საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
კაპიტალის გლობალიზაციამ, დეინდუსტრიალიზაციამ, შრომის ბაზრის ცვლილებამ, სერვის ეკონომიკაში არაპროპკავშირული დასაქმების ზრდამ, სოციალური დანახარჯების შემცირებამ და სხვა სოციო-ეკონომიკურმა ცვლილებებმა გასული სამი დეკადის განმავლობაში უთანასწორობა თითქმის ყველა პოსტინდუსტრიალურ სახელმწიფოში გაზარდა. ამის პარალელურად კვლევით ლიტერატურაში არსებობს ფართო კონსენსუსი იმის შესახებ, რომ სოციალური და ეკონომიკური ცვლილებების გავლენით, კეთილდღეობის ბენეფიტებისა და სოციალური საცხოვრისის შემცირების კვალდაკვალ გასული 30 წლის განმავლობაში უსახლკაროთა რაოდენობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა (Snow, Andersen, 1993, Burt, 1997, Hopper, Susser and Conover, 1985). მიუხედავად ამისა, უსახლკარობის სტრუქტურული პრობლემა ინდივიდუალურ წარუმატებლობას ან სხვა პიროვნულ ფაქტორებს ბრალდება. იმ შემთხვევაშიც კი თუ საცხოვრისის არქონას უსახლკაროთა გონებრივი, ფსიქოლოგიური, ფიზიკური, საგანმანათლებლო თუ ეკონომიკური შეზღუდვების პრიზმიდან განვიხილავთ, უსახლკაროთა რიგებში მზარდად წარმოდგენილი ეს ჯგუფი საბინაოსთან ერთად სოციალური და სამედიცინო სერვისების კრიზისზეც მიუთითებს. სახელმწიფოს მიდგომა კიდევ უფრო აძლიერებს უსახლკარობის კრიმინალიზაციასა[1] და „გასამედიცინოებას“ (საჯარო სივრცეებიდან ჰიგიენისა თუ წესრიგის დაცვის არგუმენტით ქუჩაში მცხოვრები ადამიანების გარეუბნებსა და ინსტიტუციებში/თავშესაფრებში გადაყავთ[2]). ამგვარად, უსახლკარობა არა მხოლოდ საბინაო ან ინდივიდუალური წარუმატებლობით გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანის პრობლემაა, არამედ სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის სოციალური დაცვის არაეფექტური ფუნქციონირების ლაკმუსია.
რა იწვევეს უსახლკარობას დასავლეთის პოსტ-ინდუსტრიულ ქვეყნებში?
დეინდუსტრიალიზაცია, შრომისა და შემოსავლების პოლარიზაცია და სოციალური დანახარჯების შემცირება დასავლურ სახელმწიფოებში უამრავი მოქალაქისა და მცხოვრების ცხოვრების შანსებზე[3] აისახა. ხელმისაწვდომი საცხოვრისისა და სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული საბინაო სექტორის წილის შემცირების ფონზე ეს სოციო-ეკონომიკური ცვლილებები რიგ შემთხვევებში უთანასწორობისა და სიღარიბის რადიკალურ მანიფესტაციაში - უსახლკარობაში გამოიხატა.
ადრეული 80-იანი წლებიდან ნაციონალურ ეკონომიკებში ინდუსტრიულიდან სერვის ეკონომიკაზე გადასვლას დეინდუსტრიალიზაციას უწოდებენ. მკვლევართა ნაწილი (Hopper,Susser and Conover, 1985, Marcuse, 1989) ამ ეკონომიკური ტრანსფორმაციის რამდენიმე განზომილებას უსახლკარობის ზრდის ირიბ თუ პირდაპირ მიზეზებად ასახელებს. პირველ რიგში, საწარმოთა დახურვამ, კაპიტალის იაფი მუშახელის ქვეყანაში გატანამ და დეინვესტიციამ ათასობით ადამიანი მაღალ ანაზღაურებადი სამსახურის გარეშე დატოვა. დასავლეთის სახელმწიფოებში ამ პროცესის შედეგად უმუშევრად დარჩენილ ადამიანთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არაა, თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1969 წელს არსებული საწარმოების 30 პროცენტი 1976 წელს უკვე აღარ არსებობდა (Hopper,Susser and Conover, 1985) და ერთ-ერთი გაანგარიშებით შეერთებული შტატებში ამ პერიოდში 38 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგა (Snow and Andersen, 1993). ასევე, გამოწვეული სტრუქტურული უმუშევრობის ფონზე, უცნობია რამდენმა ადამიანმა გააგრძელა ცხოვრება უბინაოდ. (Burt,1997).
პოსტ-ინდუსტრიული დასაქმების კიდევ ერთი ნეგატიური შედეგი -სამუშაო ბაზრის პოლარიზაცია (ე.წ. „კარგ“ და „ცუდ“ სამუშაო ადგილებს შორის განსხვავების ზრდა) მკვლევრების აქტიური განხილვის საგანია.
უხეშად რომ განვმარტოთ, „კარგია“ სამუშაო, რომელიც დასაქმებულს ადეკვატურ ანაზღაურებასა და ბენეფიტებს სთავაზობს, შრომის დაცულობისა და დასაქმების სტაბილურობის ხარისხი მაღალია, არსებობს ღირსეული შრომის პირობები და წინსვლის შესაძლებლობა. „ცუდი“ სამუშაო ამის საპირისპირო, ცუდად ანაზღაურებადი, დაუცველი, დაბალკვალიფიციური, დროებითი, არასტაბილური დასაქმებაა, რომელიც ოჯახისათვის სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნას ვერ უზრუნველყოფს. ინდუსტრიული დასაქმებისგან განსხვავებით სერვის ეკონომიკას „ცუდი“ სამუშაო ადგილების წარმოება ახასიათებს. კიდევ უფრო სამწუხარო ფაქტია, რომ ამგვარ დასაქმებას გენდერული და კლასობრივი განზომილებები აქვს და უმცირესობის, ქალების, ახალგაზრდების, მიგრანტების და დაბალი შემოსავლის ოჯახები მსგავს დასაქმებაში ჩართვის რისკ ჯგუფს წარმოადგენენ. თუმცა ესპინგ ანდერსენის აზრით (1999), მთავარი ტრაგედია არაასეთი დასაქმება, არამედ ამგვარ შრომაში ხანგძლივად ჩაბმაა, როდესაც ასეთი სამსახური ხდება ოჯახის მთავარი შემოსავალი, მისგან თავის დაღწევა რთულდება (მათ შორის შემდგომი თაობისთვისაც).
დეინდუსტრიალიზაციასთან ერთად სამუშაო ძალის პოლარიზაცია ტექნოლოგიურმა პროგრესმა გაამძაფრა[4]. შრომის ბაზარზე მოთხოვნა გაიზარდა მაღალი კვალიფიკაციის კადრებზე, ხოლო დაბალი კვალიფიკაციისა და ნაკლები გამოცდილების მუშახელზე ისედაც შემცირებული მოთხოვნა შრომის „აუთსორსინგმა“ კიდევ უფრო გაამძაფრა. შრომისა და ტექნოლოგიური ცვლილებებით გამოწვეული უნარების პოლარიზაცია სამეცნიერო ლიტერატურაში 80-იანი წლებიდან მოყოლებული შემოსავლების უთანასწორობის რადიკალური ზრდის ერთერთ მიზეზად სახელდება. ამ ტენდენციის სოციალური შედეგები საცხოვრებელი გარემოს ხარისხისა და მოხმარების უთანასწორობაში ადვილი დასანახია. შემოსავლების უთანასწორობამ სიღარიბესთან ახლოს და სიღარიბეში მყოფ შინამეურნეობათა რიცხვი გაზარდა, საბინაო ფასების გაზრდის ფონზე მათ ნაწილს საცხოვრებლის გაუარესებულ პირობებზე დათანხმება და რადიკალურ შემთხვევებში კი მის გარეშე დარჩნენა მოუწიათ.
დეინდუსტრიალიზაციას, შრომის ბაზრისა და შემოსავლების პოლარიზაციას სივრცითი ცვლილებებიც მოჰყვა, მკვლევართა მტკიცებით (Marcuse, 1989) ქალაქის ეკონომიკის ცვლილება ურბანული სივრცის რესტრუქტურიზაციაში აისახა, ფინანსურმა და სერვის სექტორმა აითვისა, განაახლა და საკუთარ ცენტრად აქცია ქალაქის ცენტრალური უბნები, საჯარო სივრცეები და საცხოვრებელი ტერიტორიები. ინდუსტრიული კვანძებიდან ქალაქები კომერციულ და ფინანსურ ცენტრებად გადაიქცნენ, ხოლო მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო პროფესიული და ტექნიკური მუშახელი დამქირავებელთა ახალ კლასად მოევლინა ქალაქს. მათი საცხოვრებელი და რეკრეაციული მოთხოვნების ფონზე მიმდებარე საცხოვრებელი და საჯარო სივრცეები - მათ შორის ტრადიციულად მუშათა კლასითა და ღარიბი სამეზობლოებით დასახლებული ტერიტორია სპეკულაციური ინტერესების საგანი გახდა, ხშირად ამას თან სდევდა ძველი ინდუსტრიული შენობა-ნაგებობების არტისტების სავანედ ქცევა („კულტურული რევიტალიზაცია“), შედეგად ამ ადგილებში აწ უკვე მაღალი მიმზიდველობის საცხოვრებლის ფასი და ქირა გაიზარდა, რასაც მუშათა კლასისა და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები ვეღარ გაწვდნენ. წარსულში ხელმისაწვდომმა საცხოვრებელმა უფრო ძვირადღირებულ გასაქირავებელ კატეგორიაში გადაინაცვლა. მაცხოვრებლების ნაწილს ადგილის დატოვება ან დარჩენილი, მწირად ხელმისაწვდომი საცხოვრებლისთვის კონკურენციაში ჩაბმა უწევთ, საბოლოო ანგარიშით ეს ან ქუჩაში დარჩენით ან ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მყოფი საცხოვრებლის ათვისებით მთავრდება. „საჯარო სფერო თავისუფალი დროის სახალისოდ გატარებისა (მათთვის ვისაც დრო და ფული აქვს) და ხეტიალის (მათთვის ვინც განახლებული/გალამაზებული საჯარო სივრცის ფუნქციურ დანიშნულებაში ვერ ხვდება) სივრცედ ტრანსფორმირდა“ (კასტელსი, 1985). ეს პროცესები უსახლკარობასა და არასათანადო საცხოვრისის პრობლემაზეც აისახა. გენტრიფიკაცია[5] და ქალაქის რესტრუქტურიზაცია უსახლკარობასთან პირდაპირ კავშირში არ განხილულა, მაგრამ მოვლენებს შორის კავშირი სავარაუდოდ არსებობს და კვლევისათვის თავისუფალ ნიშას წარმოადგენს.
უსახლკაროთა რაოდენობის გაზრდის კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი მთავრობის სოციალური დანახარჯების შემცირებაა, რაც ნეგატიურად აისახება ადამიანისა და ოჯახების დეკომოდიფიკაციის ხარისხზე. ესპინგ ანდერსენის მიხედვით (1990) დეკომოდიფიკაცია კეთილდღეობის სახელმწიფოს ცენტრალური მახასიათებელია და მიუთითებს იმ ხარისხზე, რომლითაც ადამიანებს შრომის ბაზარზე დამოკიდებულების გარეშე ცხოვრების სტანდარტის შენარჩუნება შეუძლიათ. კეთილდღეობის სახელმწიფოს იდეოლოგიურ საფუძველში დევს იმის აღიარება, რომ სახელმწიფოს აქვს მოქალაქეთათვის კეთილდღეობის უზრუნველყოფის ვალდებულება და პასუხისმგებლობა, ხოლო მოქალაქეებს კეთილდღეობის ქონის სოციალური უფლება. სახელმწიფო დეკომოდიფიკაციას კეთილდღეობის ტრანსფერებისა და სოციალური სერვისების მიწოდებით უზუნველყოფს. მაგალითად, ავადმყოფობის, უმუშევრობის, მშობიარობის თუ სიბერის გამო მუშაობის შეწყვეტის დროს, სახელმწიფო საკუთარი მოქალაქისთვის კეთილდღეობის მიწოდებას ავადმყოფობის დაზღვევის, უმუშევრობის ბენეფიტების, დეკრეტული ანაზღაურებისა თუ პენსიის საშუალებით ახორციელებს. სამწუხაროდ, 80-იანი წლებიდან კეთილდღეობის სახელმწიფოებმა სოციალური დანახარჯის შემცირება დაიწყეს, ამას ავტორების ნაწილი რეკომოდიფიკაციას უწოდებს (Palme, Palier, Morel, 2012). არაერთი კვლევა (Spetter,1996, Loopstra და სხ., 2015) ამტკიცებს, რომ მომჭირნეობის პოლიტიკების გავლენით, სოციალურ სერვისებსა და კეთილდღეობის ბენეფიტებზე თანხების ჩამოჭრამ გასული 10 წლის განმავლობაში უსახლკაროთა რაოდენობა გაზარდა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემი დიდ ბრიტანეთში იყო, სადაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დანახარჯების 10 პროცენტით შემცირება 0.83%-ით ზრდიდა უსახლკარობის შესახებ განაცხადებს ყოველ 1000 ოჯახზე (Loopstra & სხ.,2015). ადგილობრივ დონეზე სოციალურ და საცხოვრებლის დახმარებებზე, ხოლო ცენტრალური ბიუჯეტიდან საპენსიო დანახარჯების შემცირება ავტომატურად იწვევს უსახლკარობის ზრდას. რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის პირველ სამ წელში უსახლკაროთა რაოდენობა 90 000-ით გაიზარდა (Hopper,Susser and Conover, 1985). სახელმწიფო დანახარჯების შემცირება ყველაზე დიდ გავლენას ღარიბ, სახელმწიფოს კეთილდღეობის ტრანსფერებზე დამოკიდებულ მოსახლეობაზე ახდენს გავლენას, ასევე დროებითი ნეგატიური ცხოვრებისეული მოვლენები (უმუშევრობა, ავადმყოფობა) სახელმწიფოს დეკომოდიფიკაციური პოლიტიკების შესუსტების გამო შესაძლოა ცხოვრების შანსების პერმანენტულ განმსაზღვრელად გადაიქცეს.
კეთილდღეობის განსხვავებული რეჟიმები და მათი პასუხი უსახლკარობის პრობლემას
მკვლევართა ნაწილის მტკიცებით კეთილდღეობის რეჟიმების განსხვავება, მათი განსხვავებული სიღარიბის, უთანასწორობის და სოციალური ექსკლუზიის ხარისხი უსახლკარობის ფორმებსა და მასშტაბსაც გარკვეულწილად განსაზღვრავს. შესაბამისად ესპინგ ანდერსენის კეთილდღეობის რეჟიმების კლასიკური ტიპოლოგიის[6] გავლენით უსახლკარობის მასშტაბის შესადარებლად შედარებითი კვლევების არაერთი მცდელობა ყოფილა, თუმცა სისტემური კვლევა დეფიციტურია. ემპირიული კვლევების ჩატარებას სტანდარტიზებული მონაცემების ნაკლებობა უშლის ხელს. ხშირ შემთხვევაში მონაცემთა შეგროვებისას უსახლკარობის განსაზღვრება განსხვავდება, ნაწილ შემთხვევებში უსახლკარობა ქუჩაში ან დროებით თავშესაფარში ცხოვრებაზეა დაყვანილი, ნაწილში კი უფრო ფართო ჯგუფს მოიცავს (მაგ. ციხეში და ინსტიტუციებში მცხოვრები სახლის არ მქონე ინდივიდები, ნათესავებთან და მეგობრებთან მცხოვრები ოჯახები და ა.შ.).
მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა უსახლკარობის მასშტაბი და ბუნება, სავარაუდოა, რომ კეთილდღეობის რეჟიმებთან კავშირშია. კეთილდღეობის სახელმწიფო, რომელსაც შედარებით მაღალი სიღარიბისა და უთანასწორობის მაჩვენებელი აქვს არა მხოლოდ დიდი რაოდენობით უსახლკარობას აწარმოებს, არამედ უსახლკარობის იმგვარ შემთხვევებს, როდესაც დამდგარი შედეგი სტუქტურული პრობლემებით და სოციალური გარიყულობითაა გამოწვეული და არა ინდივიდუალური უპასუხისმგებლობით. ამგვარადვე, ის ქვეყნები, რომლებსაც დაბალი უთანაწორობისა და სიღარიბის მაჩვენებელი აქვს ტრადიციულად დაბალი უსახლკარობის ქვეყნებია, ხოლო ამ ქვეყნებში უსახლკარო მოსახლეობის დიდი ნაწილი სამედიცინო პრობლემების თუ ადიქციის (დამოკიდებულების) მსხვერპლია. უხეშად, რომ ვთქვათ ლიბერალური კეთილდღეობის სახელმწიფოები მიდრეკილნი არიან სოციალური მარგინალიზების სხვადასხვა ფორმების სტრუქტურულად წარმოებისკენ, სოციალ-დემოკრატიული ქვეყნებში კი უსახლკარობის დიდ ნაწილში ინდივიდუალური პრობლემები ჭარბობს (Stephens and Fitzpatrick, 2007).
კეთილდღეობის სახელმწიფოს საბინაო სისტემას ძლიერი დეკომოდიფიკაციური ეფექტის შექმნა შეუძლია (O’Sullivan, 2004). მაგალითად, საბინაო სუბსიდირება დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის და სოციალური გაქირავების სექტორის მასშტაბი უსახლკარობის შემთხვევებს ამცირებს.[7] „მიუხედავად იმისა, რომ კეთილდღეობის რეჟიმებს, საბინაო პოლიტიკასა და უსახლკარობას შორის მონაცემთან არ ქონის გამო კავშირის დადგენა ვერ ხერხდება, ცალკეული ქვეყნების კვლევები აჩვენებენ, რომ კეთილდღეობის რეჟიმს დიდი გავლენა აქვს უსახლკარობის შედეგის დადგომაზე - უსახლკარობის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისათვის სოციალური დაცვის მექანიზმები ყველაზე მეტად სოციალ-დემოკრატიულ და ჰიბრიდულ რეჟიმებშია განვითარებული (შვედეთი, ნიდერლანდები)“ (Stephens, 2010, გვ:.257).
ავტორთა მტკიცებით უსახლკარობის სტატუტორული განსაზღვრება და უფლებაზე (დამსახურებაზე) დაფუძნებული საბინაო პოლიტიკები ლიბერალური რეჟიმისთვისაა დამახასიათებელი, ხოლო მოწყვლად ჯგუფებზე კონცენტრირება და ინტერვენციული პოლიტიკები სოციალ-დემოკრატიული რეჟიმისათვისაა ტიპური (Benjaminsen, 2009). თუ პირველ შემთხვევაში მიზნობრივ პოლიტიკებთან გვაქვს საქმე, მეორეში პრევენციულთან (აქ პოლიტიკის ცენტრში გამოსახლებების თავიდან აცილება დგას, რიგ შემთხვევებში ბავშვიანი ოჯახების გამოსახლება არ შეიძლება). რამდენადაც სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკები ეფექტურია (სტატისტიკას თუ დავუჯერებთ) იმდენად მკაცრია ქცევითი დევიაციისადმი და მოქალაქეს ალკოჰოლზე თუ სხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულების მკურნალობას საცხოვრებლით უზრუნველყოფის წინაპირობად უყენებს. ასევე, რამდენადაც სოციალ-დემოკრატიული მოდელი უნივერსალური, მით მეტად ითხოვს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას. გულუხვი კეთილდღეობის რეჟიმები ფისკალურად და ეთიკურად სრულ დასაქმებაზეა დაფუძნებული, ამგვარი გაგებით დაუსაქმებელი მოქალაქე უნდა დასაქმდეს, დევიაციური ბუნება კი კულტურულ კონფორმიზმად ტრანსფორმირდეს.
მიუხედავად რაოდენობრივი და თვისებრივი განსხვავებისა საბინაო პოლიტიკა დეკომოდიფიკაციური პოლიტიკის ყველაზე სუსტი წერტილია (Torgersen, 1987). მიუხედავად იმისა, რომ განსაზღვრების თანახმად საბინაო მიწოდება კეთილდღეობის სახელმწიფოს ფუნქციებში ადგილს იმსახურებს, ხშირად უგულვებელყოფილი და დავიწყებულია. ბრიტანელი სოციოლოგი თომას მარშალი მის ცნობილ ნაშრომში „სოციალური პოლიტიკა“ აღიარებს, რომ საბინაო მომსახურება კეთილდღეობის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სფეროშია, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ეს პასუხისმგებლობები არასდროს არ დაკონკრეტებულა და უზრუნველყოფილ (enforceable) უფლებად არ ქცეულა. ალბათ ამის შედეგია, რომ საბოლოო ჯამში კეთილდღეობის რეჟიმები განსხვავებული სოციალური მიდგომების მიუხედავად უსახლკარობის პოლიტიკების მიმართ ლოგიკურ კავშირს უფრო ნაკლებად ამჟღავნებენ[8], არსებობს პოლიტიკების ვარიაცია თავად რეჟიმის შიგნით[9] და არსებობს მსგავსებები რეჟიმებს შორის. არც ერთ დასავლურ ევროპულ რეჟიმში ადამიანის საცხოვრებელი სახელმწიფოს სოციალურ პასუხისმგებლობად არ განხილულა, ის ყოველთვის იყო შესასყიდი საქონელი და სახელმწიფოს ინტერვენციული პოლიტიკები მხოლოდ საბაზრო და ინდივიდუალური კრიზისის დროს აქტიურდებოდა.
უსახლკარობის პრობლემა საქართველოში
საქართველოში უსახლკარობის პრობლემა პოლიტიკური დღის წესრიგის საგანი ჯერ არ გამხდარა. ჯერჯერობით საკანონმდებლო დონეზე არ არსებობს განსაზღვრება თუ ვინ ითვლება უსახლკაროდ, არ არსებობს სტატისტიკა, შესაბამისად არ ვიცით რა იწვევს საცხოვრებლის გარეშე დარჩენას - სტრუქტურული თუ ინდივიდუალური პრობლემები. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 10 000 ადამიანს 400-მდე ობიექტი აქვს დაკავებული. ამას თუ ჭერის გარეშე, დროებით თავშესაფრებში, რეზიდენტული ზრუნვის ინსტიტუციებში, ან ნათესავებთან მცხოვრებ ადამიანებსა და ოჯახებსაც თუ დავუმატებთ ეს რიცხვი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად გაიზრდება. ზემოთ აღწერილი სიტუაცია დასავლეთ ევროპის პოსტ-ინდუსტრიული ქვეყნების მდგომარეობის (ზედაპირული) აღწერაა, მათთან საქართველოს პარალელის გავლება მეთოდოლოგიურად მცდარია განსხვავებული ისტორიული, ეკონომიკური და პოლიტიკური პირობების გამო, თუმცა შეგვიძლია გარკვეული მსგავსების დანახვა ცენტრალური ევროპის პოსტ-სოციალისტურ ქვეყნებთან, სადაც უსახლკარობის ყველაზე დიდი გამომწვევი ვალებისა და უმუშევრობის გამო გამოსახლებებია, ასევე უსახლკარობის პერსპექტივა აქვთ ყოფილ პატიმრებსა და ბავშვთა სახლებში გაზრდილ მოზარდებს (იხ. ვიდეო https://www.youtube.com/watch?v=WrSUWHpg5_A ). ფიცპატრიკის (2007) კვლევის მიხედვით, შრომის ბაზრის მდგომარეობა (უმუშევრობა და დაბალი ხელფასები) და ხელმისაწვდომი საცხოვრებლის არარსებობა განსაკუთრებით პრობლემურ სიტუაციას უნგრეთში ქმნის, სავარაუდოა, რომ საქართველოშიც შრომის ბაზარი და საცხოვრებლის ფასები უსახლკარობის სტრუქტურული მიზეზია.
ასევე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკური განაცხადები საქართველოს ტურიზმის, სერვისის ეკონომიკისა თუ იაფი მუშახელის ქვეყნად ჩამოყალიბების შესახებ ნამდვილად არ უშველის უსახლკარობის პრობლემას შრომის ბაზრის პოლარიზაციისა და დაბალანაზღაურებადი, „ცუდი“ სამუშაო ადგილების შექმნით. ასევე პრობლემად რჩება მწირი სოციალური დანახარჯები, განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე და მისი კიდევ უფრო შემცირების შესახებ დისკუსიები, რეგიონში ყველაზე მაღალი უთანასწორობა, შედარებითი სიღარიბის დონე[10] (განსაკუთრებით, ბავშვებში) და დეკომოდიფიკაციის დაბალი ხარისხი. მაღალჩინოსანთა განცხადებები (იხ. ეკონომიკის მინისტრის ინტერვიუ გადაცემა „არჩევანში“ https://www.youtube.com/watch?v=00RFsf7Ilhs ) კი მიუთითებენ, რომ ამჟამად პოლიტიკური ელიტა მოქალაქეთა კეთილდღეობას სახელმწიფოს სოციალურ პასუხისმგებლობად ნაკლებად მიიჩნევს და საკუთარი მოვალეობების ვიწრო არეალს დამსაქმებელთათვის უფრო ხელსაყრელი პირობების შექმნაში ხედავს (იგულისხმება, რომ ასეთ შემთხვევაში დასაქმება გაიზრდება)[11], შესაბამისად საქართველოში ადამიანის კეთილდღეობა მისი დასაქმებიდან, ე.ი ბაზრიდან, უფრო სწორად კი დამსაქმებლიდან (და არა სახელწიფოსგან) მოდის.
დასკვნის ნაცვლად
ფაქტია და ამას მკვლევრებიც (Marcuse, 1978) აღნიშნავენ, რომ 80-იანი წლებიდან დაწყებული სოციალური და ეკონომიკური ცვლილებების ფონზე საცხოვრებლის საფასურის გაზრდამ და მისმა სრულად გასაქონლებამ უსახლკარობის ზრდა გამოიწვია. სამწუხაროდ, ამის პარალელურად უმეტეს დასავლურ პოსტ-ინდუსტრიულ ქვეყანაში უსახლკაროთა დახმარების პროგრამები სოციალურად მასტიგმატიზებელი და პოლიტიკურად სუსტი ხდება, წახალისებულია კერძო მფლობელობა, შეზღუდულია ნახევრად სოციალიზებული საცხოვრებლები (semi-socialised rental housing) (Harloe,1982). საბინაო უზრუნველყოფა მისი სასაქონლო ბუნების გამო საცხოვრებლის მოთხოვნილების დაკმაყოფილების ნაცვლად სულ უფრო და უფრო ხდება სოციალური უთანასწორობის ელემენტი და მაწარმოებელი.
არსებულ კონტექსტში ნებისმიერი პოლიტიკის საფუძველში უნდა იდოს იმის აღიარება, რომ უსახლკარობა, ისევე როგორც სიღარიბე და სოციალური გარიყულობის სხვა ფორმები, ინდივიდუალური წარუმატებლობით შექმნილი პრობლემა არ არის, მას სტრუქტურული საფუძველები აქვს, რომელიც არათუ კერძო ინდივიდის შესაძლებლობებს მიღმა გადის და არამედ განსაზღვრავს კიდეც მათ. სკანდინავიური პოლიტიკების წარმატება სწორედ ამ სტრუქტურული პრობლემების აღიარებასა და ტრადიციულად ძლიერ სოციალურ დაცვის სისტემაზე დგას. მათი პოლიტიკის ცენტრში ამ პრობლემების მიმართ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების უსახლკარობის პრევენციაა. ის შემთხვევები, როდესაც სოციალ-დემოკრატიულ რეჟიმებში უსახლკარობის პრობლემა მაინც იჩენს თავს, მიუთითებს იმაზე, რომ სტრუქტურული პრობლემები ინდივიდუალური ფაქტორებითაა გამწვავებული. გულუბრყვილობაა იმის მტკიცება, რომ აბსოლუტურად წარმატებული პოლიტიკები არსებობს, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვამტკიცოთ თუ შრომის ბაზარი და სოციალური დაცვის სისტემის სიმწირე უსახლკაროთა ახალი მასის წარმოებას არ შეწყვეტს, უფრო მეტი და დიდი თავშესაფრების აშენება უსახლკარობას არ შეამცირებს. მხოლოდ მარგინალიზების სტრუქტურული მიზეზების აღიარების შემდეგაა შესაძლებელი ვისაუბროთ საბინაო უზრუნველყოფის თუნდაც ნაწილობრივ დეკომოდიფიკაციაზე, ხოლო რადიკალურ ალტერნატივაში საბინაო პროდუქციისა და განაწილების საბაზრო მექანიზმების სრულ გაუქმებაზე.
ხოლო მათ, ვისაც (ჩვენს ქვეყანაში) ნებისმიერი რადიკალური ალტერნატივა სამყაროს დასასრულად მიაჩნია, ავტორები (Marcuse, 1987) ურჩევენ უსახლკარობის ზრდასა და საბინაო კრიზისს ფართო კონტექსტში შეხედონ. როდესაც საცხოვრებელი ექსკლუზიურად საქონლადაა გაგებული და მხოლოდ პრივილეგირებულთა მოთხოვნილებებს ემსახურება, ხოლო ეკონომიკის არაპროდუქტიული სექტორის ზრდის პარალელურად მაღალი უმუშევრობის ფონზე შრომის ბაზარზე უფრო და უფრო მეტ ადამიანს აიძულებენ დაბალი ანაზღაურებით ხანგძლივად მუშაობას, უსახლკარობის და საბინაო მომსახურების ვერც ერთი პოლიტიკა (თუ პოლიტიკის არ არსებობა) ვერ იქნება წარმატებული თუ პრობლემის ყველა მხარეს არ მოიცავს და მის სტრუქტურულ საფუძვლებს უგულვებელყოფს.
გამოყენებული ლიტერატურა:
Anderson I & Christian R (2003). Causes of Homelessness in the UK: A Dynamic Analysis, Journal of Community & Applied Social Psychology, 13: 105–118;
Benjaminsen L & Dyb E (2008). The Effectiveness of Homeless Policies – Variations among the Scandinavian Countries, European Journal of Homelessness, 2: 45-67;
Benjaminsen L, Dyb E and O’Sullivan E (2009). The Governance of Homelessness in Liberal and Social Democratic Welfare Regimes : National Strategies and Models of Intervention, European Journal of Homelessness, 3: 23-50;
Burt R.M (1997). Causes of the Growth of Homelessness During the 1980s, Housing Policy Debate, 2: 169-203
Esping Anderden G (1990). The Three Worlds of Welfare Capitalism, Princeton University Press;
Esping Andersen G (1999). Social Foundations of Postindustrial Economies, Oxford;
Fitzpatrick S and Stephens M (2007). An International Review of Homelessness and Social Housing Policy Centre for Housing Policy, University of York;
Folin M (1987). Housing Policies in West European Countries: The Beginning, Scandinavian Housing and Planning Research, 4:214-231;
Hopper K, Susser E & Conover S (1985). Economies of Makeshift: Deindustrialization and Homelessness In New York, Urban Anthropology and Studies of Cultural Systems and World Economic Development, 14: 182-229;
Loopstra R et al (2015). The impact of economic downturns and budget cuts on homelessness claim rates across 323 local authorities in England, 2004-12, Oxford University Press;
Lyon-Callo V (2000). Medicalizing Homelessness: The Production of Self-Blame and Self-Governing within Homeless Shelters Medical Anthropology Quarterly, 14: 328-345;
Marcuse P (1989).Gentrification, homelessness, and the work process: Housing markets and labour markets in the quartered city, Housing Studies, 4: 211-220;
O’Sullivan E (2004), Welfare States and Homelessness, Homelessness Research in Europe;
Snow A. D & Anderson L (1993). Down on Their Luck: A Study of Homeless Street People, University of California Press;
Spetter C.V (1996). As Government Assistance Decreases, Homelessness Increases: A Closer Look at Welfare, Housing and Homelessness, Journal of Law and Social Change, 3:110-140;
Torgersen U (1987). Housing: the Wobbly Pillar under the Welfare State, Scandinavian Housing and Planning Research, 4: 116-126.
[1] საქართველოში გავრცელებული ტერმინი „უკანონოდ შეჭრილი“ უსახლკარობის და მისი შედეგების კრიმინალიზების მაგალითია.
[2] “უკანონობაა ქუჩის დაბინძურება, ქუჩაში ძილი ადამიანებისთვის აკრძალული უნდა იყოს. საზოგადოებრივი წესრიგისა და ჰიგიენის საკითხია, რომ ეს ადამიანები სხვაგან გადაიყვანონ. არ დააპატიმრონ, უბრალოდ მხედველობის არეალს მოაშორონ“ - ჯორჯ ვილი, ამერიკელი კონსერვატორი პოლიტიკური კომენტატორი.
[3] Life chances - მიუთითებს იმ შესაძლებლობებზე, რომლითაც ადამიანებს საკუთარი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება შეუძლიათ.
[4] იხ.: Skill Biased Technological Change
[5] გენტრიფიკაცია/Gentrification - საცხოვრებელი და საჯარო ტერიტორიების განახლება და გაუმჯობესება საშუალო კლასის მოთხოვნების შესაბამისად
[6] გოსტა ესპინგ ანდერსენი კეთილდღეობის სამ რეჟიმს გამოყოფს: ლიბერალურს (ანგლო-საქსონური ქვეყნები), კორპორატივისტულს-კონსერვატულსა (კონტინენტური ევროპა) და სოციალ-დემოკრატიულს (სკანდინავიური ქვეყნები). იხ.: The Three Worlds of Welfare Capitalism, 1990.
[7] მიუხედავად იმისა რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს და დიდ ბრიტანეთს მაღალი უთანასწორობისა და სიღარიბის მაჩვენებლები აქვს, ბრიტანეთში უსახლკაროთა რაოდენობა გაცილებით მცირეა social rented housing-ის არსებობის გამო (Fitzpatrick & Stephens, 2007).
[8] იგულისხმება, რომ განსხვავებულ რეჟიმებს აქვთ მათთვის დამახასიათებელი სოციალური პოლიტიკის ელემენტი, სოციალ-დემოკრატიული რეჟიმი უნივერსალისტურ სოციალ დაცვის სისტემაზე დგას, ლიბერალური მიზნობრივზე, კორპორატივისტული ოკუპაციურზე. ეს განსხვავებები უსახლკარობის პოლიტიკებში უფრო ნაკლებად იკითხება, ვიდრე სხვა სოციალურ პროგრამებში.
[9] მაგ.: ნორვეგია სოციალ-დემოკრატიული რეჟიმებში კერძო მფლობელების ქვეყანაა (დაახ.80%), შვედეთსა და დანიას შედარებით ნაკლები კერძო მფლობელობა აქვს.
[10] სიღარიბის ერთერთი ინდიკატორი და მიუთითებს ქვეყნის საშუალო ხელფასის გარკვეული პროცენტის ქვემოთ შემოსავლის მქონე ინდივიდთა რაოდენობაზე.
[11] „განა თქვენ არ მოისმინეთ, როგორ საქმდება ხალხი? კერძო ბიზნესმა უნდა დაასაქმოს ხალხი. როგორ საქმდება კერძო ბიზნესში ხალხი? დილით იღვიძებს კერძო მეწარმე და იღებს გადაწყვეტილებას: მე დღეს მინდა გავხსნა ახალი ბიზნესი, მე მინდა გავაკეთო საქმე და შემდეგ დავასაქმო ვიღაცა“ -ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გადაცემა „არჩევანში“.
ინსტრუქცია