემბერს საქართველოს ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიამ დაამტკიცა „ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში საქართველოსთვის განსაზღვრული ნაბიჯების განსახორციელებელი ღონისძიებების” გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 25 დეკემბერს გამოაქვეყნა.

დოკუმენტის შემუშავების და დამტკიცების პროცესში არ ყოფილან ჩართული სამოქალაქო ორგანიზაციები, მიუხედავად იმისა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ევროკომისიის მიერ ერთ-ერთ პრიორიტეტულ ნაბიჯად განისაზღვრა და მის მნიშვნელობაზე ევროკავშირის ოფიციალური პირების მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით 2024 წლის 9 იანვარს ათმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. 2024 წლის 14 მარტს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მიმართეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესასრულებლად სამთავრობო გეგმის შესაბამისად განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების, ისევე როგორც მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიშების მოწოდების თხოვნით. საანგარიშო პერიოდის დასრულებამდე საზოგადოებრივ
ორგანიზაციებს მიმართვაზე პასუხი არ მიუღიათ.

2024 წლის აპრილის დასაწყისში “ქართულმა ოცნებამ” მოახდინა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიციირება, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება, სულ მცირე, ევროკავშირის პირველ, მეორე, მესამე და მეცხრე ნაბიჯებს და აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან. იმის გამო, რომ ამ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საანგარიშო პერიოდს სცდება, შესაბამისი ანალიზი და შეფასებები შემდეგ ანგარიშში იქნება ასახული.

წინამდებარე დოკუმენტი მომზადებულია 12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ და აფასებს საქართველოს მიერ 9 ნაბიჯის შესრულების კუთხით არსებულ მდგომარეობას. ეს ორგანიზაციებია:

  • სამოქალაქო საზოგადოების ფონდი;
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
  • რონდელის ფონდი (GFSIS);
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  • სასამართლოს გუშაგი;
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC);
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC);
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  • საფარი

9 ნაბიჯის შესრულების მონიტორინგის ანგარიში იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

სტატუსმეტრი_1142024_1712822787.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“