საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მიმდინარე წლის დასაწყისში, „2023-2030 წლების ნარკოპოლიტიკის ეროვნული სტრატეგიის“[1] დამტკიცებამდე, ქვეყანაში მოქმედებდა 2013 წელს მიღებული „ნარკომანიასთან წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია,“ რომელიც ნარკოპოლიტიკის მიმართულებით პირველ პოლიტიკის დოკუმენტს წარმოადგენდა.[2] სტრატეგია კონკრეტულ სფეროში მთავრობის პოლიტიკას განსაზღვრავს და მისი აღსრულება, როგორც წესი, სამოქმედო გეგმის მეშვეობით ხდება, რომელიც ოპერატიული სახის პოლიტიკის დოკუმენტია და სტრატეგიაში წარმოდგენილი მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად კონკრეტულ ღონისძიებებს გაწერს.[3] 2013 წლის ნარკოპოლიტიკის ეროვნული სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, ქვეყანში მოქმედებდა 2014-2015,[4] 2016-2018[5] და 2019-2020[6] წლების „ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმები“, რომელთა შესრულების ჯეროვანი მონიტორინგი არ განხორციელებულა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათშორისმა საბჭომ 2021 წლის დასაწყისში დაამტკიცა 2021-2022 წლების ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმა.[7] მითითებული პოლიტიკის დოკუმენტი მიემართება 2013 წლის „ნარკომანიასთან წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიით“ განსაზღვრულ ამოცანებს, თუმცა საგულისხმოა, რომ სამოქმედო გეგმა სტრატეგიის მიღებიდან ხანგრძლივი დროის გასვლის შემდგომ, შეცვლილ კონტექსტსა და არსებითად განსხვავებულ რეალობაში შემუშავდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასურველი იქნებოდა, რომ 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა შეიცავდეს სიტუაციის განახლებულ ანალიზს, რითაც უფრო მკაფიო გახდებოდა, თუ რომელი კონკრეტული მოცემულობებისა და გამოწვევების მხედველობაში მიღებით შემუშავდა წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა და რამდენად მიესადაგება ამოცანები და აქტივობები ქვეყანაში ნარკო და ადიქციის პოლიტიკის კუთხით არსებულ მთავარ საჭიროებებს.
2021-2022 წლების ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმა ცხრა თემატური ბლოკისგან/მიმართულებისგან შედგება. ეს მიმართულებებია:
თემატური ბლოკები ჯამურად 25 ამოცანას (Objective) და ამ ამოცანების შესრულებისკენ მიმართულ შედარებით ვიწრო შინაარსის 82 ღონისძიებას (Activity) აერთიანებს. ამასთან, სამოქმედო გეგმა, მეტწილად შეიცავს იმ რეკვიზიტებს, რომელსაც ოპერაციული დაგეგმვის დოკუმენტი უნდა ითვალისწინებდეს. ეს რეკვიზიტებია: შეფასების ინდიკატორები, საბაზისო და სამიზნე მონაცემები, განხორციელების ვადები, პასუხისმგებელი და პარტნიორი ორგანიზაციები და დაფინანსების წყარო.[8]
შესწავლის პროცესში გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რაც გაუმჯობესებას საჭიროებს და სამოქმედო გეგმის სრულყოფილი იმპლემენტაციისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. გამოვლენილი ხარვეზები, პირველ რიგში, შესაძლოა თავად სამოქმედო გეგმის განმახორციელებელი, ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორის საბჭოში შემავალი სახელმწიფო უწყებებისთვის იქცეს გამოწვევად. კერძოდ, სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული არ არის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა: ამოცანისთვის ან ღონისძიებისთვის საჭირო ბიუჯეტის უშუალო წარმომავლობა და მოცულობა. აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმის თითოეულ აქტივობას სავალდებულოდ უნდა ერთვოდეს კონკრეტული ბიუჯეტი ეროვნულ ვალუტაში, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტით აქტივობის დაფინანსების შემთხვევაში, წარმოსადგენია იმ პროგრამის კოდი, რომლის ფარგლებშიც ფინანსდება აღნიშნული აქტივობა.[9] ამ ინფორმაციას მოცემულ სამოქმედო გეგმაში ვერ ვხვდებით. სამოქმედო გეგმის აქტივობებში, ყოველ ჯერზე მითითებულია მხოლოდ დაფინანსების წყარო, სადაც სიტყვიერად აღნიშნულია ან სახელმწიფო ბიუჯეტი ან დონორული დაფინანსება - კონკრეტული პროგრამის კოდის ან დონორული სახსრებით დაფინანსებული პროექტის სახელწოდების/ნომრის მითითების გარეშე.
მეორე გამოწვევა, რომელიც დოკუმენტის ძირითადი რეკვიზიტების შესწავლის პროცესში გამოიკვეთა, აქტივობის შესასრულებლად დაწესებული ვადებია. 82 ღონისძიებიდან, მხოლოდ 8 ღონისძიებას აქვს დადგენილი შესრულების 1 წლიანი ვადა, დანარჩენი ღონისძიების შესრულების ვადად კი სამოქმედო გეგმის მოქმედების 2 წლიანი ვადა, შესაბამისად, 2021-2022 წლებია მითითებული. დადგენილი სტანდარტების თანახმად, აქტივობის ვადაში უნდა მიეთითოს მისი შესრულების საბოლოო ვადა, მინიმუმ საანგარიშო წლის კვარტლის სიზუსტით.[10] აღნიშნული მნიშვნელოვანია სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ეტაპზე, აქტივობის განხორციელების დონის გამოთვლისთვის.
გამოკვეთილ ზოგად ხარვეზებს შორისაა ინდიკატორთა არასაკმარისი მკაფიოობაც. დამკვიდრებული სტანდარტების მიხედვით, აუცილებელია რომ აქტივობებს (Activity) და ამოცანებს (Objective) ჰქონდეთ ინდივიდუალური ინდიკატორები,[11] თუმცა მოცემული სამოქმედო გეგმა მხოლოედ ერთ, „გეგმის განხორციელების შეფასების ინდიკატორს“ მოიცავს. აღნიშნული ართულებს აქტივობის შესრულების ან ამოცანით დასახული მიზნების შესრულების ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ანალიზს.
ამ ანგარიშის მიზანია 2021-2022 წლების ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ამოცანებისა და აქტივობების შესრულების რაოდენობრივ მახასიათებლებზე და მის ფოკუსს არ წარმოადგენს თავად სამოქმედო გეგმის შინაარსობრივი შეფასება, მისი მასშტაბურობის თუ საკმარისობის საკითხის განხილვა.
[1]„ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია”, 2023. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/CwQ3Y0mc.
[2]„ნარკომანიასთან წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია“, 2013. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/zwQ3UkW8.
[3] პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელო, 2020. გვ. 10.
[4]„ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა”. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/CwQ3IEfG.
[5]„ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმა”. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/IwQ3OqPc.
[6]„ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა“. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/QwQ3Obmr.
[7]2021-2022 წლების ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმა, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/1wQ3O3tV.
[8] ამ ელემენტებიდან ანგარიშის დანართებში მხოლოდ განსახორციელებელი ღონისძიებები, შეფასების ინდიკატორები, საბაზისო, სამიზნე მონაცემები და პასუხისმგებელი უწყებები იქნება ასახული (შეფასების სტატუსის მითითებით), ვინაიდან გეგმის შესრულების შეფასების მიზნებისთვის ეს ასპექტებია ყველაზე რელევანტური.
[9] პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელოს დანართები, 2020.
დანართი 4. გვ. 26-28; დანართი 9, გვ. 53-54.
[10] იქვე, გვ. 28; პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელო, 2020. გვ. 31.
[11] პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელოს დანართები, 2020.
დანართი 2, გვ. 11.
ინსტრუქცია