[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ქალთა უფლებები / განცხადება

სუროგაციასთან დაკავშირებული ტრეფიკინგისა და ძალადობის სავარაუდო პრაქტიკა საგანგაშოა და საჭიროებს დაუყოვნებლივ გამოძიებას

ბოლო დღეებში სუროგაცია საქართველოში მორიგი სკანდალის საგანი გახდა. საერთაშორისო და ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც საუბარია საქართველოში სუროგაციის ე.წ. შავ ბაზარზე. ნიშანდობლივია, რომ მსგავსი ინფორმაცია წინა თვეებშიც ვრცელდებოდა და ერთ-ერთი კომპანიის მიმართ გამოძიებაც კი დაიწყო. თუმცა აშკარაა, რომ სუროგაციის ბიზნესი საქართველოში ტრეფიკინგისა და სისტემური ძალადობის სავარაუდო პრაქტიკას ეფუძნება და საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ გამოძიებასა და შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს დროულ მოწესრიგებას.

მედიაში გავრცელებული მასალების მიხედვით, ათობით მსხვერპლი აცხადებს, რომ ისინი მოტყუებით ჩამოიყვანეს საქართველოში უშვილო წყვილებისთვის ბავშვის გაჩენის მიზნით, თუმცა შემდგომ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. მეტიც, მსხვერპლები ეჭვობენ, რომ რეგულარულ სამედიცინო შემოწმებაზე მისვლისას კვერცხუჯრედები მათი თანხმობის გარეშე ამოუღეს. მედიაში ტაილანდიდან საქართველოში ჩამოსული ქალები შემზარავ ისტორიებს ჰყვებიან, მათ შორის ფიზიკური მუქარისა და ძალადობის შესახებ, და წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობას ადარებენ იმ გამოცდილებას, რაც მათ გადაიტანეს.

სუროგაციასთან დაკავშირებული კიდევ ერთი მძიმე ისტორიის შესახებ საზოგადოებამ 2025 წლის თებერვალში შეიტყო. ქალები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ყაზახეთიდან, უკრაინიდან, უზბეკეთიდან და ტაჯიკეთიდან ერთ-ერთი კლინიკის მიერ მათ მიმართ განხორციებულ უმძიმეს მოპყრობაზე საუბრობდნენ. მათი თქმით, კლინიკა არ უხდიდა დაპირებულ კომპენსაციას, ბევრი მათგანი სრულად მარტო იყო დარჩენილი დღიური თანხის, საკვებისა და პირველადი საჭიროებების გარეშე, დაფიქსირდა ძალადობისა და მუქარის არაერთი შემთხვევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალებმა მედიაში ღიად დაიწყეს საუბარი. აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით გამოძიება მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო. გარდა ამისა, 2025 წლის მაისში ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელმა საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ ამ საქმესთან კავშირში ორ სუროგატ დედას ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი მიანიჭა.

ყაზახი ქალების მსგავსად, ამავე პერიოდში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ტაილანდელი ქალების შესახებაც, რომელიც საქართველოში ჩინურ კომპანიას ჩამოჰყავდა. ამ შემთხვევაშიც ქალები კვერცხუჯრედების სავარაუდო მოპარვის შესახებ საუბრობდნენ. ზოგიერთი მათგანი, ვინც საქართველოდან ტაილანდში დაბრუნება მოახერხა, აცხადებდა, რომ “ჩინური დანაშაულებრივი ჯგუფი ემუქრებოდა მათ - თუ გაქცევას შეეცდებოდნენ, მოაჭრიდნენ თითს ან პოლიცია დააკავებდა, რადგან დოკუმენტები არ ჰქონდათ”.

საქართველო იმ მცირე ქვეყნების სიაში შედის, სადაც სუროგაცია სრულად დაშვებულია, მათ შორის ნებადართულია კომერციული სუროგაცია და სუროგაცია უცხოელებისთვის. სწორედ დაურეგულირებელი და იაფი გარემოს გამო საქართველო სუროგაციის ერთგვარ ჰაბად იქცა.  ამის შედეგად, საქართველოში სუროგაციის სერვისით მოსარგებლე წყვილების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა უცხოელია. სუროგაციის პროგრამით სარგებლობენ წყვილები ევროპიდან, ჩინეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან და აშშ-დან. ბოლო წლებში სულ უფრო მეტი წყვილი ჩამოდის ავსტრალიიდან და კანადიდან. საქართველო განსაკუთეებით მოთხოვნადი გახდა სუროგაციისთვის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რომელსაც მანამდე ბევრი უშვილო წყვილი მიმართავდა.

სუროგაციის გზით  2019 –2024 წლებში საქართველოში 4 674 ბავშვი დაიბადა. სტატისტიკა წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • 2019 წელი - 601 ბავშვი;
  • 2020 წელი - 817 ბავშვი;
  • 2021 წელი - 310 ბავშვი;
  • 2022 წელი - 833 ბავშვი;
  • 2023 წელი - 1172 ბავშვი;
  • 2024 წელი - 941 ბავშვი.

საკანონმდებლო ჩარჩო

საქართველოში დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებთან ან მის რომელიმე მეთოდთან, მათ შორის სუროგაციასთან, დაკავშირებული საკითხების მომწესრიგებელი სპეციალური კანონი არ არსებობს. სუროგაციის ცნებას კანონმდებლობა 1997 წლიდან იცნობს და  იგი რამდენიმე ნორმატიულ აქტსა და ბრძანებას მოიცავს. არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს მიხედვით შეიძლება გამოიკვეთოს სუროგაციის შემდეგი პრინციპები: საქართველოში სუროგაცია ლეგალურია, მათ შორის კომერციული ფორმით; მშობლობა ეფუძნება გენეტიკურ კავშირს და არა მშობიარობას; სუროგატი დედა არ არის და ვერ გახდება ბავშვის სამართლებრივი მშობელი; ხელშეკრულება სამართლებრივი პროცესის ცენტრალური ელემენტია; დაბადების რეგისტრაცია ადმინისტრაციულად, სასამართლოს გარეშე ხდება.

კანონმდებლობა რეგულაციის მიღმა ტოვებს კომპლექსური სახის დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის: სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილებას აწარმოოს სამედიცინო პრაქტიკა ამ ტექნოლოგიების გამოყენებით; ემბრიოლოგისა და ექიმის კვალიფიკაციას ამ პროცედურების განსახორციელებლად, ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს (ე.წ. გაიდლაინებს), რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ ემბრიოლოგებმა და სამედიცინო პერსონალმა ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესში, მათ შორის დაუდევრობის ან შეცდომის მინიმინალიზაციის მიზნით, და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონტროლის მექანიზმებს, რომლებიც გამორიცხავს სამედიცინო დაწესებულებების არაკეთილსინდისიერ, არაეთიკურ ან კანონშეუსაბამო საქმიანობას - თუნდაც მწირი რეგულაციების არსებობის პირობებში.

სუროგაციის საკითხის პრაქტიკული დერეგულაციის გამო, ორი წლის წინ მთავრობამ გადაწყვიტა რეგულირების გამკაცრება. 2023 წლის 19 ივნისს მთავრობამ წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არაერთი საკითხის რეგულირება იყო გათვალისწინებული, მათ შორის - სუროგაციისა და ინ ვიტრო განაყოფიერების შემთხვევებიც.

ინიციატივის მიხედვით, უცხოელი წყვილებისთვის სუროგაცია იკრძალებოდა და აღნიშნული მომსახურება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი. ასევე რეგულირდებოდა სუროგატი დედის ანაზღაურების საკითხი, რომელიც ეფუძნებოდა “უანგარობის პრინციპს”. ეს პრინციპი გულისხმობდა, რომ სუროგატ დედას შეეძლებოდა მიეღო მხოლოდ ის კომპენსაცია, რომელიც დაკავშირებულია ამ პროცესით გამოწვეულ უხერხულობასთან, სამედიცინო კვლევებთან ან მშობიარობასთან.

საკანონმდებლო ცვლილებები ასევე ითვალისწინებდა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას. კერძოდ, დახმარებით რეპროდუქციული საქმიანობის განხორციელება დონორის, გესტაციური სუროგატის ან ბენეფიციარის ინფორმირებული თანხმობის გარეშე დასჯადი ხდებოდა თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.

კანონი 2024 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ეს პროცესი დღემდე შეჩერებულია.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ამჟამად საქართველოში მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის პროცედურების განხორციელების ნებართვას  19 დაწესებულება ფლობს (არსებული დაწესებულებები ფუნქციონირებენ ამბულატორიულ ან სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებების ბაზაზე/სახით). თუმცა  არ ფუნქციონირებს ერთიანი რეესტრი მდრ-ის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ სრულდება პროცედურების ფართო სპექტრი, მათი შედეგების შესახებ ინფორმაცია მწირია. ამასთანავე, საკანონმდებლო დონეზე არ არის დადგენილი რეპროდუქციის სფეროში ქსოვილებისა და უჯრედების დონაციის, აგრეთვე სუროგაციის უანგაროდ გაწევის პრინციპი, რის გამოც ამ სფეროში იკვეთება და დომინირებს კომერციული ინტერესები.

კანონპროექტის მიხედვით უნდა შექმნილიყო კომპეტენტური უწყება, რომელიც   უზრუნველყოფდა საქმიანობების მონიტორინგსა და მათზე ზედამხედველობას და პასუხისმგებელი იქნებოდა ამ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნათა დაცვისთვის. ამასთანავე, აღნიშნული უწყება განახორციელებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ინსპექტირებისა და კონტროლის ღონისძიებებს.

როგორც ზემოთაც აღინიშნა, კანონპროექტი, რომელიც თავდაპირველად დაჩქარებული წესით იყო წარდგენილი განსახილველად, დღემდე გადადებულია. 2023 წელს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით იგეგმებოდა უცხოელი წყვილებისთვის სუროგაციის აკრძალვა. გარდა ამისა, 2024 წლიდან მთავრობის დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სუროგატი დედის მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ხარჯები აღარ ანაზღაურდება.

2019 წელს სახალხო დამცველმა შეაფასა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩო. გამოქვეყნებულ შეფასებაში ხაზგასმული იყო, რომ  სუროგაცია სახელმწიფოს მიერ აღიქმება არა როგორც სამედიცინო, არამედ როგორც სოციალური მოვლენა, მაშინ, როდესაც სუროგაცია ცალსახად უკავშირდება ქალისა და ბავშვის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას და, შესაბამისად, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ჭრილში უნდა განიხილებოდეს.

სახალხო დამცველის შეფასებით, ქვეყანაში სუროგაციასთან დაკავშირებული რეგულაციების არარსებობა საფრთხეს უქმნის ქალებს, რომლებიც არიან ან სურთ გახდნენ სუროგატი დედები. ამასთან, რეგულაციების არარსებობის პირობებში არსებობს რისკი, რომ კერძო პირთა შორის წარმოშობილი დავები არ გადაწყდება უფრო მეტად მოწყვლადი მხარის სასარგებლოდ. ასეთ ვითარებაში სუროგატი დედები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ფინანსური საჭიროებების გამო ინტერესდებიან სუროგაციით, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან, რადგან საკუთარი დაცვისთვის არ გააჩნიათ სპეციფიკური სამართლებრივი და ფინანსური ბერკეტები. რეგულაციების არარსებობა ამძიმებს სუროგატი დედების არა მხოლოდ უფლებრივ მდგომარეობას, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობასაც. ამასთანავე, არ ხდება პოტენციური სუროგატი დედების ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური შეფასება, რაც ზრდის ფატალური შედეგების რისკს. სამედიცინო დაწესებულებებისთვის სუროგატობის მსურველი ქალების მიმართ არსებობს მხოლოდ მინიმალური მოთხოვნები.

ხშირ შემთხვევაში  სუროგატებთან დადებული შეთანხმებები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის, მათ შორის ადამიანის ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ნიშნებს. თუმცა, მაგალითად კომპანია Kinderly-ს მიერ დაქირავებული სუროგატი ქალების საქმეზე გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ ქონებრივი დაზიანების კვალიფიკაციით (სსკ-ის 185-ე მუხლი), რაც   ვერ ასახავს ქმედების სიმძიმეს და ამ მუხლით გამოძიების გაგრძელების შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ კომპანიის წარმომადგენლების მიმართ სათანადო სასჯელი არ იქნება გამოყენებული.

Რეგულირების მიღმა რჩება ასევე სუროგატთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც  ხშირ შემთხვევაში სუროგატი ქალების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

სუროგაციის ხელშეკრულების შესახებ ჩანაწერი საქართველოს კანონმდებლობაში გვხვდება მხოლოდ “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ” ბრძანების მე-19 მუხლში, რომლის მიხედვითაც სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მშობლებად პოტენციური მშობლების რეგისტრაციისათვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - „სააგენტო“) უნდა წარედგინოს ექსტრაკორპორულ განაყოფიერებამდე სუროგაციაში მონაწილე მხარეებს შორის დადებული, სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება. კანონმდებლობა განსაზღვრავს მხოლოდ ამ ხელშეკრულების მხარეებს, ფორმას და დადების ვადას, ხოლო მის არსებით პირობებს რეგულირების გარეშე ტოვებს.

სუროგაციის ხელშეკრულების მნიშვნელობიდან გამომდინარე, არამხოლოდ მხარეთა ინტერესების დაცვისა და გათვალისწინების თვალსაზრისით, არამედ უპირველეს ყოვლისა - ამ ხელშეკრულების აღსრულების შედეგად დაბადებული ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობამ უნდა დაადგინოს ამ ხელშეკრულების არსებით პირობებთან დაკავშირებული მოთხოვნები. მათ შორის, უნდა განისაზღვროს მხარეთა უფლება-მოვალეობები, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობები, მხარის გარდაცვალების, პოტენციური მშობლების განქორწინების ან მათ შორის დავის სამართლებრივი შედეგები. სუროგაციასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი ვერ გადაწყდება მხარეთა ავტონომიის ფარგლებში და საჭიროებს კანონმდებლობით მოწესრიგებას, მაგალითად: სუროგატი დედის უფლება კანონიერ აბორტზე; სუროგატი დედისა და პოტენციური მშობლების მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის დაუშვებლობა ემბრიონის გადატანის შემდეგ. აღნიშნული საკითხები ზემოხსენებული საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაშიც რეგულირების მიღმა რჩება.

გარდა ამისა, კანონმდებლობაში არ არსებობს სამედიცინო დაწესებულების არაკეთილსინდისიერი, არაეთიკური თუ უკანონო საქმიანობის ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი. გარდა ამისა, კონტროლის მარეგულირებელი სისტემის არარსებობის პირობებში ინდივიდები არ არიან დაცულნი არაკონტროლირებადი და შესაძლო უკანონო გარიგებებისგან.[1]

ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ანალიზი

ზემოთ აღწერილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან საკითხის მკაფიო სამართლებრივ რეგულირებას მოითხოვს, ასევე საჭიროებს დაუყოვნებლივ და სისტემურ გამოძიებას. უფლებრივი თვალსაზრისით, ამგვარ პრაქტიკაში იკვეთება არაერთი დარღვევა, მათ შორის - წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, იძულებითი/ სავალდებულო შრომის აკრძალვის, პირადი ცხოვრების და სხეულის ავტონომიის უფლების.

ფიზიკური ძალადობა, მუქარა, იძულებითი იზოლაცია და განსაკუთრებით - სამედიცინო ჩარევა ინფორმირებული თანხმობის გარეშე, შესაძლოა შეფასდეს როგორც არასათანადო მოპყრობა (მძიმე შემთხვევებში - წამების ნიშნებით), რაც ავტომატურად აჩენს სახელმწიფოს ვალდებულებას ეფექტიანი გამოძიებისა და დაცვისკენ. ინფორმირებული თანხმობის სავალდებულო ხასიათს განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და შობადობის კონტროლის კონტექსტში.[2] სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ იძულებითი აბორტი, სტერილიზაცია თუ შობადობის კონტროლის სხვა სამედიცინო ფორმები და ჩარევები არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლს (წამების და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) და გენდერული ძალადობის ერთ-ერთი სახეა.[3] გარდა ამისა, სასამართლომ მკაფიოდ დაადგინა, რომ ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) მუხლი 4-ის ფარგლებში ექცევა და სახელმწიფოს აკისრებს როგორც პრევენციის, ისე დაცვისა და დასჯის პოზიტიურ ვალდებულებებს.[4] ამასთანავე, რეპროდუქციული გადაწყვეტილებები, სხეულზე კონტროლი, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, ბიოლოგიური მასალის გამოყენება და იდენტობის საკითხები მუხლი 8-ის „კერძო ცხოვრების“ ბირთვია. სუროგაციასთან დაკავშირებულ საქმეებში სასამართლოს პრაქტიკა ხაზს უსვამს ბავშვის იდენტობისა და სამართლებრივი სტატუსის სტაბილურობის მნიშვნელობას (თუნდაც კონტექსტი იყოს სხვა ქვეყნების მიერ parentage-ის აღიარება).[5]

ამავე კონტექსტში მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს ოვიედოს კონვენცია, რომელიც ამკვიდრებს პრინციპს, რომ ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა დასაშვებია მხოლოდ თავისუფალი და ინფორმირებული თანხმობის პირობებში; თანხმობა უნდა იყოს დოკუმენტირებული და  პირისთვის ნებისმიერ დროს მისი გაუქმების შესაძლებლობა უნდა არსებობდეს. იმ შემთხვევაში, თუ ბიოლოგიური მასალის აღება ხდება თანხმობის გარეშე ან მოტყუებით, ეს უკვე სცდება სამედიცინო მომსახურების ჩარჩპს და წარმოადგენს ძალადობრივ ან ექსპლუატაციურ პრაქტიკას, რომლის მიმართაც სახელმწიფოს ვალდებულებები გადადის სისხლისსამართლებრივი და ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს სტანდარტზე.

ტრეფიკინგის საერთაშორისო დეფინიცია არ შემოიფარგლება მხოლოდ სექსუალური ან შრომითი ექსპლუატაციით; მისი საკვანძო ელემენტებია მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, მოტყუება, იძულება და ექსპლუატაციის მიზანი. სუროგაციის სფეროში ამგვარი სისტემური რისკები განსაკუთრებით მაღალია მაშინ, როცა ერთდროულად არსებობს ის ფაქტორები, რომელზეც ზემოთ განხილულ შემთხვევებში საუბრობდნენ დაზარალებული ქალები:  ტრანსნაციონალური „რეკრუტირება“ (ქალების ჩამოყვანა სხვა ქვეყნებიდან); ინფორმაციის ასიმეტრია (ენა/იურიდიული კონსულტაციის არქონა); ფინანსური დამოკიდებულება და საცხოვრებელი/დოკუმენტების კონტროლი; შუამავლების არარეგულირებული ბაზარი; კლინიკური ზედამხედველობის სისუსტე და რეესტრების/მონიტორინგის დეფიციტი, რაც საქართველოში შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს არარსებობით არის გამოწვეული.

ამ პირობებში სახელმწიფოს ვალდებულება არ ამოიწურება მხოლოდ ერთჯერადი გამოძიებით. ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, პოზიტიური ვალდებულებები მოითხოვს სისტემურ პრევენციასაც - ეფექტიანი რეგულაციის შემუშავებას, ლიცენზირებას, ინსპექტირებას, სარეკლამო/შუამავლობის კონტროლს და მსხვერპლთა იდენტიფიკაციის მექანიზმებს.[6]

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას

წარმართონ სათანადო და დროული გამოძიება და გამოიყენონ სწორი კვალიფიკაცია, მათ შორის არასათანადო მოპყრობისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) უმძიმესი დანაშაულებების კუთხით;

  • საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებს

მოაწესრიგონ სუროგაციის მარეგულირებელი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო და უზრუნველყონ შესაბამისი მონიტორინგის მექანიზმების დანერგვა, რაც აუცილებელია სუროგაციის პროცესში ტრეფიკინგის, სისტემური ძალადობის, აგრეთვე ქალების ჯანმრთელობის, შრომითი, ქონებრივი და პირადი უფლებების დარღვევის პრაქტიკის პრევენციისთვის.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]ადამიანის უფლებები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ჭრილში: ქვეყნის უფლებრივი მდგომარეობის შეფასება, სახალხო დამცველი, ხელმისაწვდომია: https://drive.google.com/file/d/1OijtLDqkHg4dV0ml17Z4aPdhGmrmHCM4/view გვ: 22.

[2] https://ks.echr.coe.int/documents/d/echr-ks/guide_art_3_eng გვ 23.

[3] G.M. and Others v. the Republic of Moldova, 2022, ECHR; para 88, 128. V.C. v. Slovakia, 2021, ECHR, para 106-120.

[4] Rantsev v. Cyprus and Russia - 25965/04, 2010. ECHR.

[5] Mennesson v. France - 65192/1,2014, ECHR.

[6] Guide on Article 4 of the European Convention on Human Rights, para 57-60. At: https://ks.echr.coe.int/documents/d/echr-ks/guide_art_4_eng?utm_source=chatgpt.com

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“