[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

EMC მაჩალიკაშვილის საქმეზე საქართველოს პრეზიდენტის და იუსტიციის მინისტრის საჯარო განცხადებებს კრიტიკულად აფასებს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საჯარო განცხადებებს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით და მათ პოზიციებს პოლიტიკური უპასუხისმგებლობის და ადამიანის უფლებების იგნორირების უხეშ მაგალითებად აფასებს. 

2019 წლის  19 მარტს, მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა აღინიშნა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ზაზა სარალიძეს ერთ დონეზე არ აყენებს, ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, რის მიხედვით ახდენს ამ ადამიანების დიფერენცირებას, უპასუხა, რომ ,,იცის რის მიხედვითაც“.  2019 წლის 21 მარტს კი, იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას, როდესაც კითხვა თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხებოდა, განაცხადა, რომ მას არ მიაჩნია, რომ სახელმწიფომ თემირლან მაჩალიკაშვილთან მიმართებით დანაშაული ჩაიდინა, რამდენადაც ეს ფაქტი არ არის დამტკიცებული.

 

საქართველოს პრეზიდენტი და იუსტიციის მინისტრი ქვეყანაში ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის გარანტორები არიან. თუმცა, სამწუხაროა, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირებს სათანადოდ არ ესმით საკუთარი პოლიტიკური სტატუსის მნიშვნელობა და სტანდარტი. ნაცვლად იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე, რომელიც ქართული ოცნების პოლიტიკური მმართველობის პირობებში სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან სიცოცხლის უფლების ხელყოფის პირველი შემთხვევაა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა უზრუნველყონ პროცესის კანონიერ და ადამიანის უფლებების ჩარჩოში მოქცევა, ისინი აგრძელებენ მაჩალიკაშვილების ოჯახის უფლებებისა და ღირსების არაღიარების პოლიტიკას. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში არაპირდაპირ ჩანდა მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩინების კონოტაცია და ამდენად, დეჰუმანიზების, მისი სიცოცხლის დაკნინებისა და იერარქიზების მცდელობა. იუსტიციის მინისტრის ტექსტში კი ცალსახა იყო თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის დროს, სახელმწიფოს მოხელეების მიერ  ჩადენილი დანაშაულისა და ამ საქმეზე  მიმდინარე გამოძიების ფუნდამენტური ხარვეზების უგულებელყოფის აშკარა ინტერესი.

 

თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება აშკარად არაეფექტიანი, ფორმალურია და გამოძიების პროცესში ჩანს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მიერ დანაშაულის ჩადენის ნიშნები როგორც სპეცოპერაციის დაგეგმვის, ისე ძალის გამოყენების და საქმის გამოძიების ეტაპზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიების პირველივე ეტაპზე გაანადგურა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და დანაშაულებრივი გზებით, ხელი შეუშალა ამ საქმეზე ეფექტიანი და ჯეროვანი გამოძიების ჩატარების პროცესს. გამოძიების ხარვეზების შესახებ ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრს (EMC) მომზადებული აქვს არაერთი სამართლებრივი შეფასება და გამოხმაურება.[1] თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე კრიტიკული შეფასებები აქვს გაკეთებული საქართველოს სახალხო დამცველს[2], საერთაშორისო ამნისტიას[3], ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს[4]. თუმცა, იმ სახელმწიფო თანამდებობის პირებს, რომლებსაც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა ეკისრებათ, თურმე კითხვის ნიშნებიც არ აქვთ საქმესთან დაკავშირებით. 

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და პროკურატურას ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივ ქმედებას და მის კავშირს ტერორიზმის მხარდაჭერასთან. საგამოძიებო უწყებები ამ დრომდე არ აძლევს ოჯახის წევრებს საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას და არღვევს ყველა ბაზისურ სამართლებრივ პრინციპს ამ საქმეში. ამ პირობებში, პოლიტიკოსები აგრძელებენ თემირლან მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩენის კამპანიას, რომელიც მანამდე სუს-მა უდანაშაულობის პრეზუმფციისა და პირადი ღირსების უფლების უგულებელყოფით წამოიწყო.

 

სამწუხაროა, ისიც, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ იაზრებს მაჩალიკაშვილის საქმის სოციალურ ეფექტს და იმ ფრუსტრაციასა და უკმაყოფილებას, რომელიც აშკარად არასათანადოდ დაგეგმილი სპეცოპერაციის დროს, ღამით, საკუთარ საძინებელში მწოლიარე 19 წლის ახალგაზრდის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს პანკისის ხეობაში მოჰყვა. [5] თემირლან მაჩალიკაშვილის ამ პირობებში სიცოცხლის ხელყოფის ფაქტმა, ადგილობრივებში დაუცველობის და საკუთარი სიცოცხლის არასათანადო აღიარების განცდა გააჩინა და კვლავ გააღვიძა პანკისის ხეობაში რეპრესიაზე და დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკის გაძლიერების შიში. მაჩალიკაშვილის საქმის ეს სოციალური განზომილება ხელისუფლების მხრიდან სრულიად უგულებელყოფილია და ის ვერ იაზრებს, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულების აღდგენას არსებითი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ თემში უსაფრთხოების განცდის და ნდობის დაბრუნებისთვის.

 

თავის დროზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაპირდა მაჩალიკაშვილების ოჯახს, რომ პირად კონტროლზე აიყვანა ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას,  თუმცა, სპეცოპერაციიდან 1 წელზე მეტი გავიდა და ხელისუფლებას არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი, არც ამ საქმეზე ეფექტიანი და სამართლიანი გამოძიების ჩატარების და არც მასზე სათანადო პოლიტიკური რეაგირებისთვის. ამ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას, რეალურად, მხოლოდ მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები არ უჭერენ მხარს.

 

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფო თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი, ადამიანების ღირსებისა და უფლებების უგულებელყოფაზე მიმართული განცხადებებისგან და სათანადოდ გაიაზრონ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ხარისხი და ის სოციალური კონტექსტი, რომელიც ამ საქმეს გააჩნია.  

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 

[1] EMC თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე სამართლებრივი შეფასებით და მოთხოვნებით სახელმწიფო უწყებებს მიმართავს, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/emc-temirlan-machalikashvilis-sitsotskhlis-khelqofis-sakmeze-samartlebrivi-shefasebit-da-motkhovnebit-sakhelmtsifo-utsqebebs-mimartavs

[2] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2017, https://drive.google.com/file/d/1gcWDvqloj-PTKW5FWBczRKSLdQrKkoO9/view

[3] Georgia: Reform of criminal justice system should be new government’s top priority, available at: https://www.amnesty.org/download/Documents/EUR5686172018ENGLISH.pdf

[4]Country Reports on Human Rights Practices for 2018, Georgia, available at: https://www.state.gov/j/drl/rls/hrrpt/humanrightsreport/index.htm?dlid=289105&year=2018#wrapper

[5] პეტიციის ტექსტი ხელმისაწვდომია: https://radioway.ge/news/human-rights/item/860-petizia-temirlan-machalikashvilis-saqmeze-droebiti-sagamowiebo-komisiis-sheqmnis-motxovnit

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“