საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
21დეკ
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)“ სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები წარადგინეს. ჩრდილოვანი ანგარიში მიმოიხილავს სასამართლო სისტემაში არსებულ ძირითად გამოწვევებს, სასამართლოს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების და აღსრულების პროცედურულ მხარეებს, ხარისხობრივად აფასებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულებას და მოიცავს რეკომენდაციებს სასამართლოში შემდგომი რეფორმების თაობაზე.
სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის აქტივობების შესრულების შეფასების მიზნით, გაანალიზდა პასუხისმგებელი უწყებების ერთწლიანი საქმიანობა და გეგმით გათვალისწინებული 100-მდე აქტივობის შესრულების საკითხი. საერთო ჯამში, მონიტორინგის პერიოდში შესწავლილი აქტივობების 53% შეუსრულებელია, 20% - ნაწილობრივ შესრულებული, ხოლო 26% - შესრულებული.
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ EMC-ის და IDFI-ს და ასევე საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები:
„სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება სასამართლო რეფორმების მიმდინარეობის პროცესის საკვანძო მოვლენას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა და მათი მოსაზრებების მოსმენა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების შესახებ“ - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ასუნსიონ სანჩეს რუისმა.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ორწლიანი პროექტის მიზანია, მართლმსაჯულების სისტემის რეალური რეფორმირების ხელშეწყობა მონიტორინგის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების, ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერებისა და მათთან დიალოგის ხელშეწყობის გზით. პროექტი ასევე მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობის გაზრდას მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებში, მათი ცნობიერების ამაღლების და მობილიზაციის გზით.
ინსტრუქცია