[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

დეკოლონიური პერსპექტივები / თარგმანი

ევროპელებზე უფრო ევროპელები

ავტორი: ჯარედ დაიმონდი
გრენლანდიაზე ნორსების კოლონიის აღსასრულის ერთი მიზეზი

არედ დაიმონდი - ამერიკელი მეცნიერი, ლოს ანჯელესის უნივერსიტეტის პროფესორი, პულიცერის პრემიის ლაურეატი. დაიმონდმა სამეცნიერო საქმიანობა ფიზიოლოგიაში დაიწყო,თუმცა, თანდათანობით, ჯერ ორნითოლოგიისა და ეკოლოგიის, შემდგომ კი ენვაირომენტალური ისტორიის და გეოგრაფიის სფეროში გააგრძელა მოღვაწეობა. თავის წიგნებში, რომლებიც უმალვე ხდებიან საერთაშორისო ბესტსელერები, დაიმონდი ფართო მოცულობის ემპირიული მონაცემების მეშვეობით აანალიზებს  სხვადასხვა, დროით და სივრცით დაშორებული საზოგადოებების ისტორიას და ამ ანალიზის საფუძველზე აღმოაჩენს კაცობრიობის ისტორიის ფართო პატერნებს.

ქვემოთ მოცემული თარგმანი  ნაწყვეტია მისი წიგნიდან „კოლაფსი : როგორ ირჩევენ საზოგადოებები მარცხს ან წარმატებას“. ამ წიგნშიც, დაიმონდი სხვადასხვა მეცნიერებიდან - ანთროპოლოგია, ევოლუციური ბიოლოგია, პალეობოტანიკა, კლიმატოლოგია - მიღებულ ემპირიული მონაცემების შუქზე განიხილავს სხვადასხვა საზოგადოებების დაღმასვლის (გრენლანდიელი ნორსები, აღდგომის კუნძული, მაია, ანასაზის ტომები, პიტკერნის კუნძული, თანამედროვე რუანდა და ჰაიტი)  და გადარჩენის ან განვითარების (გრენლანდიელი ინუიტები, ტიკოპიას კუნძული, იაპონია, დომინიკის კუნძულები) ისტორიებს და ცდილობს დაადგინოს, თუ რა ფაქტორები განაპირობებენ მოცემულ პირობებში საზოგადოების წარუმატებლობას ან წარმატებას.

ნაწყვეტი გრენლანდიაში ნორსების კოლონიის ისტორიას ეხება. კოლონია დაახლოებით 986 წელს დააარსეს ნორვეგიიდან განდევნილმა ერიკ წითელმა და მისმა მიმდევრება. ის 450-ზე მეტი წლის განმავლობაში ახერხებდა, რთულ კლიმატურ პირობებში გადარჩენას და განვითარებას, თუმცა, თანთანადობით, მეთხუმეტე საუკუნიის დასაწყისიდან მოყოლებული, კოლონიის დაღმასვლა იწყება და საბოლოოდ, ამ საუკუნის შუაში, ჯერ-ჯერობით ბოლომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო, ის არსებობას წყვეტს.                                               

ნორსების გრენლანდიის დაღმასვლა არაერთი სხვადასხვა ფაქტორით იყო განპირობებული (მათ შორის, მიწის დისტრიბუციის და გამოყენების პოლიტიკით და „პატარა გამყინვარების ხანის“ დადგომით). თუმცა, ამჟამად ჩვენთვის საინტერესო  ერთი მათგანია - გრენლანდიელების მიჯაჭვულობა კონტინენტურ ევროპაზე და მის კულტურაზე. სწორედ ეს ფაქტორი იქნება განხილული ქვემოთ მოცემულ ნაწყვეტში.

*   *    *

გრენლანდიაში ევროპის მატერიალურ ექსპორტებზე სულ მცირე არანაკლებ მნიშვნვნელოვანი იყო მისი ფსიქოლოგიური ექსპორტები : ქრისტიანული და ევროპული იდენტობა. შესაძლოა, ეს ორი იდენტობა ხდიდეს ნათელს იმას, თუ რატომ ირჩევდნენ გრენლანდიელები იმგვარ ქცევებს, რომლებიც - ჩვენი გადასახედიდან - მათ მდგომარეობაში არაადეკვატური იყო, და, საბოლოოდ, სიცოცხლის ფასად დაუჯდათ, მაგრამ რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ხდიდნენ მათთვის შესაძლებელს, შეენარჩუნებინათ ფუნქციონირებადი საზოგადოება ყველაზე რთულ პირობებში, რომლებსაც კი შუასაუკუნეების ევროპელები შეჩეხებიან.

გრენლანდია ქრისტიანობაზე მოექცა  დაახლოებით ჩვ.წ. 1000 წელს, იმავე დროს, როცა - ისლანდია, ვიკინგების სხვა ატლანტიკური კოლონიები და თავად ნორვეგია.  საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, გრენლანდიური ეკლესიები რჩებოდნენ ტორფისგან აგებულ პატარა სტუქტურებად, რომლებიც განლაგებული იყო რომელიმე ფერმერის მიწაზე - მეტწილად, მსხვილ ფერმებში. ძლიერ სავარაუდოა, რომ ისევე როგორ ისლანდიაში, ესენი ე.წ. მესაკუთრეობრივი ეკლესიები იყო, აგებული რომელიმე ფერმერის მიერ, რომელიც ფლობდა მათ და იღებდა წილს ადგილობრივი მრევლის მიერ გადახდილი საეკლესიო მოსაკრებლიდან.

მაგრამ გრენლანდიას ჯერაც არ ჰყავდა მკვიდრი ეპისკოპოსი, ვისი დასწრებაც აუცილებელი იყო ზიარების ჩასატარებლად და იმისათვის, რომ ეკლესიები ნაკურთხად ჩათვლილიყო. ამიტომაც, 1118 წელს, გრენლანდიელებმა ეინარ სოკგასინი [...] გაგზავნეს ნორვეგიაში იმ მიზნით, რომ მას დაერწმუნებინა ნორვეგიის მეფე, გრენლანდიისთვის ეპისკოპოსი ებოძა. მეფის შესაგულიანებლად ეინარმა  მისთვის გადასაცემად თან წაიღო ძვლის დიდი მარაგი, ლომვეშაპის ტყავი და საუკეთესო ძღვენი - ცოცხალი პოლარული დათვი. ამან გაამართლა. მეფემ, თავის მხრივ, დაარწმუნა [მღვდელი] არნალდი, რომ გრენლანდიის პირველი მკვიდრი ეპისკოპოსი გამხდარიყო. მის შემდეგ იყო კიდევ დაახლოებით ცხრა ეპისკოპოსი მომდევნო საუკუნეების განმავლობაში. გამონაკლისის გარეშე, ყველა მათგანი ევროპაში დაიბადა, განათლება იქვე მიიღო და გრენლანდიაში მხოლოდ ეპისკოპოსად კურთხევის შემდგომ მოხვდა. გასაკვირი არაა, რომ ისინი ევროპისგან იღებდნენ თავიანთ მოდელებს, სელაპის ხორცსს ძროხისას ამჯობინებდნენ და მიმართავდნენ გრენლანდიის რესურსებს ნორდრსეტას[1] ნადირობისკენ, რომელიც მათ საშუალებას აძლევდა ეყიდათ ღვინო და სამოსელი თავიანთთვის და ვიტრაჟები - თავიანთი ეკლესიებისთვის. არნოლდის დანიშვნას მოჰყვა დიდი ევროპული ეკლესიების მიხედვით მოდელირებული ეკლესიების მშენებლობის პროექტი, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით 1300 წლამდე, როცა აღიმართა ჰვალსიში მდებარე მომხიბლველი ეკლესია, ერთ-ერთი უკანასკნელთაგანი.  გრენლანდიის საეკლესიო დაწესებულებები საბოლოოდ შედგებოდა ერთი კათედრალისგან, დაახლოებით 13 დიდი სამრევლო ეკლესიისგან, მრავალი უფრო პატარა ეკლესიისგან და, მეტიც, ერთი მამათა და ერთიც დედათა მონასტრისგან. და მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიების უმეტესობას ქვის ქვედა კედლები და ტორფის ზედა კედლები ჰქონდა, ჰვალსის ეკლესია და სულ მცირე სამი სხვა მთლიანად ქვისგან იყო ნაშენები. ყველა ეს ეკლესია არაპროპორციულად დიდი იყო იმ პატარა საზოგადოებისთვის, რომელმაც ისინი აღმართა და მათ ინახავდა.

ასე მაგალითად, წმ. ნიკოლოზის კათედრალი გარდარში, რომელიც სიგრძეში 105, ხოლო სიგანეში 53 ფუტს ითვლის, ისევე დიდია, როგორც ორივე კათედრალი ისლანდიაში, რომლის მოსახლეობაც ათჯერ აღემატებოდა გრენლანდიისას. მე გამოვთვალე, რომ მისი ქვედა კედლის ქვის ბლოკებიდან (ეს ბლოკები, გულდასმით არის გამოთლილი ერთმანეთის მოსარგებად და ისინი სულ მცირე ერთი მილით დაშორებული ქვიშაქვის სამტეხლოებიდან მოიტანეს) უდიდესი სამ ტონას იწონის. კიდევ უფრო დიდია 10 ტონიანი ფილაქანი ეპისკოპოსის სახლის წინ. კათედრალთან მდებარე სტრუქტურები მოიცავს ათ 80 ფუტის სიმაღლის სამრეკლოს და ცერემონიების დარბაზს, რომლის იატაკის ფართობიც 1400 კვ. ფუტია. ეს დარბაზი უდიდესია გრენლანდიაში და მისი ზომა დაახლოებით სამი მეოთხედია ნორვეგიაში მდებარე ტრონდჰაიმის ეპისკოპოსის დარბაზის ზომისა. ასეთივე ხელგაშლით არის ნაშენები კათედრალის ორი ფარეხი ძროხებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი 208 ფუტის სიგრძისაა (უდიდესი ფარეხი გრენლანდიაში) და დაახლოებით ოთხი ტონის წონის ზღუდარი აქვს. სტუმრების დიდებულად დასახვედრად, კათედრალის მიწები გაფორმებული იყო დაახლოებით 25 ლომვეშაპისა და ხუთი  ნარვალის თავის ქალით. ეს შესაძლოა ერთადერთი თავის ქალებია, რომლებიც გრენლანდიელი ნორსების უბნებზეა შემონახული : სხვაგან არქეოლოგებმა მხოლოდ ეშვების ნარჩენები იპოვეს, რაკი თავის ქალები ერთობ ფასეული იყო და მთლიანად  ექსპორტზე გადიოდა ევროპაში.

გარდარის კათედრალი და სხვა ეკლესიები გრენლანდიაში დიდი რაოდენობით მოიხმარდნენ მწირ საშენ ხეს თავიანთი კედლებისა და სახურავებისთვის. იმპორტირებული საეკლესიო პარაფერნალია, მაგალითად ბრინჯაოს ზარები და ზიარების ღვინო, ასევე ძვირი უჯდებოდათ გრენლანდიელებს, რადგან , საბოლო ჯამში, მათი შესყიდვა ხდებოდა ნორდსეტას მონადირეების ოფლითა და სისხლით და ისინი ეცილებოდნენ ჩამოსული გემების შეზღუდულ სათავსო არეალს რკინას, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. რეგულარული ხარჯები, რომლის გაღებაც უწევდათ გრენლანდიელებს თავიანთი ეკლესიებისთვის, იყო ყოველწლიური მოსაკრებელი, რომელსაც რომს უხდიდნენ და დამატებითი მოსაკრებელი ჯვაროსნული ლაშქრობებისთვის, რომელიც ყველა ქრისტიანს დაეკისრა. ამ მოსაკრებელს იხდიდნენ ექსპორტებით, რომლებიც ბერგენში იგზავნებოდა და იქ ვერცხლზე იცვლებოდა. ერთი-ერთი ასეთი ექსპორტის, ჯვაროსნული ლაშქრობებისთვის 1274-1280 წლების მოსაკრებლის  შემორჩენილი ანგარიშსწორება აჩვენებს, რომ ის შედგებოდა 1470 ფუნტი ძვლისგან, რომელიც 191 ლომვეშაპის ეშვისგან იყო დამზადებული და რომლის გაყიდვაც 26 ფუნტ ვერცხლად მოახერხა ნორვეგიის ეპისკოპოსმა. ის, რომ ეკლესია ახერხებდა, მიეღო ამხელა მოსაკრებელი და განეხორციელებინა ასეთი სამშენებლო პროექტები, მიუთითებს იმ ავტორიტეტზე, რომელიც მას ჰქონდა გრენლანდიაში.

ეკლესიასთან დაკავშირებული მიწა, ბოლოს მოიცავდა გრენლანდიის საუკეთესო მიწების უმეტესობას, მათ შორის აღმოსავლეთი დასახლების მიწების დაახლოებით ერთ მესამედს. გრენლანდიის საეკლესიო მოსაკრებლები, და შესაძლოა მისი სხვა ექსპორტებიც ევროპაში, იგზავნებოდა გარდარის გავლით. გარდარში ჯერ კიდევ შეგვიძლია ვნახოთ უზარმაზარი სათავსოს ნანგრევები კათედრალის სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხის გვერდით. და რაკი გარდარი თავს იწონებდა გრენლანდიის უდიდესი სათავსოთი, ყველაზე დიდი ფერმით და ყველაზე მდიდარი მიწით, ის, ვინც აკონტროლებდა გარდარს, აკონტროლებდა გრენლანდიას. გაურკვეველი რჩება ის, გარდარის და სხვა ეკლესიების ფერმები თავად ეკლესიას ეკუთვნოდა თუ იმ ფერმერებს, ვის მიწაზეც იდგა ეს ეკლესიები. მაგრამ ის, ავტორიტეტი ეპისკოპოსის ხელში იყო, თუ ბელადების, არ ცვლის მთავარ დასკვნას : გრენლანდია იერარქიული საზოგადოება იყო, რომელშიც სიმდიდრეში უზამაზარ განსხვავებებს ეკლესია ამართლებდა და რომელიც არაპროპორციულად დიდ ინვესტიციებს დებდა ეკლესიებში. და კვლავაც, ჩვენ, მოდერნულ ადამიანებს, გვიჩნდება კითხვა, გრენლანდიელებისთვის უკეთესი ხომ არ იქნებოდა, შემოეტანათ ნაკლები ბრინჯაოს ზარი და მეტი რკინა, რომლითაც დაამზადებდნენ მეტ ხელსაწყოს, იარაღს, რომლითაც ინუიტებისგან[2] თავს დაიცავდნენ ან პროდუქტებს, რომლებსაც ინუიტებს ხორცში გაუცვლიდნენ გაჭირვებისას. მაგრამ ჩვენ ამ კითხვებს უკვე მომხდარზე ჩვენი ცოდნიდან გამომდინარე ვსვამთ და არ ვითვალისწინებთ იმ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელმაც უბიძგა მათ ასეთი არჩევანის გაკეთებისკენ.

გარდა სპეციფიკურ ქრისტიანულ იდენტობაზე ზრუნვისა, გრენლანდიელები ინარჩუნებდნენ თავიანთ ევროპულ იდენტობას ბევრი სხვა გზით, მათ შორის - ევროპული ბრინჯაოს შანდლების, მინის ბურთულებისა და ოქროს რგოლების იმპორტირებით. კოლონიის არსებობის საუკუნეების განმავლობაში, გრენლანდიელები დეტალურად მისდევდნენ და ითვისებდნენ ცვალებად ევროპულ ჩვეულებებს. ამის მაგალითების კარგად დოკუმენტირებული წყებაა დაკრძალვის ჩვეულებები, რომლებიც თვალსაჩინო გახადა სკანდინავიური და გრენლანდიის ეკლესიების გათხრებმა. შუასაუკუნეების ნორვეგიელები ჩვილებს და მკვდარშობილებს ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადის გარშემო კრძალავდნენ. ასევე იქცეოდნენ ნორვეგიელებიც. ადრეული შუასაუკუნეების ნორვეგიელები გვამებს კუბოთი მარხავდნენ, ქალებს - ეკლესიის ეზოს სამხრეთ მხარეს, კაცებს - ჩრდილოეთ. მოგვიანებით ნორვეგიელებმა უარი თქვეს კუბოებზე; უბრალოდ  შესამოსელში ან სუდარაში ახვევდნენ გვამებს და სხვადასხვა სქესის ადამიანებს ერთად კრძალავდნენ ეკლესიის ეზოში. დროთა განმავლობაში, გრენლანდიელებმაც აითვისეს ეს ცვლილებები. შუა საუკუნეებში, კონტინენტური ევროპის სასაფლაოებში გვამებს ზურგზე ასვენებდნენ ისე, რომ თავი დასავლეთით ჰქონოდათ და ფეხები აღმოსავლეთით [...] მაგრამ გვამის მკლავების პოზიცია დროთა განმავლობაში შეიცვალა : 1250 წლამდე მათ გვერდების პარალელურად ათავსებდნენ; დაახლოებით 1250 წლის შემდგომ  ოდნავ ხრიდნენ მენჯებთან; მოგვიანებით კიდევ უფრო ხრიდნენ და მუცელზე ალაგებდნენ; და, საბოლოოდ, გვიან შუა საუკუნეებში, მკვეთრად კეცავდნენ მკერდს ზემოთ. თვით ამ ცვლილებებსაც კი, მკლავების პოზიციაში, იცავდნენ გრენლანდიის სასაფლაოებზე.

ამგვარადვე, გრენლანდიის ეკლესიების კონსტრუქციაც მიჰყვებოდა ევროპულ მოდელებს და მათ ცვლილებას. ყველა ტურისტი, ვინც იცნობს ევროპულ კათედრალებს, მათი გრძელი ნავით, დასავლეთისკენ მიქცეული მთავარი შესასვლელით, საკურთხევლით და ჩრდილოეთ და სამხრეთ ტრანსეპტებით, დღესაც უმალვე ამოიცნობს ამ მახასიათებლებს გარდარის კათედრალის ნანგრევებში. ჰვალსის ეკლესია იმდენად ჰგავს ეიდფორდის ეკლესიას ნორვეგიაში, რომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გრენლანდიელებმა იგივე არქიტექტორი მოიწვიეს ან ეკლესიის გეგმა გადმოიღეს. 1209-1225 წლებს შორის, ნორვეგიელმა მშენებლებმა უარი თქვეს ადრინდელ სიგრძის საზომ ერთეულზე, ე.წ. საერთაშორისო რომაულ ფუტზე და დაიწყეს უფრო მოკლე, ბერძნული ფუტის გამოყენება. გრენლანდიელმა მშენებლებმაც მიბაძეს მათ მაგალითს.

ევროპული მოდელების მიბაძვა ვრცელდებოდა ისეთ საშინაო დეტალებზეც, როგორიცაა სავარცხლები და ჩაცმულობა. ნორვეგიული სავარცხლები ერთმხრიანი იყო, კბილანები ტარის მხოლოდ ერთ მხარეს ჰქონდა დაახლოებით 1200 წლამდე, როცა ასეთი სავარცხლები მოდიდან გადავიდა და ჩანაცვლდა ორმხრიანი მოდელებით, რომლებსაც კბილანების წყებები საპირისპირო მხარეებზე ჰქონდათ მიქცეული. გრენლანდიელებმა აითვისეს ეს ცვლილებაც სავარცხლის სტილში (უნებლიედ გვაგონდება ჰენრი დევით თოროს შენიშვნა „ვოლდენიდან“ იმ ადამიანების შესახებ, ვინც მონურად ითვისებენ შორეული მიწების დიზაინერების სტილს: „მაიმუნთა მთავარი პარიზში იხურავს სამგზავრო კეპს და ამერიკაშიც ყველა მაიმუნი ასევე იქცევა“).

ჰერიონფსნესის ეკლესიის ეზოში მუდმივი ყინვის გამო შესანიშნავად შემონახული გვამების ტანსაცმელი გრენლანდიის კოლონიის არსებობის ბოლო დეკადებიდან გვიჩვენებენ, რომ გრენლანდიური ტანსაცმელი ევროპულ მოდას მიჰყვებოდა, მიუხედავად იმისა, რომ გრენლანდიის ცივ კლიმატში, ის ბევრად ნაკლებად შესაფერისი იყო, ვიდრე ინუიტების ერთიანად მოქსოვილი პარკა მოჭერილი სამკლავეებით და მიკერებული კაპიუშონით. უკანასკნელი გრენლანდიელი ნორდების ტანსაცმელში შედიოდა: ქალებისთვის გრძელი, დაბალყელიანი მანტია ვიწრო წელით, კაცებისთვის კოხტა პალტო, ჰუპელანდე, გრძელი ფაშფაშა გარე მოსასხამი, რომელიც წელთან ქამრით იკვრებოდა და რომლის გრძელ სამკლავეებში ქარი დათამაშობდა; ღილებიანი ჟაკეტები და მაღალი ცილინდრული კეპები.

ევროპული სტილების შეთვისება ცხადჰყოფს, რომ გრენლანდიელები დაკვირვებით ადევნებდნენ თვალს ევროპულ მოდას და დეტალურად მისდევდნენ მას. ეს შეთვისება თან ატარებს არაცნობიერ მესიჯს „ჩვენ ევროპელები ვართ, ჩვენ ქრისტიანები ვართ, ღმერთმა ნუ ქნას, ვინმეს ინუიტებში ავერიოთ.“ ისევე როგორც ავსტრალია, რომელსაც პირველად 60-იანებში ვეწვიე, უფრო ბრიტანული იყო, ვიდრე თავად ბრიტანეთი, ევროპის ყველაზე შორეული პუნქტი, გრენლანდია, ევროპაზე ემოციურად მიბმული რჩებოდა. ეს უვნებელი იქნებოდა, ევროპასთან კავშირი მხოლოდ ორმხრიანი სავარცხლებით და ცხედრის მკლავების პოზიციით რომ გამოხატულიყო, მაგრამ ევროპელობაზე დაჟინება უფრო სერიოზული საკითხი ხდება მაშინ, როცა ის იწვევს გრენლანდიის კლიმატში ძროხების ჯიუტად შენარჩუნებას, ზაფხულში თივის შეგროვების მაგივრად, ძალისხმევის ნორდსეტას ნადირობაზე მიმართვას, ინუიტების ტექნოლოგიის გამოყენებაზე უარის თქმას და, ამ ყველაფრის შედეგად, შიმშილით სიკვდილს.

ჩვენთვის, ჩვენს სეკულარულ, მოდერნულ საზოგადოებაში, რთული აღსაქმელია ის დილემა, რომლის წინაშეც გრენლანდიელები დადგნენ. თუმცა, თავად მათთვის, რაკი თავიანთ სოციალურ გადარჩენაზე ისევე ზრუნავდნენ, როგორც - ბიოლოგიურზე, თავისთავად გამორიცხული იყო, რომ ეკლესიებში ნაკლები ძალისხმევა ჩაედოთ ან ინუიტებზე დაქორწინებულიყვნენ და ამით საუკუნო ჯოჯოხეთი მოემკათ დედამიწაზე კიდევ ერთი ზამთრის გადასატანად. გრენლანდიელების მიჯაჭვულობა თავიანთ ევროპულ, ქრისტიანულ იმიჯზე, შეიძლება იყო მათ ზევით ნახსენები კონსერვატიზმის  განმაპირობებელი ფაქტორი : უფრო ევროპელები, ვიდრე ევროპელები, ისინი კულტურულად შებორკილნი იყვნენ და არ შეეძლოთ შეეტანათ თავიანთი ცხოვრების სტილში მკვეთრი ცვლილებები, რომლებიც მათ შესაძლოა გადარჩენაში დახმარებოდათ.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ნორდრსეტა - არეალი გრენლანდიის სანაპიროზე, დასავლეთ დასახლების ჩრდილოეთით.  ყოველ ზაფხულს, გრენლანდიელები აქ სანადიროდ და  ევროპაში ექსპორტზე გასატანი საქონლის (პოლარული დათვების და სელაპების ტყავი, ლომვეშაპის ეშვები) მოსაპოვებლად მიემართებოდნენ. სანადირო არეალის მოშორებულობის, რთული კლიმატური პირობების, ცხოველების ზომის და გრენლანდიელების განუვითარებელი ტექნოლოგიის და ტექნიკების გამო, ნორდრსეტაზე ნადირობა რთული, დამქანცველი და სახიფათო საქმიანობა იყო, რომელიც გრენლანდიელებს უზარმაზარი რესურსების ფასად უჯდებოდათ.
[2]ხალხების ჯგუფი. სახლობენ ალიასკის, კანადის და გრენლანდიის ტერიტორიაზე. მათმა ნაწილმა,  თულეს ხალხმა, გრენლანდიის ჩრდილოეთ ნაწილის ათვისება დაახლოებით 900 წლიდან დაიწყო. მიუხედავად იმისა,  რომ ინუიტებს გრენლანდიის მსგავს პირობებში ცხოვრების ათასწლოვანი გამოცდილება ჰქონდათ და ასეთ პირობებში გადარჩენისთვის ბევრად შესაფერ ტექნოლოგიებს ფლობდნენ, ნორსები პირველივე კონტაქტისთანავე აროგანტულად და აგრესიულად განეწყვნენ მათ მიმართ და გრენლანდიაზე ამ ორი ჯგუფის თანაარსებობის საუკუნეების განმავლობაში მათ შორის მნიშვნელოვანი სავაჭრო, პოლიტიკური ან კულტურული კავშირები არ გაბმულა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“