საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ზვიად რატიანისთვის სასჯელის მოხდისას საშიშროების რისკის ცვლილებას და მიგვაჩნია, რომ პენიტენციური სამსახურის აღნიშნული გადაწყვეტილება არსებითად დაუსაბუთებელია და არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
დღეს, 24 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პოეტ ზვიად რატიანს, რომელსაც პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო 2-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ციხის ადმინისტრაციამ სასჯელის მოხდა მკაცრი რეჟიმის პირობებში განუსაზღვრა. ზვიად რატიანი აქამდე სასჯელს ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდიდა. საშიშროების რისკის ცვლილების გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების გუნდის 2026 წლის 6 აპრილის საიდუმლო სხდომის ოქმი.
როგორც მსჯავრდებულისთვის, ისე მისი ინტერესების დამცველებისთვის აღნიშნული გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან არ არსებობდა წინაპირობა, რომელიც რისკის გაზრდას და შესაბამისი რეჟიმის ცვლილებას დაასაბუთებდა. ამასვე ადასტურებს პენიტენციური სამსახურის ერთწინადადებიანი დასკვნა, სადაც გადაწყვეტილების საფუძვლად მხოლოდ საიდუმლო სხდომის ოქმია მითითებული და არ არის ასახული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ამ ცვლილებას დაედებოდა საფუძვლად.
პენიტენციური სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად: “საშიშროების რისკის განსაზღვრისას მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც შეუძლებელს ხდიდა მის განთავსებას ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში. გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მოთხოვნა სასჯელის დარჩენილი პერიოდის სამარტოო საკანში მოხდასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს”
განცხადება კვლავ არ შეიცავს, კონკრეტულ, გადამოწმებად ან იდენტიფიცირებად გარემოებებს. რა თქმა უნდა, მხოლოდ ზოგადი მითითება „უსაფრთხოების რისკზე“ არ აკმაყოფილებს დასაბუთებულობის სტანდარტს და არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარის სამართლებრივ საფუძვლად სასჯელის მოხდის რეჟიმის მკვეთრი გამკაცრებისთვის. გარდა ამისა, არგუმენტი, რომ მსჯავრდებულის „საკუთარი მოთხოვნა სამარტოო საკანში განთავსებაზე“ მიუთითებს სხვა მსჯავრდებულებთან კომუნიკაციის რისკზე, ლოგიკურად არ წარმოადგენს რისკის ობიექტურ ინდიკატორს. პირის სურვილი, დროებით ან კონკრეტულ პირობებში მოითხოვოს იზოლაცია, შესაძლოა განპირობებული იყოს მრავალი ფაქტორით, რომელიც შეიძლება საერთოდ არ უკავშირდებოდეს უსაფრთხოებას.
მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე 2019 წლის №395 ბრძანების მიხედვით მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნას დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებისათვის მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროება, რომელიც განისაზღვრება მთელი რიგი კრიტერიუმებით, რომლის შეფასების ვალდებულება პენიტენციურ სამსახურს ეკისრება. მათ შორის ფასდება: მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები; დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა; მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იმგვარი ქმედება, რომელიც იწვევს/გამოიწვევს დაპირისპირებას მსჯავრდებულთა მასასთან და საფრთხეს უქმნის/შეუქმნის მსჯავრდებულის/სხვა მსჯავრდებულების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას; დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან დამოკიდებულება, მათზე უარყოფითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა; დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.
ამავე ბრძანების მიხედვით საშიშროების მომეტებული რისკის მქონე არის მსჯავრდებული, რომლისგან მომდინარე საფრთხე დაწესებულებისთვის ან გარშემომყოფთათვის, აგრეთვე საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსა ან/და სამართალდამცველი ორგანოებისათვის არის მომეტებული.
პენიტენციური კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დახურული ტიპის დაწესებულებაში, როგორც წესი მოთავსებული არიან პირები, ვინც პირველად არის მსჯავრდებული განზრახი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და რომელსაც სასამართლომ დაუნიშნა 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა; განზრახი დანაშაულისთვის არაერთგზის ნასამართლევი პირი, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირი და ადრე ნასამართლევი პირი, რომლებსაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ დანიშნული;
აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრა, ავტომატურად გულისხმობს, მისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში დაშვებული ბენეფიტებით სარგებლობის უფლების გადასინჯვას, მათ შორის პაემნის, სატელეფონო საუბრის ხანგრძლივობისა და რაოდენობის ცვლილებას. შედარებისთვის დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს არანაკლებ 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15 წუთისა, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი. ხოლო ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის სატელეფონო საუბარი - დღე-ღამეში არანაკლებ 30 წუთისა, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანმოკლე პაემანი,
შესაბამისად, რისკის ცვლილება პირდაპირპროპორციულად ზღუდავს მსჯავრდებულის უფლებებს, რაც აუცილებელს ხდის, რომ გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს არა ვარაუდებს, არამედ შესაბამის ფაქტობრივ გარემოებს და კონკრეტულ მტკიცებულებებს.
აღნიშნული შემთხვევა ვერ განიხილება მხოლოდ როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციული გადაწყვეტილება და ჩნდება ეჭვები მის პოლიტიკურ განზომილებასთან დაკავშირებით. ბუნდოვანი, გაუმჭვირვალე და დაუსაბუთებელი არგუმენტებით პოლიტიკური პატიმრის მდგომარეობის გამკაცრება ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ საქმე გვაქვს არა უსაფრთხოების რეალურ საჭიროებასთან, არამედ დისციპლინირების და დასჯის პოლიტიკურად მოტივირებულ კიდევ ერთ გადაწყვეტილებასთან.
პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში გასაჩივრდება.
ინსტრუქცია