[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / თვალსაზრისი

უნგრულ-ქართული პარადოქსი

გიორგი ყიფიანი - პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ევროკავშირის გაფართოების პროცესში მონაწილე ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა კავშირის შიგნით გულშემატკივარი აქტორის ძებნა. ამით წევრობის მსურველი ქვეყნები ცდილობენ მათი გაწევრების საკითხი აქტუალური გახადონ ევროკავშირის დღის წესრიგში. თავად წევრ ქვეყნებს განსხვავებული ინტერესები და მიდგომები აქვთ ასეთი მხარდაჭერისათვის. მაგალითად, შვედეთი ცნობილია გაფართოებისადმი თავისი ფართოდ პოზიტიური დამოკიდებულებით და აქტიურად ინტერესდება ამ პროცესში მონაწილე თითქმის ყველა ქვეყნით. ავსტრია განსაკუთრებით დაინტერესებულია თავისი უახლოესი სამეზობლოთი - დასავლეთ ბალკანური ქვეყნებით. ხოლო რუმინეთი, ენობრივი და კულტურული სიახლოვის გამო, გულშემატკივრობს მოლდოვას. რა თქმა უნდა, ამგვარი მხარდაჭერა არ ყოფილა გაფართოების პროცესში მონაწილე ქვეყნის წარმატების უპირობო გარანტი და კონკრეტული განმცხადებელი ქვეყნის პროგრესი საბოლოოდ დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომით განისაზღვრებოდა[i].

მიუხედავად ზემოთ აღწერილი გულშემატკივრობის მრავალფეროვანი საფუძვლებისა (ეთნიკური სიახლოვე, გეოპოლიტიკა და სხვ.), 2022 წლამდე გაფართოების პროცესის მრავალწლიან ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, წევრ და მის მიერ მხარდაჭერილ განმცხადებელ ქვეყნებს საერთო კოპენჰაგენის კრიტერიუმები უგულებელეყოთ. 

2022 წელს, საქართველოს პირველი მცდელობა, მოეპოვებინა კანდიდატის სტატუსი, წარუმატებელი აღმოჩნდა. საქართველოს ხელისუფლებამ, მიუხედავად ქვეყანაში ბოლო წლებში დემოკრატიული რეფორმების სტაგნაციისა და ზოგ შემთხვევაში, უკუსვლისა, გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნია. ამ წლის მიწურულს უნგრეთის ლიდერმა ვიქტორ ორბანმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას, სადაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას მოეწერა ხელი, კანდიდატის სტატუსის მიუნიჭებლობას „დისკრიმინაციული“ და „ამორალური“ უწოდა. 2023 წელს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა Forbes საქართველოსთან ინტერვიუში[ii] უნგრეთის ხედვაზე უფრო კონკრეტულად ისაუბრა. პეტერ სიიარტომ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს, ანუ იმ რეფორმებს, რომელთა შესრულებაც ქვეყნის გაწევრებისთვის არსებული კრიტერიუმების შესრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, მისთვის უმნიშვნელო და სიგიჟე უწოდა. საქართველომ საკუთარი გულშემატკივარი იპოვა.

გაფართოებისადმი ორბანის ხელისუფლების ტრადიციულისგან რადიკალურად განსხვავებული მიდგომის პრობლემურობის დასანახად მნიშვნელოვანია განვიხილოთ 20 წლის წინანდელი მოვლენები. ევროკავშირის 2004 წლის გაფართოება ბლოკისთვის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყანა[iii] რეკორდული და ერთ-ერთი საბოლოო გაფართოების მონაწილე გახდა. გაფართოების ამ ტალღამ ევროკავშირისთვის რამდენიმე გამოწვევა წარმოაჩინა, მათ შორის პირობითობის იმდროინდელი  მექანიზმების არაეფექტიანობა დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

ვიქტორ ორბანი პირველად ხელისუფლებაში 1998 წელს მოვიდა, უნგრეთთან ევროკავშირის მოლაპარაკებების გახსნიდან სულ რამდენიმე თვეში. მომდევნო ოთხ წელიწადში ორბანი გამოირჩეოდა თავისი პროევროპული პოზიციონირებით: გარდა გაწევრების პროცესის მხარდასაჭერი საჯარო კამპანიებისა, მისი ხელისუფლება აქტიურად მუშაობდა კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესრულებაზე. 1998-2002 წლებში გატარებული რეფორმები მართლმსაჯულების და კანონის უზენაესობის კუთხით, შესაძლოა, კრიტიკულიც კი იყო იმ პროცესისთვის, რაც მომდევნო ორ წელიწადში უნგრეთის გაწევრებით დაგვირგვინდა.

უნგრეთმა დემოკრატიის მნიშვნელოვანი უკუსვლა 2010 წელს, ვიქტორ ორბანის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ დაიწყო. 2011 წელს სასწრაფოდ გატარდა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებები. დარტყმის მთავარი ობიექტი, პირველ რიგში, საკონსტიტუციო სასამართლო აღმოჩნდა. გაიზარდა მოსამართლეთა საერთო ოდენობა და ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი მოსამართლეების დანიშვნის გასამარტივებლად, შეიცვალა მათი ნომინირების პროცესი. მომდევნო წელს შემცირდა მოსამართლეთა საპენსიო ასაკი, რითაც მრავალი მოსამართლე მოულოდნელად სასამართლოს გარეთ აღმოჩნდა, ხოლო მათი ადგილები მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილმა მოსამართლეებმა შეავსეს. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ ამ შემთხვევაზე დარღვევა დაადგინა და უნგრეთს ყოფილი მოსამართლეებისათვის კომპენსაციის გადახდა დაევალა, მაგრამ არა მათი აღდგენა. 2012 წელს ასევე შეიცვალა საარჩევნო სისტემა, შეიცვალა საარჩევნო ოლქების დაფარვა, რითაც უპირატეს მდგომარეობაში მმართველი პარტიის, ფიდესის, მაჟორიტარი კანდიდატები აღმოჩნდნენ (ჯერიმანდერინგი). არჩევნების მაჟორიტარულ ნაწილში, ორ ტურში ხმების აბსოლუტური უმრავლესობით არჩევის ნაცვლად, საკმარისი გახდა ერთ ტურში მარტივი უმრავლესობის მოპოვება. ამ ცვლილებებმა ფიდესისთვის შესაძლებელი გახადა შეენარჩუნებინა საკონსტიტუციო უმრავლესობა ბოლო 14 წლის განმავლობაში - საპარლამენტო მანდატთა 2/3-ის ქონა ამომრჩეველთა ≈50%-იანი მხარდაჭერით.  2017 წელს უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი უცხოური მხარდაჭერის მქონე ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ უნგრეთს ამ კანონის გაუქმება დაავალა, კაპიტალის მიმოსვლის და გაერთიანების თავისუფლებების დარღვევის საფუძველზე.

თავად ორბანი ამ ცვლილებებს არალიბერალური დემოკრატიის შენებით ხსნის. არალიბერალური დემოკრატიის, როგორც პოლიტიკური წყობის, კონცეპტუალიზაცია შეუძლებელია მისი ზოგადი, დროთა განმავლობაში ცვალებადი და არათანმიმდევრული ბუნების გამო.

ორბანის თქმით, არალიბერალური დემოკრატიის მთავარი მიზნები ქრისტიანული და ტრადიციული იდენტობის და ღირებულებების დაცვა, სუვერენიტეტის განმტკიცებაა. გაცხადებული მიზნების განსახორციელებლად მან მოახდინა ძალაუფლების ცენტრალიზება, შეასუსტა სასამართლოს დამოუკიდებლობა,  მოახდინა მედიის უზურპაცია, ცენზურა ლგბტ თემზე და ა.შ. განსაკუთრებით საინტერესოა სუვერენიტეტის საკითხი. ორბანი ბრიუსელს უნგრეთის სუვერენიტეტში ჩარევისთვის აკრიტიკებს, თუმცა, ამავე დროს, უპრობლემოდ იღებს ბრიუსელიდან მომავალ, ევროპელ გადასახადის გადამხდელთა მილიარდობით ევროს[iv].

ევროპარლამენტი უნგრეთს პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების 12 სფეროში ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მეორე მუხლში გაწერილი ღირებულებების დარღვევაში ადანაშაულებს, მათ შორისაა: 1. საკონსტიტუციო და საარჩევნო სისტემა; 2. სასამართლოს დამოუკიდებლობა და მოსამართლეთა უფლებები; 3. კორუფცია და ინტერესთა კონფლიქტი; 4. პირადი ცხოვრების და მონაცემების დაცვა; 5. გამოხატვის თავისუფლება; 6. აკადემიური თავისუფლება; 7. რელიგიის თავისუფლება; 7. გაერთიანების თავისუფლება; 8. თანაბარი მოპყრობის უფლება; 10. უმცირესობათა უფლებები და მათი დაცვა; 11. მიგრანტთა, თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა უფლებები; 12. ეკონომიკური და სოციალური უფლებები.

ამჟამად ევროპული კომისიის მიერ გაყინულია უნგრეთისთვის განკუთვნილი დაახლოებით 11.5 მილიარდი ევრო კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის და სხვა დემოკრატიული სტანდარტების დარღვევის საფუძველზე, ხოლო 10.4 მილიარდი - კორუფციის, საჯარო შესყიდვების, აკადემიური თავისუფლების და სხვა პრობლემურ სფეროთა მიზეზით.

ევროპარლამენტმა 2018 წელს ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მეშვიდე მუხლი აამოქმედა, რაც ითვალისწინებს უნგრეთის მიერ ევროკავშირის ღირებულებების განგრძობითი დარღვევების საკითხის განხილვას ევროპულ საბჭოში. თუმცა, უნგრეთის წინააღმდეგ კონსენსუსის არარსებობის გამო, ამ მუხლით გათვალისწინებული არცერთი ტიპის სანქცია[v] ჯერჯერობით არ ამოქმედებულა. განგრძობითი ხასიათის დარღვევების დადგენის შემთხვევაში (რასაც 26 წევრი სახელმწიფოს შეთანხმება სჭირდება), შესაძლებელია წევრი ქვეყნისთვის ხმის მიცემის უფლების შეჩერება[vi]. 2022 წლის ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, უნგრეთი აღარ შეიძლება ჩაითვალოს სრულფასოვან დემოკრატიად და იგი გადაიქცა „არჩევითი ავტოკრატიის ჰიბრიდულ რეჟიმად“.

გარდა პროცედურული დავებისა, უნგრეთის დემოკრატიული უკუსვლა ხშირად გამხდარა ევროკავშირის და წევრი ქვეყნების ლიდერთა მწვავე კრიტიკის ობიექტი:
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის აზრით[1], ორბანი არა არალიბერალურ დემოკრატიას, არამედ ავადმყოფ დემოკრატიას აშენებს. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს აზრით[2], უნგრეთის ადგილი ევროკავშირში აღარ არის.

საქართველოს ფსონი უნგრეთზე?

წინა წლის დეკემბერში, ევროპული საბჭოს სამიტის მიმდინარეობისას, ევროპულმა კომისიამ უნგრეთისთვის გაყინული 10 მილიარდი ევროს გადაცემას მხარი დაუჭირა. ოფიციალურ მიზეზად უნგრეთის მიერ სასამართლო დამოუკიდებლობის პირობითობის შესრულება დასახელდა, არაოფიციალურად - ეს თანხა ორბანის მიერ უკრაინისთვის წევრობის მოლაპარაკებების გახსნის დაბლოკვის ასარიდებლად გაიცა.

ორბანის შანტაჟს უპასუხოდ არ ჩაუვლია: ევროპარლამენტი თანხის გაცემის გადაწყვეტილებისთვის ევროპულ კომისიას ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში უჩივის. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ინსტიტუტთაშორის დავაზე დარღვევას დაადგენს, ევროკომისია ვალდებული იქნება გაცემული თანხა უკან დაიბრუნოს. უნგრეთის წინააღმდეგობის შემთხვევაში, ამ 10 მილიარდი ევროს გამოქვითვა შესაძლებელი იქნება სხვა გასაცემი (მათ შორის, კანონის უზენაესობის საკითხებისგან განცალკევებული) თანხებიდან.

ამავე სამიტამდე ასევე იყო საუბარი შესაძლებლობაზე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უნგრეთს თავისი ვეტოს უფლების ინსტრუმენტალიზაციით უზრუნველყო[vii], რაც გულისხმობდა ორბანის პირობას, რომ იგი ჩააგდებდა უკრაინისათვის მოლაპარაკებების გახსნას იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სტატუსი არ მიენიჭებოდა.

უნგრეთის მიერ გამოყენებულ ვეტოს უფლებას ხშირად ახასიათებენ შანტაჟის ბერკეტად. ამ ბერკეტის გამოყენებით უნგრეთი ცდილობს სხვადასხვა დათმობის მოპოვებას, რაც ხშირად დანარჩენი 26 წევრი სახელმწიფოს პოზიციას ეწინააღმდეგება (მაგალითად, უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება) და მნიშვნელოვნად ართულებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს ევროკავშირში, აზიანებს მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას - ერთსულოვნებას.

უნგრეთის მიერ ევროკავშირის ღირებულებების უგულებელყოფას შესაბამისი ინსტიტუტები სათანადოდ ვერ უმკლავდებიან, რაც ასევე წარმოაჩენს გაფართოების პირობითობის სისუსტეს, უზრუნველყოს მდგრადი ლიბერალური დემოკრატია განმცხადებელ ქვეყანაში გაწევრების შემდგომ პერიოდში.

ეს აისახა გაწევრების მიმდინარე და სამომავლო პროცესებზე, კერძოდ, მნიშვნელოვნად შეიცვალა მოლაპარაკებათა თავების პროგრესის მაჩვენებელთა (ე.წ. Benchmark-თა) რაობა. თუ წინა გაფართოების ტალღებისას პირობათა დაკმაყოფილების მთავარი ინდიკატორი ევროკავშირის წესდებასთან საკანონმდებლო ჰარმონიზება იყო, ახლა ინდიკატორები ბევრად უფრო კომპლექსურია. მაგალითად, სერბეთის შემთხვევაში, 23-ე და 24-ე თავების[viii] პროგრესის მაჩვენებლების მხოლოდ მესამედი წარმოადგენს საკანონმდებლო ტიპის აქტივობას, სხვა ინდიკატორებია: მიღწევათა აღრიცხვა/მონაცემები (Track record), ინსტიტუტების ქმედუნარიანობის გაზრდა (მათ შორის, ბიუჯეტის ზრდა, თანამშრომელთა გადამზადება და თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდა) და ა.შ.[ix] ასეთი ტიპის ინდიკატორები, მართალია, ბევრად მეტადაა შედეგებზე ორიენტირებული, ვიდრე მხოლოდ საკანონმდებლო აქტივობების შეფასება, მაგრამ ამასთანავე, მათი შესრულება მეტად რთულიცაა. დასავლეთ ბალკანეთს და ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, უფრო რთული მოლაპარაკებების პროცესი აქვთ/ელით, ვიდრე წინა გაფართოების ტალღების წევრებს.

ქართული ოცნება, როგორც ჩანს, აპირებს შეუსრულებელი დატოვოს ევროკავშირის მიერ გამოკვეთილი 9 ნაბიჯი, თუ სხვა ნებისმიერი ისეთი პირობა, რაც მის ძალაუფლებას შეამცირებს, ხოლო ევროინტეგრაციის მიმართ დადებითად განწყობილი ამომრჩეველი დააკმაყოფილოს უნგრეთისგან მიღებული მხარდაჭერით. გარდა იმ პარადოქსულობისა, რომ საქართველოს გაწევრების ყველაზე დიდი მხარდამჭერი ევროკავშირის ყველაზე პრობლემური წევრია, ასეთი სტრატეგია გრძელვადიან პერიოდში პრაგმატულადაც გაუმართლებელია[x].

ეს პარადოქსული ალიანსი ნათლად გვაჩვენებს საქართველოს მიერ ჭეშმარიტი დემოკრატიული რეფორმების გატარების აუცილებლობას, ნაცვლად პრობლემური პარტნიორის დახმარებით გაწევრების პროცესში არარსებული მოკლე გზებით წარმატების ძიებისა. გრძელვადიან პესპექტივაში, ჭეშმარიტი პროგრესის და საქართველოს გაწევრების ლეგიტიმური საფუძვლის შექმნა მხოლოდ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვით არის შესაძლებელი.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] https://www.theparliamentmagazine.eu/news/article/eu-commission-vice-president-at-centre-of-hungary-rule-of-law-spat

[2] https://edition.cnn.com/2021/06/24/europe/hungary-eu-lgbt-mark-rutte-intl/index.html

[i] დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა (merit-based approach), გულისხმობს ისეთ მიდგომას, რომელიც ინდიკატორად  კოპენჰაგენის კრიტერიუმებს იყენებს.

[ii] https://forbes.ge/ungrethi-otsnebis-gariqhuli-megobari/

[iii] ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, კვიპროსი, მალტა.

[iv] უნგრეთი ევროკავშირის საბიუჯეტო პროგრამების ერთ-ერთი უმსხვილესი წმინდა მიმღებია. იგი ლიდერობს შემჭიდროების სახსრების (cohesion funds - ევროკავშირის პროგრამის, რომელიც ბლოკის შედარებით ღარიბ რეგიონებს აფინანსებს) ბენეფიციარებს შორის მთლიან ეროვნულ შემოსავალში ამ სახსრების წილის მიხედვით.

[v] ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მეშვიდე მუხლი გულისხმობს დამრღვევი წევრი ქვეყნისათვის გარკვეული უფლებების შეჩერებას, მათ შორის ხმის მიცემის უფლების დაკარგვას საბჭოში. გარდა ამ უკანასკნელისა, „გარკვეული უფლებები“ ღიაა ინტერპრეტაციისთვის და თავისუფლად შეიძლება მოიაზრებოდეს ევროკავშირის პოლიტიკათა მწარმოებელ სხვადასხვა ინსტიტუტში წევრი ქვეყნის წარმომადგენლის მონაწილეობა, საბიუჯეტო პროგრამებში მონაწილეობა და სხვა უფლება.

[vi][vi] მთლიანობაში, პროცესი შემდეგია: 1. მუხლის ამოქმედების შემდგომ, ევროპულ საბჭოს შეუძლია დაადგინოს ევროკავშირის ღირებულებების დარღვევის რისკი წევრ ქვეყანაში, რასაც საბჭოს 4/5-ის (მოპასუხე ქვეყნის გამოკლებით) თანხმობა სჭირდება, ამის შემდგომ შესაძლებელი ხდება თავად დარღვევათა დადგენა, რასაც ერთსულოვანი (მოპასუხე ქვეყნის გამოკლებით) გადაწყვეტილება სჭირდება და შესაძლებელი ხდება ისეთი მკაცრი სანქციის დაკისრება, როგორიცაა ხმის მიცემის უფლების შეჩერება მოპასუხე წევრი ქვეყნისათვის.

[vii] https://www.rferl.org/a/wider-europe-briefing-jozwiak-russia-sanctions-georgia-eu/32587238.html

[viii] 23-ე მართლმსაჯულების და ფუნდამენტური უფლებების და 24-ე სამართლის, თავისუფლების და უსაფრთხოების თავები ცენტრალური გახდა მოლაპარაკების პროცესისთვის.

[ix] (Marić & Bajić, 2018)

[x] თუ დავუშვებთ, რომ უნგრეთი მართლაც საქართველოს უპირობო მხარდამჭერია, მას გაწევრების პროცესში მოუწევს საკუთარი ბერკეტი მინიმუმ 73-ჯერ გამოიყენოს (მოლაპარაკებების გახსნა, პირველი სამთავრობოშორისო კონფერენცია, მოლაპარაკებათა 35 თავის გახსნა, მოლაპარაკებათა 35 თავის დახურვა, გაწევრების ხელშეკრულების მომზადება). ამის შემდგომ საქართველოს წევრობის ბედი ევროპარლამენტზე, ეროვნულ პარლამენტებსა და პოტენციურ ეროვნულ რეფერენდუმებზე იქნება დამოკიდებული.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“