[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

თეა წულუკიანის სახლთან პროტესტისთვის მოქალაქეების მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყება გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევაა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება თეა წულუკიანის შეურაცხყოფის საფუძვლით მოქალაქეების წინააღმდეგ წარმოების დაწყებას და მიიჩნევს, რომ ეს საქმე რეპრესიული კანონმდებლობის პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენების კიდევ ერთი აშკარა გამოვლინებაა.

გუშინ, 23 აპრილს, გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თეა წულუკიანის შეურაცხყოფის საქმეზე ორი მოქალაქე - ალბი კორძაია და ბექა პაპაშვილი პოლიციის განყოფილებაში დაიბარა.  როგორც ცნობილია,  მოქალაქეები 12 აპრილის ღამეს თეა წულუკიანის სახლთან პროტესტის ნიშნად მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც მან რუსთავი 2-ის ეთერში საქართველოს ეროვნულ გმირს - გიორგი ანწუხელიძეს „ვიღაცის პიარისთვის უაზროდ გაწირული“ უწოდა.

ალბი კორძაიამ 12 აპრილს სოციალურ ქსელში თავადვე გაავრცელა შეკრების ამსახველი ვიდეო. ის თეა წულუკიანის სახლის წინ  სხვადასხვა შეძახილით გამოხატავდა პროტესტს: „ანწუხელიძე უკვდავია“; „თეა, შე რუსო, მოღალატე“; „ჩვენი გმირები პიარისთვის არ იხოცებიან, ჩვენი გმირები თქვენნაირი რუსი მოღალატეების გამო იხოცებიან“. ბექა პაპაშვილის განცხადებით კი, მისი შეძახილები მიემართებოდა ყველა იმ პირს, ვინც ფიქრობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო.  ალბი კორძაიამ და სხვა მოქალაქეებმა 11 აპრილის ღამითაც სცადეს თეა წულუკიანის სახლთან შეკრება, თუმცა ადგილზე მობილიზებული პოლიციის ეკიპაჟების გამო მათ პროტესტის გამოხატვა ვერ მოახერხეს.

მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ზუსტად არ დგინდება რომელი მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას ედავება შსს ალბი კორძაიას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სატელეფონო კომუნიკაციისას მას წულუკიანის შეურაცხყოფის საფუძველზე მიუთითეს, სავარაუდოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების საფუძველი სახელმწიფო მოსამსახურის მიმართ შეურაცხყოფის[1] მუხლი გახდა. ნორმა, რომელმაც ეს სამართალდარღვევა შემოიღო,  კოდექსს „ქართულმა ოცნების“ 2025 წლის თებერვლის რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში დაემატა და იგი რამდენიმე მიზეზის გამოა პრობლემური. პირველ რიგში, ის ბლანკეტურ, ზოგადი ხასიათის შეზღუდვას აწესებს, რითაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებასა და საერთაშორისო სტანდარტებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, დასაშვები კრიტიკის ფარგლები საჯარო პირების მიმართ განსაკუთრებულად მაღალია, რადგან პოლიტიკოსები გაცნობიერებულად აქცევენ თავიანთ პიროვნებას საზოგადოების ყურადღების ცენტრში. [2]

გარდა ამისა, პრობლემურია, სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციის განსაკუთრებით მაღალი ოდენობა, რომელიც დარღვევის პროპორციულად ვერ ჩაითვლება. ამ ქმედებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 45 დღემდე ვადით. მკაცრი, მათ შორის, საპატიმრო სახდელის პირობებში კოდექსი, ამ სამართალდარღვევის ჩამდენის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენებასაც კრძალავს, რაც პროპორციული სანქციის გამოყენების შესაძლებლობას იმთავითვე ზღუდავს.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების მარეგულირებელ კანონმდებლობაში “ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით შეტანილ ცვლილებები კრიტიკულად შეფასა ვენეციის კომისიამ[3] და ეუთო/ოდირმა.[4] ორივე ინსტიტუტის დასკვნაში მკაფიოდ არის მითითებული, რომ შეკრების მარეგულირებელი წესების დარღვევისთვის გაზრდილი პასუხისმგებლობის ზომები და ბლანკეტური შეზღუდვები ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტთან მოდის წინააღმდეგობაში. ეუთო/ოდირის დასკვნაში ასევე კრიტიკულად არის შეფასებული  პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის მუხლი - მისი  ზოგადი და ბუნდოვანი დეფინიციის გამო, რაც სუბიექტური და თვითნებური ინტერპრეტაციის რისკებს ქმნის. შესაბამისად, ეუთო/ოდირი მოუწოდებდა კანონის ინიციატორებს მოდიფიცირებულიყო სამართალდარღვევის შემადგენლობა უფრო კონკრეტული, განსაზღვრული ნიშებით, რათა მას არ ჰქონოდა მსუსხავი ეფექტი გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობაზე.[5]

რაც შეეხება ბექა პაპაშვილს, ვინაიდან მისი გამოხატვა სახელობით თეა წულუკიანს არ მიემართებოდა და ატარებდა განზოგადებულ ფორმას, როგორც ჩანს, შსს-მ პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გამოიყენა და მის მიმართ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით[6] დაიწყო წარმოება. განსხვავებით პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისგან, რომელიც ახლად შემოღებული სამართალდარღვევაა, წვრილმანი ხულიგნობა უკვე წლებია, აქტიურად გამოიყენება პროტესტის მონაწილეების დასასჯელად.

პარლამენტის წევრის საჯარო განცხადების მიმართ პოზიციის გამოხატვა, თუ ის ძალადობისკენ მოწოდებასა და სხვა მნიშვნელოვან საფრთხეს არ შეიცავს, ცენზურის გარეშე უნდა იყოს შესაძლებელი, ვინაიდან პოლიტიკური გამოხატვა განსაკუთრებულ როლს ასრულებს  დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისა და აქტუალურ საკითხებზე საჯარო დისკუსიის ხელშეწყობის პროცესში.

პოლიტიკოსის სახლთან პროტესტისთვის მოქალაქეების დასჯა, საერთაშორისო სტანდარტებთან ერთად, პირდაპირ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკასა და ზოგადად, გამოხატვის თავისუფლების საბაზისო იდეას, ვინაიდან დაცვა, პირველ რიგში სჭირდება არა საყოველთაოდ მოწონებულ და გაზიარებულ იდეებს, არამედ იმ გამონათქვამებს, რომელიც კონკრეტული პირისა თუ საზოგადობის ნაწილისთვის შეიძლება მიუღებელი ან შეუარცხმყოფელი იყოს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სიტყვის მართლმსაჯულების ობიექტად ქცევა უკიდურეს შემთხვევაში უნდა ხდებოდეს, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია. არ შეიძლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მართლმსაჯულების გზით მხოლოდ იმის გამო, რომ არ ვეთანხმებით, გვეშინია, გვძულს, მიგვაჩნია, რომ საზოგადოების მორალისა თუ ტრადიციების შეუსაბამოა.[7]

ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მაშტაბური და პერმანენტული აქციების ფონზე „ქართული ოცნება“ სისტემატურად იყენებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სხვადასხვა მექანიზმს. ერთპარტიული პარლმენტის მიერ რეპრესიული კანონების მიღება, შსს-ის მიერ მათი პრაქტიკაში თვითნებურად აღსრულება და არაეფექტიანი სასამართლო კონტროლი, პროტესტის მონაწილეების დასჯისა და საზოგადოებრივი წინააღმდეგობის დათრგუნვის კოორდინირებულ მცდელობას წარმოადგენს.ა 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17316 მუხლი.

[2] ECtHR, Chkhartishvili v. Georgia (application no. 31349/20) 2023, para 53.

[3] Venice Commission- URGENT OPINION ON THE AMENDMENTS TO THE LAW ON ASSEMBLIES AND DEMONSTRATIONS, THE CODE OF ADMINISTRATIVE OFFENCES AND THE CRIMINAL CODE OF GEORGIA (AS ADOPTED ON 6 FEBRUARY 2025)

[4] OSEC/ODIHR - URGENT OPINION ON THE AMENDMENTS TO THE LAW ON ASSEMBLIES AND DEMONSTRATIONS, THE CODE OF ADMINISTRATIVE OFFENCES AND THE CRIMINAL CODE OF GEORGIA (AS ADOPTED ON 6 FEBRUARY 2025).

[5] იქვე, გვ. 38-39, 98-105.

[6] საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი.

[7] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,II-13.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“