[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

„ვენეციის კომისია“ კრიტიკულად აფასებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება „დე-ოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას,[1] რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ოლიგარქიასთან ბრძოლის „სისტემური“ მიდგომების დანერგვისკენ მოუწოდებს და კანონპროექტის არსებული სახით მიღებას არარეკომენდებულად თვლის. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია კომისიის შუალედური რეკომენდაციების[2] შესაბამისად შეიცვალა და „სადამსჯელო“ მექანიზმების უმრავლესობა ამოღებულ იქნა, ასეთი „პერსონალური“ მიდგომა, კომისიის შეფასებით, ოლიგარქიის პრობლემის არც დემოკრატიული და არც ეფექტური გადაწყვეტაა. მეტიც, ის შესაძლოა სახიფათო იარაღად იქცეს ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების შევიწროვებისათვის.

ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის განაცხადების პასუხად, ევროკომისიის რეკომენდაციებში ერთ-ერთ პუნქტად „დე-ოლიგარქიზაციის“ პირობისადმი ერთგულებაა. აღნიშნული რეკომენდაცია ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით უნდა შესრულდეს.[3] ევროკომისიის შეფასებით, უკრაინა ამ პროცესში წინაა, რადგან 2021 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა ე.წ. „ანტი-ოლიგარქიულ“ კანონს.[4]

გასული წლის 05 ოქტომბერს, მმართველმა გუნდმა პარლამენტში დააინიცირა კანონპროექტი „დე-ოლიგარქიზაციის“ შესახებ, რომელიც, ფაქტობრივად, უკრაინის კანონის ანალოგია იყო. ინიციატივა კრიტიკულად შეფასდა ადგილობრივი მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. სამოქალაქო სექტორი კი „დე-ოლიგარქიზაციის“ პირობის შესრულების გზად ყველა იმ რეფორმის თანადროულად და კეთილსინდისიერად განხორციელებას მიიჩნევდა, რომელიც ევროკომისიის დანარჩენ რეკომენდაციებშია მითითებული და ოლიგარქიის პრობლემის შეფასებისას ვენეციის კომისიასაც ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებისკენ მოუწოდებდა.

ვენეციის კომისიის საბოლოო შეფასება, რომელიც 12 ივნისს გამოქვეყნდა, მიმოიხილავს აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში ოლიგარქიის პრობლემას, მის წინააღმდეგ ბრძოლის „სისტემურ“ და „პერსონალურ“ მოდელებს და მათ უპირატესობებსა თუ ნაკლოვანებებს. მისასალმებელია, რომ კომისია დიდწილად იზიარებს სამოქალაქო სექტორის მიერ გაჟღერებულ კრიტიკულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს და მართებულად მხოლოდ ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით შემუშავებულ და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ სისტემურ მიდგომებს მიიჩნევს.

ვენეციის კომისიის შეფასებით, დემოკრატიის მშენებლობაზე ე.წ. „ოლიგარქების“ გაუმჭვირვალე გავლენები განსაკუთრებული გამოწვევაა უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის. ამასთან, სახელმწიფო ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ცხოვრებასა და მედიაზე ასეთი გავლენები რთულად მოსახელთებელია მათი არაფორმალური ბუნების გამო.[5] შესაბამისად, „დე-ოლიგარქიზაცია“ კომპლექსური პრობლემაა და მის გადასაწყვეტად ადგილობრივ კონტექსტზე დაფუძნებული „სისტემური“ მიდგომებია საჭირო, რომელსაც გრძელვადიანი, პრევენციული ეფექტი ექნება.[6] ამისგან განსხვავებით, ე.წ. „პერსონალური“ მიდგომა, რომელიც, მათ შორის, კონკრეტული კანონმდებლობის მიღებას გულისხმობს, შესაძლოა გამოყენებულ იქნას მხოლოდ გამონაკლის, უკიდურესად კრიტიკულ შემთხვევებში (მაგ. სახელმწიფოს მიტაცებისას), როდესაც „სისტემური“ მიდგომების დანერგვა ძალიან რთულია. თუმცა, ამგვარი გადაწყვეტაც კანონის უზენაესობის და დემოკრატიის პრინციპებს უნდა შეესაბამებოდეს, რაც ასეთ კრიტიკულ სიტუაციებში, როგორც წესი, არ მუშაობს. ამგვარად, ვენეციის კომისიის მოსაზრებით, „ეს არის დე-ოლიგარქიზაციის შესახებ ინიცირებული კანონპროექტების დიდი პარადოქსი: თუკი სასამართლო და ადმინისტრაცია იმდენად ძლიერი და დამოუკიდებელია, რომ ხელი შეუწყოს „პერსონალური“ მიდგომის სწორად აღსრულებას, ასეთი მიდგომა საჭიროა საერთოდ აღარ არის. ხოლო პირიქით, თუკი ადმინისტრაცია და სასამართლო ფაქტობრივად „მიტაცებულია“  - ასეთი „პერსონალური“ ზომების მიღება არაეფექტური ან არსებითად სახიფათოა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისთვის“. [7]

შედეგად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, „... „დე-ოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონის მიღება საერთოდ არ არის რეკომენდებული, მითუმეტეს რომ მისი შესწორებული ვერსია კვლავ ძალაში ტოვებს აღმასრულებელი ხელისუფლების რიგ უფლებამოსილებებს და ბუნდოვანი კრიტერიუმების საფუძველზე პოლიტიკური ოპონენტების „შავ სიაში შეყვანის“ რისკებს შეიცავს. ეს განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო განცხადებები მიუთითებს, რომ მიღების შემთხვევაში კანონი გამოყენებული იქნება ოპოზიციის წინააღმდეგ“.[8] ამის საპირისპიროდ, კომისია რეკომენდაციას უწევს სისტემური რეფორმების განხორციელებას სხვადასსხვა მიმართულებით: ეფექტური კონკურენციის პოლიტიკის დანერგვა/განხორციელება, ელიტური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მედია-პლურალიზმის გაძლიერება, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების, საარჩევნო კამპანიების შესახებ კანონმდებლობის დახვეწა და ა.შ.[9]

ბოლოს, ზემოაღნიშნული სისტემის ფუნქციონირებისთვის, ვენეციის კომისია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს მართლმსაჯულების ჰოლისტურ რეფორმას, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანად სისტემის, მათ შორის - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს -  დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და კეთილსინდისიერებას.[10]

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს:

  • არ მიიღოს საქართველოს კანონი „დე-ოლიგარქიზაციის შესახებ“;
  • „დე-ოლიგარქიზაციის“ შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებისას იხელმძღვანელოს ვენეციის კომისიის 2023 წლის 12 ივნისის საბოლოო დასკვნით და უზრუნველყოს სისტემური რეფორმების კეთილსინდისიერი განხორციელება;
  • გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის კიდევ ერთი მოწოდება მართლმსაჯულების სისტემის, განსაკუთრებით კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  ფუნდამენტური რეფორმის განხორციელების თაობაზე.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] CDL-AD(2023)017-e, Georgia - Final Opinion on the draft law on de-oligarchisation, adopted by the Venice Commission at its 135th Plenary Session (Venice, 9-10 June 2023), ხელმისაწვდომია:  https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2023)017-e

[2] CDL-AD(2023)009-e, Georgia - Interim opinion on the draft law on de-oligarchisation, adopted by the Venice Commission at its 134th Plenary Session (Venice, 10-11 March 2023), ხელმისაწვდომია, https://venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-AD(2023)009-e

[3] COMMUNICATION FROM THE COMMISSION TO THE EUROPEAN PARLIAMENT, THE EUROPEAN COUNCIL AND THE COUNCIL. Commission Opinion on Georgia's application for membership of the European Union, Brussels, 17.6.2022 COM (2022) 405 final (ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3C3FS8n

[4] COMMUNICATION FROM THE COMMISSION TO THE EUROPEAN PARLIAMENT, THE EUROPEAN COUNCIL AND THE COUNCIL. Commission Opinion on Ukraine’s application for membership of the European Union, Brussels, 17.6.2022 COM (2022) https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/opinion-ukraines-application-membership-european-union_en

[5] CDL-AD(2023)017-e, Georgia - Final Opinion on the draft law on de-oligarchisation, adopted by the Venice Commission at its 135th Plenary Session (Venice, 9-10 June 2023), para. 8-9;

[6] Ibid. para. 13;

[7] Ibid., para. 21-23.

[8] Ibid., para. 41.

[9] Ibid., para.48.

[10] Ibid., para. 49.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“