[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / განცხადება

21 მაისი - მუჰაჯირობა

ფოტო: აფხაზეთი. წყარო: ekhokavkaza
21 მაისს მთელ მსოფლიოში მცხოვრები აფხაზები, ჩერქეზები, უბიხები და სხვა კავკასიელი ხალხები მასობრივი დეპორტაციისა და იძულებითი გადასახლების -„მუჰაჯირობის“ (ის არაბული სიტყვაა და გადასახლებულს ნიშნავს) დაწყების ტრაგიკულ თარიღს იხსენებენ. ეს თარიღი კავკასიის რეგიონში რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკის უმძიმეს შედეგს და ჭრილობას გვაჩვენებს.
მუჰაჯირობის პერიოდში რუსეთის იმპერიამ საკუთარი სახლებიდან აყარა და გადაასახლა უამრავი ოჯახი კავკასიის რეგიონიდან, მათ შორის აფხაზეთიდან. მათი ნაწილი გემებით გადასახლების დროს ზღვაში დაიღუპა, ამიტომაც წლებია სხვადასხვა ქვეყანაში გაბნეული აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლები თავს იყრიან ზღვებთან, მდინარეებთან, ტბებთან და წინაპართა ხსოვნისთვის წყალში ყვავილებს ყრიან.
აფხაზების მასობრივი გადასალხების პირველი ტალღთა 1867 წელს უკავშირდება და ის რუსეთის მიერ დასავლეთ კავკასიის დაპყრობას, კავკასიის ომის დამთავრებას და აფხაზეთის სამთავროს გაუქმებას უკავშირდება. აქ რუსული მმართველობის შემოღებას საგლეხო რეფორმის გატარება ახლდა თან, რასაც 1966 წელს ლიხნის აჯანყება მოჰყვა. მაშინ სამშობლო დაახლოებით 20 ათასმა აფხაზმა დატოვა. მასობრივი გადასახლება იმპერიის მიერ წინასწარ ორგანიზებული პროცესი იყო. არსებობდა წინასწარ შედგენილი სიები, სოფლების მიხედვით. ისტორიული წყარო აჩვენებს, რომ ბევრ გადასახლებულ აფხაზს თან მიჰქონდა თითო მუჭა მშობლიური მიწა, საფლავში ჩასაყოლებლად, მოხუცები კი ადგილზე სიკვდილს ამჯობინებდნენ.
1877-1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის მსვლელობის დროს მოხდა აფხაზთა მეორე მასობრივი იძულებითი გადასახლება ოსმალეთში, რომელიც უფრო ნაკლებად ორგანიზებული პროცესი იყო, თუმცა იმ დროს გადასახლებული აფხაზების რაოდენობამ 30 000 ადამიანს მიაღწია.
გადასახლების პროცესი რუსეთ-ოსმალეთის ომის დასრულების შემდეგაც არ შეჩერდა. 1878 წლის 19 თებერვლის საზავო ხელშეკრულება რუსეთის იმპერიას მის მიერ ახლად შეერთებულ რაიონებში მცხოვრებ მუსლიმ მოსახლეობას უფლებას აძლევდა, ხელშეკრულების რატიფიკაციიდან 3 წლის განმავლობაში გაეყიდა თავისი ქონება და ოსმალეთში გადასახლებულიყო. ოსმალეთის ქრისტიან მოსახლეობას კი რუსეთში გადასახლების ნება ეძლეოდა. ამ პერიოდში გადასახლების და რეპატრიაციის კიდევ ერთი ტალღა მოხდა აფხაზეთში. საინტერესოა, რომ ამ პერიოდში 1880 წელს აფხაზები რუსეთის იმპერიამ „დამნაშავე მოსახლეობად“ შერაცხა, რაც მათ უკრძალავდა დასახლებას სოხუმის მიდამოებში, მაღალმთიან ზონასა და ზღვის სანაპიროებთან. საინტერესოა, რომ ამავე წლებში ათასობით ქართველი მუსლიმი უსაფრთხოების მძიმე გამოწვევების გამო ქედიდან, ხულოდან, შუახევიდან, ქობულეთიდან, ბათუმიდანაც აიყარა და იძულებული გახდა ოსმალეთის იმპერიაში გადასულიყო.
მუჰაჯირების საერთო სტატისტიკის ზუსტი მონაცემები არ არის ცნობილი. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მოიაზრებენ 50,000 იძულებით გადასახლებულ აფხაზს. თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ პერიოდის აფხაზეთის საერთო მოსახლეობა დაახლოებით 79,190 ადამიანს შეადგენდა, მარტივი წარმოსადგენი ხდება მუჰაჯირობის მასშტაბი და მისი მძიმე სოციალური და დემოგრაფიული კვალი.
მუჰაჯირობის მიზეზი იყო რუსეთის იმპერიის ინტერესები კავკასიაში და ჩვენს რეგიონში მისი ექსპანსიური და კოლონიზატორული პოლიტიკა. იმპერიის უსაფრთხოებისთვის კავკასიაში მცხოვრები მებრძოლი და დაუმორჩილებელი ხალხი პრობლემა იყო და ამ გზით მან რეგიონში საკუთარი გავლენების გაზრდას შეუწყო ხელი. გადასახლებული ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით საზღვრისპირა რეგიონებიდან, რუსეთის იმპერიამ ჩაანაცვლა თავის მიმართ უფრო ლოიალურად განწყობილი ხალხებით და მიწისა და ადგილობრივი რესურსების ათვისება დაიწყო.
ცხადია, რომ მუჰაჯირობით დაინტერესებული იყო ოსმალეთიც, რადგან ამ გზით ის გაზრდიდა მუსლიმი მოსახლეობის რაოდენობას ბალკანეთსა და მცირე აზიაში და ამით იმპერიის განაპირა მიწებზე დემოგრაფიულ თუ გეოპოლიტიკურ ვითარებას გაიუმჯობესებდა.
აფხაზთა მუჰაჯირობა იყო რუსეთის იმპერიის მიერ მკვიდრი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული, რამაც აფხაზი ხალხი ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა. ეს მტკივნეული ისტორიული მოვლენები აფხაზებისა და სხვა კავკასიის ხალხების კოლექტიურ მეხსიერებაში ამ დრომდეა შემონახული და გამოხატული ფოლკლორში, კულტურაში და ენაში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“