საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ნახატის ავტორი: გიიომ ტიო
ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე ლგბტქი თემის მიმართ არსებულ ძალადობისა და დისკრიმინაციის გახილვადებასა და მისი დაგმობის სიმბოლურ აქტს ემსახურება. ჰომოფობიის შედეგები მძლავრ დარტყმას წარმოადგენს, არამხოლოდ ქვიარ ადამიანთა კულტურულ თვითრეპრეზენტაციის შეზღუდვასა და ავტონომიური ცხოვრების შექმნის პირობებზე, არამედ სოციო-ეკონომიკურ განმაპირობებლებსა და ფაქტორებზე, რომლებიც ადამიანთა საბაზისო კეთილდღეობის გარანტი და ღირსეული ცხოვრების საფუძველია.
საერთაშირისო ინსტიტუციები ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მოუწოდებენ საქართველოს, რომ უზრუნველეყო ლგბტქი ჯგუფის საჯარო სივრცეში რეპრეზენტაციასთან ერთად, სხვა, მეტწილად სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით ჯგუფის აღჭურვა, და ასევე, მათი შეკრებისა და გამოხატვის უფლების ხელშეშლისგან, ძალადობისგან და ჰომოფობიური დისკრიმინაცისგან დაცვის ხელშეწყობა[1] ადამიანის უფლებათა საერთაშორისო თუ ეროვნული ვალდებულებების შუქზე. საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით საქართველომ არაერთი საკანონმდებლო ზომა მიიღო ლგბტქი ადამიანთა უფლებების აღიარებისა და სამოქმედო გეგმებში მათი მინიმალური ინტერესების ასახვის კუთხით[2], თუმცა აღნიშნული ცვლილებათა და აღიარებათა თარგმნა პოლიტიკის ენაზე ჯერაც არ მომხდარა, როგორც ინსტიტუციური ჰომოფობიის, ისე სახელმწიფოს ზოგადი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკების ანტისოციალური ბუნების გამო.
უთანასწორო სისტემაში ფორმალური თანასწორობის მიდგომა საფუძველშივე მოკლებულია შესაძლებლობას აღმოფხვრას ჩაგვრის ბაზისები და ცალკეულ ჯგუფთა ყოფა კეთილდღეობის სისტემას დაუქვემდებაროს. საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ წესრიგში არსებული სერიოზული ჩავარდნების მოწესრიგება შეუძლებელია მხოლოდ თანასწორობის ცარიელ იდეას დაეფუძნოს. ამგვარ წესრიგში, ადამიანის უფლებები წუხილების დროებით შემსუბუქებას ემსახურება, რა დროსაც, ადამიანის უფლებათა სრულყოფილი სარგებლობა საგამონაკლისო პრივილეგიაა (Brown, 2008), უფლებამფლობელი სუბიექტი უნდა ფლობდეს შესაბამის სოციო-ეკონომიკურ პირობებს მისით ეფექტურად სარგებლობისთვის, სხვაგვარად ის მხოლოდ ფორმალური ინკლუზია და „ჩაგვრასთან დადებული დროებითი ზავია“ (Lorde, 1984).
დღეს არსებულმა პანდემიის კრიზისმა, ადამიანის უფლებათა ზემოაღნიშნული დომინანტური დღის წესრიგის ხარვეზულობა თვალნათლივ წარმოაჩინა, განსაკუთრებული რისკის ქვეშ დააყენა რა ის ჯგუფები, რომელთა სოციალური პირობები ვერ აღმოჩნდა საკმარისი პანდემიის უმძიმეს პირობებს გამკლავებოდა და რომლებამდეც სახელმწიფოს მხრიდან არსებითად ხარვეზული ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული უმცირესი დახმარებაც ვერ მივიდა. ამ კრიზისმა აჩვენა ადამიანთა რეალური წუხილები და საჭიროებები, რომელიც ლიბერალურ უფლებათა ენითა და ერთჯერადი სამოქმედო აქტივობებით იყო გადაფარული, რომელიც ემსახურებოდა სხვათა, თუმცა არა მოწყვლადი ჯგუფების, და მათ შორის, ლგბტქი ადამიანთა ინტერესებს.
თუმცა, პანდემიამდეც, უფლებათა ილუზორულობის შესახებ 17-მა მაისმა არაერთი მინიშნება მოგვცა, იმაზეც, რომ 2012 და შემდგომ, უფრო მძლავრად 2013 წლიდანვე გარდაიქმნა ურთიერთმონაცვლე „სხვათა“ დღედ, პოლიციელთა მხრიდან ძალადობის დღედ, დომინანტური რელიგიური ჯგუფებისა და ძალადობრივი კლერიკალების დღედ, ოჯახების დღედ ოჯახის ზოგიერთ წევრთა გარეშე, სიჩუმისა და ჩამორთმეული სივრცის დღედ, პოლიტიკოსთა თამაშების დღედ, ბარიკადებისა და ილუზორული შეკრების დღედ, „მხარდამჭერი გმირების“ დღედ და ბოლოს, მარცხის დღედ.
17-მა მაისმა წლების განმავლობაში განვითარებული მოვლენების ერთობით შექმნა კოლექტიური მეხსიერება ძალადობის, დისკრიმინაციის და უთანასწორო ძალაუფლების დღისა, რომლის ავტორთა ერთი ნაწილი მუდმივად დარბევითა და დარბევის მცდელობით ახშობდა, მეორე კი ანაცვლებდა თემის ხმას. ამიტომ, თუ რამე არის 17 მაისი, ის ჩამორთმეული, დეპოლიტიზებული და ხმაწართმეული ჯგუფის ხმის დახშობის დღეა. თუმცა, 17 მაისმა, როგორც ერთდროულად პოლიტიზებულმა და დეპოლიტიზებულმა თარიღმა, საბოლოოდ შეძლო ზემოაღნიშნული მეხსიერების შექმნით ეჩვენებინა და ხელი შეეწყო, როგორც პროგრესის სახელით იერარქიულად მომდინარე ხელოვნური დღის წესრიგების, ჯგუფთა წინაშე მდგარი გამოწვევების, ასევე, იმ პოლიტიკური თამაშების რეპრეზენტირება, რომელშიც სახელმწიფო ქვიარ თემის მუდმივ ინსტრუმენტალიზებას საკუთარი სხვადასხვა ინტერესის მოსარგებად ახდენდა.
ამიტომ, 17 მაისი, როგორც ადამიანის უფლებათა მოთხოვნების ხილვადობასა და შეკრებაზე ორიენტირებული სტრატეგიების ერთობლიობის გამოხატულება - უკუსაგდები სტრატეგიაა, რადგანაც მან შექმნა მცდარი წარმოდგენები ქვიარ თემის კულტურულ აღიარებასა და მიღწევებზე, რომელთაც ვერ შეცვალეს ადამიანთა მატერიალური გარანტიები და საბაზისო კეთილდღეობა. ახლა ის დროა, მის მიერ დატოვებული მეხსიერების გადააზრება დავიწყოთ. ამ დღის წესრიგის სიმცდარის აღიარება კი, გადააზრებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
ჩვენ თუ რამე გვასწავლა პანდემიამ, ეს ნორმალურისადმი დაბრუნებაზე რადიკალური უარია. 17 მაისი ნორმალიზებულია, მისი მისაკუთრების, დეპოლიტიზებისა და გარე აქტორებით დღის წესრიგის განსაზღვრის გზით, რომელიც ჩვენი ბრძოლის ორიენტირებს მცდარი საბრძოლო ველებისკენ მიმართავდა და უწინდელ „ნორმალურ“ წესრიგში გვტოვებდა. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ დისციპლინირებულ დღის წესრიგებზე, და წარმოვიდგინოთ მომავალი 17 მაისის, როგორც მისი სიმბოლოს გარეშე, რომელიც კი არ ჩანაცვლდება ფორმით განსხვავებული და შინაარსით მსგავსი სიმბოლოებით, არამედ მისი საფუძვლების ფუნდამენტურ შერყევაზე იქნება ორიენტირებული. ამიტომ, ჩვენ მოსაძიებელი გვაქვს ის გზები, თუ როგორ უნდა მივცეთ „ახალი ფორმა სურვილს, სხვა ორიენტირისკენ მივმართოთ იმედი, ხელახლა წარმოვიდგინოთ შესაძლებელი და ეს ყველაფერი გავაკეთოთ იმ ფანტაზიების გარეშე, რომლებიც [მხოლოდ] უფლებებსა და რესპექტაბელურობაშია ჩაბუდებული“ (Halberstam, 2013).
[1] სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის (სოგის) ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის თაობაზე გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის 2019 წელს გამოქვეყნებული ანგარიში საქართველოს შესახებ, ანგარიში ხელმისაწვდომია: https://undocs.org/en/A/HRC/41/45/ADD.1?fbclid=IwAR
1uGxuJ6lMh0KqfYO9D1vUNMQv4SWO0LSiwgZcH7UQCeSdylM71tmToyZo
[2] დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი - ცვლილება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულების შესახებ; ცვლილებები საქართველოს გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში; ადმიანის უფლებათა სამოქმედო გეგმებში სოგი-ს საკითხების გათვალისწინება.
ინსტრუქცია