საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
აფგან სადიგოვის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შემდეგაც საქართველოს საერთო სასამართლოებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი უკანონოდ საექსტრადიციო პატიმრობაში დატოვეს. სასამართლოებმა გადაწყვეტილება ზეპირი განხილვის გარეშე მიიღეს და სოციალური სამართლიანობის ცენტრის სარჩელები აფგან საიდიგოვის საექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ დასაშვებადაც კი არ ცნეს. საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებები აშკარად დაუსაბუთებელი და უკანონოა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 27 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (შემდგომში ევროპულმა სასამართლომ) სრულად დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა დროებითი ღონისძიების (interim measure) გამოყენების თაობაზე და საქართველოს ხელისუფლებას აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოქმედებს მანამ, სანამ ევროპული სასამართლო ამ საქმეზე არსებით და საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2025 წლის 11 მარტს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა აფგან სადიგოვის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმება. წარდგენილ შუამდგომლობაში სოციალური სამართლიანობის ცენტრი უთითებდა, რომ ვინაიდან აფგან სადიგოვის ექსტრადიცია ევროპული სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე ვეღარ განხორციელდებოდა, საექსტრადიციო პატიმრობის საბოლოო ვადა კი ძალიან მალე, 3 მაისს იწურება (ამ პერიოდში მისი ექსტრადიციის საკითხზე საბოლოო და არსებით გადაწყვეტილებას კი ევროპული სასამართლო ვერ მიიღებს), აუცილებელი იყო მის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმება ან პატიმრობის სხვა, უფრო ნაკლებად შემზღუდავი აღკვეთის ღონისძიებით (გირაო) შეცვლა.
წარდგენილი შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა 12 მარტს და ზეპირი განხილვის გარეშე, შუამდგომლობა დაუშვებლად სცნო. მოსამართლის შეფასებით, დაცვის მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა ახალი, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, რომელიც აღკვეთის ღონისძიების გაუქმების საფუძველი გახდებოდა. სასამართლოს შეფასებით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ მიემართება ექსტრადიციის შეჩერებას და არა მის აკრძალვას, ამიტომაც იგი ვერ განიხილება ახალ არსებით გარემოებად.
სამწუხაროდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ და 17 მარტს მიღებულ განჩინებაში მიუთითა, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ახალ გარემოებას, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს შერჩეული აღკვეთის ღონისძიებაზე. სასამართლოს თქმით, დაცვის მხარემ ვერ დაასაბუთა ექსტრადიციის შეჩერება ან შესაძლო აკრძალვა, რატომ განაპირობებს შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების საჭიროებას, მაშინ როდესაც არსებობს ვარაუდი,რომ აფგან სადიგოვი მიემალება მართლმსაჯულებას.
არც ერთმა სასამართლომ არ იმსჯელა საექსტრადიციო პატიმრობის გაგრძელების მიზანშეწონილობისა და გამოსადეგობის საკითხზე, აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ თუ ექსტრადიციის მიზანი საექსტრადიციო პატიმრობის ვადის ამოწურვამდე პრაქტიკულად ვერ შესრულდება და ამდენად აღარც არსებობს,რამდენად აუცილებელია საექსტრადიციო პატიმრობის, როგორც სწორედ ექსტრადიციის უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენება/შენარჩუნება. ამასთან, სასამართლოებს არ უმსჯელიათ, აფგან სადიგოვის პატიმრობაში დატოვება ხომ არ გამოიწვევდა მის მიმართ თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების უხეშ, გაუმართლებელ და არაპროპორციულ დარღვევას.
მიგვაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა არის სრულიად დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება როგორც ეროვნული კანონმდებლობის, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს. ევროპულმა სასამართლომ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აკრძალა მის მიერ საქმის არსებითი განხილვის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ექსტრადიციის საქმეებზე ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით კი, საქმის არსებითი განხილვის პროცესი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს (მაგალითად, საქმეზე KUNSHUGAROV v. TÜRKİYE საბოლოო გადაწყვეტილება 2025 წლის 14 იანვარს, საქმის განხილვის დაწყებიდან 8 წლის შემდეგ დადგა, საქმეზე LIU v. POLAND, საბოლოო გადაწყვეტილება 2023 წლის 30 იანვარს, საქმის განხილვის დაწყებიდან 5 წლის შემდეგ დადგა, საქმეზე KHACHATUROV v. ARMENIA საბოლოო გადაწყვეტილება 2021 წლის 24 სექტემბერს, საქმის განხილვის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ დადგა). იმ პირობებში, როცა საექსტრადიციო პატიმრობის მაქსიმალური ვადაა 9 თვე, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ის აღარ შეიძლება რომ გაგრძელდეს, და აფგან სადიგოვის შემთხვევაში ეს ვადა მიმდინარე წლის 3 მაისს იწურება, გაუგებარია, რა სამართლებრივი აუცილებლობა დგას მისი პატიმრობაში დატოვებისთვის. ამასთან, სასამართლოებმა არ იმსჯელეს, სხვა უფრო ნაკლებად შემზღუდავი საშუალება რატომ არ იქნებოდა უფრო პროპორციული მექანიზმი კანონით დადგენილი მიზნების მისაღწევად, მით უფრო, რომ პატიმრობის გამოყენების ამოწურვამდე ისედაც მხოლოდ 1.5 თვეა დარჩენილი.
აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფგან სადიგოვის საქმეზე ევროპულ სასამართლოში წარდგენილ სრულ განაცხადში ასევე იდავებს საექსტრადიციო პატიმრობაში მისი დატოვების ზემოთ აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებებზე.
რაც შეეხება აფგან სადიგოვის ჯანმრთელოების მდგომარეობას, შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ მან დაიწყო საკვების მიღება, და მისი მდგომარეობა უმჯობესდება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ #18 სამედიცინო დაწესებულებამ გააგრძელოს ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული და სრულყოფილი შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა.
მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულებამ უზრუნველყოს აფგან სადიგოვის სათანადო კვება და მისთვის სასურველი საკვების მიწოდება, ასევე უზრუნველყოს საჭირო ვიტამინებით გაძლიერება და სპეციალური მხარდაჭერა ფიზიკური რეაბილიტაციისთვის. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აფგან სადიგოვი პროტესტის ნიშნად 161-ე დღე შიმშილობდა და იყო იმდენად დასუსტებული, რომ გადაადგილება უჭირდა და ეტლით სარგებლობდა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას და საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით განახლებულ ინფორმაციას.
ინსტრუქცია