[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / ფოტო

„32 წელია სხვის სახლში ვცხოვრობ“ — რატომ ჭიანურდება დევნილთა განსახლება?

დევნილების გამოსახლება გამომცემლობა “სამშობლოდან (დღევანდელი სასტუმრო “სტამბა”), 2010 წელი. ფოტო: ნოდარ ცხვირიშცილი, რადიო თავისუფლება.

აფხაზეთის ომიდან 32 წლის გასვლის მიუხედავად, ათასობით დევნილი ჯერ კიდევ ელის საცხოვრებელს სახელმწიფოსგან. მათი თქმით, განსახლების პროცესი უსამართლოდ მიმდინარეობს, არადევნილთა ნაწილ კი მიაჩნია, რომ დევნილთა ნაწილმა ორი ან სამი ბინა მიიღო. რა ხდება სინამდვილეში?

71 წლის ნატრული გოგუა ერთ-ერთი მათგანია, ვისაც 32 წლის შემდეგაც არ აქვს საკუთარი სახლი. ის სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექთნად მუშაობდა და სამხედრო მოქმედებების დაწყებისთანავე შეუდგა დაჭრილებისთვის დახმარების გაწევას. მაშინ ორ მცირეწლოვან შვილს ზრდიდა — ერთი, 13 წლის რუსიკო, უსაფრთხოების მიზნით, კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გაუშვა, მეორე კი — სამი წლის სოფიკო, თავისთან დაიტოვა.

„ბავშვს დედის ნახვა უნდოდა, სიცხე მისცა... არცერთი დღე არ დამიტოვებია სოხუმი, სანამ იქ გაჩერება შეუძლებელი არ გახდა. ბოლოს პატარა შვილით ხელში წამოვედი და ერთი ჩანთის წამოღებაც ვერ მოვასწარი“, – ყვება ქალი, რომელიც დევნილობის რეალობას უკვე მესამე ათწლეულია უპირისპირდება.

ნატრული გოგუა. ფოტო: ლანა კოკაია

ოჯახი სოხუმიდან ბათუმში უკრაინიდან გაგზავნილი გემით ჩამოვიდა. იქ დროებით ადგილობრივმა ოჯახმა შეიფარა. მოგვიანებით ბათუმი დატოვეს — ნატრული ჯერ მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში მუშაობდა მზარეულად, შემდეგ კი სტამბოლში გადავიდა, სადაც 13 წელი ავადმყოფს უვლიდა.

„ახალ რაიონში ვცხოვრობდით, ძერჟინსკის ქუჩაზე. უფროს გოგოს ბინა სოხუმში, ნოზაძის ქუჩაზე ცალკე ვუყიდე. აფხაზეთის სუნი დღემდე მახსოვს, ეგეთი სუნი საქართველოს არცერთ კუთხეში არ მიგრძვნია“, – ამბობს ის და დასძენს, რომ ომის შემდეგ წლები ქირით, დროებით თავშესაფრებში ან სხვის საკუთრებაში გაატარა, საიდანაც ხშირად ასახლებდნენ.

მას და მის ოჯახს ახლაც სხვის საკუთრებაში უწევს ცხოვრება. თბილისში, წერეთლის გამზირზე 58 კვადრატულ ოთახში 9 ადამიანი 20 წელია ცხოვრობს.

დევნილთა საცხოვრებელი წერეთლის გამზირზე. ფოტო: ლანა კოკაია

„თანაკურსელები ვერ მოჰყავთ ბავშვებს სახლში. ადრე მაგიდაზე მეწვინა ბავშვები... მერე ვწერეთ განცხადებები. ომის ვეტერანი ვარ და პირველ რიგში ომის ვეტერანებს აძლევენ ბინებსო. მერე სად არის?“ – ამბობს ნატრული და ომის ვეტერანის დამადასტურებელ საბუთს მაჩვენებს.

გოგუას ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსიც აქვს. ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია — ხერხემლის თიაქარი, ჩიყვი და შეძენილი დიაბეტი.

„ზოგს ორ-ორი ბინა აქვს და ჩვენთვის ერთმაც ვერ მოიცალა. მხედრიონმა სოხუმში ჩემს ქმარს სცემა, დღემდე ავადმყოფობს. მე თვითონ ავადმყოფი ავადმყოფს ვუვლი. კონდახი ჩაარტყეს და არცერთი კბილი აღარ აქვს. მერე ფსიქიატრიულში იწვა — შიზოფრენია დაემართა. ერთხელ მონიტორინგზე რომ მოვიდნენ და ხუთნი დავხვდით, გვითხრეს — ორი კი არა, სამი ოთახი გეკუთვნითო. იმ დღიდან ხუთი წელი გავიდა და არავის მოვუკითხივარ. სიმართლეს სად მივაღწიო? ამდენი ბრძოლით დავიღალე. ჩემს მშობლებს არ მიუღიათ საცხოვრებელი, ისე მოკვდნენ — ალბათ ჩემს სიკვდილსაც ელოდებიან“, – ამბობს ქალი.

ბევრ დევნილს აქვს განცდა და ეჭვი, რომ განსახლების სიაში მოხვედრა სანაცნობო წრის ყოლასთან ან კორუფციულ სქემებთანაა დაკავშირებული. გრძელვადიანი განსახლების პროცესში უფლებადარღვევებზე 2023 წელს სახალხო დამცველის აპარატს 60-მდე დევნილმა მიმართა. ომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია, რომ შესწავლილი 9 საქმის შემთხვევაში დადგინდა, რომ გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელი იყო და თანაც, მნიშვნელოვანი გარემოებების შეუსწავლელად მიღებული.

„დევნილების მთავარი პრეტენზია ის არის, რომ ბინები უსამართლოდ გაიცემა. მათ არ იციან, რა პრინციპით, ვის გადაეცემა ბინა და როდის მოვა მათი რიგი. არადევნილები ამბობენ, რომ 2-3 ბინა აქვთ და რა აღარ მორჩა მათი განსახლება. ამაზე კი სახელმწიფოს და მის კონკრეტულ უწყებებს პასუხი არასდროს აქვთ ხოლმე, რომ აუხსნან საზოგადოებას, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი“, – ამბობს სოციოლოგი ქეთი სართანია.

ქეთი სართანია

2024 წლის მონაცემებით, საქართველოში 299 172 იძულებით გადაადგილებული პირი და 96 130 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული. მათგან, 48 640 ოჯახი გრძელვადიანად არის განსახლებული, განსახლებაზე განაცხადი შევსებული აქვს 43 792 ოჯახს.

წყარო: საქართველოს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს არცერთი ნგრევადი ობიექტი არ დახურულა და ამასთანავე, არ განსახლებულა არცერთ ნგრევად ობიექტში მცხოვრები ოჯახი. 2023 წლის მსგავსად, 2024 წელსაც 29 ნგრევადი ობიექტია, სადაც ჯამში 491 ოჯახი ცხოვრობს. ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს ისიც, რომ 2024 წლის განმავლობაში ნგრევად ობიექტში ცხოვრების გამო, ქირა არ გადაუხადეს არცერთ დევნილ ოჯახს.

„32 წელია სხვის სახლში ვარ და ჩემი კუთხე არ გამაჩნია. დღესაც ჩანთებში მილაგია ტანსაცმელი – საერთოდ დამავიწყდა როგორია დალაგებული ტანსაცმელი და ნორმალური ცხოვრება. ამასობაში სიბერემ მომიწია. პირველი განცხადება 2013 წელს დავწერე. ვისაც პატრონი ჰყავს, ოთხ-ოთხი და ხუთ-ხუთი ბინები აქვთ, ვისაც არა – არაფერი. განცხადების დაწერისას დედა და ძმა ცოცხლები იყვნენ. ახლა მხოლოდ მე და ჩემი ბიჭი ვჩანვართ განცხადებაში. არავინ არაფერს გიხსნის, არავინ არაფერს გეუბნება. ამდენი კივილ-წივილი კიდევ არ შემიძლია, თრომბოზი მაქვს. შვილი რომ დამრჩა უსახლკაროდ, ის მაწუხებს. და მეც მინდა, ერთი ნორმალური ოთახი სიბერეში მაინც გამაჩნდეს“, – ამბობს მაია დარსანია.

65 წლის მაია ზუგდიდში ნაქირავებ ბინაში მესამე წელია ცხოვრობს. ის თვეში 400 ლარს იხდის ქირაში. დევნილობის პირველ წლებში თბილისში ცხოვრობდა, თუმცა ქირის გადახდას ვერ გასწვდა. მაია საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, გალში ბრიტანულ საქველმოქმედო ორგანიზაცია The HALO Trust-ში გამნაღმველ ექთნად 7 წელი მუშაობდა. 30-მდე ნაღმი მაქვს აღებული გალის რაიონში ჩემი ხელითო. თუმცა იმ წლებში, როცა სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობდა, გალშიც სხვის სახლში უწევდა ცხოვრება, რადგან საკუთარი სახლი ომის დროს დაუწვეს.

როდიდან და როგორ დაიწყო განსახლების პროცესი?

როდესაც 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულმა ადამიანებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დაიწყეს თავის შეფარება, თავიანთ მდგომარეობას მხოლოდ დროებით დევნილობად აღიქვამდნენ. მათ დიდ ნაწილს არ სჯეროდა, რომ სხვაგან ცხოვრება წლობით გაგრძელდებოდა. ამიტომ, შევიდნენ საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში, ქარხნებში, სანატორიუმებში, სასტუმროებში, საავადმყოფოებსა და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში, ნაწილი კი ნათესავებთან გადავიდა. უმეტესობა იმედით ელოდა დაბრუნების დღეს — ამ მოლოდინის შექმნას ხელს უწყობდა სახელმწიფოც, რომელიც მათ ხშირად უმეორებდა: „დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად დაგაბრუნებთო.

1993 წელი. აფხაზეთიდან დევნილები ენგურის ხიდით გადმოდიან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე. ფოტო: Mike Goldwater

2004 წელს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ ე.წ. „დიდი პრივატიზაციის“ გეგმა შეიმუშავა. შედგა იმ ობიექტების სია, რომელთა გაყიდვაც იგეგმებოდა უცხოელ ინვესტორებზე. სიაში მოხვდა დევნილებით დასახლებული არაერთი შენობა — მათ შორის, სასტუმრო „ივერია“ (დღევანდელი „Radisson Blu Iveria“), სასტუმრო „აჭარა“ (ამჟამად „Holiday Inn“), გამომცემლობა „სამშობლო“ (ახლანდელი სასტუმრო „სტამბა“), ასევე სასტუმრო „აფხაზეთი“ და სასტუმრო „მედეა“ ბათუმში.

დევნილების გამოსახლება გამომცემლობა სამშობლოდან. ფოტო: ნოდარ ცხვირაშვილი/რადიო თავისუფლება

ინვესტორების მიერ შეთავაზებული კომპენსაცია, 7 000 დოლარი, ახალი ბინის შესაძენად საკმარისი არ აღმოჩნდა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ დევნილებს ხშირად სავალალო საცხოვრებელ პირობებში უწევდათ ცხოვრება, მათი ნაწილი გამოსახლებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. საბოლოოდ, სახელმწიფო ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით ჩაერთო პროცესში და დევნილები იძულებით გაასახლა.

გამოსახლება გამომცემლობა სამშობლოდან. ფოტო: ნოდარ ცხვირაშვილი/რადიო თავისუფლება

მათ, ვინც სასტუმროებიდან გასვლაზე უარი თქვა, თბილისის მერიამ კომუნალური მომსახურება — წყალი და ელექტროენერგია — შეუწყვიტა. ზოგ შემთხვევაში კი, დევნილების გამოსასახლებლად პოლიციასა და სპეცრაზმსაც მიმართავდნენ.

დევნილთა სამშობლოდან გამოსახლება. ფოტო: ნოდარ ცხვირაშვილი/რადიო თავისუფლება

„როცა დიდი რაოდენობით დევნილებს გადასცეს თანხა და მოთხოვნა გაჩნდა ბაზარზე, ბინების ფასმა აიწია და დევნილთა უმრავლესობამ ვერ მოახერხა ალტერნატიული საცხოვრებლის შეძენა. დღემდე ვიცით ოჯახები, რომლებმაც აიღეს 7 000 დოლარი, მაგრამ საკუთრება დღემდე არ აქვთ და სახელმწიფოსგან ოფიციალურად დაკმაყოფილებულად ითვლებიან. 2007 წელს საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით სახელმწიფომ დაიწყო განსახლების პოლიტიკაზე მუშაობა. თუმცა განსახლება მიმდინარეობდა ქაოსურად, დევნილების აზრის გაუთვალისწინებლად და ხშირ შემთხვევაში ეს დევნილებისთვის მეორე დევნილობას უტოლდებოდა“, – ამბობს „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ელიკო ბენდელიანი.

ელიკო ბენდელიანი. ფოტო: ლანა კოკაია

დევნილთა მასობრივი გამოსახლებები სახელმწიფოს კუთვნილი შენობებიდან 2010 წლამდე გაგრძელდა. გამოსახლების არაჰუმანურ მეთოდებზე საუბრობდნენ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის Amnesty International და გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი (UNHCR). Amnesty International აღნიშნავდა, რომ დევნილი ოჯახების გამოსახლების პროცესი ვერ აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს.

როგორია განსახლების პროცესი დღეს?

2013 წლიდან დევნილთა განსახლება ქულების სისტემით ხორციელდება — იძულებით გადაადგილებულ პირებს ქულები სპეციალური კრიტერიუმების მიხედვით ენიჭებათ. დევნილთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები საუბრობენ პროგრესზე, თუმცა კვლავაც მიუთითებენ ხარვეზებსა და სისტემის გაუმჭვირვალობაზე.

კორპუსის დერეფანი დევნილთა ერთ-ერთ საცხოვრებელში. ფოტო: ლანა კოკაია

„მე ვეძახი არაღირსეული განსახლების პროცესს. მხოლოდ კრიტერიუმებზე დაყრდნობა ადამიანებს მოუწოდებს იყვნენ უფრო მოწყვლადები. ამდენი წელი ელოდებიან, რომ მათი ჯერი დადგება და იციან, რომ თუ საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდებათ, ისევ ვერ მიიღებენ საკუთრებას. გამოდის, რომ დევნილებს სტიმულს ვაძლევთ, დარჩნენ მოწყვლადები, გაჭირვებულები, სოციალურად დაუცველები — მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნებათ შანსი, მიიღონ საცხოვრისი. პროცესი არის ის, რომ დევნილმა უნდა მოიფიქროს გარკვეული გზა, როგორ მიიღოს ეს თანხა: დაიმძიმოს საკუთარი საცხოვრებელი პირობები, აჩვენოს სახელმწიფოს, რომ იმაზე მოწყვლადია, ვიდრე რეალურად არის. ეს არ გვიქმნის განცდას, რომ განსახლება ღირსეულად ხდება, ეს პროცესი არის დამამცირებელი“, – ამბობს ელიკო ბენდელიანი.

მთავარ პრობლემად სახელდება განსახლების დაბალი ტემპიც. ახლანდელი ტემპით დევნილთა განსახლების დასრულებას მინიმუმ 20-30 წელი დასჭირდება, — ვარაუდობენ დევნილთა საკითხებზე მომუშავე მკვლევრები. საქართველოში დევნილის სტატუსი მშობლებიდან შვილზე მემკვიდრეობით გადადის, რის გამოც საქართველოში დევნილთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. თუმცა 2022 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც ახალდაბადებული დევნილების წინაშე ვალდებულება მოიხსნა — შესაბამისად, 2023 წლის შემდეგ დაბადებული დევნილები განსახლების პროცესში აღარ მონაწილეობენ.

„თუკი იარსებებდა გადაწყვეტილების მიმღები პირი, ვისაც ენდომებოდა დევნილთა განსახლების მოგვარება, ეს პრობლემა უახლოეს 5 და მაქსიმუმ 10 წელიწადში გადაიჭრებოდა. სამწუხაროდ, ეს საკითხი იქცა პოლიტიკურ თემადაც. თუ ვიმსჯელებთ იმგვარად, რომ საარჩევნო ხმა ან პოლიტიკური ლოიალობა დამოკიდებულია განსახლების პროგრამაზე ან სოციალურ დახმარებაზე, მაშინ მმართველი პარტიისთვის, შესაძლოა, სარგებლიანი იყოს, ჰყავდეს ასეთი ჯგუფი რაც შეიძლება დიდი ხანი“, – ამბობს ქეთი სართანია.

დევნილი ოჯახების განსახლება სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ეს მოიცავს საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას, ახალაშენებულ კორპუსებში ბინების შესყიდვას, სოფელში სახლის შესაძენად თანხის გადაცემას და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართების დაკანონებას.

ჯანდაცის მინისტრის მოადგილის, გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავში, თბილისსა და ბორჯომში დევნილთათვის განკუთვნილი ბინების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. დევნილთა სააგენტოს თანახმად, 2023-2025 წლებში ახალი საცხოვრებელი 13 000 დევნილ ოჯახს გადაეცემა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 900 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„2024 წლის ბოლოს მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმე პირობებში არცერთი დევნილი არ იცხოვრებს და გადაუდებელი საჭიროების მქონე იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ“, - თქვა 2021 წელს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა.

2025 წლის 27 იანვარს კი, ოჩამჩირიდან დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა დევნილთა სააგენტოს მოქალაქეთა მისაღებთან პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა. 44 წლის დევნილმა სხეულის 65%-იანი დამწვრობით მხოლოდ ხუთ დღეს იცოცხლა და პირველ თებერვალს კლინიკაში გარდაიცვალა.

ასეთი უკიდურესი ნაბიჯი 2022 წლის იანვარშიც ტრაგედიით დასრულდა, აფხაზეთიდან დევნილი ზურაბ ქირია თბილისის ზღვის მიმდებარედ დევნილთა საცხოვრებლის სახურავიდან გადმოხტა და დაიღუპა.

საცხოვრებელი ფართის მოთხოვნითა და ბინების უსამართლო განაწილების წინააღმდეგ, 2023 წლის ნოემბერში ზუგდიდში დევნილთა ჯგუფმა შიმშილობა დაიწყო, მოგვიანებით კი მათმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

დევნილებს ბრძოლა უწევთ არა მხოლოდ საკუთრებისთვის, არამედ ადამიანური ღირსებისა და მინიმალური უსაფრთხოებისთვისაც. მათთვის, ვინც ჯერ კიდევ საცხოვრებლის მოლოდინშია, ცხოვრება წლობით მიმდინარე ბრძოლად რჩება — ბრძოლად სახლისთვის, რომელიც ჯერ კიდევ არ აქვთ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“