საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
23 თებერვალი ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციისა და გენოციდის დღეა. შუა აზიაში გადასახლების ორგანიზებულ ოპერაციას მიენიჭა კოდური სახელი - „Чечевица“, რომელიც 1944 წლის 23 თებერვალს დაიწყო და დასრულდა 9 მარტს. ამ გადაწყვეტილებას მრავალი ჩეჩენი და ინგუში შეეწირა. მსხვერპლი იყო როგორც გადასახლების პროცესში, ისე მომდევნო პერიოდის განმავლობაში.
დეპორტაციის არცერთი ოპერაციისთვის არ მომზადებულან ისე საფუძვლიანად, როგორც ჩეჩნეთ-ინგუშეთში. გადასახლების ბრძანება გასცა იოსებ სტალინმა, ხოლო განხორციელებას უშუალოდ ხელმძღვანელობდა ლავრენტი ბერია. ბერიასთან ერთად გროზნოში იმყოფებოდა მისი სამი მოადგილე - ივან სეროვი, ბოგდან ქობულოვი და სტეფანე მამულოვი. ისინი მნიშვნელოვანი ძალებით იყვნენ ჩაბმული - შინსახკომის 19 000-მდე ოპერატიული მუშაკი, სამხედრო კონტრდაზვერვის, „სმერშის“ შემადგენლობა და შინსახკომის ჯარების 100 000-მდე სამხედრო მოსამსახურე.
1944 წლის 23 თებერვალს, ადგილობრივი დროით 02:00 საათზე დაიწყო ჩეჩნებისა და ინგუშების მასობრივი დეპორტაცია, ეშელონებში ჩატვირთვა და დანიშნულების პუნქტებში - ყაზახეთისა და ყირგიზეთის სსრ-ში გადაყვანა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ოპერაციის სწრაფად განხორციელებას, რასაც უნდა გამოერიცხა ორგანიზებული წინააღმდეგობის გაჩენის შესაძლებლობა.
დეპორტაციის დროს შინსახკომის წარმომადგენლები ადამიანებს მიზანმიმართულად, მასობრივად ხოცავდნენ. მკვლელობის მეთოდები ერთიმეორეზე სასტიკი იყო: გალანჩოჟის რაიონის სოფელ ჰაიბახში, პოლკოვნიკ მიხეილ გვიშიანის ზედამხედველობით, საჯინიბოში ცოცხლად გამოწვეს 705 ადამიანი; ამავე რაიონის სხვა რამდენიმე სოფელში დახვრიტეს და ხიშტებით დასერეს 600–მდე ქალი და ბავშვი, რომელთა ცხედრები, შემდგომ, ტბაში ჩაყარეს; ურუს–მარტანის რაიონის ამავე სახელწოდების სოფელში კი 72 ადამიანი ცოცხლად დამარხეს. მსგავსი ფაქტები კიდევ არაერთია. შინსახკომი განსაკუთრებით იმ ადამიანებს უსწორდებოდა, რომელთაც ასაკისა თუ ავადმყოფობის გამო გადაადგილება არ შეეძლოთ. ეს მათთვის ზედმეტი ტვირთი იყო.
დეპორტირებული ვაინახების რიცხვი შეადგენდა არანაკლებ 650 000 ადამიანს. მთლიანად დეპორტაციის განმავლობაში დაიღუპა 180 000 ჩეჩენი და 30 000 ინგუში, და ეს მხოლოდ დეპორტაციის პროცესისა და გადასახლებაში ყოფნის პირველი წლის მონაცემებია. 13 წლის განმავლობაში შუა აზიაში 300 000-ზე მეტი ვაინახი დაიღუპა - თითქმის ყოველი მეორე გადასახლებული, ანუ ერმა თავისი 50% იძულებითი დეპორტაციის დროს 1944-1957 წლებში დაკარგა.
გადასახლების შემდეგ იწყება მათი ცხოვრების კვალის მიზანმიმართული წაშლა. დასახლებულ პუნქტებს მიენიჭათ რუსული ან ოსური სახელები, გაძარცვეს მეჩეთები და სასაფლაოები, საფლავის ქვები გამოიყენეს მშენებლობისათვის და საგზაო სამუშაოებისათვის, დაწვეს ინგუშური და ჩეჩნური წიგნები, გადარჩენილი წიგნებიდან ამოიღეს ტერმინი ვაინახები, მუზეუმებიდან ამოიღეს მათთვის მიუღებელი ექსპონატები, გაანადგურეს ხელნაწერი წიგნები და ბიბლიოთეკები, დაიტაცეს ოქროსა და ვერცხლის ნივთები, იარაღი, ჭურჭელი, ავეჯი და სხვა. მაშინდელი ჩეჩნეთ–ინგუშეთის ასსრ საბჭოთა რეჟიმმა ნაწილებად დაშალა და საქართველოს სსრ–ს, დაღესტნის ასსრ–სა და ჩრდილო–ოსეთის ასსრ–ზე გადაანაწილა.
ჩეჩნების და ინგუშების დეპორტაციის და გენოციდის ეს უმძიმესი ისტორია კავკასიის ხალხების მიმართ რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის სისასტიკის ყველაზე მძიმე გამოვლინებაა და ეს ისტორია და ტრავმა ამ ხალხების კოლექტიური მეხსიერების ნაწილია. იმის გამო, რომ რუსეთის პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიაში კვლავ რეპრესიული, სასტიკი და კოლონიური მეთოდებით მოქმედებს (ამ კუთხით განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს რუსეთ-ჩეჩნეთის ომების უმძიმესი გამოცდილება), ვაინახების დეპორტაციის ისტორია აქტუალობას არ კარგავს და მას ჩეჩნები და ინგუშები, განსაკუთრებით მიგრაციაში მყოფი იჩქერიის პოლიტიკური და კულტურული წრეები ყოველთვის აღნიშნავენ.
ევროპის პარლამენტმა 2004 წელს ეს დღე ჩეჩნების და ინგუშების გენოციდის დღედ აღიარა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ჩეჩნეთის მშვიდობის მხარდაჭერისთვის მოუწოდა.
ინსტრუქცია