[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ლგბტი უფლებები / განცხადება

ულტრანაციონალისტური ჯგუფების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე სახელმწიფოს არაეფექტიანი რეაგირება და პოლიტიკა - 2022 წლის შეფასება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს 2022 წელს, ულტრანაციონალისტური ჯგუფების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე სახელმწიფოს არაეფექტიანი რეაგირებისა და პოლიტიკის შეფასებას.

2022 წელს კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ულტრანაციონალისტური, ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან ჩადენილ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე სახელმწიფოს სათანადო რეაგირება. სახელმწიფოს არ გააჩნია არც ულტრანაციონალისტური ჯგუფებიდან მომდინარე ძალადობასთან გამკლავებისა და მათზე რეაგირების ეფექტიანი სამოქმედო გეგმა.

2021 წლის 5-6 ივლისს ულტრანაციონალისტური ჯგუფების წევრებმა და მხარდამჭერმა ,,თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში იძალადეს ლგბტ აქტივისტებზე და ჟურნალისტებზე. ძალადობის შედეგად დაშავდა ათეულობით ჟურნალისტი. აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები სახელმწიფომ სათანადოდ არ გამოიძია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ/პროკურატურამ არ უზრუნველყვეს ძალადობის ორგანიზატორთა გამოვლენა და დასჯა, ხოლო მოძალადეების მიმართ გამოყენებული სასჯელები არ შეესაბამებოდა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს. შედეგად, 2022 წელს ,,თბილისი პრაიდმა“ ულტრამემარჯვენე ჯგუფებისგან მომდინარე საფრთხეების და ამ საფრთხეებზე სახელმწიფო უწყებების არასათანადო რეაგირების გათვალისწინებით უარი თქვა ,,ღირსების მარშის“ გამართვაზე, თუმცა ,,პრაიდის კვირეულის“ ორგანიზატორებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საჯარო ღონისძიებების ნაცვლად 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით თბილისში დახურულ სივრცეში გაიმართებოდა ფილმის ჩვენება, ლგბტქ+ რეგიონალური კონფერენცია და მუსიკალური ფესტივალი (პრაიდი ფესტი). ინფორმაციის გავრცელების შემდგომ ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა, მათ შორის ,,კონსერვატიული მოძრობა-ალტინფოს“ ლიდერებმა ღიად გამოხატეს აგრესია ,,პრაიდის კვირეულის“ მიმართ და მათ წინააღმდეგ ,,სრული მობილიზაცია“ გამოაცხადეს. ,,კონსერვატიული მოძრობა-ალტინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, რომ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი მესამე ღონიძიების-ფესტივალის ჩატარებას არ დაუშვებდნენ, ხოლო შოთა მარტინენკო უთითებდა, რომ 2 ივლისამდე დროს კონტრშეტევის მოსამზადებლად და ხალხის განწყობის ჩამოსაყალიბებლად გამოიყენებდნენ.

განცხადებების პარალელურად მოძრაობის ლიდერებმა დაიწყეს ხალხის მობილიზაცია, ღიად მოუწოდებდნენ რეგიონებში მცხოვრებ პირებს თბილისში ჩამოსვლისკენ და აღნიშნავდნენ, რომ ,,პრაიდის კვირეულის“ ფესტივალის მონაწილეებს ,,საჭირო და საკადრის პასუხს გასცემდნენ“.

მიუხედავად იმისა, რომ ,,კონსერვატიული მოძრაობა-ალტინფოს“ ლიდერების მუქარები ძირითადად მიმართული იყო კვირეულის ფარგლებში დადგეგმილი ,,პრაიდ ფესტივალის“ წინააღმდეგ და მუქარა იყო რეალური, სახელმწიფო უწყებებმა ამ შემთხვევაშიც არ უზრუნველყვეს ძალადობის ორგანიზატორების მიმართ სამართლებრივი რეაგირება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ძალადობრივი ჯგუფების ლიდერები და მხარდამჭერები 2 ივლისს ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და ადგილზე მობილიზებულ პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ, ადმინისტრაციული წესით დააკავეს ჯგუფის ორი ლიდერი ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო. ორგანიზატორებისა და მონაწილეების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ დამდგარა.

ლგბტ პირთა მიმართ ძალადობის მიღმა, 2022 წელს ულტრანაციონალისტური, ექსტრემისტული ჯგუფის/პოლიტიკური პარიტიის ,,კონსერვსატიული მოძრაობა-ალტინფოს“-ს წევრებმა და მხარდამჭერებმა არაერთხელ იძალადეს სამოქალაქო აქტივისტებზე, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე აპროტესტებდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ,,კონსერვატიული მოძრაობა-ალტინფოს“-ს ოფისების გახსნას. ძალადობრივი ინციდენტები დაფიქსირდა სვანეთში, ხულოში, ოზურგეთში,ქ ვემო ქართლში, ქობულეთში. თუმცა, სამართლებრივი შედეგი მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადგა და საქართველოს პროკურატურამ უზრუნველყო, 2022 წლის 22 მარტს ქობულეთში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტში მონაწილე ულტრამემარჯვენე ჯგუფის წევრებისა და მხარდამჭერების იდენტიფიცირება. პოლიციის თანამშრომლებმა ინციდენტის დროს რამდენიმე პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით (საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა), ხოლო 5 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჯგუფურად ორი ან მეტი პირის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და ბრალდებულების მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს მედია საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც 2021 წლის 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ქმედებების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მართვაზე მიუთითებდა. კერძოდ, 2022 წლის 11 ივნისს და 2 ივლისს, ტელეკომპანია ,,პირველის“ გადაცემა ,,ნოდარ მელაძის შაბათი“ გავიდა სიუჟეტები, რომლებიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობას 2021 წლის 5 ივლისს მასობრივი ძალადობის ორგანიზებაში. მითითებულ სიუჟეტებში წარმოდგენილი იქნა სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის მიმოწერა და გაგზავნილი აუდიოფაილები, რომელთა გაცნობის შედეგად ჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გარკვეულ ორგანიზებას უწევდნენ მიმდინარე პროცესებს და ახდენდნენ ძალადობაში ჩართული ადამიანების მობილიზებას, მათ ანაწილებდნენ ლოკაციებზე და აძლავდნენ ინსტრუქციებს. სიუჟეტების გასვლის შემდგომ სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მოამზადა განცხადება და 2022 წლის აგვისტოს თვეში მიმართა საქართველოს პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, თუმცა ამ დრომდე პროკურატურა არ უზრუნველყოფს გამოძიების დაწყებას და 5 ივლისს ძალადობრივ ქმედებებში სუს-ის თანამშრომლების სავარუდო მონაწილეობის საკითხის გარკვევას.

აღსანიშნავია, რომ ანალიტიკური და პრევენციული სამუშაოების დონეზეც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ უზრუნველყოფს ულტრაკონსერვატიული პრორუსული ჯგუფების დაფინანსების წყაროებისა და აფილაციების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. ამასთან არ ახდებს ამ ჯგუფებისგან მომდინარე ნარატივების მონიტორინგს და საწინააღმდეგო/საპასუხო ნარატივების გავრცელებას, რაც ამ ჯგუფებისგან მომდინარე პროპაგანდის მიმართ ჩვენს საზოგადოებას ნაკლებად მედეგს ხდის და მძიმე გავლენას ახდენს ქვეყნის საინფორმაციო უსაფრთხოებაზე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“