საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
შესავალი: ტექსტი
2011 წელს, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტისა და მწერლის, ზურაბ ქარუმიძის ავტორობით, გამომცემლობა „სიესტამ“ გამოაქვეყნა რომანი „მელია ტულეფია: foxtrot”, რომლის გარშემოც საზოგადოებამ დისკუსია, 2014 წელს, ავტორის დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩობის სავარაუდო კანდიდატად დასახელების შემდგომ დაიწყო. ამ ფაქტმა რომანს სკანდალური ცნობადობა შესძინა.
რომანი იწყება სიზმრით, რომელშიც მთავარ გმირს ესიზმრება არქაული სვანური რიტუალი მელია ტულეფია და ეს სიზმარი მას აღაგზნებს. ავტორს რიტუალის აღწერილობა გადმოტანილი აქვს ისტორიკოს ივანე ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორიაში“ აღწერილი ჩვეულებიდან, კერძოდ:
„მელჲაჲ ტულეფიას წესი იმაში მდგომარეობს რომ ერთ კაცს შარვალსა და პერანგის ამხანაგს მთლად ჩახდიან ისე, რომ სარცხვინელნი უჩანდეს, ამ ტიტველა მამაკაცს უკნიდან მეორე კაცი მოჰკიდებს ხელს, ამ მეორეს ამნაირადვე მესამე, მესამეს კიდევ მეოთხე და ასე, რამდენიც იქნებიან. ამგვარად უკანანი წინა შიშველა კაცს ჰფარავენ. იმ შიშველა კაცს თავის სარცხვინელნი ხელში უკავია, უკანანი კი მას უკნიდან უქაქუნებენ და თან გაიძახიან: „მელჲაჲ ტულეფია, ჲოჰ-ჲოჰ!“ შიშველა კაცს კი ხელში წკეპლა უჭირავს და უკნიდან მოქაქუნეებს იმ წკეპლას გადაუჭერს ხოლმე.“
(ონიანი, 1917; ჯავახიშვილი, 1979)
წინამდებარე სტატიაში მელია ტულეფიას ჩვეულება გაგებულია, როგორც არქაულ კულტურაში, სახელმწიფოს მიერ ჰომოსექსუალური კავშირების რეგულირების ერთ-ერთი პირველი მცდელობა. თუმცა, სტატია არ აანალიზებს ამ რიტუალს განყენებულად და არც ანთროპოლოგიურად იკვლევს მას, რაც თავის მხრივ, ძალიან საინტერესო სავარჯიშო იქნებოდა ფემინისტი ანთროპოლოგებისათვის, სექსუალობის ისტორიის კვლევისა და ეროვნულ ჩვეულებებთან ან თუნდაც ტრადიციებთან დაკავშირებული აბსოლუტური ჰეტეროსექსუალობის მითის დასარღვევად. ასევე, ამ სტატიის მიზანი არ არის რომან „მელია ტულეფია: foxtrot”-ის როგორც ლიტერატურული ნაწარმოების ფემინისტური ლინზით განხილვა, ან მისი როგორც მხატვრული ტექსტის ღირებულებაზე რაიმე ტიპის კომენტარის გაკეთება.
სტატიის მიზანია (ჰომო)სექსუალობისა და სურვილის, როგორც პოლიტიკური მნიშვნელობის ანალიზი, ზურაბ ქარუმიძის რომანის „მელია ტულეფია: foxtrot”-ის (ქარუმიძე, 2011) გარშემო არსებული დისკუსიის დეკონსტრუქციის გზით. ჩემი აზრით, ამ დისკუსიამ, გარკვეულწილად, გავლენა მოახდინა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, ხელი შეუწყო (ჰომო)სექსუალობაზე, ჰომოსექსუალ სუბიექტებსა და სურვილზე საუბრის დაწყებას საზოგადოებაში გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე და ამავე დროს, შეზღუდა მისი განმეორების შესაძლებლობა. ვფიქრობ, რომ ამ დისკუსიის დეკონსტრუქციით შესაძლებელი იქნება სახელმწიფოს სექსუალური პოლიტიკის საკითხზე მსჯელობა. განსაკუთრებით, იმ დროს, როდესაც სახელმწიფო თავს იკავებს ამ საკითხზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისაგან, ერთი მხრივ, ჩამორჩენილად გამოჩენის შიშით და მეორე მხრივ, ეროვნული ღირებულებების სადარაჯოზე.
სტატიაში, თავდაპირველად, განხილული იქნება სახელმწიფოების მიერ ნაწარმოები სექსუალობის პოლიტიკა ანუ სახელმწიფოს სექსუალობა, როგორც ასეთი, ისეთ ცნებებთან კავშირში როგორიცაა გენდერი, ეროვნული ფანტაზია და სურვილი. შემდგომ, შევეცდები, ქრონოლოგიურად განვიხილო 2014 წელს არსებული დისკუსიის ფრაგმენტები, სახელმწიფოს მიერ პოლიტიკის წარმოებაზე გავლენისა და მასზე კომენტირების ან/და ზეგავლენის მოხდენის ჭრილში. განხილვისას, შევეცდები, იდენტიფიცირება მოვახდინო, თუ რა ტიპის მოქმედებებით ხდება შესაძლებელი (თუკი საერთოდ ხდება) ამ პოლიტიკის მონოლოგის ტიპის ნარატივში შეღწევა და მისი შეცვლა გარე აქტორების მიერ.
შესავალი: კონტექსტი
ლიტერატურის, ფილმის და სხვა ვიზუალური მედიის კულტურასთან დაკავშირებული სექსუალური პოლიტიკა სახელმწიფოს იდენტობისა და სექსუალობის, როგორც ასეთის, ჩამოყალიბებისა და განმეორებითი რეპრეზენტაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ფემინისტური ცოდნის დაგროვება ლიტერატურის, ფილმის და სხვა მსგავსი დისციპლინების კითხვის საშუალებით, დაკავშირებულია ფემინურობასა და მასკულინობასთან მიკუთვნებული კულტურული ნორმების კვლავწარმოების კვლევასთან. ფემინისტური ცოდნის დაგროვება ასევე ამჟღავნებს, თუ როგორ არის ეს რეპრეზენტაცია, თავის მხრივ, დაკავშირებული სოციალური ნორმების წარმოებასა და კვლავწარმოებასთან, რა მნიშვნელობა აქვს სიმბოლოების კითხვას გენდერულად განსაზღვრული ურთიერთობების დეკონსტრუქციისთვის, როგორ ხდება პოსტ-კოლონიურ სამყაროში „სხვების“ წარმოჩენა, როგორია რასის, კლასის, სექსუალობისა და გენდერის საკითხები გადაჯაჭვული კულტურულ ნარატივში და როგორ ხდებოდა ამ ხერხით „განსხვავებულის“ შექმნა და წარმოჩენა.
ვფიქრობ, რამდენიმე მიზეზი არსებობს იმისთვის, თუ რატომ უნდა ეძებოს სექსუალობით დაინტერესებულმა ფემინისტმა მკვლევარმა სახელმწიფოს სექსუალობის ყველაზე ადვილად წასაკითხი პატერნი კულტურულ ნარატივში. პირველი მიზეზი ის არის, რომ მიუხედავად ყველა მცდელობისა, ვიფიქროთ ნათესაური კავშირებისა და პოლარულად დაპირისპირებული იდენტობების მიღმა, ჩვენ (ფემინისტი და ქვიარ მკვლევრები), სექსუალობას მაინც ჰეტეროსექსუალობა/ჰომოსექსუალობის დაყოფით აღვიქვამთ და ვხსნით. სწორედ ამის გამო, ძალიან ხშირად ხდება მსჯელობა ამ რეალობის გარღვევაზე, (ტრანსგრესიაზე) ან ამ რეალობასთან თანაცხოვრებაზე (კოჰაბიტაციაზე). ამგვარ დიქოტომიურ რეალობაში, ტრანსგენდერ, ლესბოსელ და გეი სუბიექტებს გაცილებით დიდი რეპრეზენტაციის ტვირთი ეკისრებათ, ბისექსუალ და ქვიარ სუბიექტებთან შედარებით.
ვინაიდან, ჩემი სტატიის მიზანია ტექსტში ჰომოსექსუალობის რეპრეზენტაციის, მისი აღქმისა და თანმდევი დისკუსიის კომენტირება, სექსუალობასთან დაკავშირებული რამდენიმე არგუმენტის მოყვანა მნიშვნელოვნად მიმაჩნია:
ფემინისტმა მკვლევრებმა ჰომოსექსუალობა/ჰეტეროსექსუალობად დაყოფის არაერთი კრიტიკა შემოგვთავაზეს (Sedgwick, 1990; Angelides, 2001), რომლის მიხედვითაც, იდენტობის პოლიტიკაზე ძირითადი აქცენტის გაკეთებით დიქოტომიის პოლიტიკური ეფექტის გაძლიერება ხდებოდა (Butler, 1990). გამოსავლის ძებნა კი, მათ, არჩეული ობიექტის არაფიქსირებულ გენდერულ იდენტობაში განაგრძეს (Butler, 1993; Sadgwick, 1993). ქრონოლოგიურად, ამას მოსდევს პოსტკოლონიური ქვიარ ფემინისტი მკვლევრების მიერ იმ საკითხის კვლევა, თუ როგორ გადააქვს, გლობალიზაციის პირობებში, დასავლეთს ნეო-კოლონიებში ეს დიქოტომიები, როგორც თანამედროვე სექსუალობის ერთადერთი შესაძლო გაგება და როგორ იყენებს მათ ისეთი საკითხების განსაზღვრისას, როგორიცაა, მაგალითად, მიგრაციის პოლიტიკა (Puar, 2007; Butler, 2008).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ამ დიქოტომიაზე ზედმეტად დაყრდნობა გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ დროის განმავლობაში სექსუალობისა და სახელმწიფო პოლიტიკის ცვალებად დამოკიდებულებას და იმაზეც, თუ რამდენად არაპროპორციულად ვტვირთავთ (ხანდახან გაუაზრებლად) ლესბოსელ და გეი სუბიექტებს ამ დიქოტომიის „მეორე მხარის“ რეპრეზენტაციის ვალდებულებით.
სახელმწიფოს სექსუალური პოლიტიკის ისტორია
ჯეფრი ვიქსის (2012) თანახმად, სექსუალობის ისტორია უნდა იკვლევდეს რეპროდუქციის, სექსუალური საჭიროებებისა და პრაქტიკების ცვალებად მოდელებს, რომელიც გამრავლების პარალელურად აღმოცენდება. სწორედ ამგვარი ცვლადები ახდენს გავლენას ქალისა და კაცის განსხვავებული გამოცდილების, გენდერული იერარქიებისა და ცვალებადი გენდერული მნიშვნელობების ჩამოყალიბებაზე (Weeks, 2012). რაც შეეხება სახელმწიფოს სექსუალობის პოლიტიკის ისტორიას, ამ თემაზე საუბრისას, აუცილებელი ხდება სექსუალობის ისტორიის, მმართველობითობის (governmentality) და ფემინისტური თეორიების ერთობლივად მოშველიება (Puri, 2014).
სახელმწიფოს, როგორც მონოლითური და რაციონალური, ვებერიანული მოდელის კრიტიკას პოსტსტრუქტურალისტი თეორეტიკოსები მის ჩვეულებრივ სისტემამდე ან კულტურულ ქმნილებამდე დემისტიფიკაციის გზით წარმატებით ახერხებენ (Abrams, 1988; Corrigan & Sayer, 1985). ფუკოს რეფლექსია მმართველობითობაზე ახდენს სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების დუალისტური დაყოფის კრიტიკას (Foucault, 1991), რაც ასევე იყო მოდერნული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი.
მნიშვნელოვანი ანალიტიკური სამუშაოები ჩაატარეს ფემინისტებმა იმის გასაანალიზებლად თუ როგორ იქცევა სქესი და გენდერი სხეულების/საზოგადოების კონტროლის საშუალებად. სახელმწიფო აპარატის ფუნქციონირებისათვის ჰეტეროსექსუალობის მნიშვნელობის პარადოქსის ამოსახსნელად კი, ბევრად მცირე შრომაა გაწეული. პარადოქსია, რომ, ერთი მხრივ, ჰეტეროსექსუალობა აუცილებელია სახელმწიფოს აპარატისთვის საკუთარი თავის წარმოსადგენად და ამავდროულად, ეს არის მისი არასტაბილურობის მთავარი მიზეზი (Alexander, 1997).
საქართველომ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, 1990-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მნიშვნელოვანი კრედიტი მიიღო ხალხისგან, რომელმაც ერთი მხრივ, შესაძლებელი გახადა საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი მმართველობითობის ტრადიციის გაგრძელება და მეორე მხრივ, ახალი, ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. საკუთარი არსებობის პირველ წლებში, დამოუკიდებელმა საქართველომ ეს ნდობა რამდენიმე ომად დაახურდავა და ისედაც კრიზისული ეკონომიკური ქსოვილი სავსებით დაშალა. ამ პერიოდში, ქვეყნის ნაწარმოები სექსუალობის პოლიტიკა ცალსახად, სრულ თანხვედრაში იყო გენდერული უთანასწორობის კლასიკურ, ეროვნული ღირებულებებით ნაკვებ პატრიარქალურ მოდელთან. მისთვის მისაღები გენდერული როლების კვლავწარმოებას კი, იგი ომის საჭიროების მუდმივი რეპრეზენტაციის გზით ახდენდა.
1990-იან წლებში, როდესაც სიბნელესა და ომში ჩაძირული ქვეყანა სიურრეალიზმის ბუნუელისეულ ფანტაზიას იმეორებდა, სახელმწიფო სისტემა ნელ-ნელა იკრებდა ძალას პოლარულად დაპირისპირებულ მნიშვნელობებზე დაყრდნობით. არაადეკვატური სისწრაფით ხდებოდა XIX საუკუნის ისეთი დუალისტური მოდელების გადმოტანა, როგორიცაა, მაგალითად, სახელმწიფო მმართველობა/სამოქალაქო საზოგადოება, კერძო/საჯარო, პრო-დასავლური/პრო-რუსული და ეროვნული/ანტიეროვნული.
ლოგიკურია, რომ სამოქალაქო ომის პერიოდში, გენდერული როლები ერთმანეთისგან მკვეთრად იყო გამიჯნული. ბრუტალურ, მილიტარისტულ და ძალადობრივ მასკულინობას უპირისპირდებოდა ნაზი, უუფლებო და მორჩილი ფემინურობა, რომლის ერთადერთი მიზანი სამშობლოსათვის „ალგეთის ლეკვების“ აღზრდა უნდა ყოფილიყო.
2000-იანი წლებიდან დღემდე, ანუ მას შემდეგ, რაც ქართულ სახელმწიფოში იზრდება გლობალური დასავლეთისა და ლიბერალური პოლიტიკის გავლენა, იცვლება სახელმწიფოს მიერ ნაწარმოები სექსუალობის პოლიტიკაც. დღის წესრიგში დგება, დასავლეთთან ურთიერთობის ფარგლებში, ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის წინ წამოწევა[1].
სახელმწიფოს სექსუალობის პოლიტიკის კრიტიკა, ერთი მხრივ, მოდიოდა ულტრა-მემარჯვენე, რადიკალური ჯგუფებიდან,[2] ხოლო, მეორე მხრივ, გენდერულ თანასწორობაზე (და სხვა თანასწორობასა და ადამიანის უფლებებზე) მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და აქტივისტებისგან. თუმცა, ეს კრიტიკა, ძირითადად, ეხებოდა სახელმწიფო მმართველობისა და პოლიტიკის გავლენას ქალთა (ქართველ, შესაძლებლობების მქონე, სისგენდერ, ჰეტეროსექსუალ, საშუალო ასაკის ქალთა) უფლებებზე. რისი შედეგიც არის ის, რომ დღეს, საზოგადოებრივ აზროვნებაში, გენდერული თანასწორობა გაიგივებულია ქალთა უფლებებთან.
ამავე პერიოდში დაიწყო პოლიტიკურ დღის წესრიგში ლგბტ იდენტობის პოლიტიკის გადმოტანა გლობალური დასავლეთიდან. მასთან დაპირისპირება კი, მომენტალურად იქცა სახელმწიფოს სექსუალობის პოლიტიკის წარმოების მთავარ, მაგრამ ირაციონალური ხაზად.
მიუხედავად იმისა, რომ ხშირად, სამშობლო წარმოდგენილია როგორც ემოციური, აფექტურად დატვირთული ადგილი, რომელთანაც დაპირისპირებულია რაციონალური, კანონშემოქმედი სახელმწიფო სისტემა და სტრუქტურული ძალა(უფლება), ფემინისტური ლიტერატურა ახერხებს სახელმწიფოს სუბიექტური, ირაციონალური განზომილებების ჩვენებას (Aretxaga, 2005; Rose, 1996; Stoler, 2004). ამგვარი სახელმწიფო კულტურული კონსტრუქტია, რომელიც შექმნილია როგორც ხელშესახები (მატერიალური), ისე წარმოსახვითი ღირებულებებისაგან, სავსეა წინააღმდეგობებითა და არათანმიმდევრულობით (Ferguson & Gupta, 2002; Gupta,1995).
სწორედ ამგვარი ემოციურობით, არათანმიმდევრულობითა და წინააღმდეგობით შეიძლება დახასიათდეს ის პოლიტიკური პროცესიც, რომელიც ქვეყანაში გენდერული თანასწორობის ჩარჩო კანონმდებლობის (როგორც სახელმწიფოს სექსუალობის პოლიტიკის ინსტრუმენტიზებული ნაწილის) განვითარებას ახლდა თან, იქნებოდა ეს ცნობილი საპარლამენტო დებატები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონის მისაღებად თუ კონსტიტუციით ქორწინების გენდერული დეფინიციის შემოღება.
დისკუსიის ანალიზი
2014 წლის 17-23 მარტის, გაზეთ „ასავალ-დასავლის“ ნომერში დაიბეჭდა სტატია რამდენიმე სათაურით: „ხელები შორს სვანეთისა და სვანებისაგან“, “მწერლუკას, რომელმაც სვანები პედერასტებად და თხის შარდის მსმელებად გამოაცხადა, ინგლისში ელჩად უშვებენ!“ , „ასეთების ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს!“ (ასავალ-დასავალი, 2014). სტატიაში, რომანიდან „მელია ტულეფია: foxtrot” მხოლოდ ის ნაწილია მოყვანილი, რომელიც სვანეთში მელია ტულეფიას ჩვეულებას აღწერს, ივანე ჯავახიშვილის საისტორიო წყაროზე დაყრდნობით.
საგაზეთო სტატიის ავტორი, საკუთარ კრიტიკაში, ამ ნაწყვეტის არა-ნამდვილობას, გამოგონილობას უსვამს ხაზს: „1920-იან წლებში, სვანეთში, მსგავს რამეს ვერავინ დაინახავდა - ქარუმიძის ავადმყოფური წარმოსახვის გარდა“. მისი წარმოდგენით, ნაწყვეტი მიმართულია სვანი ხალხის შეურაცხყოფისაკენ, რადგან ისტორიულ წყაროში აღწერილი ეს არქაული „ქაქუნი“ თავის მხრივ ქართველის, როგორც მარადიული, ქრისტიანი ჰეტეროსექსუალის იდეას აყენებს ეჭვქვეშ. აღსანიშნავია, რომ თავად წიგნის ავტორსაც, ეს ჩვეულება გადმოაქვს არა როგორც რეალური რიტუალი, არამედ როგორც ფანტაზია, სიზმარი.
ამ ორმაგი უარყოფით საგაზეთო სტატია მიზნად ისახავდა მწერლის დისკრედიტაციას და ამ გზით საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენას. ამისთვის, მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია დაეწყოთ: „მე დარწმუნებული არ ვარ, რომ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებული ეს წერილი რაიმე ზეგავლენას მოახდენს მაია ფანჯიკიძეზე[3], მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ [ზურაბ ქარუმიძის პერსონას] მეტი პასუხისმგებლობით მიუდგებიან საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი“. ამ მიზნით, სტატიაში გამოყენებულია მრავალი ინსტრუმენტი, რომელიც მიანიშნებს საფრთხეზე, რომელიც ემუქრება საქართველოს, ქარუმიძის ელჩად დანიშვნის შემთხვევაში. ვეცდები, განვიხილო რამდენიმე მათგანი:
განკვეთა
დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად დანიშვნა ნიშნავს ქვეყნის წარმომადგენლობას გლობალურ დასავლეთში. ამ ლოგიკით, მორალური პანიკის შექმნის გზით, გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა (Berlant, 1997, 2001) სახელმწიფოს რეპრეზენტაციაზე გავლენის მცდელობაცაა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა მწერლების გაერთიანება „პენცენტრმა“[4]. მწერლებმა, საკუთარ მიმართვაში, ყურადღება გაამახვილეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებსა და გაზეთ „ასავალ-დასავლის“ მხრიდან მწერლის მიზანმიმართული მარგინალიზების მცდელობაზე, რამაც, მათი თქმით, სავარაუდოდ, გავლენა მოახდინა საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებაზე.
სახელმწიფოს, რომელიც მოქალაქეობისა და საზღვრის შესახებ კანონმდებლობით არეგულირებს ინდივიდის მიკუთვნებულობას, პოტენციურად, ასევე შეუძლია, მოიკვეთოს ინდივიდი, მისი განსხვავებულობის გამო (Butler & Spivak, 2007). მსგავს ურთიერთობებში ჩარევა, ყველაზე ხშირად, ეროვნულობის იდეასთან აფექტური მიკუთვნებულობის სფეროში ხდება. ამ სფეროში, ყველაფერი, რაც სცდება ეროვნულობის იდეას, გადის სახელმწიფოს „კომფორტის ზონიდან“, სცდება მის ფიქციურ საზღვრებს და ხდება „სხვა“ (Sohn, 2015). საბოლოოდ, ზურაბ ქარუმიძე, რომელიც განიხილებოდა ელჩობის კანდიდატად[5], საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღარ წარადგინა.
არქივი
სექსუალობა ისტორიისთვის მნიშვნელობას იძენს მისი ფორმისა და სოციალურ ცხოვრებაში ჩართულობის ასპექტის გამო. ყველა სხვა განმარტებაზე მეტად, სექსუალობა შეიძლება განისაზღვროს როგორც სოციალური პრაქტიკების რიგი, რომელიც ცვალებადია დროთა განმავლობაში. (Weeks, 2012). გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებული სტატია არა მხოლოდ ქვეყნის გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ცდილობდა გავლენის მოხდენას, არამედ ცდილობდა იმის განსაზღვრასაც, თუ რა უნდა ჩაიწეროს ქვეყნის სექსუალობის ისტორიაში და რა უნდა იქნას დავიწყებული.
დერიდა, წიგნში „საარქივო ციებ-ცხელება“ (1995), მსჯელობს, რომ მნიშვნელოვანი დოკუმენტების დაარქივება ხდებოდა გადაწყვეტილების მიმღები, გავლენიანი პირების სახლებში, რომელთაც უფლება ჰქონდათ, წარმოედგინათ კანონი (სახელმწიფო). ამიტომ, ისინი იღებდნენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა ტიპის ინფორმაცია დაარქივდებოდა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ჰეტეროსექსუალი, გადაწყვეტილების მიმღები პირების (კაცების) გაკეთებული არქივები უჩინარს ხდის ან იგნორირებას უკეთებს ქვიარ ისტორიას (Morris, 2006).
ივანე ჯავახიშვილის მიერ ისტორიაში ჩაწერილი ჩვეულება, რომელიც ჰომოსექსუალური ქცევის რეგულირებას ცდილობს („ა, თქვენისთანა ბალღებს დედის სკორეც გვიჭამია!“), მნიშვნელოვანია საქართველოში სექსუალობის ისტორიის კვლევისთვის. სწორედ ეს ნაწყვეტი (და არა რომანი, როგორც ასეთი) და მისი ხელახალი რეპრეზენტაცია გახდა პრობლემური ქარუმიძის რომანის ირგვლივ არსებულ დისკუსიაშიც. აქედან გამომდინარე, ქარუმიძის მოწინააღმდეგეების მიერ, მელია ტულეფიას ჩვეულების „კონტექსტიდან ამოგლეჯილი“ კრიტიკა, მოულოდნელი არ არის (თავად ავტორის არგუმენტი იყო, რომ მის კრიტიკოსებს ნაწაროები არ ჰქონდათ წაკითხული[6]), ვინაიდან პრობლემა, ქარუმიძის წიგნში არ იარსებებდა, მას, მოულოდნელად, ამ ჩვეულების გადმოტანით რომ არ დაეწყო რომანი.
პერფორმანსი
ფაქტი, რომ ქართულ პოლიტიკურ ელიტას „აღაგზნებს“ ქართველთა წარმართობის დროინდელი ისტორიები, კარგად დაინახა გიორგი ხასაიამ, რომელმაც, 2014 წლის მარტში, პარლამენტის წევრებს რომანიდან სწორედ ის ნაწყვეტი წაუკითხა, რომელიც მელია ტულეფიას ჩვეულებას აღწერს. გიორგი ხასაიას განმარტებით, ეს პერფორმანსი მწერლის მარგინალიზების მცდელობის საწინააღმდეგო აქტი იყო და ის ცდილობდა, ამის შესახებ იმ პარლამენტარებისთვის მიეწვდინა ხმა, რომლებიც მსგავს თემაზე არ უნდა დადუმებულიყვნენ („ზურაბ ქარუმიძის ნაწარმოების კითხვა კომიტეტის სხდომაზე[7]“, ნეტგაზეთი, 2014). ეს, სავარაუდოდ, იმ ცნობილი ნარატივის გაგრძელებაა, რომ გადაწყვეტილების მიმღები ძალა არ არის ჰომოგენური, და იქ, შეიძლება, მოიძებნოს პირები, რომლებიც „პროგრესულად“ ან „პროდასავლურად“ აზროვნებენ, სახელმწიფოს სექსუალობის პოლიტიკასთან მიმართებაში. ხასაიას პერფორმანსი შეაწყვეტინეს. იგი პარლამენტის წევრებმა გააჩუმეს და დარბაზიდან დაცვის თანხლებით გაიყვანეს.
ხასაიამ, პერფორმანსის ჩატარებამდე, სავარაუდოდ, იცოდა, რომ პარლამენტარმა ჯაჭვლიანმა იმავე „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რომანი სვანეთის შეურაცხყოფად შეაფასა. ამავე დროს, ჯაჭვლიანის ინტერვიუში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ იგი რამდენიმეჯერ იმეორებს სიტყვა „ფალოსს“, რომ ამით, თითქმის, სრული სიზუსტით ახდენს არქაული სვანური რიტუალის მიმიკრიას, რაც, ამავე დროს, არის საკუთარი სექსუალობის და მიჯაჭვულობის რეპრეზენტაციის მცდელობაც (Austin, 1969). („თვითონაც გაფალოსდა და ფალოსს შეიძლება რამეზე ვეკამათო?...[ქარუმიძე] არის ფალოსი.. საქართველოს თუ უნდა, ფალოსი ჰყავდეს ელჩად...[უნდა ვიცოდეთ], რომ ეს ფალოსი საქართველოსაც მთელ მსოფლიოში წარმოაჩენს როგორც ფალოსს“).
ბრძოლის ველის დაკონკრეტება
წიგნის ფრაგმენტის გარშემო დაწყებული დისკუსიის ცალკეული ელემენტებისა და მათი გავლენის ანალიზით, ნათელი ხდება, რომ წიგნში გადმოცემული „ფანტაზიის“ გავლენა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე გაძლიერდა იმით, რომ ეს ფანტაზია და მისი რეპრეზენტაციის მცდელობა, აბსოლუტურად დაცლილი იყო ფემინურობისგან: კერძოდ, დისკუსიის თითქმის ყველა ძირითადი მონაწილე იყო კაცი; თავად მელია ტულეფიას ჩვეულება ცალსახად შეეხება კაცის სექსუალობას, სურვილს, „მამრობითობის სქესობრივი ძალის გაღმერთებას“ (ჯავახიშვილი, 1979); ამ ფაქტმა, საქართველოს ზედმეტად მასკულინურ პოლიტიკაზე იგივე ეფექტი იქონია, რაც წიგნის მთავარ, ასევე კაც პროტაგონისტზე.
ამასთან, შეიძლება, ითქვას, რომ ჰეტეროსექსუალობა და ჰეტეროსექსუალური ოჯახი, როგორც ღირებულებებისა და ნაციის კვლავწარმოების მთავარი ინსტრუმენტი, წარმოადგენს როგორც სახელმწიფოსა და ეროვნული იდენტობის პოლიტიკის მთავარ საყრდენს, ისე მისი არასტაბილურობის მთავარ მიზეზს, რადგან, ჰეტეროსექსუალური ოჯახის ეკონომიკური საფუძვლები უფრო მყარია, ვიდრე მათ მიერ საკუთარი სექსუალობის პერფორმანსი.
შესაბამისად, ეროვნულ, ქვიარ იდენტობასთან დაკავშირებული ისტორიები ყოველთვის შესაძლოა იყოს გამოყენებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მიზნით. ეს კი, განსაკუთრებულ ტვირთად აწვება გეი და ლესბოსელ სუბიექტებს, რადგან, სექსუალობის დიქოტომიური აღქმის გამო, და სავსებით არარაციონალურად, სწორედ ისინი აღიქმებიან მთავარ „საფრთხედ“, რომელიც ემუქრება უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში ძლივს შეკოწიწებულ, არც თუ ისე სტაბილურ ქართული ეროვნულობის იდეას. ამას, მომავალში, შესაძლოა მოჰყვეს ან სრული რადიკალიზაცია, ან ჰომონაციონალიზმის ტალღა, რაც ეროვნულობის იდეაში გარკვეული ტიპის ჰომოსექსუალური ურთიერთობების ჩაწერას გულისხმობს.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ფემინისტებმა და თანასწორობისთვის მებრძოლმა აქტივისტებმა გავიაზროთ, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ ლეგალისტური ბრძოლა, არამედ ბრძოლა ამ შეზღუდვის მიზეზებთან, თუ გვინდა, რომ მოპოვებული უფლება იმთავითვე შემოსაზღვრული არ იყოს სახელმწიფოს სექსუალობის პოლიტიკით, per se, როგორიც არ უნდა იყოს იგი.
გამოყენებული ლიტერატურა:
Alexander, M.J. (1994) Not Just (Any) Body Can Be a Citizen: The Politics of Law, Sexuality and Postcoloniality in Trinidad and Tobago and the Bahamas. Feminist Review 48(1)
Angelides, S. (2001) A History of Bisexuality. Chicago, IL: University of Chicago Press.
Aretxaga, B. (2005) States of Terror : Begoña Aretxaga's Essays. Zulaika, J (ed). Reno: Center for Basque Studies, University of Nevada.
Austin, J.L. ([1962] 1999) How to Do Things with Words. Oxford and New York: Oxford University Press
Berlant, L. (1997) The Queen of America Goes to Washington City. Essays on Sex and Citizenship. Durham, NC: Duke University Press
Berlant, L. (2011b) Cruel Optimism. Durham, N.C.: Duke University Press.
Butler, J. & Spivak, G.C. (2007) Who Sings the Nation-State? Language, Politics, Belonging. London and New York: Seagull Books.
Butler, J. (1990) Gender Trouble: Feminisms and the Subversion of Identity. New York: Routledge.
Butler, J. (1993) Bodies That Matter: On the Discursive Limits of ‘Sex’. New York: Routledge.
Derrida J. and Prenowitz E. Archive Fever: A Freudian Impression Diacritics, Vol. 25, No. 2 (Summer, 1995), pp. 9-63. Published by: The Johns Hopkins University Press.
Gupta, A. & Ferguson, J. (1997) Discipline and Practice: ‘The Field’ as Site, Method, and Location in Anthropology. In: Gupta, a. & Ferguson, J. (eds). Anthropological Locations: Boundaries and Grounds of a Field Science. Berkeley: University of California Press
Morris, C.E. Archival queer, Rhetoric & Public Affairs Michigan State University Press, Volume 9, Number 1, (Spring 2006) pp. 145-151
Puar, J.K. (2007) Terrorist Assemblages: Homonationalism in Queer Times. Durham, NC: Duke University Press.
Puri, J. (2014) States’ Sexualities: Theorizing Sexuality, Gender and Governance. In: Evans M. et al. (eds). The SAGE Handbook of Feminist Theory. London: Sage.
Sedgwick, E.K. (1990) Epistemologies of the Closet. Berkeley: University of California Press.
Sedgwick, E.K. (1993) Tendencies. Durham, NC: Duke University Press.
Sohn, C. 2015. On Borders’ Multiplicity: A Perspective. Accessed October 17, 2018.
Stoler, A.L. (2004) ‘Affective States’, in David Nugent and Joan Vincent (eds), A Companion to Anthropology of Politics. Malden: Blackwell Publishers.
Weeks, J. (1988) “The Sexual Citizen” Theory, Culture & Society, 15(3)
ქარუმიძე, ზ. მელია ტულეფია: foxtrot, სიესტა, 2011.
ჯავახიშვილი, ი. ქართველი ერის ისტორია, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1979
[1] დღის წესრიგი, ძირითადად, ითვალისწინებდა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. პირველი საკანონმდებლო აქტი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ქვეყანაში გენდერულ თანასწორობაზე სწორედ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საქართველოს კანონი იყო, რომელიც 2006 წელს იქნა მიღებული.
[2] ანტიგენდერული ორგანიზაციების გაძლიერება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა 2013 წლის 17 მაისის შემდეგ, როდესაც რამდენიმე ათეულ მშვიდობიან ლგბტ+ უფლებადამცველსა და თემის წევრს 10 000-მდე, მართლმადიდებელი ეკლესიისაგან მხარდაჭერილი პროტესტანტი ძალადობრივად გაუსწორდა, ხოლო სახელმწიფომ ვერ მოახერხა ამ ძალადობის პრევენცია, აღკვეთა და ძალადობის მსხვერპლებისთვის ადეკვატური რეაბილიტაციისა და რესტიტუციის შეთავაზება.
[3] მაია ფანჯიკიძე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი 2014 წლის მარტში.
[4] მიმართვის სრული ტექსტი ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: http://netgazeti.ge/opinion/30397/ [ბოლოს ნანახია: 31 დეკემბერი, 2018]
[5] „პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე დავით ზურაბიშვილი [...] აცხადებდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ზურაბ ქარუმიძის კანდიდატურა გადაწყვეტილი საკითხი იყო,“ - ეკა ბასილაია, გაზეთი „რეზონანსი“, 26 მარტი, 2014.
[6] „ზურაბ ქარუმიძე – “სოსო ჯაჭვლიანი უზრდელია, ტექსტიდან ნაგლეჯის ამოღება და ამაზე ბოდვა დაუშვებელია”, გაზეთი „კვირის პალიტრა“, 26 მარტი, 2014
[7] ვიდეო ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://www.youtube.com/watch?v=KCtz9K6xFNg [ბოლოს ნანახია 2018 წლის 25 ნოემბერს].
ინსტრუქცია