საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გამეორება ცოდნის დედაა... ამიტომ გავმეორდები და ვიტყვი, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის შემდეგაც კი, ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, ვერ შევძელით და ვერ ჩამოვყალიბდით, თუ რას ნიშნავს საქართველო/ქართველი და ვინ არის ამ ფენომენის განუყოფელი ნაწილი. უფრო სწორად, ქაღალდზე ლამაზი სიტყვები კი გვიწერია, რომ „ჩვენ საქართველოს მოქალაქენი“-ო, მაგრამ ყოველდღიური ნარატივი, არსებული სისტემა და დომინანტი კულტურა ერთობლიობაში ქმნიან ვიწრო ეთნიკურ ქართულ „წარმოსახვით საზოგადოებას,“ რომელიც ყველა განსხვავებულის მარგინალიზებას ახდენს. სწორედ ამის შედეგია, ულტრამემარჯვენე ფაშისტური ჯგუფების მიერ ეთნიკურად ქართველ ხალხში ეთნო-ნაციონალიზმის და შოვინიზმის წარმატებით გავრცელება და დამკვიდრება. ამ ფორმულით, ყველანაირი უბედურების და უსამართლობის გამომწვევი მიზეზი არიან არა სისტემის თავში უსამრთლოდ მოხვედრილი პარაზიტული ელიტები და ქურუმები, არამედ არამართლმადიდებლები, არაქართველები, არაქრისტიანები.
მთელს მსოფლიოში მემარჯვენე ძალების გაძლიერების პარალელურად, ზოგიერთმა ექსპერტმა და კრიტიკოსმა შეიძლება თქვას, რომ დღეს საქართველოში მემარჯვენე ძალების გაძლიერება ლოგიკური მოვლენაა. მიუხედავად ამისა, მე ამ პროცესში უფრო ღრმა პრობლემებს და გამოწვევებს ვხედავ.
ქრონოლოგიურად თუ მივყვებით, საქართველოს ისტორიის ყველაზე ნაციონალისტური და უმცირესობების მიმართ აგრესიული პერიოდი უნდა ყოფილიყო 80-იანების ბოლო და 90-იანების დასაწყისი. პერიოდი, როცა ქვეყანა იბრძვის იმპერიის წინაარმდეგ, დამოუკიდებლობისთვის. როცა საჭიროა ხალხის გაერთიანება ერთი კონკრეტული იდენტობის და ლოზუნგის გარშემო. როცა მამული, ენა, სარწმუნოება საფიცარი სიტყვებია. ყველას კარგად გვახსოვს გამსახურდიას თეორია ქართველი ეთნოსის ზეციურობის და განსაკუთრებულობის შესახებ. მაგრამ მიუხედავად გამსახურდიას თეორებისა, მაშინაც კი, ალბათ არავინ გაიმეტებდა სასიკვდილოდ ახალგაზრდას მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის გამოიყურება, როგორც „სხვა“ და საუბრობს სხვა ენაზე.
სწორედ ამ პოზიციიდან უნდა დავსვათ მთავარი კითხვა: როგორ მოვახერხეთ, რომ დღეს ეთნიკურად ქართველ ხალხში უფრო ძლიერი და ფესვგამჯდარია ფაშისტური და ნაცისტური აზრები, ვიდრე ეს იყო მაშინ, როცა გამსახურდია მიტინგებზე და მანიფესტაციებზე პირდაპირ მოუწოდებდა ხალხს ამისკენ?
რა თქმა უნდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია და ბევრ შრომას და კვლევას მოითხოვს. მნიშვნელოვანი ფაქტორებია: განათლების სისტემა, ეკონომიკური გამოწევევები, სოციალური საკითხები. მაგრამ ჩემდა გასაკვირად ერთ კონკრეტულ საკითხზე დღემდე არაფერი თქმულა. მოდით, დღეს, ამაზე ვისაუბროთ და გამოცანის ჩრდილში დარჩენილ მხარეს ნათელი მოვფინოთ და შევეცადოთ შევავსოთ ის.
ნაციონალიზმის ანა და ბანა არის ის, რომ არსებობს ორგვარი ნაციონალიზმი, დაბადებით (by soil) და სისხლით (by blood). საქართველოში ორივე მიდგომის მხარდამჭერები არსებობენ. ერთი მხარე, ე.წ. პროდასავლურები, მოდერნისტები, პროგრესულები მხარს უჭერენ საქართველოში სამოქალაქო ნაციონალიზმის განვითარებას, სადაც არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ ხარ ეთნიკურად (სისხლით). თუ ხარ საქართველოს მოქალაქე, მაშინ ავტომატურად ხარ საქართველოს და ქართველი ერის განუყოფელი ნაწილი. მეორე მხარე, ე.წ. ტრადიციონალისტები, პროქართულები, „ეროვნულები“ კი მიიჩნევენ, რომ სახელწიფო უპირატეს და პრივილეგირებულ მდგომარეობაში უნდა აყენებდეს ერთი კონკრეტული ეთნოსის კულტურულ მემკვიდრეობას, კონკრეტულ რელიგიას, კონრეტული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი არიან ქართველები და წარმოადგენენ უმრავლესობას.
ეს ორი განსხვავებული პოზიცია ბუნებრივიცაა, რომ არა გარკვეული პარადოქსი. პარადოქსი კი მდგომარეობს იმაში, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილი მოდერნისტული მიდგომების მიუხედავად, რეალურ ცხოვრებში თითქმის ყველა ტრადიციონაალისტების, პროქართულების, „ეროვნულების“ პოზიციდან აზროვნებს და მოქმედებს. მათ შორის, პროდასავლურებიც, მოდერნისტებიც, და პროგრესულებიც.
გასაგებია, რომ ეს წერილი ყველაზე უფრო მტკივნეულად წასაკითხი იქნება უმთავრესად ყველა ე.წ. პროდასავლურისთვის, მოდერნისტისთვის, პროგრესულისთვის. ისინი ხომ შემედავებიან და იტყვიან, რომ მათ გულწრფელად სჯერათ, რომ ყველა საქართველოს მოქალაქე საქართველოს და ქართული ერის განუყოფელი ნაწილია. და რადგანაც ჩემი მთავარი სამიზნე აუდიტორიაც ისინი არიან, ალბათ კონკრეტული მაგალითის მოყვანა დამჭირდება, რომ სწორად გადმოვცე ის, რისი თქმაც მინდა, და უფრო მეტად არ გავაბრაზო ჩვენი პროდასავლურები, მოდერნისტები და პროგრესულები. ამიტომ მოდით, განვიხილოთ ერთ-ერთი ასეთი პროდასავლური, მოდერნისტი, პროგრესული პროფესორის, სამოქალაქო აქტივისტის, ფეისბუქ გურუს და ყოფილი პოლიტიკოსის, გია ნოდიას სტატია ქართულ ნაციონალიზმზე, სახელწიფოზე და საქართველოს მომავალზე.
გია ნოდია და მისი სტატია ავირჩიე ორი მიზეზის გამო. პირველი, ალბათ არავინ შემეწინააღმდეგება, რომ ნოდია არის უაღრესად ლიბერალი, მოდერნისტი და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი და მკვლევარი, რომელსაც პირად საუბრებში რომ შევეკითხოთ, თუ ვინ არიან საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი, სომეხი, ან ქისტი მოქალაქე, ის დაუფიქრებლად (და ალბათ გარკვეული გაკვირვებითაც) გვიპასუხებს, რომ ეს ხალხები არიან საქართველოს და ქართველი ერის განუყოფელი ნაწილი, რადგანაც ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები. და მის გულწრფელობაში არც მე და არც სხვა არავინ არ შეიტანდა ეჭვს. მეორე, მის სტატიაში გამოხატული და ჩამოყალიბებული აზრები არანაირად არ შეესაბამება ამავე აბზაცის პირველ ნაწილში გამოხატულ პოზიციას. მაშ ასე, რას ამბობს ნოდია საკუთარ სტატიაში?
2009 წლის სტატიაში გია ნოდია აჯამებს საქართველოს და ქართველი ერის წარსულს, აწმყოს, და მომავლს ოთხ მთავარ პოსტულატად:
1) სახელმწიფოებრიობა არის ერთადერთი მისაღები ფორმა ქართველი ერის განვითარებისთვის.
2) ევროპა და დასავლეთი წარმოადგენს იმ დიდ ოჯახს, იდენტობას, რომელიც არის სანიმუშო მოდელი საქართველოსთვის. რაც იმას ნიშნავს, რომ (ა) საქართველო უნდა განხილულ იქნას ევროპის და დასავლეთის ნაწილად. (ბ) ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის პერიოდში დასავლეთი არის სახელძღვანელო ჩარჩო.
3) რუსეთი არის ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოსთვის, რომელიც პირდაპირი ან ირიბი გზებით ცდილობს საქართველოში არასტაბილურობის შექმნას.
4) საქართველო არის ტოლერანტი სახელწიფო, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისგან მოითხოვს სახელმწიფოს მიმართ ერთგულებას და ლოიალურობას. ნოდია ეთნიკურ უმცირესობებს „შინაურ სხვებს“ უწოდებს და განმარტავს, რომ საქართველოს შეუძლია გაუმკლავდეს უმცირესობებს, როგორც გამოწვევას, რომ არა რუსული ინტერვენციები. იგი ეთნიკურ უმცირესობებს მოიხსენიებს, როგორც პრობლემას, რომლის „მოგვარებაც“ საქართველოს მთავრობებს შეუძლიათ.
ამ სტატიაში ნოდია განმარტების გარეშე, პრესკრიპციულად იყენებს ძალიან ბევრ ტერმინს. უპირველეს ყოვლისა, ის არაფერს ამბობს იმაზე თუ რას გულისხმობს იგი ქართველ ერში ან განვითარებაში. მიუხედავად ამისა, სტატიის ძირითადი პათოსიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იგი ქართველ ერად განიხილავს ეთნიკურად ქართველებს. ის დიდ დროს უთმობს ილიას სიტყვების „მამული, ენა, სარწმუნოება“ ანალიზს, და ასევე ხაზგასმით საუბრობს „ქართულ გენზე“ გველის პერანგიდან. ხოლო, ეთნიკურ უმცირესობებს უწოდებს „შინაურ სხვებს“. რაც შეეხება ნოდიას აზრით ქართველი ერის განვითარებას, ეს შეიძლება გავიგოთ, როგორც ეთნიკურად ქართული კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება და დაცვა. ნოდია ასევე არ განმარტავს იმას, თუ რას ნიშნავს ეთნიკური უმცირესობების ერთგულებაში და ლოიალურობაში. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნოდია ამ კონკრეტულ სტატიაში ქართველ ერად წარმოადგენს მხოლოდ ეთნიკურად ქართველებს, მაშინ შესაძლოა ერთგულებაში იგულისხმებოდეს ეთნიკური უმცირესობების მიერ ეთნიკურად ქართული კულტურის დომინაციის აღიარება სახელწმიფოს შიგნით. საბოლოოდ, ნოდია ასევე არ განსაზღვრავს თუ რას გულისხმობს, როცა ამბობს, რომ ეთნიკური უმცირესობების, როგორც „პრობლემის მოგვარება“ შეუძლია საქართველოს მთავრობებს. დიდი ალბათობით საუბარია, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებზე, რომლის მოგვარებაც საქართველოს მარტივად შეეძლებოდა, რომ არა რუსული ინტერვენცია და ოკუპაცია[1].
გარდა ამ ყველა განუმარტავი ტერმინოლოგიებისა, სამი მთავარი სიცარიელე შეიძლება დავინახოთ სტატიაში. უპირველეს ყოვლისა, სტატია არაფერს არ ამბობის იმაზე, თუ როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს ერთიანი იდენტობა ქვეყნის შიგნით. შესაძლოა ნოდიას პასუხი ჩემს წერილზე, იყოს ის, რომ ის ამ სტატიაში განმარტავდა ისტორიულ პროცესებს. მიუხედავად ამისა, მისი პოსტულატები მომავალზეა ორიენტირებული. ხოლო ამ მომავალში ის, ვალდებულია, რომ განმარტოს თუ როგორ ხედავს ერთიანი ქართული იდენტობის ჩამოყალიბებას, როგორც პროდასავლელმა, მოდერნისტმა, პროგრესულმა. მეორე, აშკარაა, რომ ნოდია ფიქრობს და წერს მხოლოდ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შემთხვევებიდან გამომდინარე, როცა ის საუბრობს ერთგულებასა და ლოიალურობაზე. ჩემი აზრით, ამ სტატიაში ის საერთოდ ვერ ხედავს მაგალითად ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, სომხებს, ქისტებს. რადგანაც, ამ ხალხთან ერთგულების პრობლემა არ დგას. უფრო მეტიც, ისინი ერთგულები არიან საქართველოსი, მაგრამ უმრავლესობა აღიქვამს მათ როგორც პრობლემას და საფრთხეს. რაც ასევე ჩანს ნოდიას სტატიიდან. მესამე, და უმთავრესი, როცა იგი პრესკრიპციულად საუბრობს ეთნიკურ უმცირესობებზე, როგორც პრობლემაზე, რომლის მოგავრებაც საქართველოს მთავრობებს შეუძლიათ, ის ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების ობიექტივიზაციას (Objectification) და დემონიზაციას.
აღნიშნული სტატიის კრიტიკა შეიძლება შევაჯამოთ შემდეგნაირად: სტატია საქართველოს ფენომენს ათავსებს ვიწრო ეთნიკურ ჩარჩოებში და იგი დაჰყავს მხოლოდ ეთნიკურ ქართველობამდე. სტატია საერთოდ ვერ ხედავს ეთნიკურ უმცირესობებს, ან თუ ხედავს მათ, ისინი აღქმულნი არიან, როგორც პრობლემა. სტატიის მთავარი პათოსი მდგომარეობს შემდეგში, რომ საქართველოს (ამ შემთხვევაში ეთნიკური ქართველების) მთავრობებს შეუძლია „მოაგვაროს“ ყველა პრობლემა, მათ შორის ე.წ. „შინაური სხვები“, რომ არა საგარეო ფაქტორები. მაშ რა განასხვავებს ე.წ. პროდასავლურების, მოდერნისტების, პროგრესულების, ხედვას ე.წ. ტრადიციონაალისტების, პროქართულების, „ეროვნულების“ ხედვისგან? რა არის ამ სტატიაში იმანენტურად განსხვავებული იმ ნარატივისგან, რაც ხაზგასმით და პირდაპირ ამბობს, რომ „საქართველო მხოლოდ ეთნიკური ქართველებისაა“? რა თქმა უნდა, გარდა ლამაზად დეკლარირებული სიტყვებისა თანასწორობაზე და მოქალაქეობაზე.
ამ წერილის მიზანი არ არის ტოლობის ნიშნის დასმა ზემოთ აღნიშნულ ორ ჯგუფს შორის. ამასთანავე, მიმაჩნია, რომ გვაქვს გამოწვევა ე.წ. პროგრესულების, მოდერნისტების, პროდასავლურების ბანაკში. სადაც თუ სიღრმისეულად შევხედავთ საკითხებს, გაცხადებული პოზიცია და რეალური ქმედებები არ ემთხვევა ერთმანეთს, როგორც ნოდიას საზოგადოდ ცნობილი პოზიციები არ ემთხვევა მისი სტატიის პათოსს. რასაც კარგად ხედავს ან გრძნობს ერთის მხრივ ტრადიციონალისტები, პროქართულები, „ეროვნულები“. და მეორეს მხრივ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, საკუთრივ ეთნიკური უმცირესობები.
შედეგად ვიღებთ ორ პრობლემას. უპირველეს ყოვლისა, მაღალფარდოვანი, მაგრამ ცარიელი სიტყვების ამარად დარჩენილი ლიბერალური ელიტა რეალურ კავშირს ვერ ამყარებს საზოგადოების ფართო მასებთან, რომელთა შორის რადიკალური ეთნო-ნაციონალიზმის გავრცელება უადვილდებათ შოვინისტური და ფაშისტური იდეოლოგიების მქონე პოლიტიკურ ძალებს. მეორე, ასეთ რეალობაში ეთნიკურ უმცირესობებს ძალიან უჭირთ მოძებნონ ნამდვილი მოკავშირე, რომელიც არა მოხლოდ დეკლარაციების და საღეგრძელოების დონეზე, არამედ გულწრფელადაც განიხილავდა უმცირესობებს საქართველოს და ქართველი ერის განუყოფელ ნაწილად.
ასეთ პირობებში ალბათ უნდა გავჩერდეთ და დავფიქრდეთ თუ როგორ შეიძლება ამ ჩაკეტილი წრის გარღვევა. მაგრამ ამაზე ალბათ შემდეგ წერილში.
[1]Nodia, Ghia. 2009. “Components of the Georgian National Idea: An Outline” https://pdfs.semanticscholar.org/2281/686e607d1867419b1f5e2df7db419044ab74.pdf?_ga=2.86938392.1836359034.1569502413-1247871498.1569502413
ინსტრუქცია