საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოფელ დუისში მაჩალიკაშვილების ოჯახში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მასშტაბური სპეცოპერაციის ჩატარებიდან 2 წელი გავიდა, თუმცა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის სასტიკი ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ამ დრომდე რაიმე შედეგი არ მოჰყოლია. გამოძიების დაწყებიდან 2 წლის თავზე არც ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ არის დაწყებული და თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი. საწყის ეტაპზევე ჩანდა, რომ გამოძიების პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკანონო ინტერვენციის და მტკიცებულებების მოპოვების და შენახვის წესების არსებითი დარღვევის, ასევე მაჩალიკაშვილების ოჯახის დეჰუმანიზებისა და მომხდარი დანაშაულის არ აღიარების გამო, გამოძიებას ფორმალური და ილუზორული შინაარსი ექნებოდა და ის საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევას გაართულებდა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 6 მაისს საქართველოს პროკურატურამ სპეციალური საჯარო განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ უახლოესი ორი თვის განმავლობაში თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიღებული იქნებოდა შემაჯამებელი გადაწყვეტილება. თუმცა ამ დრომდე სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ არ დაწყებულა, მალხაზ და მედიკო მაჩალიკაშვილები კი არ არიან ცნობილები დაზარალებულის უფლებამონაცვლეებად. გამოძიების პროცესში კვლავ არ არის გამოკვეთილი სუს-ის იმ თანამდებობის პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც არსებითი შეცდომები დაუშვეს სპეცოპერაციის დაგეგმვის და განხორციელების პროცესში. საგამოძიებო ორგანო ამ დრომდე არ უზრუნველყოფს გამოძიების დაწყებას თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის, ასევე სუს-ის მიერ მტკიცებულებების ფალსიფიცირებისა და განადგურების საკითხზე. საგამოძიებო პროცესი ფუნდამენტური სამართლებრივი ხარვეზებით მიმდინარეობს და წინააღმდეგობაში მოდის ჯეროვანი, ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების მოთხოვნებთან.
უნდა ითქვას, რომ მიმდინარე წლის ივნისისა და აგვისტოს პერიოდში პროკურატურის მიერ სუს-ის მაღალი თანამდებობის პირების გამოკითხვა არსებითად ფორმალური და ზედაპირული ფორმით ჩატარდა. გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ მნიშვნელოვანი სპეცოპერაცია სუს-მა რისკების და საჭიროებების სათანადო შეფასებისა და ანალიზის გარეშე ჩაატარა. პანკისის ხეობაში დასაკავებელი პირების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის რისკები უწყებამ მხოლოდ 2018 წლის 21-22 ნოემბერს ბერი სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციიდან მომდინარე ვარაუდს დაუკავშირა და სპეცრაზმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება სუს-ის ხელმძღვანელისა და შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლების მხოლოდ ზეპირ კონსულტაციებს დააფუძნა. გამოკითხვების შედეგად ასევე ცხადად გამოჩნდა, რომ ამ პროცესში პრობლემური იყო სათანადო კოორდინაცია და არ არსებობდა ფორმალურად გაწერილი პროცედურული სტანდარტები. უწყების შიგნით პროცესების ამ ფორმით ორგანიზება და გადაწყვეტიებების მიღების ეს წესი ადამიანის უფლებების დარღვევის ძალიან მაღალ რისკებს ქმნის და უკიდურესად შემაშფოთებელია.
EMC მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებით უკვე დადგენილია მნიშვნელოვანი სამართლებრივი გარემოებები და კონკრეტული პირების მიმართ პასუხისმგებლობის განსაზღვრის სამართლებრივი საფუძველი სახეზეა. მათ შორის,
აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისა და მტკიცებულებების ერთობლიობის მიუხედავად, საგამოძიებო ორგანო კვლავ უთითებს, რომ საქმეზე ისევ მიმდინარეობს საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები და მხოლოდ მათი შედეგების გათვალისწინებით მოხდება შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება. უკვე ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებით დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, აშკარა, საგამოძიებო ორგანო ცდილობს გამოძიების პროცესის გაჭიანურებით თავიდან აირიდოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება და კონკრეტული მოხელეების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოვლენა.
თ. მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების პროცესში სახელმწიფოს მხრიდან გამოვლენილი გულგრილობა უსამართლოა თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებთან მიმართებით, რომლებიც ორი წლის განმავლობაში სამართლებრივი გზებით ითხოვენ სახელმწიფოსგან საქმის გამოძიებას, დამნაშავე პირთა გამოვლენას და დასჯას, თუმცა სახელმწიფოსგან უფლების აღდგენის და სამართლიანი მართლმსაჯულების მიღების ნაცვლად ისინი დეჰუმანიზებისა და დევნის მსხვერპლები გახდნენ.
თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ეფექტურ და ჯეროვან გამოძიებას კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა პანკისის ადგილობრივი თემისთვის სამართლებრივი სახელმწიფოს მიმართ ნდობის დაბრუნების მიზნით. ბოლო ათწლეულებში პანკისის ხეობაში სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის ხელყოფის არცერთი მძიმე შემთხვევა არ არის სათანადოდ გამოძიებული, რაც ადგილობრივებში ნდობის და გაუცხოების პრობლემას ქმნის. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმემ პანკისის ხეობაში რეპრესიაზე, დასჯასა და კონტროლზე ორინტირებული პოლიტიკის მძიმე უფლებრივი და სოციალური შედეგები კიდევ უფრო აშკარად გამოავლინა და ამგვარი პოლიტიკის ცვლილების კრიტიკული აუცილებლობა შექმნა. სამწუხაროდ, ხელისუფლებისთვის ეს საქმე ხეობაში საკუთარი პოლიტიკის რადიკალური რევიზიის მიზეზი არ გახდა და ამ საქმეს და მასზე ადგილობრივი თემის წუხილებს მუდმივად არ აღიარებისა და გულგრილობის რიტორიკით პასუხობდა.
აღსანიშნავია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეს უკვე განიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, სადაც ოჯახის სახელით, EMC ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) და მე-13 (უფლება ეფექტიან სამართლებრივ საშუალებებზე) მუხლების დარღვევას დავობს. აღნიშნულ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას უკვე დაუდგინა კითხვებისთვის პასუხის გაცემისა და საქმის მასალების გაზიარების ვადა. EMC იმედოვნებს, რომ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით შესაძლებელი გახდება მაჩალიკაშვილების ოჯახის უფლებების რეალური აღდგენა და ამ საქმეზე სამართლიანობის მიღწევას.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC კიდევ ერთხელ მოუწოდებს თბილისის პროკურატურას დაუყოვნებლივ უზრუნველყოს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება, სროლის განმახორციელებელი, სპეცოპერაციის დამგეგმავი პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოვლენა და მალხაზ და მედიკო მაჩალიკაშვილების დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა.
ინსტრუქცია